შინაარსზე გადასვლა

ლუვრის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუვრის სასახლე
ლუვრი შარლ V-ის რეკონსტრუქციის შემდეგ

ლუვრის სასახლე (ფრანგ. Palais du Louvre), ან უბრალოდ ლუვრი — პარიზის ძველი სამეფო ციხესიმაგრე, რომელიც მოგვიანებით სასახლედ გადაკეთდა. იგი მდებარეობს მდინარე სენას მარჯვენა სანაპიროზე, ტიუილრის ბაღსა და სენ-ჟერმენ-ლ’ოსერუას ეკლესიას შორის. სასახლის ძირითად საგამოფენო ნაწილს იკავებს ამავე სახელწოდების მუზეუმი — მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი სამხატვრო კოლექცია.

ლუვრის თანამედროვე შენობის მშენებლობა თითქმის ათასწლეულს გრძელდებოდა და იგი განუყოფელია თავად ქალაქ პარიზის ისტორიისგან.

სახელწოდების წარმოშობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუვრის პირველი ციხესიმაგრე აიგო ფილიპ-ოგიუსტის მმართველობისას ადგილზე, რომელსაც „ლუპარას“ (Lupara) უწოდებდნენ. სიტყვის ზუსტი წარმოშობა უცნობია. შესაძლოა, იგი ენათესავება ლათინურ სიტყვას „ლუპუს“ (lupus) და აღნიშნავდა მგლების საბინადრო ადგილს. სხვა ვერსიით, სიტყვა „ლუვრის“ წარმოშობა იმ ფრანკების ენას უკავშირდება, რომლებიც თანამედროვე ფრანგების წინაპრები იყვნენ: ძველფრანგულ ენაზე სიტყვა „lauer“ ან „lower“ ნიშნავდა „საგუშაგო კოშკს“. თუმცა, მსგავსი სიტყვა არსებობდა იმ გერმანული ტომების ენაშიც, რომელთა მეტყველებაც არალათინური წარმოშობისა იყო. ფრანგი ისტორიკოსი ანრი სოვალი (1623-1676) მიიჩნევდა, რომ სიტყვა „ლუვრი“ მომდინარეობდა ფორმებიდან „leovar, lovar, lover, leower ou lower“, რაც ნიშნავდა „ციხესიმაგრეს“ ან „გამაგრებულ ნაგებობას“.

შუა საუკუნეების ლუვრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე ფილიპ-ოგიუსტმა, რომელიც რიჩარდ ლომგულთან ერთად ჯვაროსნული ლაშქრობისთვის ემზადებოდა, გადაწყვიტა დაეცვა თავისი ქალაქი ნებისმიერი გარე თავდასხმისგან, განსაკუთრებით კი მისი ნათესავებისა და საფრანგეთის ტახტის პრეტენდენტების — პლანტაგენეტებისგან. ახალი ციხე-გალავნის მშენებლობა 1190 წელს დაიწყო და 20 წელს გაგრძელდა. გალავნის ერთ-ერთ კოშკს, რომელიც მდინარე სენას ებჯინებოდა, „ლუვრის კოშკი“ ეწოდა, ხოლო მის მოპირდაპირე ნაპირზე მდგარ ტყუპ კოშკს — „ნელის კოშკი“.

ფილიპ-ოგიუსტის ბრძანებით, ლუვრის კოშკის წინ მდებარე მდელოზე აიგო ციხესიმაგრე, რომელიც მომავალში სამეფო სასახლედ, მოგვიანებით კი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაგებობად იქცა. ციხე-გალავანი კვეთდა ლუვრის თანამედროვე შიდა ეზოს (კვადრატული ეზო), რომელიც სასახლის კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. პირველი ციხესიმაგრე სწორედ კვადრატული ეზოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იყო განთავსებული.

თავისი დროისთვის ციხესიმაგრე პრაქტიკულად აუღებელი იყო. მის ცენტრალურ ნაწილში იდგა 30 მეტრი სიმაღლის დონჟონი. სიმაგრეს იცავდა ათი კოშკი, 2,5 მეტრი სისქის ქონგურებიანი კედლები მაშიკულებით და წყლით სავსე თხრილი კონტრესკარპებით.[1] ლუვრში განთავსებული იყო სამეფო ხაზინა, ციხე და არსენალი, თუმცა მეფის რეზიდენცია იმ პერიოდში კვლავ კუნძულ სიტეს დასავლეთ ნაწილში რჩებოდა.

