ლოურენს ილოკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლოურენს ილოკელი
დაბადების თარიღი 1459
გარდაცვალების თარიღი 1524
რეზიდენცია ილოკი, უნგრეთ-ხორვატიის სამეფო
ცნობილია როგორც მასკოს ბანი, ბოსნიის ვოევოდა (ჰერცოგი), ბელგრადის ბანი, სამეფო პალატის საბჭოს წევრი, სამეფო მოსამართლე და ა.შ.
წინამორბედი ნიკოლას ილოკელი
მეუღლე(ები)

1) ეკატერინე პონგრაკი (დენგელეგიელი);

2) მაგდალენე ბაკოჩი

ლოურენს ილოკელი (ხორვატულად: Lovro Iločki, უნგრულად: Újlaki Lőrinc; დაბადებული - აგვისტო, 1459 წ., გარდაცვლილი - ივნისი, 1524 წ.) იყო ხორვატ-უნგრელი დიდგვაროვანი, ილოკის დიდგვაროვანი ოჯახის წევრი, ძალიან მდიდარი და ძლევამოსილი კაცი უნგრეთ-ხორვატიის სამეფოში. ის ატარებდა ილოკის ვოევოდას (ჰერცოგის) და ბოსნიის ვოევოდას წოდებებს და თავისი ცხოვრების განმავლობაში იყო მასკოს ბანი (1477-1492 წწ.), ბელგრადის ბანი (1511-1513 წწ.), სამეფო პალატის საბჭოს წევრი (დაახლოებით 1516 წ.) და სამეფო მოსამართლე (1517-1524 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინაპრები და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი დაიბადა 1459 წლის 6 აგვისტოსა და 3 სექტემბერს შორის პერიოდში. ის იყო ხორვატიის (მეფისნაცვლის) ბანის, ტრანსილვანიის ვოევოდას, ისევე, როგორც ბოსნიის ტიტულოვანი მეფის წოდებების მატარებელი ნიკოლას ილოკელის და მისი მეორე მეუღლის, გორნია-ლენდავას მკვიდრი დოროთი სეჩის ვაჟიშვილი. ლოურენსი, სავარაუდოდ, დაიბადა ილოკში, რომელიც იყო ოჯახის ადგილსამყოფელი, როგორც ქვემო სლავონიის დუბიკას ოლქიდან (შეესაბამება დღევანდელ ჩრდილო-დასავლეთ ბოსნიას, მდინარე სავას მარჯვენა სანაპიროზე) წამოსული ერთ დროს დაბალი რანგის დიდგვაროვნების ოჯახის შთამომავალი. ამ ოჯახის პირველი წევრი იყო გუგი (ზოგიერთ წყაროში - გოგე), რომელიც ცხოვრობდა მე-13 საუკუნეში. თავის ოჯახში ის იყო რიგით მესამე, რომელიც ატარებდა ლოურენსის სახელს; მისი დიდი-დიდი-დიდი ბაბუა იყო ლოურენს I, იგივე სლავენი (ინგლისურად: The Slav, ლათინურად: Sclavus, უნგრულად: Tót), რომელიც გარდაიცვალა 1349 წელს, ხოლო მის ძმისშვილს დაარქვეს ლოურენს II (1325-1367 წწ.).

როგორც ერთადერთმა შემორჩენილმა შთამომავალმა მამაკაცმა, 1477 წელს მამამისის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობით მიიღო ვრცელი მამულები, რომელიც მოიცავდა ქალაქებს ბევრი ციხე-სიმაგრითა და კოშკებით. მან წარმატებით მოიპოვა ოჯახის თითქმის მთელი ძალაუფლება და რეპუტაცია. მისი ორი ქორწინებიდან დადგა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მისი ვაჟი, რომელიც გარდაიცვალა ადრეულ ასაკში. მისი პირველი ცოლი ეკატერინე პონგრაკი (დენგელეგიელი), ტრანსილვანიის ვოევოდას, ჯონ პონგრაკის ქალიშვილი, გარდაიცვალა დაახლოებით 1510 წელს. შემდეგ ლოურენსი დაქორწინდა მაგდალენე ბაკოჩზე, რომელმაც მასზე დიდხანს იცოცხლა და მოგვიანებით თავად დაქორწინდა ლადისლაუს მორეზე (კსულაელი).

