შინაარსზე გადასვლა

ლონდინიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლონდონიუმი)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ლონდინიუმი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ლონდინიუმი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ლონდინიუმი გვიან ანტიკურ ხანაში
ლონდინიუმი გვიან ანტიკურ ხანაში

ლონდინიუმი, ასევე რომაული ლონდონი (ლათ. Londinium; ინგლ. Roman London) — თანამედროვე ლონდონის ტერიტორიაზე არსებული ძველი რომაული ქალაქი, რომის პროვინცია ბრიტანიის დედაქალაქი. მდინარე ტემზაზე ხელსაყრელი მდებარეობის გამო ლონდინიუმი იმავდროულად ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ცენტრსაც წარმოადგენდა — მდინარის საშუალებით ქალაქი უკავშირდებოდა როგორც ქვეყნის შიდა რეგიონებს, ასევე ზღვას.

ლონდინიუმის ძველი ისტორიის აღდგენა შესაძლებელია ანტიკური ხანის ავტორთა დღემდე მოღწეული მცირერიცხოვანი ნაშრომების საფუძველზე, რომლებიც ძირითადად არა კონკრეტულად ქალაქის, არამედ ბრიტანეთის ზოგადი ისტორიის შესახებ გვაწვდიან ცნობებს. ასევე მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს ქალაქ ლონდონის არქეოლოგიური მონაპოვარიც. III საუკუნის ბოლოს ლონდინიუმი ანტიკეისარ კარაუზიუსის რეზიდენციად იქცა და შესაბამისად ბრიტანეთის ბუნტარული იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა. როგორც ყველა რომაულ მნიშვნელოვან ქალაქს, ლონდინიუმსაც გააჩნდა იმ დროისთვის გავრცელებული ტიპური საზოგადოებრივი ნაგებობები; დღეს მხოლოდ მათი ნაწილია იდენტიფიცირებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად. ქალაქის ცენტრში მდებარე დიდი ფორუმი, რომელიც თავისი სტილის ნაგებობებში უდიდესი იყო ალპების ჩრდილოეთით, ხაზს უსვამს ლონდინიუმის ძლიერ ეკონომიკურ მდგომარეობას. ამავეს მოწმობს მდინარე ტემზას ნაპირებზე არსებული არაერთი ნანგრევი საქონლის ძველი საწყობისა.

ისტორია

ახ. წ. 43 წელს თანამედროვე ინგლისის დიდი ნაწილი რომაელებმა დაიპყრეს. ბრიტანეთზე გაბატონების შემდეგ რომაელებმა აქ ქალაქების დაარსება დაიწყეს, რომელთა უმეტესობა ძირითადად აგილობრივ ტომთა მთავარ დასახლებებს წარმოადგენდა. ქალაქების დაარსება, რაც ხშირად რომაული სამხედრო ბანაკის მშენებლობას მოსდევდა, რეგიონის რომანიზაციის მთავარ მექანიზმად იქცა[1]. ჯარისკაცებს თან მოჰყვებოდნენ ვაჭრები და ხელოსნები, რომლებიც ახალ პროვინციაში ბედს ეძებდნენ.

ბრიტანეთში დაარსებული სხვა რომაული ქალაქებისაგან განსხვავებით, ლონდინიუმის ტერიტორიაზე მის აშენებამდე სხვა კელტური დასახლება, როგორც ირკვევა, არ არსებულა. გარდა ამისა, ქალაქი არასოდეს არ ყოფილა რომელიმე ადგილობრივი ტომის მთავარი დასახლება (civitas). თანამედროვე ლონდონის ტერიტორიაზე მრავლადაა წინარეისტორიული სამოსახლოების ნაშთები, თუმცა არც ერთი მათგანი არ ითვლება ლონდინიუმის წინამორბედ დასახლებად. ნავარაუდევია, რომ ლონდინიუმის ტერიტორიაზე თავდაპირველად რომაული სამხედრო ბანაკი იყო განთავსებული, თუმცა იგი არქეოლოგთა მიერ დღემდე გამოვლენილი და დამოწმებული არაა და კვლავ რჩება მეცნიერთა კამათის საგნად. მიუხედავად ამისა, ქალაქის სახელწოდებაში ეტიმოლოგიურად სწორედ კელტური ენის ძლიერი გავლენა იგრძნობა — ერთ-ერთი ვარაუდით სიტყვა ლონდინიუმი კელტური საკუთარი სახელიდან, ლონდინოსიდან (Londinos) უნდა იყოს ნაწარმოები[2]. არსებობს მეორე ვარაუდიც, რომლის მიხედვითაც ქალაქის სახელი მომდინარეობს კელტურზე უფრო ძველი, პროტო-ევროპული ენის სიტყვისგან — Plowonida — რაც დაახლოებით ნიშნავს „დასახლებას განიერ მდინარეზე[3].

ქალაქს ძალიან ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა. აქ მდინარე ტემზა (ლათ. Tamesis) შედარებით დაბალი იყო და მისი გადაკვეთა ყოველგვარი სირთულის გარეშე შეიძლებოდა. მდინარე უკავშირდებოდა ზღვას, ზღვით კი მიმოსვლა შეიძლებოდა გალიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში. ლონდონიუმიდან სახმელეთო გზების საშუალებითაც მარტივი იყო მიმოსვლა რეგიონის სხვა დასახლებებთან. ხელსაყრელი მდებარეობის გამო, ჯერ კიდევ 43 წელს, ბრიტანეთის დასაპყრობად რომაელები პირველად სწორედ მომავალი ქალაქის ტერიტორიაზე მოვიდნენ[2].

ბოუდიკის აჯანყებამდე, 47-60 წლები

დღეს არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ლინდინიუმი, როგორც ცივილური დასახლება, ბრიტანიაზე რომაელების გაბატონებამდე რამდენიმე წლით ადრე გაჩნდა, დაახლოებით დღევანდელი კორნჰილის ტერიტორიაზე, ლონდონის ცენტრიდან აღმოსავლეთით. ძველი რომაული აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების მთავარი გზის გასწვრივ, „No 1 Poultry“-ს სახელით ცნობილი პოსტმოდერნისტული ნაგებობის მშენებლობისას ლონდონში აღმოჩნდა ხის წყალსადენი მილები[4]. დენდროქრონოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს მილები ახ. წ. 47 წელს მიეკუთვნება. სწორედ ეს წელი ითვლება დღეს ლონდინიუმის დაარსების ყველაზე ზუსტ დათარიღებად.

დასახლება შეიქმნა შემაღლებულ ბორცვზე, ჭაობიანი ნაკადულის, უოლბრუკის ხეობაში (სადაც იგი მდინარე ტემზას უერთდება), მის ორივე ნაპირზე. თუმცა, დღემდე არც ხიდი და არც ფორტი (მცირე ციხე-სიმაგრე), რომლებსაც რომაელები, როგორც წესი, აშენებდნენ ასეთ დასახლებებში, გამოვლენილი არაა. პატარა დასახლება დაარსებიდან მალევე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ძველი ფორუმის ადგილას გაკეთდა დიდი, თავისუფალი მოედანი, რომელიც სავარაუდოდ ბაზრობის ფუნქციას ასრულებდა. ყველა იმდროინდელი ნაგებობა ხისგან იყო აშენებული. ტაციტუსის ცნობის თანახმად, ლონდინიუმი ცნობილი იყო თავისი მრავალრიცხოვანი ვაჭრებითა და ფართო სავაჭრო ურთიერთობებით[5]. არაერთი არქეოლოგიური აღმოჩენით ტაციტუსის ცნობები ნაწილობრივ დასტურდება. როგორც ჩანს, ლონდინიუმის განსაკუთრებული მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა ევროპის კონტინენტურ ნაწილთან სავაჭრო კავშირების დამყარებით. 60 წელს ბოუდიკის აჯანყებისას მეამბოხეებმა აიღეს ქალაქი და იგი მთლიანად გადაწვეს. განადგურებული ქალაქის კვალი დღესაც კარგადაა შესამჩნევი არქეოლოგიური გათხრების შედეგად[6].