XIV საუკუნეში, შარლ V-ის დროს, პარიზის გაფართოებასთან დაკავშირებით აიგო ახალი ციხე-გალავანი, რომელმაც ბევრად დიდი ტერიტორია მოიცვა, რის გამოც ლუვრმა ნაწილობრივ დაკარგა თავისი ადრინდელი თავდაცვითი მნიშვნელობა. შარლ V-მ თავისი რეზიდენცია კუნძულ სიტეს სასახლიდან ლუვრში გადაიტანა. ყოფილი ციხესიმაგრე მეფის აპარტამენტებად გადაკეთდა — აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, საზეიმო კიბე, არსებულ შენობაში გამოიჭრა ფანჯრები, ხოლო სახურავი საკვამლე მილებითა და პინაკლებით დაიფარა. ძველი სამეფო სასახლიდან ლუვრში გადაიტანეს 973 წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკა, რაც იმ დროისთვის უზარმაზარ კოლექციას წარმოადგენდა.[2] იმდროინდელი ლუვრის გარეგნულ იერზე კარგ წარმოდგენას იძლევა გრავიურა, რომელიც მოთავსებულია „ბერის ჰერცოგის უმდიდრესი საათთწიგნზე“ (Très Riches Heures du Duc de Berry).[1]

ლუვრი 1380-1528 წლები

ლუვრი რენესანსის ეპოქაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლ V-ის შემდეგ საფრანგეთის მეფეები უპირატესობას ლუარის ციხესიმაგრეებში ცხოვრებას ანიჭებდნენ. მხოლოდ 1546 წელს ფრანსუა I-მა გადაწყვიტა, რომ ლუვრი მის მთავარ რეზიდენციად ექცია პარიზში. მან ბრძანა დონჟონის დანგრევა და არქიტექტორ პიერ ლესკოსა და მოქანდაკე ჟან გუჟონს დაავალა თანამედროვე სასახლის მშენებლობა ფრანგული რენესანსის სტილში. სამუშაოები მეფის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო, მისი ვაჟის, ანრი II-ის დროს კი მშენებლობა გაგრძელდა.

„ლესკოს ფრთა“ (ლუვრის ე.წ. „დასავლეთის ფასადი“) მდებარეობს კვადრატული ეზოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. იგი ლუვრის შემორჩენილ ნაწილებს შორის უძველესია.[1] პროპორციების კეთილშობილების, კლასიკური ორდერის თავისებური გამოყენების, ჰორიზონტალური და ვერტიკალური დანაწევრების მკაცრი წონასწორობისა და სკულპტურული დეკორის სიმდიდრის წყალობით, ლესკოს ფრთა ფრანგული რენესანსის არქიტექტურის ერთ-ერთ შედევრადაა აღიარებული.[2] ფრთის ცენტრალური ნაწილი აქცენტირებულია საზეიმოდ გაფორმებული შესასვლელითა და ნახევარწრიული ფრონტონით.

1564 წლიდან დედოფალმა ეკატერინე მედიჩიმ დაიწყო ახალი სასახლის — ტიუილრის მშენებლობა ლუვრის გვერდით.

დასავლეთის ფასადი

ანრი IV და ლუვრი: „დიდი პროექტის“ დაბადება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1589 წელს, ანრი IV-მ გამეფების შემდეგ დაიწყო „დიდი პროექტის“ რეალიზაცია, რომელიც ითვალისწინებდა შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნარჩენების სრულ მოშორებას შიდა ეზოს გასაფართოებლად და ტიუილრისა და ლუვრის სასახლეების გაერთიანებას. სასახლეები ერთმანეთს დაუკავშირდა „დიდი გალერეით“, არქიტექტორების — ჟაკ ანდრუესა და ლუი მეტეზოს პროექტის მიხედვით. დიდი გალერეის ქვედა სართული თავდაპირველად სავაჭრო დუქნებსა და სახელოსნოებს ეკავა, ხოლო კარდინალ რიშელიეს დროს შენობაში ზარაფხანა და სტამბა განათავსეს.

