ლუდი საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლუდის წარმოების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ხორბლეულის კულტურა, მასთან დაკავშირებული სამიწათმოქმედო იარაღების განვითარებულობა და კულტურულ-გენეტიკური კავშირები იმ ცენტრებთან, სადაც ლუდის წარმოებას დაედო სათავე.

საქართველო კი, როგორც მოგეხსენებათ, ოდითგანვე სოფლის მეურნეობის, სამიწათმოქმედო ქვეყანა იყო. მსოფლიოში ცნობილი 17 სახეობის ხორბლიდან 12 საქართველოში ითესებოდა. უძველესი ქართველური მოდგმის ტომები დაახლოებით ცხრა ათასი წლის წინ იცნობდნენ ხორბლის კულტურას და მისი მოყვანა-შენახვის ხერხებს. პურეული კულტურის ამაზე უფრო ხნიერი სამეურნეო ცენტრი მსოფლიო მეცნიერებამ არ იცის.

ჩვენს ქვეყანაში ლუდის, როგორც კულტურის შემოსვლა ძველი მსოფლიოს ქვეყნებიდან მოხდა, აღმოსავლური ლუდის უძველესობა დღეს უკვე უეჭველია, ხოლო ამ ხალხებთან ქართველთა წინაპარი ტომების კულტურულ-სამეურნეო კავშირები არქეოლოგიური, ისტორიული, ეპიგრაფიკული და ეთნოგრაფიული მასალებით გამორკვეული და დადასტურებულია.

აღმ. საქართველოში მთიელებთან (მთიულები, თუშები, ფშავლები, ხევსურები და მოხევეები) ლუდი ტრადიციულ სასმელად ითვლება. თუშურ და აგრეთვე რაჭულ დიალექტში, დასტურდება ამ სასმელის სახელხოდების ადრინდელი საწყისი ფორმა – „ალუდი“. ეს სიტყვა უკავშირდება ოსურ და ჩრდილო ევროპულ ფორმებს. ვარაუდობენ, რომ ალანური alut-იდან მომდინარეობს ქართული ალუდი, ლუდი და საკუთარი სახელი ალუდა.

მთიელებში ლუდი, ოდითგანვე, ფართოდ იყო გავრცელებული როგორც საკულტო სასმელი. აქაური სალოცავების ჯვარ–ხატების მეურნეობაში ცენტრალური ადგილი უკავია ლუდის დამზადებას. ყველა ხატში ასევე აგებულია "სალუდე". იგი წარმოადგენს მიწურ გრძელ ოთახს, რომელშიც მოთავსებულია სალუდე (ალაოს მოსახარში) სპილენძის დიდი ქვაბები, თავისი ხელსაწყო–იარაღებით: საწურით, თუნგებით, ჯამებით და სხვა. დამზადებულ ლუდს კი ინახავენ „საკოდეში“. ლუდის მომზადების მაღალი ხელოვნება, სასმელის საკულტო დანიშნულება, მასთან დაკავშირებული თქმულება–გადმოცემები ქართველ მთიელებში ლუდის სიძველეზე მიუთითებს.

რატომ შემოინახა საქართველოს მთამ ლუდის მოხმარების ჩვევა ბოლომდე, ეს გასაგები მიზეზითაა ასახსნელი: საქართველოში, როგორც ღვინის კლასიკურ ქვეყანაში, უმთავრესი ყურადღება გადატანილი იყო ბარის მევენახეობა-მეღვინეობაზე. ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში დამკვიდრებული შეხედულებით ბარი და მთა გაყოფილია ვაზის გავრცელების არეალითაც. იქ სადაც ვაზი ხარობს ის ტერიტორია ბარადაა მიჩნეული, ხოლო სადაც არ ხარობს, მთად. ამიტომ, ლუდის წარმოებამ თავიდანვე ფეხი მოიკიდა მთაში და აქ დასახლებული ხალხის ყოფაში ლუდმა უპირველესი ადგილი დაიჭირა.

ლუდის სარიტუალო დანიშნულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუდის სარიტუალო პროცესების სათავეში დგას ხევისბერი. ხევისბერობა განსაკუთრებით პატივსაცემად და საკრალური თანამდებობა იყო. ეს სახალხო დავალება, უპირველეს ყოვლისა, მას ხატსა და ხალხს შორის შუამავლობას აკისრებდა.

