ლუი II (კონდეს პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი II
კონდეს პრინცი
მმართ. დასაწყისი: 26 დეკემბერი, 1646
მმართ. დასასრული: 11 დეკემბერი, 1686
წინამორბედი: ანრი II
მემკვიდრე: ანრი ჟიული
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 სექტემბერი, 1621
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 11 დეკემბერი, 1686, (65 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: კლარა კლემენს დე მაილე-ბრეზი
შვილები: ანრი ჟიული, კონდეს პრინცი
ლუი, ბურბონის ჰერცოგი
დინასტია: ბურბონები
მამა: ანრი II, კონდეს პრინცი
დედა: შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ლუი II დე ბურბონ-კონდე (ფრანგ. Louis II de Bourbon-Condé), მეტსახელად დიდი კონდე (ფრანგ. Le Grand Condé; დ. 8 სექტემბერი, 1621 — გ. 11 დეკემბერი, 1686) — ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ანრი II-ისა და შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსის უფროსი ვაჟი და კონდეს პრინცი 1646-86 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი დაიბადა 1621 წლის 8 სექტემბერს საფრანგეთში. იგი იყო კონდეს პრინც ანრი II-ისა და მისი მეუღლის, შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსის მეორე შვილი და პირველი ვაჟი. მამამისი საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ის მეორე თაობის ბიძაშვილი იყო, დედამისი კი წამყვანი ფრანგული არისტოკრატიული ჰერცოგთა ოჯახის შვილი გახლდათ.

ლუის ცოლი, კლარა კლემენს დე მაილე-ბრეზი

ანრი II-მ თავისი მემკვიდრისათვის საუკეთესო განათლების მიცემა მოისურვა — იგი სწავლობდა ისტორიას, სამართალს, მათემატიკას, გეოგრაფიას, ბრძოლას, ჯირითსა და რამდენიმე უცხო ენას. ლუი განათლებას ექვსი წლიდან იღებდა იესოს სახელობის ქალაქ ბურჟის სკოლაში. ამის შემდეგ იგი პარიზის სამეფო აკადემიაში შევიდა. ჩვიდმეტი წლის ასაკში, მამის წყალობით იგი ბურგუნდიის გუბერნატორი გახდა.

1640 წელს მამამისმა იგი კარდინალ რიშელიეს დის შვილ კლარა კლემენს დე მაილე-ბრეზიზე დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ლუის მეფის კამერდინელის ასული მადამ დე ვიგეანი უყვარდა, იგი დაჰყვა მამის ნებას და ცამეტი წლის კლარა კლემენსზე დაქორწინდა. ლუისა და კლარა კლემენსს სულ სამი შვილი შეეძინა, რომელთაგან მხოლოდ ერთმა ვაჟმა მიაღწია სრულწლოვანებამდე. რამდენიმე წლის შემდეგ ლუიმ მეუღლე ღალატში დაადანაშაულა, თუმცა ეს ვერ დაამტკიცა და არც არავინ დაუჯერა, რადგან კლარა სამეფო კარზე ცნობილი იყო თავისი ერთგულებით, ქმრისადმი სიყვარულით, ღვთისმოშიშებითა და სათნოებით.

კარდინალი რიშელიესა და მეფე ლუი XIII-ის გულის მოსაგებად, ლუიმ მონაწილეობა მიიღო ჯერ არას ალყაში, შემდეგ კი პერპინიანის ბრძოლაში, რითაც მან მათი ნდობა დაიმსახურა.

ოცდაათწლიანი ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი ესპანელების წინააღმდეგ როკრუის ბრძოლაში, 1643 წლის 19 მაისს

1643 წელს, ლუი მეფის ბრძანებით იძულებული გახდა ჩაბმულიყო მთელს ევროპაში მიმდინარე ოცდაათწლიან ომში. ლუი XIII-ის ბრძანებით იგი სამხრეთში წავიდა, სადაც მას უნდა დაემარცხებინა ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის ჯარები, რომელთაც ფრანსისკო დე მელო სარდლობდა. 1643 წლის 19 მაისს, როკრუას ბრძოლაში ლუიმ გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ესპანელებზე.