აჯანყებიდან რამდენიმე წელიწადში ქალაქი ხელმეორედ ააშენეს. ამ პერიოდში ლონდინიუმი უკვე ბრიტანიის დედაქალაქია. უცნობია ზუსტი თარიღი პროვინციის ცენტრალური მმართველობის კამულოდუნუმიდან (დღევანდელი კოლჩესტერი) ლონდინიუმში გადმოტანისა, თუმცა ქალაქის ამგვარ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პროვინციის მმართველი გაიუს იულიუს ალპინუს კლასიციანუსი სწორედ ლონდინიუმშია დაკრძალული[7]. განახლებულ ქალაქში მდინარე უოლბრუკის დასავლეთით უკვე ქვის ისეთი ნაგებობებიც აიგო, როგორებიცაა ფორუმი, პრეტორიუმი, რომაული აბანოები. დაახლოებით 120 წელს ქალაქის ფორუმი გააფართოვეს[8]. ლონდინიუმის ჩრდილო-დასავლეთით ოთხ ჰექტარ ფართობზე გაშენდა დიდი ფორტი (კასტელი, მცირე ციხე-სიმაგრე), რომელიც სახელმწიფოს მმართველის ოფიციუმის დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყო. ქალაქს გააჩნდა საკუთარი ამფითეატრიც. დაახლოებით 100 წელს ლონდინიუმში დაიწყეს ნავსადგურის გაფართოებაც, რომელიც ტემზის ნაპირის გასწვრივ მუხის დიდი მორებით ააგეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უკვე II საუკუნის დასაწყისში მრავლად იყო ქვის შენობები, საცხოვრებელი უბნების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ხით იყო ნაგები. ლონდინიუმის გეგმა მართი კუთხით გადაკვეთილი ქუჩებისაგან შედგებოდა, თუმცა მართი კუთხე, სავარაუდოდ, ხშირ შემთხვევაში დარღვეული იყო, რაც გეგმის გარეშე აგებულ თავდაპირველ ქალაქს უკავშირდება. ლონდინიუმში ხშირი იყო ხანძრები, რომლებიც დიდ ზიანს აყენებდა ქალაქს და ანადგურებდა მის ცალკეულ უბნებს. ეს მხოლოდ არქეოლოგიურადაა დადასტურებული. ერთ-ერთი ასეთი ძლიერი დამანგრეველი ხანძარი ადრიანეს მმართველობის პერიოდით თარიღდება. გათხრებში აღმოჩნდა ამ პერიოდის სავაჭრო საწყობი, რომელიც მთლიანად სავსე იყო იმპორტირებული, ჯერ კიდევ გამოუყენებელი რომაული კერამიკით (terra sigillata).

იმპერატორი ადრიანე, ბიუსტი, რომელიც მდინარე ტემზაში იქნა აღმოჩენილი.
ლონდინიუმში აღმოჩენილი მონეტები ანტიკეისარ კარაუზიუსის გამოსახულებით

122 წელს იმპერატორი ადრიანე ესტუმრა ბრიტანიას და ალბათ ლონდინიუმსაც. სავარაუდოდ სწორედ იმპერატორის წინადადებით აიგო ახალი და გაფართოვდა რამდენიმე ძველი ნაგებობა ლონდინიუმისა. სწორედ ამ პერიოდში მიაღწია ქალაქმა თავის უმაღლეს აყვავების ხანას; მიღებულია, რომ ამ დროს ლონდინიუმი მრავალათასიანი ქალაქი იყო.

185-187 წლებში იმპერატორი პერტინაქსი ბრიტანიის მმართველად ითვლებოდა და ლონდინიუმში ჰქონდა რეზიდენცია. მის შემდგომ, 195 წელს კლოდიუს ალბინუსისათვის, რომელიც იმავდროულად ბრიტანიის მმართველიც იყო, კეისარის ტიტულის მინიჭება სწორედ ლონდინიუმში შედგა.

190-220 წლებში ქალაქს ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და დასასავლეთ მხარეს გალავანი შემოარტყეს, რომელიც III საუკუნის მიწურულისთვის უკკვე ტემზამდეც გააფართოვეს. დღეს ეს კედელი „ლონდონ უოლის“ (London Wall) სახელითაა ცნობილი. მისი მშენებლობის ზუსტი მიზეზები დღეს ნათელი არაა, თუმცა ცნობილია, რომ იგი იმავე პერიოდში აიგო, როცა ბრიტანიის სხვა რომაულმა ქალაქებმაც მასიურად იწყეს გალავნის გაკეთება[9]. დაახლოებით 200 წელს ბრიტანიის პროვინცია ორ ნაწილად გაიყო. ამ დროიდან ლონდინიუმი ბრიტანია სუპერიორის (ლათ. Britannia Superior) დედაქალაქია. III საუკუნის განმავლობაში ვითარება აირია, როგორც ჩანს, გახშირდა სხვადასხვა ბარბაროსული ტომების თავდასხმები ქალაქზე. უკვე III საუკუნის ბოლოს (286) ლონდინიუმი სავარაუდოდ ანტიკეისარ კარაუზიუსის რეზიდენციას წარმოადგენდა. ამგვარად შეიქმნა ბრიტანეთის ბუნტარული იმპერია, რომლის დედაქალაქიც ლონდინიუმი გახდა. 296 წელს რომის ლეგიტიმურმა იმპერატორმა კონსტანციუს I-მა უკან დაიბრუნა ბრიტანიის ტერიტორიები. სწორედ მის მიერ მოჭრილ მონეტებზეა გამოსახული ქალაქი ლონდონიუმი პირველად. წყაროები იტყობინებიან, რომ ქალაქს გაძარცვით დამუქრებიან ფრანკები, ამ მუქარის თავიდან აცილება შეძლო კეისარმა[10]. მთელი III საუკუნე არქეოლოგიურად საკმაოდ ცუდადაა გამოკვლეული. II საუკუნისაგან განსხვავებით ეს პერიოდი ლონდინიუმის ისტორიაში აშკარად ერთგვარ გარდამავალ ხანას წარმოადგენდა.

314 წლისთვის ლონდინიუმს თავისი ეპისკოპოსი ჰყავდა. ამ წელს ლონდინიუმის ეპისკოპოსი რესტიტუტუსი დასწრებია ქალაქ არლის საეკლესიო კრებას. ადმინისტრაციულად ქალაქმა კიდევ უფრო გააფართოვა თავისი მნიშვნელობა.

