ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია (ახალისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალისის სამხრეთ-დასავლეთით 3 კმ-ზე მთაზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფიქალით სქელ დუღაბზე. დარბაზული ეკლესია გეგმით ტრაპეციას უახლოვდება, აღმოსავლეთით კოლოფა აბსიდით, რომლის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთით ორი სწორკუთხა ნიშაა. ტრიუმფალური თაღის საყრდენი პილასტრების ქვედა ნახევარი მთლიანი, სქელი ფიქალია, ზედა ნაწილი შირიმის თლილი კვადრებითაა ამოყვანილი. გრძივი კედლები შემორჩენილია 3 მეტრის სიმაღლეზე. სამხრეთ შესასვლელის წირთხლები მორღვეულია. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე მიდგმულია გეგმით სწორკუთხა კოშკი, რომლისგანაც ორი სართულია შემორჩენილი. კოშკს დასავლეთიდან ორმაგი კედელი აქვს. მეორე სართულის დასავლეთ კედელში ვიწრო სარკმელია. ნაგებობა შიგნიდან ამოვსებულია ნანგრევებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 27