შინაარსზე გადასვლა

ლუის კორდერო კრესპო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუის კორდერო კრესპო
დაბადების თარიღი 6 აპრილი, 1833(1833-04-06)[1]
დაბადების ადგილი დელეგის კანტონი[1]
გარდაცვალების თარიღი 30 იანვარი, 1912(1912-01-30)[1] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი კუენკა[1]
მოქალაქეობა  ეკვადორი[1]
განათლება Central University of Ecuador
მეუღლე/ები Jesús Dávila Heredia
შვილ(ებ)ი Rosa de Jesús Cordero

ლუის ბენხამინ კორდერო ი კრესპო ( დ. 6 აპრილი, 1833 – გ. 30 იანვარი, 1912) — ეკვადორის პრეზიდენტი 1892 წლის 1 ივლისიდან 1895 წლის 16 აპრილამდე.

კორდერო დაიბადა 1833 წლის 6 აპრილს ეკვადორის კანიარის პროვინციაში, გრეგორიო კორდეროსა და ხოსეფა კრესპოს ოჯახში. კორდერო სწავლობდა კუენკას სემინარიის უმაღლეს სკოლაში, მოგვიანებით კი კიტოში მდებარე ეკვადორის ცენტრალურ უნივერსიტეტში. 1865 წელს ის ადვოკატი გახდა და საქმეებს კუენკას უზენაეს სასამართლოში აწარმოებდა. იურიდიული კარიერის შემდეგ კორდერომ ლექსების გამოქვეყნება დაიწყო, ხოლო 1892 წელს გამოსცა პირველი კეჩუა-ესპანური ლექსიკონი.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუის კორდერო ასევე იყო პოლიტიკოსი; ის გახლდათ „პროგრესისტების“ (ლიბერალურ-კათოლიკური პოლიტიკური პარტია) წევრი. იგი ასევე შედიოდა დროებითი მმართველი ხუნტის შემადგენლობაში, რომელმაც 1883 წელს „პროგრესისტები“ ხელისუფლებაში მოიყვანა. 1885 წელს იგი სენატის პრეზიდენტი იყო.

1892 წელს კორდერო ეკვადორის პრეზიდენტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი პოპულარული ლიდერი იყო, ლუის კორდერო იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა საერთაშორისო პოლიტიკური სკანდალის გამო, რომელიც ცნობილია როგორც „La venta de la bandera“ ანუ „დროშის გაყიდვა“. ჩინეთ-იაპონიის პირველი ომის დროს, ჩილეში ეკვადორის ელჩმა იაპონიას იარაღი მიჰყიდა ჩილელი ბიზნესმენების სახელით, მიუხედავად იმისა, რომ ჩილეს ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული. ტვირთი დააკავეს მაშინ, როდესაც ის ეკვადორის დროშის ქვეშ გადაჰქონდათ ჩილეს მონაწილეობის დასაფარად. საზოგადოებამ მომხდარში კორდერო დაადანაშაულა, რომელიც ხანმოკლე შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ იძულებული გახდა გადამდგარიყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ საქმეში გუაიასის პროვინციის მაშინდელი გუბერნატორი და ყოფილი პრეზიდენტი, ხოსე მარია პლასიდო კაამანიო იყო ჩართული, რის გამოც მას გადასახლებაში წასვლა მოუწია, სადაც გარდაიცვალა. 1898 წელს ეკვადორის უზენაესმა სასამართლომ კორდეროს ყველა ბრალდება მოუხსნა მას შემდეგ, რაც ელჩის უშუალო მონაწილეობა გამოაშკარავდა.

ლუის კორდერო ლექსებს ესპანურ და კეჩუა ენებზე წერდა. 1892 წელს მან ეკვადორში პირველი კეჩუა-ესპანურ-კეჩუა ლექსიკონი გამოსცა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]