საქსური თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი, რომელიც დაახლოებით 500 წლით თარიღდება და რომაული დასახლების დასავლეთითაა ნაპოვვნი

IV საუკუნის განმავლობაში გახშირებული იყო ფრანკებისა და საქსების თავდასხმები ბრიტანიაზე. რა ზიანი ადგებოდა ლონდინიუმს ამ თავდასხმების შედეგად, უცნობია. ფლავიუს თეოდოსიუსი, მომავალი იმპერატორის — თეოდოსიუს I-ის მამა, 368 თავის ვაჟთან ერთად გადავიდა ბრიტანიაში და ლონდინიუმში გამოიზამთრა, რათა დარღვეული წესრიგი აღედგინა[11]. მიუხედავად ამისა, გვიან ანტიკურ ხანაში მთლიანად ბრიტანეთი უზურპატორთა პლაცდარმს წარმოადგენდა. 383 წელს ბრიტანიაში კიდევ ერთი უზურპატორი ანტიკეისარი გამოჩნდა მაგნუს მაქსიმუსის სახით. მის დედაქალაქსაც მცირე ხნით ლონდინუმი წარმოადგენდა და აქ მისი მონეტებიც კი იჭრებოდა[12]. მას შემდეგ, რაც უზურპატორმა კონსტანტინე III-მ 407 წელს ბრიტანია თავის საველე არმიასთან ერთად დატოვა, რეგიონი ძლიერ დაზარალებული აღმოჩნდა. თითქმის ყველა ბრიტანულ ქალაქში IV საუკუნის განმავლობაში თვალშისაცემია მოსახლეობის სტაბილური კლება, თუმცა აშკარაა, რომ ქალაქებში ამ პერიოდში კვლავ მრავალ მოსახლეს აქვს საკუთარი საცხოვრებელი. უკუსვლა შეინიშნება ლონდინიუმის ცივილურ ცხოვრებაშიც, თუმცა კიდევ უფრო სწრაფად, ვიდრე რეგიონის სხვა ქალაქებში. IV საუკუნისათვსის ლონდინიუმის არქეოლოგიური მასალაც ნაკლებია. ამ დროის მონეტები ლონდინიუმიდან თითქმის საერთოდ არ გვხვდება. V საუკუნეში ქალაქმა დაკარგა თავისი ფართო მნიშვნელობა. დასახლების ცენტრმა გადაინაცვლა, მოსახლეობა გადასახლდა ქალაქის გალავნის გარეთ დასავლეთისაკენ, მდინარე ფლიტის (ტემზას შენაკადი) მეორე ნაპირზე. აქ შეიქმნა ახალი ანგლო-საქსური დასახლება — ლუნდენვიკი (Lundenwic); არქეოლოგიური მასალის საფუძველზე ეს უკვე 500 წლისათვის უნდა მომხდარიყო.

ქალაქის სტატუსი

მიუხედავად ლონდინიუმის უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, დღემდე ნათელი არაა მისი სტატუსი. უცნობია ის, თუ რომელი ტიპის დასახლებას წარმოადგენდა იგი — colonia-ს თუ civitas-ს. სავარაუდოდ ლონდინიუმს ფლავიუსების დინასტიის პერიოდში municipium-ის სტატუსი მიენიჭა[2][13]. IV საუკუნიდან გვაქვს მინიშნებები, რომლის საფუძველზეც ასევე ვარაუდობენ, რომ ქალაქს colonia-ის სტატუსი ჰქონდა. ამაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ ლონდინიუმს მოგვიანებით აუგუსტაც (Augusta) უწოდეს[14]. ქალაქის მოსახლეობა ეთნიკურად უფრო მეტად იყო შერეული, ვიდრე ბრიტანეთის სხვა ქალაქების მოსახლეობა; ეს ფაქტიც მხარს უჭერს ლონდინიუმის ადმინისტრაციული ცენტრად მოსაზრების იდეას. ვაჭრები, ხელოსნები და საიმპერატორო ოფიციალური მოხელეები დიდ გავლენას ახდენდნენ ქალაქის ცხოვრებაზე. მაგალითად, მათი გავლენით, ქალაქში ანტიკური კულტის ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი. უკვე I საუკუნეში აშენდა ისიდას ტაძარი, რომელიც დაახლოებით 250 წელს განაახლეს. უოლბრუკის აღმოსავლეთით II საუკუნის მიწურულიდან IV საუკუნის დასაწყისამდე იდგა მიტრეუმი, რომელიც მდიდრული სკულპტურული გამოსახულებებით იყო მორთული. ბოლო დროს Tower Hill–თან აღმოაჩინეს ბაზილიკის ნაშთები, რომელიც IV საუკუნის ქრისტიანულ ეკლესიად იქნა მიჩნეული[2].

ლონდინიუმი, როგორც პროვინციის დედაქალაქი

ვივიუს მარციანუსის საფლავის ქვა

ლონდინიუმის ფუნქცია, როგორც დედაქალაქისა წყაროებში პირდაპირ დამოწმებული არაა, თუმცა არსებობს ამისი არაერთი დამამტკიცებელი საბუთი არაპირდაპირი წყაროების სახით. პირველ ყოვლისა იგი იყო ბრიტანიის უდიდესი რომაული ქალაქი. აღმოჩენილია წარწერა, რომელსაც numina Caesaris Augusti ეწოდება და რომელშიც კეისართა კეთილ სულებზეა საუბარი; ეს ქალაქში კეისრის კულტის არსებობაზე მიუთითებს, ამგვარი კულტი კი, ჩვეულებრივ, პროვინციათა დედაქალაქებში იყო გავრცელებული. ლონდინიუმში აღმოჩენილია ასევე ხის საწერი დაფა, რომელზეც პროკურატორის საიმპერატორო ბეჭედია დასმული. დაფა არასოდეს გამოყენებულა. მეცნიერები თვლიან, რომ უცნაური იქნებოდა, ამგვარი დაფა ბიუროდან შორს ყოფილიყო; შესაბამისად, ბიურო ნავარაუდევია ლონდინიუმში, რაც ასევე ქალაქის ცენტრალურ ფუნქციაზე მიუთითებს. არსებობს ერთი სპეკულატორის (speculator) საფლავის ქვა, რომლის წარწერაშიც საუბარია იმ მოხელეზე, რომელიც დღემდე მხოლოდ პროვინციის მმართველის სასახლის კარზეა დამოწმებული. ეს საფლავის ქვა ეკუთვნის ცენტურიონს ვივიუს მარციანუსს (Vivius Marcianus). ვარაუდობენ, რომ იგი პრინცეფსის პრეტორი იყო[15]. და ბოლოს, აღმოჩენილია იმდროინდელი კრამიტი ინიციალებით: P.PR.BR.LON — როვინციის პროკურატორი ბრიტანიის ლონდინიუმში[16]. Notitia Dignitatum-ის მიხედვით მეცნიერი დანამდვილებით ასკვნიან მხოლოდ იმას, რომ ლონდინიუმი IV საუკუნეში იყო ვიკარიუსის ადგილსამყოფელი; ვიკარიუსი კი მაღალი თანამდებობა იყო და პროვინციის მმართველობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

ხელოსნობა და ვაჭრობა

არსებობს სხვადასხვა საბუთი ქალაქში ხელოსნობის არსებობის შესახებ. იქ, სადაც მოგვიანებით პრეტორიუმი ააგეს, თავდაპირველად, I საუკუნეში საოქრომჭედლო მუშაობდა. ბოუდიკის აჯანყების შემდეგი პერიოდიდან მოიპოვება იმის დამადასტურებელი მასალებიც, რომ ქალაქში რკინისა და სპილენძის დამუშავებაც ხდებოდა. აღსანიშნავია მინის საწარმოები I და II საუკუნიდან, რომლებიც სხვაგან იშვიათად გვხვდება. აჯანყებამდე ლონდინიუმში არსებობდა ასევე თიხის ქოთნების საწყობი, სადაც ქოთნები სავარაუდოდ მოჰქონდათ რონადან, რომელიც იმხანად მეთუნეობის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა.

ქალაქისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვაჭრობა. სავაჭრო ურთიერთობები უპირველეს ყოვლისა დამყარებული იყო გალიასთან, გერმანიასთან, ესპანეთთან და იტალიასთან. მდინარე ტემზას ნაპირებზე ნავმისადგომების გაკეთებაც იყო შესაძლებელი და მდინარეში შედარებით დიდი გემებიც ახერხებდნენ შემოსვლას. წარწერები იტყობინებიან, რომ ლონდინიუმის მოსახლეობა მთელი რომის იმპერიიდან, სხვადასხვა კუთხიდან მოსული ხალხისაგან შედგებოდა. ქალაქში ვაჭრობის დიდ მნიშვნელობას ამტკიცებს ასევე გათხრებში აღმოჩენილი არაერთი საქონლის საწყობი, რომელთა უმეტესობა ტემზას ნაპირზე იყო განლაგებული. ვაჭრობის ობიექტი, როგორც არქეოლოგიურად ირკვევა, ძირითადად კერამიკული ნაკეთობები იყო, მათ შორის ლამფები და თიხის ფიგურები. ბოუდიკის აჯანყების შემდგომ პერიოდში ყოველდღიურად სახმარი უბრალო ნივთები ძირითადად ადგილობრივად ლონდინიუმში ან მის მახლობელ სოფლებში მზადდებოდა ან შემოტანილი იყო ბრიტანიის ქალაქ ვერულამიუმიდან. II საუკუნიდან ვერულამიუმს დორსეტი ცვლის. შედარებით უფრო საჭირო ნივთები გალიიდან შემოჰქონდათ. III საუკუნიდან ეს იმპორტირება შეწყდა და ლონდინიუმში ადგილობრივ კერამიკას მოიხმარდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივადაც აწარმოებდნენ, მინის ჭურჭლის იმპორტიც აქტიურად მიმდინარეობდა II საუკუნიდან. მინის ძვირფასი ნივთები შორეული ქვეყნებიდანაც შემოდიოდა, თუმცა ეს კონკრეტული სფერო ვაჭრობის საქმეში მნიშვნელოვან როლს არ თამაშობდა. საკვების ნაწილი ადგილობრივად იქმნებოდა. ლონდინიუმში იყო საწარმო, რომელშიც თევზის სპეციალურ საწებელს — გარუმს ამზადებდნენ[17]. ისეთი მოთხოვნადი საკვები კი, როგორიცაა ზეთისხილი, თევზეული, ხილი და ღვინო, უცხო ქვეყნებიდან შემოდიოდა. მდინარე ტემზაში აღმოჩენილია ამფორა 6000 ზეთისხილით. ანტიკური ტექსტების მიხედვით ბრიტანეთიდან ძირითადად ქსოვილის ექსპორტი ხდებოდა[18]. ძველ რომაულ წყაროებში განსაკუთრებულ დელიკატესადაა დასახელებული ბრიტანული ხამანწკები. როგორც აღმოჩენებიც ადასტურებს, ტემზაში მართლაც მოიპოვებოდა ხამანწკები, ლონდინიუმი მათი მოპოვებით განთქმული ერთ-ერთი ქალაქი იყო[19].

ხელოვნება

ისეთი დიდი ქალაქები, როგორიც ლონდინიუმი იყო, აუცილებლად უხვად ირთვებოდა ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ნიმუშებით. ანტიკური ქალაქის არქიტექტურა იმდენად დაზიანებული სახითაა მოღწეული, რომ დღეს შეუძლებელია ლონდინიუმის რეალური სურათის აღდგენა. მაგალითად, მეცნიერები დანამდვილებით ვერ ამბობენ, იყო თუ არა ქალაქის მთავარი ტაძარი კლასიკურ სტილში ნაგები. ტემზას ნაპირზე შედარებით უკეთ შემორჩენილი აბანო არქიტექტურულად უფრო სადა ნაგებობა ჩანს და ფუნქციონალურ სტილშია აგებული. პრეტორიუმი, მისგან განსხვავებით უფრო წარმოსადეგი ნაგებობა იყო, დიდი ჰოლებით, ბაღითა და აფსიდიანი დარბაზებით. უახლეს გათხრებში ძველი ქალაქის გარეუბანში, ტემზას სამხრეთით აღმოჩნდა ორი გალურ-რომაული სტილის ტაძარიც.

შესწავლის მხრივ, შედარებით უკეთესია მდგომარეობა ქანდაკებების, რელიეფების, მოზაიკისა და მხატვრობის სფეროში.

ერთ-ერთი ღვთაების ქანდაკება ლონდინიუმიდან, სავარაუდოდ ადგილობრივი ნამუშევარი
მოზაიკური დაფა ლონდინიუმიდან

ისევე, როგორც რომაული ქალაქების უმრავლესობაში, ლონდინიუმშიც ღია, საჯარო მოედნები, ასევე ტაძრები და შეძლებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები მდიდრულად იყო მორთული ქანდაკებებით. სკულპტურული ნაკეთობები აღმოჩენილია ასევე ქალაქის სასაფლაოებზე. განასხვავებენ ორ ძირეულად განსხვავებულ სტილს. ნამუშევართა ერთი ნაწილი აშკარად არა ადგილობრივად, არამედ იტალიაში ან ხმელთაშუა ზღვის რომელიმე სხვა რეგიონშია დამზადებული. ისინი გამოირჩევიან წმინდა კლასიკური სტილით (იხილეთ იმპერატორ ადრიანეს ბრინჯაოს ბიუსტი), სტილისტური სრულყოფილებითა და დახვეწილობით. რამდენიმე ამგვარი ნამუშევარი მიტრეუმშიცაა აღმოჩენილი. ისინი ძირითადად წარმოდგენილია მცირე ზომის სკულპტურული ნაკეთობების სახით, თუმცა გვხვდება ნატურალური ზომის ქანდაკებებიც. მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ადგილობრივად შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც უფრო უხეშადაა დამუშავებული და ნაწილობრივ არაპროპორცილობასაც ავლენენ. მათი ნაწილი ადგილობრივი ქვის სამტეხლოებიდანაა შექმნილი. ამგვარი სკულპტურები ახლოსაა გალურ-რომანული კულტურის სტილთან.

ლონდინიუმის ტერიტორიაზე აღმოჩენილია არაერთი მოზაიკური დაფა, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში გეომეტრიულ ფიგურებს ასახავენ. იშვიათად გამოვლენილი ფიგურული ნიმუშები ხარისხის თვალსაზრისით საკმაოდ მოკრძალებულია[20]. ამ საკითხში განსხვავებულია აღმოჩენილი კედლის მხატვრობის მაგალითები. ლონდონში, საუთვარკის რაიონში აღმოჩენილ კედლის ფრაგმენტებზე არსებული გამოსახულებები არ ჰგავს იმავე პერიოდის იტალიურ კედლის მხატვრობის სტილს (იხილეთ ფოტოები ქვემოთ)[21]. თუმცა, იტალიაში გავრცელებული მხატვრობის მსგავსი ნიმუშები საკმაოდ მოიპოვება ქალაქის სხვადასხვა ნაწილებიდან. ფენჩარჩ-სთრითზე აღმოჩენილი მხატვრობის ნამუშევრები მიეკუთვნება ედიკულებისათვის დამახასიათებელ მდიდრულ არქიტექტურულ მოხატულობას. ეს მხატვრობა დაახლოებით II საუკუნის დასაწყისითაა დათარიღებული[22].

რომაული კედლის მხატვრობა

ქალაქი

შეძლებული მცხოვრების სახლისა და აბანოს გეგმა (აღმოჩენილია Billingsgate–სთან), დაახლ. 225[24]

ლონდინიუმი მდებარეობდა მდინარე ტემზაზე, რომელიც რომაულ პერიოდში გაცილებით უფრო განიერი იყო, ვიდრე დღეს. ქალაქი განლაგებული იყო მდინარის გასწვრივ 15 კილომეტრიან ზოლში, სიგანე კი 600-დან 1000 მეტრამდე აღწევდა. დაახლოებით 200 წელს შემოარტყეს გალავანი. გალავნის გარეთ ძირითადად ნეკროპოლები იყო განთავსებული, აქ ხალხი უფრო მეჩხერად სახლობდა. თავდაპირველად ქალაქის ცენტრს წარმოადგენდა ფორუმი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. აქ ხშირი იყო ძვირფასი საცხოვრებელი სახლები, რომლებიც მოზაიკებით იყო გაფორმებული. შენობების მეორე ძირითადი კონცენტრაციის წერტილს უშუალოდ ტემზას ნაპირი წარმოადგენდა. აქაც აღმოჩენილია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ნაგებობების ნანგრევები, მდიდრულად მორთული საცხოვრებლები, საქონლის არაერთი საწყობი და ნავმისადგომები. უფრო ჩრდილოეთისაკენ, მდინარიდან მოშორებით დასახლება ნაკლებად შეინიშნება, განსაკუთრებით IV-V საუკუნეებში. მაშინ, როცა ქალაქში მოსახლეობის კლება დაიწყო, ეს ტერიტორიები ჯერ კიდევ აუთვისებელი იყო ან გამოიყენებოდა ბაღების გასაშენებლად და სხვა სამეურნეო დანიშნულებით. IV საუკუნის ბოლოს, როდესაც მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდა, ტემზას სანაპირო კვლავ დასახლებული დარჩა.