უწყვეტი და საოცრად წარმატებული ესპანური კამპანიის შემდეგ ლუი პარიზში დიდი ტრიუმფით დაბრუნდა. იგი სხვადასხვა საქმეზე გადართვით ცდილობდა დაევიწყებინა თავისი საშინლად უიღბლო ქორწინება, რომელიც 1642 წელს კარდინალი რიშელიეს გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. 1644 წელს იგი გერმანიაში გაიგზავნა, სადაც მან დიდი წარმატება მოიპოვა სარდალ ტურენესთან ბრძოლაში, რომელიც ბრძოლაში მოკლა, რამაც გერმანული არმიის დაშლა გამოიწვია.

1644 წლის აგვისტოში გამართული ფრეიბურგის ბრძოლა განსაკუთრებით სადავო იყო, რომელიც ლუის ფრანგულ არმიასა და ბავარიელებისა და ავსტრიელების გაერთიანებულ ჯარებს შორის მოხდა. ამ ბრძოლაში მართალია ლუი დამარცხდა, თუმცა მან მაინც მოახერხა რამდენიმე ციხესიმაგრის კარიბჭის შენგრევა და მისი აღება.

ზამთრის დადგომასთან ერთად, ლუიმ დატოვა თავისი მკაცრი ზამთრებით ცნობილი გერმანია და მშობლიურ პარიზში დაბრუნდა. 1645 წლის ზაფხულში იგი კვლავ გერმანიაში შეიჭრა, სადაც დიდებული გამარჯვება მოიპოვა გაერთიანებულ გერმანელებზე ნორდლინგენის ბრძოლაში, რომელშიც ლუი ისე მძიმედ დაჭრეს, რომ კინაღამ დაიღუპა. ამ კამპანიისას მან ყველაზე დიდ წარმატებას ქალაქ ფილიპსბურგის დაკავებისას მიაღწია. 1646 წელს იგი მეფის ძმასთან, ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონთან ერთად ესპანეთის მფლობელობაში მყოფ ფლანდრიაში შეიჭრა, სადაც იგი ესპანელებმა ქალაქ დანკირკის ალყისას ტყვედ ჩაიგდეს. გასტონი პარიზში დაბრუნდა და ამავე წლის 11 ოქტომბერს ფრანგებმა ძლივს შესძლეს მისი გამოსყიდვა.

ფრონდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონდეს პრინცი ლენის ბრძოლაში, 1648 წლის 20 აგვისტოს, სადაც მან დიდი გამარჯვება მოიპოვა ესპანელებისა და ავსტრიელების გაერთიანებულ ჯარებზე

სწორედ ამ წელს, 1646 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა ლუის მამა ანრი II, რის გამოც იგი კონდეს რიგით მეოთხე პრინცი ლუი II გახდა. ასევე იგი ატარებდა ენგიენის ჰერცოგისა და სისხლით პრინცის წოდებას. ის უზარმაზარი ძალაუფლება, რომელიც ლუიმ ხელში ჩაიგდო, ცხადია რეგენტსა და სამეფო ოჯახს აშინებდათ. ამ დროისათვის მეფე ლუი XIII უკვე გარდაცვლილი იყო, ტახტზე კი მისი მცირეწლოვანი ვაჟი ლუი XIV იჯდა, რომლის რეგენტიც დედამისი ანა ავსტრიელი იყო. ანა ესპანეთის მეფის ასული და გერმანიისა და ავსტრიის იმპერატორის ბიძაშვილი იყო, ანუ იმ ადამიანების უახლოესი ნათესავი იყო, რომელთაც კონდე და საფრანგეთი ასე გულმოდგინედ ებრძოდა. ამის გამო ხშირად ანა თავისიანების მხარეს იჭერდა და საფრანგეთის სამოქმედო გეგმებსაც კი უმხელდათ ხოლმე. კონდეს თითქმის მთლიანი ფრანგული არისტოკრატია უჭერდა მხარს, როგორიც იყო ლოთარინგიის, ბერის, ნორმანდიისა და ბურგუნდიის ჰერცოგები, რასაც ისიც ემატებოდა, რომ ლუნევილის ძლევამოსილი ჰერცოგი ლუის სიძე და ახლო მეგობარი იყო.