პოლიტიკური ორიენტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოურენსი პირველად დოკუმენტებში მოხსენიებულია შორეულ 1460 წელს, ხოლო შემდეგ 1471 წელს დაწერილი მამამისის ანდერძის თანახმად, მან 1477 წელს მემკვიდრეობით მიიღო არა მხოლოდ ნიკოლას ილოკელის მთელი საკუთრება, არამედ, ასევე, ამ უკანასკნელის პოლიტიკური ორიენტაციის გაგრძელების საშუალება. ეს აშკარა გახდა 1490 წელს მეფე მატიაშ კორვინუსის გარდაცვალების შემდგომ, რამდენადაც ის, ხორვატიის დიდგვაროვნების უმეტესობის მსგავსად, ძლიერ უჭერდა მხარს მატიაშის არაკანონიერი ვაჟის, ჯონ კორვინუსის ახალ მეფედ კურთხევას. თუმცა, უნგრელმა დიდგვაროვნებმა უპირატესობა მიანიჭეს და საბოლოოდ აირჩიეს ვლადისლავ II იაგიელონი, ხოლო ლოურენსი არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას და შეუერთდა სამეფო კარის მესამე კანდიდატის, მაქსიმილიან I ავსტრიელის მხარდამჭერებს, რომელმაც დაიწყო ომი იაგიელონის წინააღმდეგ.

ჰაბსბურგებსა და ილოკის ოჯახს შორის არსებობდა გრძელვადიანი ურთიერთობები, რადგან ლოურენსის მამა ნიკოლასი იყო ფრიდრიხ III-ის მხარდამჭერი ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ლოურენსი დაიბადებოდა. ნიკოლასი ფრიდრიხის ახალდაბადებული ვაჟის, მაქსიმილიანის ნათლიაც კი გახდა 1459 წელს.

სამეფო გვირგვინისთვის ორ კანდიდატს შორის ომში, რომელიც გაგრძელდა 1490-დან 1491 წლამდე და დასრულდა "პრესბურგის ზავის" ხელმოწერით, ლოურენსი მტკიცედ იდგა ჰაბსბურგების მხარეს. საომარი მოქმედებების დასასრულს, ლოურენსი კვლავ არ აღიარებდა ზავს და იაგიელონს ახალ მმართველ მეფედ. როდესაც იაგიელონის ჯარმა შეუტია მას 1494 წელს, იგი იძულებული გახდა უკან დაეხია და გაქცეულიყო, რის შედეგადაც თითქმის მთელი მისი მამულები დაკარგა. შემდეგ, საბოლოოდ მან შეიცვალა აზრი და მეფის ზოგიერთი გავლენიანი მრჩევლის დახმარებით, მოახერხა პეჩში მეფესთან შეხვედრა, რათა მოებოდიშებინა მისთვის და შერიგებოდა. მხოლოდ 1496 წელს დაუბრუნდა ლოურენსს თავისი სამფლობელოები, ოღონდ იმ პირობით, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება კონფისკაციას დაექვემდებარებოდა, თუკი არ ეყოლებოდა მამრობითი სქესის მემკვიდრე.

ზრდასრულობა და უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკუთრების დაბრუნების შემდეგ, იგი მამამისის მსგავსად ეცადა შეენარჩუნებინა ის და ააშენა-განაახლა ციხე-სიმაგრეები, ყოველდღიურად მზარდი ოსმალური საფრთხის გამო. მის საკუთრებაში არსებული მიწებიდან ყველაზე დიდი ზემოქმედების მქონე ადგილები იყო ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოსნიასა და მასკოს საბანოს სამხრეთ ნაწილებში.

იგი მხარს უჭერდა კათოლიკურ ეკლესიას და პატრონაჟს უწევდა მას. მან დააფინანსა ახალი საკრალური ნაგებობების აშენება და ძველების განახლება. განსაკუთრებით, მან თავისი ძალისხმევა მიმართა იმისკენ, რომ პაპს განეხორციელებინა ჯონ კაპისტრანოს კანონიზება. ეს კათოლიკე მოწამე გარდაიცვალა ილოკში და შემდეგ დაიკრძალა იქვე ადგილობრივ ფრანცისკულ ეკლესიაში, თუმცა ლოურენსის ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

მეფესთან შერიგების შემდეგ, იგი ასრულებდა რამდენიმე მაღალი სახელმწიფო თანამდებობის მოვალეობას, მაგალითად, იყო ბელგრადის ბანი (1511-1513 წწ.), სამეფო პალატის საბჭოს წევრი (დაახლოებით 1516 წ.) და სამეფო მოსამართლე (1517-1524 წწ.).

ლოურენს ილოკელი გარდაიცვალა 1524 წლის 23 მაისსა და 15 ივნისს შორის პერიოდში და დაიკრძალა ქალაქ ილოკში მდებარე წმინდა ჯონ კაპისტრანოს ფრანცისკულ ეკლესიაში, მისი მეუღლე ეკატერინეს და მამის, ნიკოლასის საფლავების გვერდით. მიუხედავად მცირე დაზიანებისა, მისი საფლავის ქვა კარგად არის შემონახული და დღესდღეობით ღიაა ხალხისთვის სანახავად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]