ქალაქის მიდამოები

რომაული სამოსახლოს კვალი დღევანდელი „დიდი ლონდონის“ თითქმის მთელ ტერიტორიაზე. თუმცა, დიდი დასახლებები იყო მხოლოდ ენფილდის, ბროკლი-ჯილისა და ოლდფორდის ტერიტორიაზე (ჩდილოეთში), ასევე ბრენტფორდის, პუტნის, კროიდონისა და გრეიფორდის ტერიტორიებზე (სამხრეთში). ყველა ეს დასახლება, რომელთა შესახებაც ცოტა რამაეა ცნობილი, ლონდინიუმისაკენ მიმავალ ცენტრალურ გზებზე მდებარეობდა. ქალაქის ახლო მიდამოებში ვილები საერთოდ არაა აღმოჩენილი. გაუგებარია, ეს გარემოება შემთხვევითია, თუ გამოწვეულია რაიმე დღემდე უცნობი მიზეზით[25].

ნაგებობები

ფორუმი

ქალაქის ცენტრში იდგა ფორუმი. იგი უდიდესი იყო ალპების ჩრდილოეთით აგებულ ამგვარ ნაგებობებს შორის. უკვე ბოუდიკის აჯანყებამდე აქ თავისუფალი მოედანიც იყო. უშუალოდ ფორუმის მშენებლობაში გამოყოფენ ორ ეტაპს; მშენებლობის მეორე ეტაპზე განუახლებიათ და მნიშვნელოვნად გაუფართოებიათ ძველი, თავდაპირველი ნაგებობა. ეს ძველი ნაგებობა წარმოადგენდა თუ არა ფორუმს, დღეს სადავოა; ერთ-ერთი ვარაუდით შენობის გაფართოებამდე და ფორუმად გადაკეთებამდე აქ საწყობები იდგა. სხვა ვერსიით, ფორუმამდელი ნაგებობა მაკელუმს (macellum) ანუ გადახურულ ბაზრობას წარმოადგენდა[26]. აღმოჩენილი ნანგრევები აჩვენებენ ოთახების იმგვარ წყობას, რომელიც საწყობისთვისაც შეიძლებოდა გამოყენებულიყო და დასახელებული ნაგებობისათვისაც.

ფორუმის მშენებლობის მეორე ეტაპს ხშირად უკავშირებენ იმპერატორ ადრიანეს ჩამოსვლას ლონდინიუმში, თუმცა ეს ჯერჯერობით დამტკიცებული არაა. ასევე ფიქრობენ, რომ მისი აგების ინიციატივა ფლავიუსებს (69-96 წლები) ეკუთვნოდათ. ამ დასკვნების გაკეთება შესაძლებელია სხვა რომაულ დასახლებებზე დაკვირვებით, რომლებიშიც იმპერატორი თავისი ვიზიტისას, როგორც წესი, აკეთებდა შეწირულობას ქალაქში ახალი ნაგებობის ასაშენებლად, ან ძველის გასაფართოვებლად. ფორუმი შედგებოდა დიდი თავისუფალი მოედნისაგან, რომლის ცენტრშიც წყლის ავზი იყო განთავსებული. მოედანი თავის დროზე კოლონადებითა და მაღაზიებით იყო სავსე. ჩრდილოეთის მხრიდან მოედანს ასრულებდა აფსიდებიანი ბაზილიკა. ბაზილიკა მხოლოდ ერთი ნავისაგან შედგებოდა. მთლიანი კომპლექსი დაახლოებით 168 × 167 სიდიდისა იყო. დადგენილია, რომ მთავარი შესასვლელი სამხრეთიდან იყო. ეს ფორუმი დაახლოებით 300 წელს დაინგრა, რის შემდეგაც აღარ განუახლებიათ[27].

პრეტორიუმი

პრეტორიუმის გეგმა

ტემზას ნაპირთან (დღევანდელ სადგურ ქენონ-სთრითთან ახლოს) იდგა დიდი, წარმოსადეგი შენობა ბაღით, წლის ავზითა და შადრევნით. ეს სავარაუდოდ პრეტორიუმი (ქალაქის მმართველის სასახლე) უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეისათვის ცუდად შემორჩენილი ნანგრევების წყობა სრულად არ გამორიცხავს შენობის სხვა ფუნქციასაც, მაგალითად, როგორიცაა დიდი აბანო. შენობის გეგმა დღესდღეობით მხოლოდ ნაწილობრივაა გამოვლენილი. ნაგებობა თავის დროზე საკმაოდ მდიდრულად ყოფილა შემკული, ამას მოწმობს მასში აღმოჩენილი მოზაიკები. შენობას გააჩნდა დიდი ცენტრალური დარბაზი და გვერდითი აფსიდიანი ოთახები. პრეტორიუმი I საუკუნის მეორე ნახევარში აიგო და გამოიყენებოდა დაახლოებით 300 წლამდე[28].

ტაძრები

რელიეფი დედა ღვთაებების გამოსახულებით

ლონდინიუმში არაერთი ტაძარი იდგა. ერთ-ერთი შენობის საკურთხეველზე წარწერაში აღნიშნულია, რომ მოხდა იუპიტერის ტაძრის განახლება[29]. წარწერების მიხედვით ირკვევა, რომ ქალაქში არსებობდა ერთ-ერთი ადგილობრივი ქალღმერთისა (დედა ღვთაება) და ასევე ეგვიპტური ღვთაება ისიდას ტაძარიც. ერთ-ერთ დოქს, რომელიც აქ აღმოჩნდა, მინაწერი აქვს შემდეგი შინაარსის ტექსტი — ლონდინიუმიდან, ისიდას ტაძართან. საკურთხევლის წარწერაში ბოლოს ნათქვამია ისიდას ტაძრის განახლების შესახებაც[30]. იმ ნაგებობის გვერდით, რომელიც სავარაუდოდ ქალაქის პირველ ფორუმს წარმოადგენდა, აღმოჩენილია მართკუთხა ტაძრის ფუნდამენტი ზომებით 10 × 20 . ეს ტაძარი ორი ოთახისაგან შედგებოდა, რომელთაგან უფრო დიდს პატარა ნიშა ჰქონდა გაკეთებული; დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ნიშა საკულტო ქანდაკებისათვის იყო განკუნთვნილი. შენობის წინ თავისუფალი მოედანი იყო, რომელიც ტაძარს ეკუთვნოდა. უცნობია, რომელი ღვთაების სათაყვანოდ იყო აგებული ეს ტაძარი. მისი მშენებლობა წინ უსწრებს დიდი ფორუმის აგებას[31].

