ლუდერიცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ლუდერიცი
გერმ. Lüderitz
Blick von Felsenkirche.jpg
ქალაქის ხედი
გერბი
Wappen Lüderitz - Namibia.jpg

ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
რეგიონი კარასის რეგიონი
კოორდინატები 26°38′52″ ს. გ. 15°09′28″ ა. გ. / 26.64778° ს. გ. 15.15778° ა. გ. / -26.64778; 15.15778
ქალაქის მერი ჰამბელელა სუზან ნდჯალეკა
დაარსდა 1883
ფართობი 15,3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 6 მეტრი
მოსახლეობა 12 537 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 819,41 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 63
ოფიციალური საიტი http://www.luderitztowncouncil.com.na/
ლუდერიცი — ნამიბია
ლუდერიცი

ლუდერიცი (გერმ. Lüderitz) — მეთევზეთა პატარა ქალაქი და სავაჭრო პორტი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ნამიბიაში, ადმინისტრაციული თვალსაზრისით მიეკუთვნება კარასის რეგიონს. ქალაქში 2011 წლის აღწერით ცხოვრობს 12 537 ადამიანი[1]. ფართობი — 15,3 კმ²[2]. დაარსდა 1883 წელს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ხედი თვითმფრინავიდან

ლუდერიცი მდებარეობს ნამიბიის სანაპიროს ერთადერთ კლდოვან მონაკვეთზე. დანარჩენი სანაპირო ზოლი ჩრდილოეთში მდინარე კუნენედან სამხრეთში მდინარე ორანჟიმდე შედგება უდაბნოს ქვიშისაგან. ქალაქი მდებარეობს ნამიბის უდაბნოსა და ატლანტის ოკეანეს შორის, ოკეანის ქარებისადმი ღია ჰქვიან სანაპირო ბორცვებზე, ლუდერიცის უბის სიღრმეში. იმავე დასახელების ფართე კლდოვანი ნახევარკუნძული და ბევრი მცირე უბე და ყურე გამოყოფს ლუდერიცის უბეს ოკეანესგან. სამი მცირე კუნძული — პინგვინის, სელაპის და ფლამინგოს — მდებარეობს უბის საზღვრებში. მეოთხე კუნძული — ზვიგენის, რომელიც უშუალოდ ქალაქის წინ მდებარეობს, დღეისათვის ნაპირთან ყრილის საშუალებითაა შეერთებული და გადაქცეულია კონცხად, რომელიც გამოჰყოფს ქალაქის პორტს დანარჩენი უბეებისაგან.

ლუდერიციდან ჩრდილოეთით და სამხრეთით კიდევ 12 მომცრო კუნძული მდებარეობს ოკეანის სანაპიროს გასწვრივ. ისინი ცნობილია საერთო სახელწოდებით — პინგვინების კუნძულები, თუმცა ზოგჯერ მათ გუანის კუნძულებსაც ეძახიან. ყველა მათგანზე არ არის შენარჩუნებული პინგვინების კოლონია, მაგრამ აქ დღემდე აგროვებენ გუანოს მნიშვნელოვან რაოდენობას, რადგანაც ზღვის ფრინველები, კერძოდ ჩვამასებრნი და რეგვენასებრნი, ბუდობენ ყველა ირგვლივ მდებარე კუნძულებზე. კუნძულები მცენარეულობისგან შიშველი და უნაყოფოა, მხოლოდ რამდენიმე ბუჩქი ხარობს პოზეშენის კუნძულზე, რომელიც კუნძულებში ყველაზე დიდია და მისი ფართობი შეადგენს დაახლოვებით 90 ჰა-ს.