XVII საუკუნეში ლუვრის ერთ-ერთი გალერეა იმ ხელოსნების თავშესაფრად იქცა, რომლებიც პროფესიულ ამქრებში (ცეხებში) არ შედიოდნენ.

ნაწყვეტი 1607 წლის სამეფო დეკრეტიდან:

ვიკიციტატა
„ჩვენ ვუბრძანეთ შენობის იმგვარად მოწყობა, რომ მასში მოხერხებულად განსახლება შეძლონ საუკეთესო ხელოსნებმა და ოსტატებმა; რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ, მისდიონ როგორც ფერწერას, ქანდაკებას, ოქრომჭედლობასა და ვერცხლის ნაკეთობათა დამზადებას, ისე საათების წარმოებას, ძვირფასი ქვების დამუშავებასა და სხვადასხვა ხელოვნებას, იმუშაონ რა როგორც ჩვენი სამეფო კარისთვის, ისე ჩვენი ქვეშევრდომებისათვის.“

მომდევნო წლის დეკრეტით ასევე განისაზღვრა იმ ოსტატთა წრე, რომლებიც ცივ იარაღს, სადურგლო ნაკეთობებს, პარფიუმერიას, შადრევნების მილებს, ფიზიკურ ინსტრუმენტებს, ხალიჩებსა და აღმოსავლურ ნაკეთობებს ამზადებდნენ. ლუვრში ცხოვრების ფაქტით ყველა მათგანი თავისუფლდებოდა ამქრული ზედამხედველობისგან და მეფის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. არავის ჰქონდა უფლება, მათთვის ხელი შეეშალა ფართო საზოგადოებისთვის მუშაობასა თუ შეგირდების აყვანაში და, ამქრების მხრიდან მრავალი პროტესტის მიუხედავად, ისინი მშვიდად აგრძელებდნენ საკუთარი პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციას. ამქრის ოსტატები იძულებულნი გახდნენ, მხოლოდ იმ განცხადებით შემოფარგლულიყვნენ, რომ არცერთი ღირსეული ხელოსანი ლუვრში მუშაობას არ დაიწყებდა, რასაც, რა თქმა უნდა, ყურადღება არავინ მიაქცია.[3]

ლუი XIII-ის მმართველობა (1610—1643)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცალკეული, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მომუშავე ოსტატთა კრებულიდან ლუვრის გალერეა თანდათანობით შრომის დანაწილებაზე დაფუძნებულ ვრცელ მანუფაქტურად გადაიქცა, რომელიც ფუფუნების საგნებს აწარმოებდა. ლუვრის გალერეაში საქმიანობა ნებისმიერი ეროვნების პირს შეეძლო. 210 მეტრის სიგრძის გალერეაში მოსეირნე პუბლიკა სახელოსნოების ზღურბლთან ბევრ იტალიელსა და ფლამანდიელს ხვდებოდა. აბრებზე ჰოლანდიელი გრანიტორებისა და თურქული ხალიჩების მწარმოებელთა სახელები იყო გამოსახული.[4]

1620-იან წლებში, ლუი XIII-ის დროს, ჟან ლემერსიეს პროექტით აიგო მომავალი „კვადრატული ეზოს“ (Cour Carrée) ცენტრალური პავილიონი სამი თაღოვანი გასასვლელით (საათების პავილიონი), ხოლო მის ჩრდილოეთით აშენდა ლესკოს პავილიონის რეპლიკა.[2] ამ დროისთვის კვადრატული ეზო მეტისმეტად ვიწროდ მიიჩნიეს და ლემერსიეს გეგმების მიხედვით, ეზოს ფართობის ოთხჯერ გაზრდა დაიგეგმა. ამ ჩანაფიქრის განხორციელება მხოლოდ მომდევნო მეფის, ლუი XIV-ის დროს მოხერხდა.[1]

