ლომისის ახალი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლომისის ახალი ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთის განაპირას, ჩრდილოეთით, აგებულია XIX საუკუნის ბოლოს. ეკლესია „თავისუფალი ჯვრის“ ტიპისაა (13,6 x 12 მეტრი), ნაშენია თლილი ქვით. აქვს ორი თაღოვანი შესასვლელი - დასავლეთით (გაუქმებულია) და სამხრეთით. ჯვრის ოთხივე მკლავი სწორკუთხაა, გადახურულია ცილინდრული კამარით. გუმბათი ეყრდნობა ჯვრის მკლავების გადაკვეთის კუთხეებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის რვაწახნაგა ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათის ყელში რვა თაღოვანი სარკმელია, საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში - ორი თაღოვანი და ერთი მრგვალი სარკმელი, თითო თაღოვანი სარკმელი დასავლეთ და ჩრდილო მკლავების ღერძებზეა. საკურთხეველი ეკლესიის იატაკის მიმართ ერთი საფეხურით ამაღლებულია. ეკლესია შიგნით და გარეთ შეთეთრებულია. ფასადები სადაა. სამხრეთ კარის თავზე სწორკუთხა შეღრმავებაა, რომელშიც ჯვარია გამოსახული. ლავგარდანი თლილი ქვისაა, მის პროფილს თარო და ლილვი შეადგენს. რვაწახნაგა გუმბათის ხის პირამიდული სახურავი შემოლესილია თუნუქით. ეკლესიის დასავლეთით, 10 მეტრზე დგას თლილი ქვით ნაგები ორსართულიანი სამრეკლო. სამრეკლოს ქვედა სართული კვადრატული გეგმის კამაროვანი სადგომია, ზედა - ოთხ სვეტზე დაყრდნობილი თაღებით შექმნილი და პირამიდული სახურავით დასრულებული ფანჩატური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]