ქალაქს იქით ქვეყნის სიღრმეში მიემართება ავტოგზა. ქალაქიდან დაახლოვებით 10 კმ-ში ის გადის ქალაქ-მოჩვენება კოლმანსკოპის გვერდით, რომელიც დაარსდა იმ ადგილას, სადაც პირველად იქნა აღმოჩენილი ალმასი. მოგვიანებით, როდესაც გამოილია ალმასები, ქალაქი მოსახლეობისგან დაიცალა. შემდეგ ავტოგზა გაივლის უდაბნოს; შემდეგი ადამიანებით დასახლებული ადგილია — სოფელი აუსი, რომელიც მდებარეობს 125 კმ-ით აღმოსავლეთით. ნახევარკუნძულის კიდეზე ერთმანეთზე მიდგმული ქალაქის შენობებისა და შუქურის გარდა, ირგვლივ მყოფი გარემო თითქმის არ განსხვავდება იმისგან, რასაც უყურებდა ბარტოლომეუ დიაში, რომელიც ამ ნაპირს ესტუმრა 1487 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიელი ზღვაოსანი ბარტოლომეუ დიაში კეთილი იმედის კონცხთან ცურვის დროს 1487—1488 წლებში ევროპელთაგან პირველი გადავიდა უბეში, რომელსაც მან დაარქვა წმინდა ქრისტოფორის ყურე (პორტ. Golfo de São Cristovão), თავისი ფლაგმანი გემის სახელის პატივსაცემად. ცურვის გაგრძელებამდე, პორტუგალიელებმა ნაპირზე აღმართეს (ამ ადგილს დღეისათვის ჰქვია Diaz Point) ტრადიციული ქვის ჯვარი გერბით (პადრანი), როგორც იმის ნიშანი, რომ ეს ნაპირი შეუერთდა პორტუგალიის სამეფო გვირგვინის სამფლობელოებს. ორიგინალური ჯვარი განვლილი ასწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა გამოფიტვით და 1929 წელს იგი შეიცვალა მისივე კოპიით. ქარებისგან გამოფიტული, თითქმის გამოუცანი ორიგინალი დღეისათვის ინახება კეიპტაუნის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) მუზეუმში.

მოგვიანებით კარტოგრაფებმა ეს ადგილი მონიშნეს, როგორც ანგრა-დუშ-ილიეუში (Angra dos Ilheos, «კუნძულების უბე»), ხოლო შემდეგ — ანგრა-პეკენა (Angra Pequena, «მცირე უბე»). შემდგომი ოთხი ასწლეულის განმავლობაში ამ ადგილებს არ წვევიან ევროპელები. უნაყოფო სანაპირო, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნდა მოსახერხებელი ნავსაყუდელი (უფრო ჩრდილოეთით მდებარე უოლფიშ-ბეის უბის გარდა) და ქვეყნის შიდა რაიონში მდებარე პრაქტიკულად დაუსახლებელი უდაბნო ევროპული კოლონიალური სახელმწიფოების არანაირ ინტერესს არ წარმოადგენდა. მხოლოდ XIX საუკუნის შუა პერიოდში, ხანმოკლე დროის განმავლობაში ამ ნაპირებს სტუმრობდნენ ვეშაპისდამჭერები და გუანოს მომპოვებლები, რომლის განსაკუთრებით მდიდარი მარაგი მუშავდებოდა კუნძულ იჩაბოზე. მაგრამ ეს ბუმი დიდ ხანს არ გაგრძელებულა და გუანოს მარაგის ამოწურვის შემდეგ სანაპირო ისევ უკაცრიელი გახდა.

ადოლფ ლუდერიცი

1883 წელს ანგრა-პეკენას ყურეში გადმოვიდა ბრემენელი თამბაქოს მოვაჭრე ადოლფ ლუდერიცი. თავის კომპანიონ ჰენრიხ ფოგელზანგთან ერთად მათ ადგილობრივი ორლამების (ჰოლანდიელ-აფრიკელი მეტისები, რომლებიც ცხოვრობდნენ კონტინენტის სიღრმეში) წინამძღვრისგან — იოზეფ ფრედერიქსისგან სანაპიროზე შეიძინეს მიწის ნაკვეთი, რომელიც გადაჭიმული იყო 40 მილის სიგრძეზე ნაპირის გასწვრივ და 20 მილზე სიღრმეში. ამ ნაკვეთზე მათ დააარსეს სავაჭრო ფაქტორია.

მიწის ნაკვეთის ფართობზე, დაახლოვებით 2600 კმ² ორლამების წინამძღვარმა გერმანელებისგან მიიღო 100 ფუნტი ოქროთი და 250 შაშხანა. მაგრამ შეთანხმების დადების შემდეგ გამყიდველს აუხსნეს, რომ სიგრძის ერთეულის განსაზღვრაში ადგილი ჰქონდა არა ინგლისურ (1,8 კმ), არამედ პრუსიულ მილს, რომელიც 7,5 კმ-ის ტოლი იყო, და შედეგად შეძენილი მიწის ნაკვეთის ზომები იყო 300 კმ×150 კმ, ხოლო ფართობი 45 000 კმ². ეს ეშმაკური კომბინაცია ისტორიაში შევიდა «მილებით თაღლითობის» სახელით.