სერაპისის თავი, მარმარილო, ლონდონის მიტრეუმიდან
მიტრეუმის ნანგრევები

ტემზას სანაპიროზე, ქალაქიდან დასავლეთით (პეტერს-ჰილთან ახლოს) არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა უცნობი ნაგებობის ძლიერი ფუნდამენტი. ივარაუდეს, რომ იგი ტაძარს ეკუთვნოდა. საბოლოოდ ქალაქის გარეუბან საუთვარკში გათხრებმა გამოავლინა ტაძართა ერთგვარი პატარა რაიონი. აქ ორი გალურ-რომანული ტაძარი იდგა, თუმცა აქ განდიდებული ღვთაებებიც უცნობი რჩება. ამ ტაძართა კომპლექსის გათხრებმა ფართო და საჯარო ყურადღება დაიმსახურა მასში აღმოჩენილი ჭურჭლის გამო, რომელში კვლავ ესხა ანტიკური ხანის კრემის მაგვარი ნივთიერება[32]. მეორე გალურ-რომანული ტაძარი 2006-2007 წლებში აღმოჩენილ იქნა ქალაქის აღმოსავლეთით.

დანამდვილებით მხოლოდ მიტრეუმის იდენტიფიკაცია მოხერხდა. მისი ნაგებობა აღმოჩენისას, 1954 წელს, ჯერ კიდევ შეიცავდა მრავალ სკულპტურულ ნაკეთობას. ქალაქის დასავლეთით, მის ირგვლივ შემორტყმული გალავნის გარეთა მხარეს აღმოჩენილია რვაკუთხედის ფორმის შენობის ფუნდამენტი, რომელიც სავარაუდოდ ასევე ტაძარს უნდა წარმოადგენდეს. იგი დაახლოებით 270 წლისათვის უნდა აეშენებინათ, ან სხვა ვერსიით IV საუკუნეში[33].

სხვა საზოგადოებრივი ნაგებობები

ლონდინიუმის ტერიტორიაზე არაერთი აბანოს ნანგრევია აღმოჩენილი, თუმცა ყველა შემთხვევაში ვერ დგინდება, აბანო საზოგადოებრივი იყო თუ კერძო პირს ეკუთვნოდა. ჰაგინ-ჰილთან (ტემზას ნაპირთან ახლოს) არსებული აბანო, რომელიც ფლავიუსების დინასტიის პერიოდშია აგებული და გათხრების შედეგად თითქმის ბოლომდეა მიწისაგან გამოთავისუფლებული, დანამდვილებით საზოგადოებრივ აბანოს წარმოადგენდა. იგი მთელი რომაული ბრიტანიის ტერიტორიაზე უდიდეს ოთახებს შეიცავდა საკუთარი გათბობით. თუმცა იგი უკვე II საუკუნის ბოლოს დანგრეული იყო[34].

ფენჩარჩ-სთრითზე, ფორუმიდან აღმოსავლეთით აღმოჩნდა დარბაზის ნანგრევები, რომელიც იმპერატორ ადრიანეს დროს ხანძრის შედეგად დაიწვა. მისი დანიშნულება უცნობია, თუმცა შესაძლოა იგი წარმოადგენდეს საამქროს კრებისათვის განკუთვნილ დარბაზს. გარდა ამისა, არსებობს სხვა ვერსიებიც მისი ფუნქციის შესახებ.

სამხედრო ბანაკის სამხრეთით გამოვლენილია ამფითეატრის ფუნდამენტიც, რომელიც 130 × 110 მეტრი სიდიდისა იყო. იგი II საუკუნეში აშენდა და IV საუკუნის შუა წლებისათვის დაინგრა.

პეტერს-ჰილის სამხრეთით ტემზას ნაპირზე, იქ, სადაც არაერთი ფუნდამენტი აღმოჩნდა, სავარაუდოდ ტაძრისა, აღმოჩენილია აგრეთვე ხელმეორედ აშენებული ტრიუმფალური თაღის ნანგრევებიც. ტრიუმფალური თაღის აღმართვის თავდაპირველი ადგილი უცნობია. ის გარემოება, რომ თაღთან ახლოს რამდენიმე ტაძრის ფუნდამენტიცაა გამოვლენილი, მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ივარაუდონ, რომ ამ ადგილას ქალაქის რელიგიური ცენტრი იყო, სადაც არაერთი საზოგადოებრივი ნაგებობა იდგა.

დღემდე აღმოჩენილი არაა აკვედუკი (ბელღარი) ან მისი ნაშთი. სავარაუდოა, რომ ქალაქის მოსახლეობა ტემზისა და მისი შენაკადი მდინარეების მტკნარი წყლით სარგებლობდა. ლონდინიუმის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილას მრავლადაა აღმოჩენილი ხის მასალით დამზადებული წყლის სადინარი მილები.

საწყობები

საწყობები ტემზას ნაპირზე, დაახლ. ახ. წ. 100 წელი

მდინარე ტემზას ნაპირებზე 1973-1983 წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა არაერთი საწყობი, რომლებიც ქალაქში სამეურნეო ფუნქციას ასრულებდნენ. აქვე მდებარეობდა დაწესებულება, რომელშიც რომაულ სამზარეულოში მეტად პოპულარული თევზის საწებელი მზადდებოდა. მდინარის კალაპოტი საუკუნეების განმავლობაში თანდათან სამხრეთისაკენ იწევდა, რის შედეგადაც ახალი მიწა თავისუფლდებოდა. მდინარის კალაპოტის დამცავი ნაგებობები, რომლებიც ხისგან იყო აგებული, გათხრების შედაგადაა აღმოჩენილი და გასაკვირია, რომ დღემდე კარგადაა შემორჩენილი. ხისგან გაკეთებული ყუთები, რომლებიც თავდაპირველად მდინარეში იდგა, სავარაუდოდ ხიდის ბოძებს წარმოადგენდა[35].

სამხედრო ბანაკი

სამხედრო ბანაკის დღემდე შემორჩენილი გალავნის ნანგრევები

ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობდა დაახლოებით 4,5 ჰექტარის სიდიდის სამხედრო ბანაკი, რომელიც I საუკუნის ბოლოს ან II საუკუნის დასაწყისში აშენდა. საკამათოა, თუ როგორი სამხედრო ძალები იყო აქ განთავსებული. შესაძლოა ეს ყოფილიყო ჯარი, რომელიც ლონდინიუმის ქალაქის მმართველს ემსახურებოდა. სპეციალური ქვები, რომლებიც ქალაქის ისტორიას გადმოგვცემენ, საუბრობენ ლეგიონების შესახებ. თუმცა, დღეს საეჭვოდაა მიჩნეული, რომ ამ ბანაკში ლეგიონი ყოფილიყო განთავსებული.

საცხოვრებლები

გათხრებში აღმოჩენილი ქალაქის ნაწილი („No 1 Poultry“-ს ქვეშ), ლონდონის ცენტრში; ნაცრისფერი: ქვის შენობები, შავი: დღემდე მოღწეული გალავანი, ყავისფერი: ხის შენობები, ლურჯი: წყლის არხები[36]
მოზაიკა ერთ-ერთი რომაული სახლიდან, ლონდინიუმი

რომაული საცხოვრებელი სახლების ნაშთები მთელი დღევანდელი ლონდონის ტერიტორიაზე გვხვდება. მიუხედავად ამისა, მათი მხოლოდ მცირე ნაწილია აღმოჩენილი სრული დღემდე შემორჩენილი გეგმით. პირველ და II საუკუნეში, როგორც ჩანს, დომინირებდა ხის სახლები, რომლებიც ქალაქში მჭიდროდ იყო განლაგებული, თუმცა, მათ გარდა ქვის მნიშვნელოვანი სახლებიც ჩანს. აღსანიშნავია I საუკუნით დათარიღებული რამდენიმე წრიული ფორმის ქოხი, რომლებიც დანამდვილებით იმ ადგილობრივ ბრიტებს ეკუთვნოდათ, რომლებიც საცხოვრებლად ქალაქში ჩამოსახლდნენ. III საუკუნიდან თანდათანობით უფრო და უფრო მეტი ქვის სახლი შენდებოდა, რომლებიც მოცულობით უფრო დიდები იყო, თუმცა შეიმჩნევა ხელოსნობისა და ინდუსტრიის დაქვეითება წინა პერიოდთან შედარებით. ამ დროისათვის გალავნის შიდა მხარეს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იყო შენობებით აუთვისებელი ტერიტორიები, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და ბაღ-ბოსტნების გასაშენებლად გამოიყენებოდა. განსაკუთრებით დიდი საცხოვრებელი სახლი თავისი აბანოთი აღმოჩენილია დღევანდელ ლაუერ-თემზ-სთრითზე, ტემზასთან ახლოს, ძველი ფორუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

შედარებით მდიდრულ სახლებს, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, ჰქონდათ მოზაიკა, კედლის მხატვრობა, ჰიპოკაუსტები და საკუთარი აბანოები. ამგვარი სახლები ქალაქის ყველაზე მდიდრულ უბნებში მდებარეობდა.

