ლორიკ მარშანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლორიკ მარშანია
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1932
ოჩამჩირე, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 13 აგვისტო, 2010
თბილისი, საქართველო
დაკრძალულია თბილისი, საქართველო
ეროვნება აფხაზი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე
შვილ(ებ)ი ადა მარშანია
მშობლები მამა: ბესარიონ მარშანია
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია

ლორიკ მარშანია (დ. 24 ნოემბერი, 1932, ოჩამჩირე — გ. 13 აგვისტო, 2010, თბილისი) — ეთნიკურად აფხაზი, ქართველი პოლიტიკოსი, აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, მოძრაობა „მშვიდობიანი აფხაზეთის“ კოორდინატორი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი; პოლიტიკოს ადა მარშანიას მამა. ლორიკ მარშანია იყო საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორიკ ბესარიონის ძე მარშანია დაიბადა 1932 წლის 24 ნოემბერს ოჩამჩირეში, მარშანიების თავადური საგვარეულოს შთამომავლთა ოჯახში. დაამთავრა სოხუმის მე-4 საშუალო სკოლა;

1957 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი;

1957-1959 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა. რ. საგეგმო კომიტეტში;

1959-1963 წლებში მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტის ასპირანტია;

1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია;

1963-1964 წლებში მუშაობდა აფხაზური ენისა და კულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში, ხოლო 1964-1973 წლებში - საქართველოს სუბტროპიკულ ინსტიტუტში ჯერ დოცენტის თანამდებობაზე, შემდეგ კი პრორექტორად სამეცნიერო დარგში;

1973-1975 წლებში ლორიკ მარშანია აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა;

1978-1980 წლებში არჩეულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპარტიის საოლქო კომიტეტის მდივნად;

1980-1985 წლებში ლორიკ მარშანია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგის მოადგილეა;

1985-1991 წლებში საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის რექტორია;

1988 წელს ლორიკ მარშანიამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ამავე წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება;

1992-2002 წლამდე ლორიკ მარშანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, ხოლო 2002 წლიდან გარდაცვალებამდე – უმაღლესი საბჭოს მრჩეველი;

1995 წელს ლორიკ მარშანია არჩეულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად;

ლორიკ მარშანია 250-ზე მეტი ნაშრომის ავტორია, მათ შორის არის მრავალი მონოგრაფიის ავტორთა ხელმძღვანელი;

ლორიკ მარშანია ტრაგიკულად დაიღუპა 2010 წლის 13 აგვისტოს, თბილისში ავტოავარიის შედეგად. ლორიკ მარშანიას მანქანა ფონიჭალაში მაშინ დაეჯახა, როცა ის ქუჩაზე გადადიოდა. იგი მძიმე მდგომარეობაში, თბილისის პირველ კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა მოთავსებული და იქვე გარდაიცვალა;

ეთნიკურად აფხაზი ლორიკ მარშანია იმ მცირერიცხოვან აფხაზ მოღვაწეთა შორის იყო, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში ღიად დაუპირისპირდა სეპარატისტთა ლიდერს ვლადისლავ არძინბას. ლორიკ მარშანია ასევე მონაწილეობას იღებდა ჟენევის მოლაპარაკებებში, სადაც საქართველოს ინტერესებს იცავდა;

ლორიკ მარშანია თბილისში, ლისის ტბასთან მდებარე დევნილთა სასაფლაოზე მეუღლის გვერდით დაკრძალეს, დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ გაიღო. დაკრძალვას ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ლორიკ მარშანიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში გადაიხადა.

ციტატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება.“
  • „ჩვენ ღმერთმა და ბედმა გვარგუნა ერთად ცხოვრება, ერთ მიწაზე, ერთი ცის ქვეშ მშვიდობიანად, მეგობრულად და ნათესაური სიყვარულით, ამიტომ მე ვიქნები იქ, სადაც ჩემი შრომა, ძალა და ენერგია გამოადგება ჩემს სამშობლოს: მე ჩემი ერის და საქართველოს ღვიძლი შვილი ვარ.“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: