ლონდონის ხელშეკრულება (1878)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლონდონის ხელშეკრულება, ლონდონის შეთანხმებარუსეთ-ინგლისის 1878 წლის 18 (30) მაისის შეთანხმება, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების შეცვლის თაობაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთ-ოსმალეთის 1878 წლის 19 თებერვლის (3 მარტის) სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება დიდი დარტყმა იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის. ხელშეკრულების ძალით განმტკიცდა რუსეთის პოზიციები ბალკანეთში. წარმატებები მოიპოვა რუსეთმა კავკასიაშიც.

ინგლისის ინიციატივით ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს იმას, რომ რუსეთი დაითანხმეს საერთოევროპული კონგრესის მოწვევაზე, რომელსაც უნდა გადაესინჯა რუსეთ-ოსმალეთის 1878 წლის 19 თებერვლის (3 მარტის) სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების პირობები. სანამ კონგრესი შეიკრიბებოდა, ინგლისის ინიციატივით შედგა რუსეთ-ინგლისის საიდუმლო შეთანხმება სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების შეცვლის თაობაზე. რუსეთ-ინგლისის შეთანხმება სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების შეცვლის თაობაზე ხელმოწერილ იქნა ლონდონში 1878 წლის 18 (30) მაისს. შეთანხმება საიდუმლოდ უნდა ყოფილიყო დაცული.

ლონდონის შეთანხმების მეთერთმეტე მუხლში აღნიშნული იყო: ინგლისი თანახმა იყო რუსეთს მიეღო ბათუმი და შეენარჩუნებინა სომხეთის დაპყრობილი ტერიტორია, მაგრამ შემდგომში ოსმალეთის ტერიტორიის ხარჯზე აზიაში რუსეთის ტერიტორია არ უნდა გაზრდილიყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. გურული, ლ. ჯიქია, „ტაო-კლარჯეთის, ლაზეთისა და აჭარის საკითხები 1812-1953 წლების საერთაშორისო ურთიერთობებში“, თბ., 2013
  • «Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917». Москва. 1952