„დიდი სტილის“ ეპოქისა და ლუი XIV-ის მმართველობის არქიტექტურისა და დეკორატიული ხელოვნების თვალსაჩინო ძეგლს წარმოადგენს აპოლონის გალერეა (ამჟამად „დენონის“ კორპუსის პირველი სართული). ანრი IV-ის დროს გალერეას „პატარას“ უწოდებდნენ, თუმცა „მეფე-მზემ“ აქ პომპეზური მიღებების მოწყობა განიზრახა. მისი მმართველობის დასაწყისშივე, 1661 წლის ხანძარმა გეგმები შეცვალა და ისტორიული ინტერიერები გაანადგურა. გალერეის რეკონსტრუქცია, რომელსაც სახელი მეფის პატივსაცემად ეწოდა (აპოლონი — მზის ღმერთი, ლუი XIV-ის განსახიერება), არქიტექტორ ლუი ლევოსა და მეფის პირველ ფერწერას, შარლ ლებრენს მიენდოთ. ლებრენმა ნაძერწი და ფერწერული დეკორის მთავარ თემად აპოლონის მითი აირჩია. 61 მეტრი სიგრძის გალერეის გაფორმება, განსაკუთრებით კი კამარის დეკორი, ნამდვილი ბაროკოსეული პომპეზურობით გამოირჩევა: რელიეფები, სკულპტურა, ტილოები, მოხატულობა და მოოქროვება.

აპოლონის გალერეას ხშირად განიხილავენ ვერსალის მომავალი სარკეებიანი გალერეის პროტოტიპად, სადაც მეფის კულტმა თავის აპოგეას მიაღწია. ეს ორი გალერეა მართლაც ჰგავს ერთმანეთს, თუმცა XVII საუკუნეში ლებრენის ყველა ესკიზის განხორციელება ვერ მოხერხდა. ლუვრის დეკორატიული სამუშაოები ორ საუკუნეზე გაიწელა და საბოლოოდ 1851 წელს დასრულდა. არქიტექტორი ფელიქს დიუბანი ლევოს ნახაზებს მიჰყვებოდა, ხოლო ფერმწერმა ეჟენ დელაკრუამ 1853 წელს დაასრულა კამარის ცენტრალური ნაწილის მოხატულობა, რომელიც ლებრენის დროიდან მოყოლებული ცარიელი იყო. აპოლონის გალერეაში ტრადიციულად ექსპონირებულია „მეფე-მზის“ ეპოქის ძვირფასეულობა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

1660-იანი წლების მეორე ნახევარში მეფე ლუი XIV-მ ლუვრის სასახლის აღმოსავლეთ ნაწილის გადაკეთება გადაწყვიტა. 1664 წლის იანვრიდან სამეფო ნაგებობების სიურინტენდანტის თანამდებობას ყოვლისშემძლე ფინანსთა მინისტრი ჟან-ბატისტ კოლბერი იკავებდა. მისი გადაწყვეტილებით, ლუვრის აღმოსავლეთ ფასადის დაპროექტების კომისიაში შევიდნენ არქიტექტორები: ლუი ლევო, შარლ ლებრენი, ფრანსუა დ’ორბე და კლოდ პერო. სავარაუდოდ, პერომ ამ პროექტში საინჟინრო-ტექნიკური საკითხები ითავა, რაც იმ პერიოდში უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, მოგვიანებით ლუვრის კვადრატული ეზოს დამასრულებელ აღმოსავლეთ ფასადს მისი სახელი ეწოდა: კლოდ პეროს კოლონადა.[5]