სწორედ ამ მიზეზების გამო, საფრანგეთის სამეფო საბჭომ, რომელშიც მთავარ როლს დედა-დედოფალი ანა ავსტრიელი და მისი საყვარელი, კარდინალი მაზარინი თამაშობდნენ გადაწყვიტეს კონდეს ძალაუფლება შეემცირებინათ. ამისათვის ყველაზე კარგი გზა მისი საზღვარგარეთ საბრძოლველად გაგზავნა იყო, რა დროსაც იგი ფრანგ დიდგვაროვნებსაც მოსცილდებოდა და თანაც საფრანგეთისთვის სასარგებლო საქმესაც გააკეთებდა. ამიტომაც, 1648 წლის დასაწყისში ლუი ფლანდრიაში გააგზავნეს, სადაც მან ქალაქი ლილი აიღო. ამას მოჰყვა 20 აგვისტოს საოცარი გამარჯვება ლენის ბრძოლაში, სადაც მის წინააღმდეგ ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ისა და საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ის გაერთიანებული ჯარები იბრძოდნენ. ამან ცხადია ფრანგებში კონდესადმი სიმპათია და მისი პრესტიჟი ერთიორად გაზარდა. ამის შემდეგ მან დატოვა ფლანდრია და საფრანგეთში დაბრუნდა.

1648 წლის სექტემბერში კონდე კვლავ სამეფო კარზე დაბრუნდა გაორმაგებული ძალაუფლებითა და მოკავშირეებით, რის გამოც დედა-დედოფალმა მის გადამტერებას მოკავშირედ ქცევა ამჯობინა და მის მხარეს გადავიდა. მიუხედავად ანა ავსტრიელის გულმოდგინე მცდელობისა კონდესთან დამეგობრებულიყო არ გამოუვიდა, ვინაიდან იგი არ აპირებდა არისტოკრატიის ღალატს და სამეფო ოჯახის მხარეს გადასვლას.

სულ მალე არისტოკრატიასა და სამეფო ოჯახს შორის არსებული დაპირისპირება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც საბოლოოდ სამოქალაქო ომად იქცა. რამდენიმე მცირე ბრძოლისა და დიდი დანაკარგების შემდეგ, დაღლილი პარიზელები ომით დაიღალნენ. დაძაბული პოლიტიკური ვითარების განეიტრალება უკვე ორივე მხარის ინტერესებში შედიოდა, რაც 20 მარტს რუელის სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა.

არსებული მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელებულა. საბოლოოდ გადამტერებულმა ანა ავსტრიელმა კონდე სამეფო კარიდან გააძევა. 1650 წლის 18 ივნისს დედა-დედოფალ ანა ავსტრიელის ბრძანებით კონდეს პრინცი, მისი ძმა კონტის პრინცი და მათი სიძე, ლუნევილის ჰერცოგი მოულოდნელად დააპატიმრეს. დანარჩენებმა, როგორებიცაა ჰერცოგი დე ბუილონი და ტურენი, თავს გაქცევით უშველეს.

კონდეს პრინცი ლუი II

მალევე პრინცების განთავისუფლებისათვის მათმა ცოლებმა და დამ დაიწყეს ბრძოლა. კონდეს პრინცესამ საფრანგეთის პარლამენტს დაჟინებით მოსთხოვა კანონის აღსრულება და დანაშაულის გარეშე დაკავებული მისი ქმრისა და მაზლის განთავისუფლება მოსთხოვა, თუმცა ანა ავსტრიელის შიშით პარლამენტარებმა უარი თქვეს. კონდეს დამ, ლუნევილის ჰერცოგინია ანა ჟენევიევამ კი ესპანეთის სამეფო კართან სცადა მოლაპარაკებები. ლუის ცოლმა კლარა კლემენსმა კი ჯარების შეგროვება დაიწყო და ქალაქ ბორდოში გამაგრდა. გარდა ამისა მან დიდებულებიც გადმოიბირა და რეგენტის წინააღმდეგ აჯანყებას ჩაუდგა სული, რომელშიც მალე თავად ანა ავსტრიელის მაზლი, ორლეანის ჰერცოგი გასტონი და მისი უფროსი ქალიშვილიც ჩაერთნენ. ფრანგი დიდგვაროვნების ეს მასშტაბური ამბოხი სამეფო ოჯახის წინააღმდეგ ისტორიაში ცნობილია როგორც "ფრონდა".

1651 წლის თებერვალში ანა იძულებული გახდა ამბოხებულებთან კომპრომისზე წასულიყო და დაპატიმრებული პრინცები ჰავრის სასახლეში გადაიყვანა, თუმცა ისინი კვლავ პატიმრობაში იყვნენ. მალე მეორე გადატრიალება დაიწყო, თუმცა ამჯერად კონდეს გარეშე. ამჯერად დიდებულები კონდეების ოჯახს განუდგნენ, რადგანაც აღმოაჩინეს, რომ მათ ესპანეთის სამეფო კართან ჰქონდათ კავშირი.

1651 წლის სექტემბერში პრინცები განთავისუფლდნენ, რასაც სამოქალაქო ომის მაშინვე განახლება მოჰყვა. 1652 წლის 2 ივლისს კონდეს სარდლობით წმინდა ანტუანის ბრძოლაში დიდგვაროვნებმა სასტიკად დაამარცხეს სამეფო ოჯახის ჯარები და პარიზის კარიბჭე ჩამოიღეს. ანა მარი ლუიზ ორლეანელმა (გასტონ დე ბურბონის ქალიშვილი) დაარწმუნა მეამბოხეები ჯერ ბასტილია აეღოთ, სადაც სამეფო ოჯახის არმიის იარაღი და ფული ინახებოდა. მალევე ანამ დასახმარებლად თავის ძმას, ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ს უხმო, რომელის ესპანური არმია მაშინვე შევიდა საფრანგეთში და დაამარცხა კონდე, რამაც დროებით სამოქალაქო ომი შეაჩერა. ამით ანა ავსტრიელმა ფრანგებს უჩვენა, რომ ესპანეთი და ავსტრია ყოველთვის მისი მოკავშირე იქნებოდა და დაიცავდა მათგან.

ამის მიუხედავად 1653 წელს აჯანყებულები მაინც შეიჭრნენ სამეფო სასახლეში, საიდანაც მცირეწლოვანმა მეფემ და მთლიანად სამეფო ოჯახმა ძლივს გაასწრო, რაც ისევ ანა ავსტრიელის ეშმაკობის დამსახურება იყო. სამეფო ოჯახმა მალე მოიკრიბა ძალები და საბოლოოდ ჩაახშო აჯანყება, რომლის ყველა მონაწილე ან სიკვდილით დასაჯეს, ან ქვეყნიდან გააძევეს. კონდე იძულებული გახდა ოჯახთან ერთად საფრანგეთი დაეტოვებინა.

რეაბილიტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონდესა და მეფე ლუი XIV-ის შერიგება ვერსალის სასახლისა და არისტოკრატიის თანდასწრებით

დევნილობაში კონდემ გააანალიზა რომ აგიტაციებსა და პარტიების ომებს არანაირი შედეგი არ მოჰქონდა, რის გამოც მან გადაწყვიტა ლუი XIV-ს შერიგებოდა და მისი ერთგული მსახური გამხდარიყო. ერთწლიანი დევნილობის შემდეგ მას ნება დართეს საფრანგეთში დაბრუნებულიყო, სადაც იგი შატო დე შანტილში დასახლდა, რომელიც მას მემკვიდრეობით დედისგან ერგო. მან აქ შეკრიბა ბრწყინვალე კამპანია, რომელშიც შედიოდნენ ისეთი ადამიანები როგორებიცაა მოლიერი, ბუალო, ლა ფონტუანი, ნიკოლი, ბურდალუა და ბოსუე.

სწორედ ამ დროს პოლონეთში დაიწყო კიდევ ერთი არჩევნები, რომელსაც ახალი მეფე უნდა აერჩია. მას შემდეგ, რაც პოლონელებმა მისი ვაჟის კანდიდატურაზე უარი თქვეს, კონდემ თავისი თავი წამოაყენა ახალ კანდიდატად. თუმცა ლუი XIV-მ მის კანდიდატურას ვეტო დაადო, რის გამოც პოლონელებმა ახალ მეფედ იან სობესკი აირჩიეს, რასაც ისიც დაემატა, რომ 1668 წელს მეფემ მას შემოსავალი გაუნახევრა.