1884 წლის 24 აპრილს ადოლფ ლუდერიცმა გერმანიის ხელისუფლებისგან თავისი სამფლობელოებისთვის შეძლო მიეღო უსაფრთხოების გარანტიები, ხოლო ანგრა-პეკენას ყურეში, რომელსაც დაერქვა ლუდერიცის ყურე, გაჩნდა ამავე დასახელების მეთევზეთა მცირე დასახლება. ის იყო გერმანული კოლონიალური გავლენის გავრცელების პირველი რგოლი სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში. ადოლფ ლუდერიცმა, ეს ერთი შეხედვით არავის მიწა მოიპოვა იმ იმედით, რომ იქ იპოვიდა სასარგებლო წიაღისეულს, მაგრამ შეუპოვარმა და ძვირადღირებულმა ძიებებმა ვერ მოიტანა შედეგი. ადოლფ ლუდერიცი გახდა ბანკროტი და იძულებული გახდა მიეყიდა თავისი უზარმაზარი მამული გერმანული სამხრეთაფრიკული კოლონიალური საზოგადოებისთვის. 1886 წელს ადოლფ ლუდერიცი ორანჟის მდინარეში მიმდინარე გეოლოგიური დაზვერვის ექსპედიციის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 1880-იანი წლების ბოლოს კოლონიალურმა საზოგადოებამ, რომელმაც ვერ შეძლო კოლონიის ეფექტური მმართველობა, ის გერმანიის ხელისუფლებას გადასცა უშუალო მმართველობაში.

ლუდერიცის უბე 1900 წელს

უმნიშვნელო და საკმაოდ შეზღუდული სამეურნეო გამოცოცხლება დაიწყო პატარა ქალაქ ლუდერიცში 1904 წელს, როდესაც აქ განლაგდნენ გერმანული კოლონიალური ქვედანაყოფის ჯარის სამხედროები, რომლებიც ომობდნენ აჯანყებულ ნამას ტომის ხალხთან. იმ დროიდან ქალაქმა მოიპოვა სამწუხარო სახელი საკონცენტრაციო ბანაკის გამო, რომელიც აშენდა სანაპიროსთან ახლოს მდებარე ზვიგენის კუნძულზე. ამ ბანაკში დამწყვდეული ჰყავდათ ორლამის და ნამას ტომის წარმომადგენლები, რომლებიც ოჯახებთან ერთად იყვნენ დატყვევებულები მათი აჯანყების ჩახშობის დროს. ორი ათასზე მეტი ტყვიდან აუტანელი ჰიგიენური და კლიმატური პირობების გამო ცოცხალი გადარჩა მხოლოდ 450 ადამიანი. ქვეყანაში მომუშავე გერმანელი მისიონერების მხრიდან არსებული ზეწოლის შემდეგ ბანაკი დაიკეტა და გადატანილი იქნა ქვეყნის შიდა რაიონებში.

1908 წელს ქალაქის გარეუბანში აღმოჩნდა ალმასი, რომელმაც გამოიწვია ახალი ძლიერი, თუმცა ხანმოკლე, სამეურნეო ბუმი. პირველი ალმასი აღმოაჩინა შავკანიანმა მუშა ზახარიას ლეველამ, რომელიც მუშაობდა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობაზე, ქვიშისგან დაფარული ლიანდაგის გაწმენდისას. მან ის მიუტანა მის უფროსს ავგუსტ შტაუჰს, რომელმაც ამის შემდეგ უცბათვე, უფროს ინჟინერ ზიონკე ნისენთან ერთად უმალვე მიიღო უფლება სასარგებლო წიაღისეულის დაზვერვაზე ამ რაიონში, რამაც ორივე ისინი მილიონერები გახადა. ზახარიას ლეველას მიუხედავად თავისი აღმოჩენისა არაფერი არ მიუღია. შემდგომ წლებში ლუდერიცი სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა, როგორც წარმატებული სავაჭრო პორტი. ლუდერიცის სამხრეთით მდებარე რეგიონი, რომლის ფართობი უტოლდება ბელგიას, გამოცხადდა ალმასის აკრძალულ ზონად, სადაც შესვლა მკაცრად იყო შეზღუდული. ლუდერიცის სიახლოვეს უდაბნოში აღმოცენებულ კოლმანსკოპის დასახლებაში შეიქმნა სამხრეთაფრიკული ალმასისმომპოვებელი კომპანიის CDM-ის (ინგლ. Consolidated Diamond Mines) შტაბ-ბინა. მან მიიღო მონოპოლიური უფლება ალმასის საბადოების დამუშავებაზე. რეგიონში ალმასების მოპოვების საწარმოო განვითარებამ და მასთან დაკავშირებული სწრაფად გამდიდრების მსურველების და მძებნელების მოზიდვამ შექმნა პირობები ლუდერიცში ეკონომიკის მუდმივი განვითარებისთვის და ის მალე გადაიქცა თანამედროვე განვითარებულ ქალაქად.

1920 წლის შემდეგ ლუდერიცმა დაიწყო თავისი მნიშვნელობის დაკარგვა იმის გამო, რომ ალმასების მოპოვების ყველაზე უფრო შემოსავლიანმა ადგილებმა თანდათან გადაინაცვლა სამხრეთისაკენ. ამის ნაცვლად ქალაქში ნელ-ნელა განვითარება დაიწყო კომერციულმა თევზჭერამ და მასთან დაკავშირებულმა მცირე გემთმშენებლობამ, ასევე გაჩნდა მცირე ხალიჩების დამამზადებელი საწარმოები, რომელთა ნედლეულის ბაზა იყო სამხრეთ ნამიბიის კონტინენტალურ რეგიონში განვითარებული მეცხვარეობა. მაგრამ ამის გარდა ლუდერიცს სხვა ბევრი ვერაფრით შეეძლო დახმარებოდა თავის მაცხოვრებლებისთვის და ოდესღაც აყვავებულ ქალაქს დაემუქრა ისეთივე ბედი, რომელიც ადრე დაემართა ქალაქ კოლმანსკოპს. 1943 წელს CDM-ის შტაბ-ბინის სამხრეთში — ორანიემუნდთან გადატანის შემდეგ ქალაქის ცხოვრება თანდათან დაეცა, ხოლო 1956 წლისთვის იგი მაცხოვრებლებმა მთლიანად დატოვეს, რის შემდეგაც იგი გადაიქცა ქალაქ-მოჩვენებად.

XX საუკუნის ბოლოს ქალაქზე გარშემორტყმულ ოკეანის შელფზე ბუნებრივი აირის საბადოს (კუდუს საბადო) გახსნამ ლუდერიცს მოუტანა ახალი მოლოდინები. ეკონომიკურად შეიძლება ასევე მომგებიანი იყოს წყალმცენარეების გადამუშავების პროექტი, რომლის უზარმაზარ მასას ოკეანე გამორიყავს სანაპიროზე ქალაქთან ახლოს. წყალმცენარეები შეიძლება გახდნენ ძვირფასი ნივთიერებების წყაროები საკვები და პარფიუმერული საწარმოებისთვის. ქალაქის ეკონომიკის გამოცოცხლება ასევე შეუძლია მის გარეუბნებში დაარსებულ ხამანწკების ფერმებს.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის ქალაქის ეკონომიკის საფუძველია ტურიზმი და თევზჭერა. განსაკუთრებული განვითარება მიიღო ლანგუსტების დაჭერამ, რომლებიც აქედან ისეთ შორეულ ქვეყნებში გადიან ექსპორტზე, როგორებიცაა ესპანეთი და იაპონია. ლუდერიცი მცირე თევზდამჭერი გემების დიდი ფლოტილიის ბაზაა და ქვეყნის ხელისუფლება ადგილობრივი თევზის რესურსების გამოლევის საწინააღმდეგოდ აწესებს თევზჭერის კვოტებს. ლუდერიცის ყურე წყალმეჩხერია და ქალაქის პორტს არ შეუძლია მოემსახუროს მძიმე საოკეანო გემებს, ხოლო ყურის ჰქვიანი ფსკერი არ იძლევა საშუალებას ხელოვნურად დაღრმავდეს ფარვატერი. ამიტომ დიდი გემები ტვირთებისგან იცლება ლიხტერების საშუალებით. გრძელი პირსის აშენების შემდეგ პორტის შესაძლებლობები მცირედით გაფართოვდა და მასთან შესაძლებელია მიცურდნენ უფრო დიდი ზომის თევზსაჭერი გემები.