გალავანი

რომაული გალავნის ნაწილი; მხოლოდ ფუნდამენტია რომაული პერიოდის, ზედა ნაწილი კი შუა საუკუნეების ხანას მიეკუთვნება

ლონდინიუმის ქვის გალავანი, რომლის სიგრძეც დაახლოებით 3,2 კილომეტრს შეადგენს, სხვა ბრიტანული ქლაქების გალავნების მსგავსად II საუკუნის ბოლოს აშენდა. გალავნის ქვეშ აღმოჩენილია კომოდუსის მონეტები[37]. გალავანს მინიმუმ ექვსი ჭიშკარი გააჩნდა. კიდევ ერთი გასასვლელი იქნებოდა მდინარე ტემზას მხრიდან, რომელზეც ხიდი იყო გადებული. ხიდი დღესდღეობით გამოვლენილი არაა, თუმცა მისი არსებობა დასტურდება ამ ადგილის მჭიდრო დასახლებითა და ასევე ტემზას მეორე ნაპირზე ქალაქის ერთ-ერთი გარეუბნის არსებობით. ხიდის ერთმნიშვნელოვნად უდავო ნაშთები დღეს არ მოიპოვება. გალავანი თავის საზღვრებში აქცევდა როგორც სამხედრო ბანაკს, ასევე ამფითეატრსაც, რაც სხვა ბრიტანულ-რომაული ქალაქების შემთხვევაში, როგორც წესი, არ ხდებოდა. კონკრეტულად სად გადიოდა გალავანი, დღეს ზოგადად დამოწმებულია; არქეოლოგიურად არაა აღმოჩენილი მხოლოდ გალავნის დასავლეთი მხარე, ლუდგეიტ-ჰილის სამხრეთით. დამოწმებული არაა ასევე ქალაქის დაცვა (კედლის სახით) მდინარის მხრიდან. თავდაპირველად აღმოჩნდა მხოლოდ კოშკების რიგი; უფრო ახალმა გამოკვლევებმა კი გამოავლინა მასიური კედლის ნაშთები ტემზას ნაპირზე. პრობლემატურია მხოლოდ ის, რომ მდინარისპირა გალავანი დაახლოებით 270 წლით თარიღდება, ქალაქის მთავარი კედელი კი გაცილებით ახალია.

გარეუბნები

მდიდრულად მორთული სახლის კედლის მხატვრობა Southwark–ში. დაახლ. 150 წ.

ტემზას მეორე, სამხრეთ ნაპირზე (დღევანდელი საუთვარკი) მდებარეობდა საკმაოდ მოზრდილი გარეუბანი, რომელიც ლონდინიუმის მთავარ ნაწილს ხიდით უკავშირდებოდა. ეს ადგილი ვაკე იყო, ხშირად იტბორებოდა მდინარის წყლით და ამიტომ დასახლება მხოლოდ მცირე ბერდობზე იყო შესაძლებელი. დასახლების გეგმარება ტიპური რომაული გარეუბნისას შეესაბამებოდა და განვითარებული იყო არტერიული გზების გასწვრივ. მიუხედავად ამისა, აქ მნიშვნელოვანი ქვის სახლებიც აღმოჩნდა, რომლებსაც ნაწილობრივ მდიდრული ინტერიერიც გააჩნდათ. სავარაუდოდ აქ იდგა ისიდას ტაძარიც. ერთ-ერთი წარწერა, რომელიც ამ გარეუბანთან აღმოჩნდა, იხსენიებს ლეგიონერებს თავისი სახელებით. უცნობი რჩება, რა მიზნითაა ეს წარწერა შესრულებული ან რა კავშირი აქვს მას ამ დასახლებასთან[38]. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს რომაულ მანსიოს (შესასვენებელი ადგილი მგზავრებისათვის), რომელიც აქაა ნავარაუდევი[39]. ამ გარეუბანშია ასევე ნაპოვნია ტაძართა კომპლექსი ორი ნაგებობით.

ნეკროპოლები

საფლავის ქვა

ქალაქის გალავნის გარეთ ვრცელი ნეკროპოლები მდებარეობდა, რომლებიც ზოგჯერ მონუმენტურ საფლავებსაც შეიცავდა. ლონდინიუმის სასაფლაოზეა დაკრძალული ისეთი ისტორიულად მნიშვნელოვანი პიროვნება, როგორიცაა გაიუს იულიუს ალპინუს კლასიციანუსი. საფლავის ქვების სხვადასხვა წარწერები ხაზს უსვამენ ქალაქის მოსახლეობის კოსმოპოლიტურ ხასიათზე. მაგალითად, აქ არის იმ მცხოვრებთა საფლავები, რომლებიც წარმოშობით ათენიდან ან არეციუმიდან არიან. გარდაცვლილის დაწვა და მისი ფერფლის დასაფლავება, როგორც ჩანს, წესი იყო; პირველად მხოლოდ III საუკუნიდან დაიწყეს მიწაში დამარხვა და თანდათან ეს წესიც გახშირდა. ყველაზე ძველი სამარხები გალავნის შიგნითაცაა აღმოჩენილი, ფორუმის მახლობლად. უესტ ტენტერ-სთრითის მიდამოებში, ქალაქის გალავნის აღმოსავლეთით გამოვლენილია ვრცელი სასაფლაო. აქ ნაპოვნია 672 საფლავი და 134 გარდაცვლილის ფერფლი. ისინი სხვადასხვა პერიოდს მიეკუთვნება — პირველიდან V საუკუნემდე; ამის დადგენის საშუალებას იძლევა აქ აღმოჩენილი ხის კუბოები. ერთ-ერთ საფლავში ნაპოვნია ბრინჯაოს მოვერცხლილი ბროში, რომელიც ტიპური სამხედრო ატრიბუტია[40].

გათხრები

I საუკუნის ხის ნაგებობები.[41]

თანამედროვე ლონდონის ინტენსიური განაშენიანების გამო ლონდინიუმის არქეოლოგიური გამოქვლევა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ბევრი ანტიკური ნაგებობა უკვე შუა საუკუნეებში განადგურდა, რომაული ფენები შუა საუკუნეების მშენებლობებმა დაფარა. რომაული ქალაქი მდებარეობდა დღევანდელი ლონდონის ცენტრში, იქ, სადაც დღეს მაღალი და ღრმა საძირკვლიანი შენობები დგას. შენობებს ფუნდამენტები ვიქტორიანული პერიოდიდან საკმაოდ ღრმა უკეთდებოდა, რაც ძველ რომაულ ფენებს ანადგურებდა. ამ პერიოდის მშენებლები ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ ისტორიულ ნაგებობებს.

ანტიკურ რომაულ შენობებს შედარებით დიდი ყურადღება რენესანსის პერიოდში მიექცა. უპირველეს ყოვლისა, 1666 წლის ლონდონის დიდი ხანძრის შემდეგ სირ კრისტოფერ რენმა გამოიკვლია და აღწერა ჯერ კიდევ შემორჩენილი ნანგრევები, რომლებიც პრეტორიუმს ეკუთვნოდა. მოხდა წარწერებისა და სკულპტურების, XVIII საუკუნიდან კი მოზაიკების კოპირება, რომელთა ნაწილი დღემდეა მოღწეული. სისტემატური გათხრები დაიწყო XIX საუკუნეში და განსაკუთრებით ინტენსიური გახდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად შესაძლებელია ძველი ქალაქის პროფილის მხოლოდ ნაწილობრივ აღდგენა.

