ლუიზა ბურჟუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუიზა ბურჟუა
სრული სახელი ლუიზა ჟოზეფინ ბურჟუა
დაიბადა 25 დეკემბერი, 1911
დაბადების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 31 მაისი, 2010 (98 წლის)
გარდაცვალების ადგილი მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
სფერო ქანდაკება, არტ-ინსტალაცია, ფერწერა, გრავიურა
მიმდინარეობა მოდერნიზმი, სიურრეალიზმი, ფემინისტური ხელოვნება
ჟანრი assemblage[1] , ფიგურატივიზმი[1] და აბსტრაქციონიზმი[1]

ლუიზა ბურჟუა (ფრანგ. Louise Bourgeois; დ. 25 დეკემბერი, 1911 — გ. 31 მაისი, 2010) — ფრანგი-ამერიკელი ხელოვანი. ცნობილია ქანდაკებებითა და არტ-ინსტალაციებით, თუმცა ასევე ფერმწერი და გრავიურისტი იყო. ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე ბურჟუამ მრავალი თემა შეისწავლა, ოჯახიდან, სექსუალობიდან და სხეულიდან დაწყებული, სიკვდილითა და ქვეცნობიერით დამთავრებული.[2] ბურჟუა ფორმალურად არც ერთ ხელოვნების მიმდინარეობასთან არაა აპელირებული. მისი ნამუშევრები, რომლებიც აბსტრაქტული ექსპრესიონისტების ნამუშევრებთან ერთად გამოიფინება, ასევე ახლოსაა სიურრეალიზმთან და ფემინისტურ ხელოვნებასთან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზა ბურჟუა 1911 წლის 25 დეკემბერს პარიზში, ჟოზეფინ ფორიოსა და ლუი ბურჟუას ოჯახში დაიბადა. იგი მშობლებისთვის მეორე შვილი იყო. მას უმცროსი ძმა და უფროსი და ჰყავდა.[3] ბურჟუას მშობლები გალერეას ფლობდნენ, რომელშიც ძირითადად ანტიკური ხანის გობელენები გამოიფინებოდა. ლუიზას დაბადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მისი ოჯახი პარიზიდან შუაზი-ლე-რუაში გადავიდა, სადაც გობელენების სარესტავრაციო სახელოსნო მოაწყვეს.

1930 წელს ბურჟუა სორბონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც მათემატიკასა და გეომეტრიას სწავლობდა.[4][5] 1932 წელს დედამისი გარდაიცვალა, რამაც უბიძგა, რომ მათემატიკისთვის თავი მიენებებინა და ხელოვნების სწავლა დაეწყო. ხელოვნების ერთ-ერთ გაკვეთილზე ბურჟუას ნამუშევრები ფერნარდ ლეჟერმა იხილა, რომელმაც მას უთხრა, რომ არა მხატვარი, არამედ მოქანდაკე იყო.[4] ამ პერიოდში ბურჟუამ ლუვრის მუზეუმში ექსკურსიამძღოლად დაიწყო მუშაობა.[6]

ბურჟუამ სორბონის უნივერსიტეტში სწავლა 1935 წელს დაასრულა. იგი პარიზში ხელოვნებას ჯერ ნატიფი ხელოვნების სკოლაში, შემდეგ კი ლუვრის სკოლაში სწავლობდა, ხოლო 1932 წლის შემდეგ მონპარნასისა და მონტმარტრის დამოუკიდებელ აკადემიებში იღებდა განათლებას. ბურჟუა, რომელიც პირველადი გამოცდილების მიღებისკენ ისწრაფვოდა, ხშირად სტუმრობდა პარიზის სახელოსნოებს და ხელოვანებისგან სხვადასხვა ტექნიკურ ხერხებს სწავლობდა, ასევე ეხმარებოდა მათ გამოფენების ჩატარებაში.[7]

1937 წელს ბურჟუა ამერიკელ რობერტ გოლდუოთერზე დაქორწინდა, რომელიც ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი იყო. მათ ორი შვილი შეეძინათ, ხოლო ერთი იშვილეს. გოლდუოთერი 1973 წელს გარდაიცვალა.[4]

ბურჟუა ნიუ-იორკში მეუღლესთან ერთად 1938 წელს დასახლდა. მან განათლების მიღება ნიუ-იორკის ხელოვნების სტუდენტთა ლიგაში განაგრძო, სადაც ფერწერას, ქანდაკებასა და გრავიურას სწავლობდა.[5]

შემოქმედებითი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურჟუასთვის 1940-იანი წლები უცხო ქვეყანაში გადასვლის თანხმლებ სირთულეებსა და ნიუ-იორკის საგამოფენო სამყაროში მოხვედრისთვის ბრძოლას უკავშირდებოდა. ამ პერიოდში იგი ნამუშევრებს ხის მასალის უსარგებლო ნარჩენებისგან კვეთდა. ხის ნაკლოვანებებს საღებავით ფარავდა, შემდეგ კი ლურსმნების საშუალებით სკულპტურაზე ჩაღრმავებებსა და ნაკაწრებს ქმნიდა, რაც ემოციური ფონის შექმნას ემსახურებოდა. ერთ-ერთი ასეთი ნამუშევარია მძინარე ფიგურა, რომლის შესახებაც თავად ბურჟუამ აღნიშნა, რომ სკულპტურა „საომარი ფიგურაა, რომელიც დაუცველობის გრძნობის გამო ვერ ბედავს რეალობისთვის თვალის გასწორებას.“[8] ზოგადად, ბურჟუას შემოქმედება მისი წარსულის პრობლემებს უკავშირდება, რის გამოც იგი ხელოვნებას თერაპიულ პროცესად მიიჩნევდა. ბავშვობის წლების დროებითი კათარზისი და მამის მხრიდან განცდილი ძალადობა ხელოვანისთვის შთაგონების წყარო იყო. 1945 წელს ბურჟუამ პირველი სოლო გამოფენა ჩაატარა.[9] 1951 წელს, როცა მისი მამა გარდაიცვალა, იგი აშშ-ის მოქალაქე გახდა.[10]