130 კმ-ის სიგრძის წყალგაყვანილობის საშუალებით ქალაქი მარაგდება სეზონური მდინარე კოიჰაბის მიწისქვეშა მდინარეული ჩამონადენის მტკნარი წყლით, რომელიც იკარგება ნამიბის უდაბნოს დიუნებში. ქალაქში ასევე მოქმედებს მტკნარი წყლის გამფილტრავი ქარხანა. დანარჩენ ქვეყნებთან ქალაქი დაკავშირებულია ავტოგზით და რკინიგზით, რომლებიც ქალაქიდან მიემართებიან აღმოსავლეთისკენ უდაბნოს გავლით და უერთდებიან ქვეყნის შიდაკონტინენტალურ სატრანსპორტო ქსელს. სამხრეთისკენ მიმავალი სანაპირო ავტოგზა ლუდერიცს აკავშირებს ორანიემუნდთან მდინარე ორანჟის შესართავთან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან.

უკანასკნელ წლებში ქალაქის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა. განსაკუთრებით დინამიურად ვითარდება ტურიზმის სფერო, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორკე-ჰაუსი

ლუდერიცს დღემდე მნიშვნელოვნად შენარჩუნებული აქვს იმ დროის ატმოსფერო და სახე, როდესაც ქვეყანას გერმანია მართავდა. ქალაქში შენარჩუნებულია გერმანული კოლონიალური არქიტექტურის ბევრი ძეგლი. კოლონიალური სტილი დღემდე დომინირებს ქალაქის ისტორიულ ცენტრში, განსაკუთრებით რინგშტრასეს, ბისმარკშტრასეს, ბერგშტრასეს და ბანჰოფშტრასეს ქუჩების რაიონებში, რომლებმაც ასევე შეინარჩუნეს თავისი კოლონიალური ეპოქის სახელწოდებები. სასახლეები კამარებით, კოშკებით და კოშკურებით, მანსარდებით და ფანჯრებით, ერკერებით პირველ სართულზე, ფრონტონებით მორთული და ნაგებობები გამჭვირვალე სახურავებით ქარისგან დასაცავად, რომელიც აქ ქრის თითქმის მუდმივად, აფრიკის უდაბნოს შუაგულში ქმნის XIX საუკუნის შუა პერიოდის პროვინციალური გერმანიის კუნძულს.

ქალაქის ქუჩებს, რამდენიმე ცენტრალურის გარდა, არა აქვთ მყარი საფარი. ეს არ ქმნის განსაკუთრებულ პრობლემას, რადგან აქ თითქმის არასდროს არ მოდის წვიმა.

ბერგშტრასე
ფელზენკირხე («ეკლესია კლდეში») ლუდერიცში

კოლონიალური არქიტექტურის ძეგლებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორკე-ჰაუსი, რომელსაც ასევე ეძახიან «ბრილიანტის სასახლეს». ეს მდიდარი რეზიდენცია 1909 წელს ააშენა წარმატებულმა ბიზნესმენმა ჰანს გიორკემ. დღეისათვის ამ სასახლეში, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა და კეთილმოეწყო იმდროინდელი ანტიკვარული ავეჯით, მუშაობს მუზეუმი. არსებობს ლეგენდა, რომ ეს ციხე-სიმაგრის მსგავსი შენობა შენდებოდა, როგორც გერმანელი კაიზერის რეზიდენცია, რომელსაც უნდა სწვეოდა ლუდერიცი, მაგრამ ეს ვიზიტი არ შედგა.

კოლონიალური ეპოქის მეორე შესამჩნევი ღირსშესანიშნაობაა ფელზენკირხე («ეკლესია კლდეში») — ლუთერანული ეკლესია, რომელიც აშენდა 1912 წელს ჰქვიანი ბორცვის წვერზე. ეკლესია მისი ცამდე «ამაღლებული» ფორმით წარმოადგენს ინგლისური გოთიკის სტილის ნიმუშს — მისი «ვერტიკალური» მრავალსახეობით, რომელიც დომინირებდა ვიქტორიანულ ეპოქაში და არა ყველაზე უფრო პოპულარულ ნეოგოთიკური სტილის გერმანულ საეკლესიო არქიტექტურაში. ეკლესია მორთულია ვიტრაჟებით და ხეზე შთამბეჭდავი თლით. საკურთხეველს ზემოთ არსებული ფანჯარა — გერმანელი კაიზერის ვილჰელმ II-ის პირადი საჩუქარია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]