ნანგრევები დღევანდელ ქალაქში

დღევანდელ ლონდონში ანტიკური პერიოდის ნაგებობების ნანგრევთა მხოლოდ მცირე ნაწილია ხილვადი. ქალაქის გალავნის ნანგრევები, რომელიც შუა საუკუნეებში განაახლეს და კვლავ ფუნქციონირებდა, დღესაც არსებობს ლონდონის ტაუერთან და ასევე ლონდონის მუზეუმის სიახლოვეს. ამფითეატრის ნანგრევთა ნაწილის ხილვა შესაძლებელია გაილდჰოლის ქვეშ. მიტრეუმის ფუნდამენტზე სხვა ნაგებობა დააშენეს. იგი დღეს დედოფალ ვიქტორიას ქუჩაზე დგას. არქეოლოგიური მასალის ხილვა შესაძლებელია ასევე ლონდონის მუზეუმშიც. აქ არის აგრეთვე რომაული პერიოდის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნატურალური ზომის რეკონსტრუქცია, მოზაიკებითა და კედლის მოხატულობით. არქეოლოგიურ მასალათა ნაწილი, რომელსაც რეგიონალური მნიშვნელობაც გააჩნია ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული[42].

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

ზოგადი

  • Edward Bacon: Auferstandene Geschichte. Archäologische Funde seit 1945. Aktualisierte Auflage. Zürich 1964, S. 15–24.
  • Peter Marsden: Roman London. London 1980.
  • Ralph Merrifield: London, City of the Romans. Berkeley (California) 1983, ISBN 0-520-04922-5.
  • Gustav Milne: The Port of Roman London, London 1993 (reprint), ISBN 0-7134-4365-0.
  • John Morris: Londinium, London in the Roman Empire. London 1999, ISBN 0-7538-0660-6.
  • Dominic Perring: Roman London (The Archaeology of London). London 1991, ISBN 1-85264-039-1.
  • John Wacher: The Towns of Roman Britain. London/New York 1997, ISBN 0-415-17041-9, S. 88–111.
  • R. J. A. Wilson: A Guide to the Roman Remains in Britain. 4. Auflage. London 2002, ISBN 1-8411-9318-6, S. 604–652.

ანტიკური ავტორები

  • Stanley Ireland: Roman Britain. A Sourcebook. London 1996, ISBN 0-415-13134-0. (კრებული ყველა იმ ანტიკური ავტორისა, რომლებიც ბრიტანეთისა და ლონდონის შესახებ გვაძლევენ ცნობებს)

მოხსენებები გათხრების შესახებ

  • P. Marsden: The Roman Forum Site in London. Discoveries before 1985. London 1987, ISBN 0-11-290442-4.
  • John D. Shepherd: The temple of Mithras, London. London 1998, ISBN 1-85074-628-1.
  • Bruno Barber, David Bowsher: The eastern cemetery of Roman London: excavations 1983–90. (MoLAS Monograph), London 2000, ISBN 1-901992-06-3.
  • Brian Yule: A Prestigious Roman Building Complex on the Southwark Waterfront: Excavations at Winchester Palace, London, 1983–90. (MoLAS Monograph) London 2005, ISBN 1-901992-51-9.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Wacher: The Towns of Roman Britain. გვ. 17–32.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Malcolm Todd: Art. „Londinium“, in: Der Neue Pauly ტ. 7, გვ. 432–33.
  3. Richard Coates: A New Explanation of the Name of London. In Transactions of the Philological Society. ნოემბერი 1998, გვ. 203.
  4. ცნობები გათხრების შესახებ English Heritage–სგან
  5. ტაციტუსი: მატიანე. XIV 33.
  6. შეადარეთ რუკა; Marsden: Roman London. გვ. 30.
  7. გაიუს იულიუს ალპინუს კლასიციანუსის საფლავი აღმოჩნდა 1885 წელს და მისი ნახვა შესაძლებელია ბრიტანეთის მუზეუმში: [1]
  8. Malcolm Todd spricht im Neuen Pauly von einer kompletten Umgestaltung samt einer neu errichteten Basilika (die größte in den nordwestlichen Provinzen) um das Jahr 100.
  9. Wacher: The Towns of Roman Britain. გვ. 74.
  10. Paengyris Latini VIII, V.
  11. Ammianus Marcellinus, XXVII, 8, 7; XXVIII, III,1
  12. სოლიდუსი, რომელიც ლონდინიუმში მოიჭრა
  13. vergleiche die Diskussion: The Status of Roman London დაარქივებული 2007-06-24 საიტზე Wayback Machine.
  14. Ammianus Marcellinus, XXVIII, III,1; შეადარეთ: Notitia Dignitatum (XI) დაარქივებული 2007-10-14 საიტზე Wayback Machine.
  15. J. C./M. G. Jarret: The division of Britain. In: Journal of Roman Studies. 57 (1967), გვ. 63.
  16. Wacher: The Towns of Roman Britain. გვ. 83–87.
  17. Milne: The Port of Roman London. გვ. 87–95.
  18. Milne: Port of London. S. 103–126.
  19. Milne: Port of London. S. 91–95.
  20. შეადარეთ დიონისეს მოზაიკა; Leadenhall street mosaic
  21. Yule: A Prestigious Roman Building. გვ. 125–30.
  22. M. Rhodes: Wall-paintings from Fenchurch Street, City of London. In: Britannia. 18 (1987), გვ. 169 და შემდგომნი, დაფა. 1–3.
  23. Rare Roman murals go on display
  24. Perring: Roman London. S. 101, fig. 45.
  25. იხ. რუკა, Morris: Londinium, London in the Roman Empire. Fig. 13, გვ. 260–61.
  26. Wacher: The Towns of Roman Britain. გვ. 91.
  27. Marsden: The Roman Forum Site in London.
  28. P. Marsden: The Excavation of a Roman Palace Site in London. In: Trans. London and Middx Arch Soc. 1961–971, 26 (1975), გვ. 1–102.
  29. Roman Inscriptions of Britain, 39a infra.
  30. Roman Inscriptions of Britain, 39b infra.
  31. Perring: Roman London. გვ. 22, fig. 8.
  32. Londontreasures (engl., Worddokument). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-14. ციტირების თარიღი: 2010-11-24.
  33. J. Heachcote: Excavation round-up 1988, Part 1: City of London. In: The London Archaeologist. 6 (1989), გვ. 46–53.
  34. P. Marsden: “Two Roman public baths in London”. In: Transactions of the London and Middlesex Archaeological Society. 27, 1976, გვ. 1–70.
  35. შეჯამება: Milne: The Port of Roman London.
  36. ქალაქის ცენტრში ერთ–ერთი გათხრების შეჯამება.
  37. W. F. Grimes: Excavations of Roman and Medieval London. London 1968, გვ. 50.
  38. K. Heard, H. L. Sheldon, P. Thompson: “Mapping Roman Southwark”. In: Antiquity. 64, 1990, გვ. 608–619; Yule: A Prestigious Roman Building. იხ. ასევე ინტერნეტში: Southwark, Roman waterfront buildings and industry, assessment and analysis
  39. Yule: A Prestigious Roman Building. გვ. 69–72.
  40. B. Barber, D. Bowsher, K. Whittaker: “Recent excavations in a cemetery of Londinium”. In: Britannia. 21, 1990, გვ. 1–12. იხ. ასევე: East cemetery
  41. Perring: Roman London. გვ. 56, fig. 22.
  42. Wilson: A Guide to the Roman Remains in Britain. S. 604–652.