ლუბა შეწირული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუბა შეწირული
დაბ. თარიღი 20 მაისი, 1917(1917-05-20)
დაბ. ადგილი ბათუმი
გარდ. თარიღი 26 სექტემბერი, 2006(2006-09-26) (89 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა დერმატოლოგია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ლუბა თეოფილეს ასული შეწირული (დ. 20 მაისი, 1917 — გ. 26 სექტემბერი, 2006) — ქართველი დერმატო-ვენეროლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972). საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1994). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1976). სკკპ წევრი 1945 წლიდან.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1939–42 წლებში იყო სოხუმის რაიონის სოფელ ესტონკაში ვლადიმეროვკის საექიმო უბნის და სამშობიარო სახლის გამგე; 1944–48 წლებში გაგრის რაიონის საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1948–51 წლებში აჭარის რესპუბლიკური ვენდისპანსერის მთავარი ექიმი; 1951–70 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო სამმართველოს უფროსი ვენინსპექტორი; 1952–70 წლებში შეთავსებით მუშაობდა კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, ამავე ინსტიტუტის მიკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად; 1970–89 წლებში ინსტიტუტის დირექტორად, რესპუბლიკის მთავარ დერმატო-ვენეროლოგად; 1990 წლიდან ინსტიტუტის დირექციის მრჩეველია.[2]

შეწირულმა პირველმა აღწერა ტერფების სოკოვანი დაავადების თავისებური კლინიკური მიმდინარეობა საქართველოს კლიმატურ პირობებში, დაადგინა ორგანიზმში წითელი ტრიქოფიტონის განთესვის შესაძლებლობა ძლიმფისა და სისხლის გზით. შეიმუშავა მათი მკურნალობის მეთოდები. იკვლევდა ფრჩხილების პათოლოგიასა და მისი მკურნალობის საკითხებს.[1]

საკანდიდატო დისერტაციის თემა დაიცვა 1955 წელს თემაზე: „დერმატომიკოზები აღმოსავლეთ საქართველოში და მათთან ბრძოლის გამოცდილება“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1970 წელს თემაზე: „ტერფებისა და ხელის მტევნების მიკოზები საქართველოში“.[1]

ლუბა შეწირული ავტორია 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან 80-ზე მეტი გამოქვეყნებული და მოხსენებულია კონგრესებზე და სიმპოზიუმებზე უცხოეთის ქვეყნებში.[3] გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. მისი რედაქტორობით გამოშვებულია კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შრომათა კრებულის 23-ე ტომი.[4]

მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია მედიცინის მეცნიერებათა 22 დოქტორი და კანდიდატი. იყო დერმატოლოგიური კვლევის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი (1992) და ევროპის დერმატოლოგთა აკადემიის წევრი აკადემიკოსი (1992).[2]

ლუბა შეწირული დაჯილდოებულია ხალხთა მეგობრობის ორდენით, საპატიო ნიშნის ორდენით, ღირსების ორდენითა და სხვა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 გრ. ფხალაძე. ლუბა შეწირული : [კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი. დაბადების 60 წლისთავის გამო] საბჭოთა მედიცინა. 1978. N2, გვ. 58–60
  2. 2.0 2.1 2.2 წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი. თბ., 2000. გვ. 261
  3. საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2006. 4 ოქტომბერი, N194 (5535), 15 გვ.
  4. ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000. გვ. 314