ლუვრის აღმოსავლეთი ფასადი XVII საუკუნის ფრანგული არქიტექტურის შედევრია. დღეს, როდესაც სრულყოფილ ქვის წყობასა და კაპიტელების უთხელეს კვეთას აკვირდები, რთული დასაჯერებელია, რომ ეს დასავლეთევროპული კლასიციზმის საწყისი ეტაპის ნამუშევარია. პერომ გამოიგონა თლილი ქვების დუღაბის გარეშე წყობის განსაკუთრებული ტექნიკა, რომელიც კედლის გამორჩეულად გლუვი ზედაპირის შთაბეჭდილებას ქმნის. კოლონადის მშენებლობა დიდი სტილის ეპოქას განეკუთვნება, რომელიც ფრანგული კლასიციზმისა და იტალიური ბაროკოს ელემენტებს აერთიანებს. თუმცა, ამ კომპოზიციაში ბაროკოს ნიშნები მცირე დოზითაა წარმოდგენილი. ეს ნაწილობრივ განპირობებულია ახალი ფრანგული მოდელის დაპირისპირებით მოძველებულ იტალიურთან. 1665 წლის აპრილში პარიზში ჩამოვიდა ბაროკოს არქიტექტურის გენიოსი ჯოვანი ლორენცო ბერნინი. მეფის თხოვნით, მან საკუთარი პროექტი ჩამოიტანა (რამდენიმე ვარიანტად), თუმცა ის უარყოფილ იქნა (მეფემ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ასევე მიიწვია კარლო რაინალდი და პიეტრო და კორტონა). ერთ-ერთი ვერსიით, ფრანგებისთვის კლასიციზმი უფრო ახლობელი აღმოჩნდა, ვიდრე პომპეზური იტალიური ბაროკო. სხვა ვერსიით კი, ჟან-ბატისტ კოლბერმა, რომელიც კონკურსს ხელმძღვანელობდა, დაჟინებით მოითხოვა უფრო იაფი კლასიცისტური პროექტის განხორციელება, ვიდრე ბერნინის ბაროკოსეული ვარიანტი იყო, ხოლო დაზოგილი თანხის მითვისება გადაწყვიტა.[6]

ლევოს, დ’ორბეისა და პეროს პროექტში „დიდი ორდერის“ მძლავრი კოლონადა (ორი სართულის სიმაღლეზე), რომელიც კორინთული ორდერის წყვილი კანელირებული სვეტებისგან შედგება (რაც შენობას მსუბუქ ბაროკოსეულ ელფერს სძენს), აღმართულია პირველ, ცოკოლის სართულზე. ეს უკანასკნელი ნაგებია ღია ფერის, თითქმის თეთრი არდენის კირქვის გლუვი წყობით და გაფორმებულია დაგრძელებული ფრანგული ფანჯრებით. მეორე და მესამე სართულების კოლონადა ქმნის ტიპურ იტალიურ ლოჯიას. ფასადის მნიშვნელოვანი სიგრძე (173 მეტრი), ზუსტად შერჩეული პროპორციებისა და წყვილი სვეტების რიტმის წყალობით, რომელიც ოსტატურად არის დაყოფილი სამი რიზალიტით — ცენტრალური (სამკუთხა ფრონტონით) და ორი გვერდითი (გაფორმებული ნახევარსვეტებითა და პილასტრებით) — ჭეშმარიტი დიდებულების შთაბეჭდილებას ქმნის. ფასადის ცენტრალური გასასვლელი თაღი ხსნის სასახლის ორი შიდა ეზოს პერსპექტივას, რომლებიც თითქოს ერთ ღერძზეა აკინძული.

მშენებლობა 1668-1680 წლებში მიმდინარეობდა. თუმცა, ამ დროისთვის ლუი XIV-მ პარიზის მიმართ ინტერესი უკვე დაკარგა და 1680 წელს, აღმოსავლეთ კოლონადის მშენებლობის დასრულებიდან მალევე, სამეფო კარი საბოლოოდ გადავიდა ვერსალში. გრანდიოზული რეკონსტრუქცია შეჩერდა. აღმოსავლეთ ფასადის მძლავრი კოლონადის მიღმა იმალებოდა შიდა ეზოს დაუმთავრებელი ნაგებობები, რომელთა მშენებლობაც მხოლოდ XIX საუკუნეში დასრულდა.[1][2]

ლუვრის გალერეის დაარსებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, იქ მცხოვრებ ოსტატთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ჩამოყალიბდა სხვადასხვა სახის სახელოსნოები: გობელენების, საიარაღო, საიუველირო და ავეჯის. ერთ-ერთ სახელოსნოს ხელმძღვანელობდა ავეჯის ცნობილი ოსტატი ანდრე-შარლ ბული. მის სახელოსნოში განთავსებული იყო თვრამეტი დაზგა ინტარსიის შესაქმნელად და ორი სადურგლო დაზგა. იქვე მუშაობდნენ მხერხავები, ბრინჯაოს სპეციალისტები და ცალკეული ნაწილების აწყობისა და ავეჯის საბოლოო მოპირკეთების ოსტატები. ბულთან ერთად სამუშაო პროცესს მისი ოთხი ვაჟი ზედამხედველობდა.