1954 წელს ბურჟუა ამერიკელ აბსტრაქტულ ხელოვანთა დაჯგუფებას შეუერთდა. ამ პერიოდში იგი ვილემ დე კუნინგს, ჯექსონ პოლოკსა და მარკ როთკოს დაუმეგობრდა.[7] როგორც აბსტრაქტულ ხელოვანთა დაჯგუფების წევრმა, ბურჟუამ სამუშაო მასალა შეიცვალა და მარმარილოს, თაბაშირისა და ბრინჯაოს სკულპტურების გამოკვეთა დაიწყო. თავისი ნამუშევრების საშუალებით იგი სხვადასხვა გრძნობებს, მათ შორის შიშს, დაუცველობასა და კონტროლის დაკარგვას იკვლევდა. ცხოვრებაში არსებული პრობლემები მოქანდაკეს საკუთარი გამოცდილების უნიკალურ ხელოვნების ფორმად გარდაქმნაში ეხმარებოდა. 1958 წელს ბურჟუა მეუღლესთან ერთად მანჰეტენში, ჩელსის უბანში გადავიდა, სადაც მთელი დარჩენილი ცხოვრება გაატარა.[4]

მიუხედავად იმისა, რომ ბურჟუა საკუთარი შემოქმედების ფემინისტურობის იდეას უარყოფდა, მისი ნამუშევრები ფემინურ თემატიკაზე იყო. მისი ფერწერული თუ სკულპტურული სერიები, როგორებიცაა Femme Maison (ქართ. დიასახლისი) (1946-1947), Torso self-portrait (ქართ. ტორსის ავტოპორტრეტი) (1963-1964), Arch of Hysteria (ქართ. ისტერიის რკალი) (1993), ქალის სხეულს ასახავენ. 1960-იანი წლების დასასრულს ბურჟუა სექსუალობით დაინტერესდა და თავის ნამუშევრებში ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობას, აგრეთვე რთული ბავშვობის ემოციურ ზეგავლენას იკვლევდა. მისი სექსუალური თემატიკის სკულპტურებს შორისაა Janus Fleuri (1968), რომელიც გამოხატავს, რომ მოქანდაკე არ უშინდება ქალური ფორმების ახლებური გზით წარმოჩენას.[11] ბურჟუამ თავისი შემოქმედების გენდერულობის თემატიკაზე დაწერა: „ჩემი ნამუშევრები პრეგენდერული პრობლემების ასახვას ემსახურება, მაგალითად, ასეთია ეჭვიანობა, რომელიც არც მამაკაცური თვისებაა და არც ქალური.“[12] ფემინისტური მოძრაობის ზრდასთან ერთად, ბურჟუას შემოქმედებამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა. მიუხედავად მისი განცხადებისა, 1976 წელს Femme Maison ლიუსი ლიპარდის წიგნის ცენტრიდან: ფემინისტური ესეები ქალთა ხელოვნებაზე გარეკანზე დაიბეჭდა და ფემინისტური ხელოვნების მოძრაობის საკულტო ნამუშევარი გახდა.[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Encyclopædia Britannica
  2. Christiane., Weidemann (2008). 50 women artists you should know, Larass, Petra., Klier, Melanie, 1970-, Munich: Prestel. ISBN 978-3-7913-3956-6. OCLC 195744889. 
  3. „The Spider's Web“. The New Yorker.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 McNay, Michael (2010). „Louise Bourgeois obituary“. The Guardian. London.
  5. 5.0 5.1 Cotter, Holland (2010). „Louise Bourgeois, Influential Sculptor, Dies at 98“. The New York Times. p. 2.
  6. Greenberg, J (2003) Runaway Girl: The Artist Louise Bourgeois. Harry N. Abrams, Inc p. 30. ISBN 978-0-8109-4237-0
  7. 7.0 7.1 Biography – Louise Bourgeois. Cybermuse. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-16. ციტირების თარიღი: 2021-02-23.
  8. Louise Bourgeois — Sleeping Figure.
  9. Actualité Culture - Musique, Cinéma, Télé, Art, Livre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-04. ციტირების თარიღი: 2021-02-23.
  10. Bernadac, Marie-Laure (1996). Louise Bourgeois. Paris-New York: Flammarion, გვ. 174. ISBN 2-08-013600-3. 
  11. Larratt-Smith, Phillip ( – 2011). „Louise Bourgeois: The Return of the Repressed“. Art Tattler. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 March 2015. ციტირების თარიღი: 11 მარტი 2021. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  12. „Louise Bourgeois Passes Away  – RIP“. Pop Cultured. 31 May 2010.
  13. Deborah, Wye (2017). Louise Bourgeois : an unfolding portrait : prints, books, and the creative process, Lowry, Glenn D.,, Gorovoy, Jerry,, Harlan, Felix,, Shiff, Ben,, Kang, Sewon,, Bourgeois, Louise, 1911-2010. New York, New York. ISBN 978-1-63345-041-7. OCLC 973157279.