კონდე მიხვდა, რომ დრო იყო სამეფო ხელისუფლების ნდობა მოეპოვებინა, რის გამოც მან ომის მინისტრს, მარკიზ დე ლუვუას ფრანშ-კომტეს დაპყრობის სრულიად რეალური გეგმა მიუტანა, რომლის განხორციელებაც თავად კონდეს დაევალა. მან ამ დავალებას თავი დიდი წარმატებით გაართვა და ფრანშ-კომტე საბოლოოდ შემოუერთდა საფრანგეთს. 1672 წელს დევოლუციური ომის დროს, ლუი XIV-მ მას ნდობა გამოუცხადა და იგი ჰოლანდიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში ფრანგული არმიის სარდლად დანიშნა, რასაც კვლავ წარმატებით გაართვა თავი და რამდენიმე ქალაქი დაიკავა სამხრეთ ნიდერლანდებში. მალევე მან რაინშიც გაილაშქრა იმპერიული არმიის წინააღმდეგ.

1673 წლიდან იგი კვლავ ჰოლანდიაში იბრძოდა, 1674 წელს კი მან მონაწილეობა მიიღო თავის ბოლო დიდ ბრძოლაში ვილჰელმ ორანჟელის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა 11 აგვისტოს შედგა, რომელშიც კონდე, მიუხედავად დიდი სიმამაცისა სასტიკად დამარცხდა. ცნობილია, რომ მას ბრძოლისას სამი ცხენი მოუკლეს, თუმცა მაინც არ ჩერდებოდა. მისი საბოლოო საბრძოლო კამპანია კი 1675 წელს შედგა რაინში, სადაც მიუხედავად გამარჯვებისა და გერმანელთა სარდლის მოკვლისა, იგი მძიმედ დაჭრა იტალიელმა მებრძოლმა რაიმონდო მონტეკუჩოლმა.

ამ კამპანიის შემდეგ მძიმედ დაჭრილმა და უკვე ხანში შესრულმა კონდემ გადაწყვიტა ბრძოლებისათვის თავი დაენებებინა და კვლავ შატო დე შანტილში დასახლდა. მან იქ თავისი უკანასკნელი თერთმეტი წელი გაატარა, სიმშვიდესა და ფუფუნებაში. 1686 წელს კონდე პარიზს ეწვია, სადაც 11 ნოემბერს, ფონტენბლოს სასახლეში 65 წლის ლუი II გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მის სასიკვდილო სარეცელთან ოჯახის წევრების ნაცვლად მხოლოდ მისი ორი თანამებრძოლი იყო.

უიღბლო ქორწინებით გატანჯულმა კონდეს პრინცესა კლარა კლემენსმა შესაძლოა ითქვას, რომ დაისვენა. მან მეფეს თხოვნისა და პატიების წერილი გაუგზავნა, სადაც იგი აცხადებდა მისი და მისი ვაჟისათვის ლუის ცოდვების გამო დასჯა საკმარისი იყო და სამეფო კარზე დაბრუნების ნებართვა სურდა. მეფემ მათ მართლაც მიუტევა და ისინი ვერსალის სამეფო კარზე გადასახლდნენ, სადაც კლარა კლემენსს თვიურად 600, 000 ლივრი ერიცხებოდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ანრი ჟიული (1643-1709), კონდეს პრინცი. ცოლად შეირთო ანა ჰენრიეტა კურპფალცელი, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა;
  2. ლუი (1652-1653), ბურბონის ჰერცოგი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. უსახელო გოგონა (1657-1660), მადმუაზელ დე ბურბონი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი.

ტიტულატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 8 სექტემბერი 1621 - 26 დეკემბერი 1646: მისი უდიდებულესობა ენგიენის ჰერცოგი;
  • 26 დეკემბერი 1646 - 11 ნოემბერი 1686: მისი უდიდებულესობა კონდეს პრინცი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Keegan, John; Wheatcroft, Andrew, eds. (1996). Who's Who in Military History: From 1453 to the Present Day. Routledge.
  • Wolf, John B. (1968). Louis XIV. W.W. Norton & Company, Inc.
  • This article incorporates text from a publication now in the public domain: Chisholm, Hugh, ed. (1911). "Condé, Louis II. de Bourbon, Prince of". Encyclopædia Britannica. 6 (11th ed.). Cambridge University Press. pp. 842–844.
  • Katia Béguin, Les Princes de Condé (Seyssel: Champ Vallon, 1999)