ანდრე შარლ ბულის სახელოსნო წარმოადგენდა მანუფაქტურას, რომელიც ამზადებდა სხვადასხვა ტიპის ავეჯს წითელი და შავი ხის, მარგალიტის დედის (სადაფის) და კუს ბაკნის ინკრუსტაციებით, აგრეთვე მოოქროვილი ბრინჯაოს ზედდგამებით. იქვე მზადდებოდა საათის კორპუსები, მაგიდები, ბიუროები, წიგნის კარადები სარკისებრი მინებით, ჭაღები, ბრინჯაოს სამკაულებით გაფორმებული კომოდები და სხვა მსგავსი ნივთები.[7]

ჟან მარიეტის გრავიურა კლოდ პეროს ნახატის მიხედვით, წიგნიდან „Architecture françoise ou recueil des maisons royalles, de quelques églises de Paris et de châteaux et maisons de plaisance de France bâties nouvellement“ (1783).

ლუვრის სასახლის კომპლექსში ამჟამად განთავსებულია:

  • მუზეუმი ლუვრი;
  • დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ცენტრალური საბჭო (UCAD) და მისი კოლექციები (დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, მოდისა და ტექსტილის მუზეუმი, სარეკლამო ხელოვნება), ასევე მისი ბიბლიოთეკა და საგანმანათლებლო წრეები ბავშვებისა და მოზრდილებისთვის სასახლის იმ ნაწილში, რომელსაც „კარუსელი“ ეწოდება;
  • ლუვრის უმაღლესი სკოლა (შესასვლელები Rohan და Flore);
  • საფრანგეთის მუზეუმების რესტავრაციისა და კვლევითი ცენტრი (C2RMF), ლაბორატორია „კარუსელში“ და წრეები მოზრდილებისთვის „ფლორას“ დარბაზებში;
  • ლუვრის კარუსელის სავაჭრო ნაწილი (Carrousel du Louvre): 16 000 მ², 50-ზე მეტი მაღაზია;
  • ლუვრის კარუსელის საგამოფენო დარბაზები: 7100 მ², 4 დარბაზი პრესტიჟული ღონისძიებებისა და შეკრებების მოსაწყობად.
ლუვრის კოლონადა

პარიზში მდებარე ლუვრის სამეფო სასახლის აღმოსავლეთი ფასადი, რომელიც ლუვრის მოედანს (Place du Louvre) გადაჰყურებს.

იგი აიგო 1667-1673 წლებში არქიტექტორ კლოდ პეროს — ცნობილი მეზღაპრის ძმის — მიერ, ლუი ლევოს პირვანდელ პროექტზე დაყრდნობით. კოლონადის სიგრძე 170 მეტრია. იგი ფრანგული კლასიციზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შედევრად მიიჩნევა.

  • Сомов А. И. Лувр // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1896. — Т. XVIII. — С. 65—66.
  • Брунов Н. И. Архитектурная композиция главного фасада Лувра в Париже // Академия архитектуры : журнал. — 1937. — № 1. — С. 117—133.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 Архитектурные памятники Парижа. ციტირების თარიღი: 2015-04-26
  2. 1 2 3 4 Моруа А., [royallib.com/read/morua_andre/parig.html#149490 Париж], М.: Искусство, 1970.  გვ. 115.
  3. И. М. Кулишер. Очерки из истории форм промышленности в Западной Европе с XIII до XVIII ст. — Издание Императорского санкт-петербургского университета. — С.-П., тип. Розена; 1906.
  4. Georges d’Avenel. Histoire économique de la propriété, etc. 1894—1926; Том III, с. 455.
  5. Paris: Michelin et Cie, 1997, p. 212
  6. Mormando. F. Bernini: His LIfe and His Rome. — Chicago: University of Chicago Press, 2011. — Рp. 255—256
  7. Levasseur. Histoire des classes ouvirères et de l’industrie en France avant 1789. 2-е изд., Париж, 1900. — Том II, с. с. 176, 309