ხევისბერის აუცილებელი მოვალეობაა, რომ ყოველი ხატობის წინ იწმინდაოს (ქრისტიანულად რომ ვთქვათ, შეინახოს ყველანაირი მარხვა), ამიტომ იგი სახლში კი არა, ხატის საბეროში დგება და განმარტოებით ცხოვრობს მცირე სამარხვო საკვებით.

ჩვეულებრივი დღესასწაულის დროს ლუდის დაყენება ხდებოდა ჯვარის სალუდეში. კოდის გახსნისა და დალოცვის შემდეგ ლუდი ჩხუტებით გამოჰქონდათ საჯარეზე და იწყებოდა საერთო სმა, ზოგიერთ ხატში საჯარე დაცული იყო ქარ-წვიმისაგან და ადამიანებს ჰქონდათ საშუალება ნორმალურად მოწყობილიყვნენ. მაგრამ სადაც ასე არ იყო და ხალხს სიცივეში არ დაედგომებოდა მაშინ სოფელში ერთი, კარგად გამართული სახლის ჭერხოში მოაწყობდნენ დასასხდომებს, გაამზადებდნენ სუფრას და საღამოსათვის ყველანი იქ მოიყრიდნენ თავს.

ახალგაზრდა ბიჭები ამ დროს უკვე ხატში არიან წასული ლუდის მოსატანად. ისინი მივლენ სალოცავის კართან, ქვაბებს დასდებენ და დაილოცებიან. დარბაზში მყოფი ჯვარიონი ერთსულოვნად მიესალმება მოსულთ. თასებით ლუდს შეასმევენ, აუვსებენ ქვაბებს, რომელთა სახელურებში კეტებია გაყრილი და გამოატანენ სოფელში.

სოფელში მოტანილ ლუდს ხალხი ფეხზედგომით შეხვდებოდა და ერთხმად იტყოდა: “ლუდი წინა ვაჟებო, გამტან ბედნიერი, მაგვიხეით მშვიდობით“. მელუდეთ ცეცხლთან დასვამდნენ, გამოკითხავდნენ ჯვარიონის ამბებს, შემდეგ მოიტანდნენ ყველანაირ სასმისებს და უფროს-უმცროსობით, პირველი სადღეგრძელოთი იტყოდნენ მიცვალებულთა შესანდობარს.

თუშ-ფშავ-ხევსურეთში ლუდის სარიტუალო დანიშნულება კარგადაა გამოხატული მიცვალებულთა სულის მოსახსენებელ დღესასწაულებზე. ესაა გარდაცვალებულთა პატივსაცემად გამართული - წლისთავი (ფშავში), საქნარი (ხევსურეთში) და წლის ალუდი (თუშეთში), რომელთაგან ამ შემთხვევაში უფრო საინტერესოა თუშური ალუდი-ალუდები. ამ რიტუალების მთავარი დედააზრია სიამოვნების მინიჭება და პატივისცემა მიცვალებულთა სულებისათვის, რაც გამოიხატება მათდამი სუფრის გაშლით, დატირებით და დოღის გამართვით. გარდაცვლილის სახლში იმართება დიდი პურობა, რომელიც მიმდინარეობს სარიტუალო ლუდის სმით და როცა სუფრა აიშლება და სტუმრები წავლენ, მასპინძლები მათ სოფლის გასასვლელამდე გააცილებდნენ.

იქ ერთხელ კიდევ შეავსებენ ლუდით თასებს და კოდ-მესაფუვრეს დალოცავენ: “ვისაც კოდმეკოდეობის წესრიგი დაეყენებინოს და დღეს აღარ იყვნენ მათი შესანდობარი იყოს“. ლუდის მოხმარების ასე ფართო სარიტუალო დანიშნულება კიდევ ერთი საბუთია ლუდის, როგორც საკულტო სასმელის უძველესობისა საქართველოს მთიანეთში, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული რელიგიური რწმენის ყველაზე უადრეს ფორმასთან - ანიმიზმთან. მთიელმა კარგად იცის ლუდის ფასი, მისი ცხოვრების სიხარულიანი დღეები ლუდთანაა დაკავშირებული, მძიმე შრომისაგან დაღლილს ლუდი აძლევს ახალი ძალ-ღონის მოკრეფის საშუალებას, და ერთი მისი ნატვრაც ლუდის გამოულევლობითაა ნაოცნებარი: "დგომაც ქნა შავის ლუდისა. გათავდის წესიმც არ იყვა."

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგი მაკალათია-ფშავი (1934).
  • ფრაგმენტები ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევიდან “ქართული ლუდი“.