ლი ჰარვი ოსვალდი
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
ლი ჰარვი ოსვალდი (ინგლ. Lee Harvey Oswald) (დ. 18 ოქტომბერი, 1939, ნიუ ორლეანი, ლუიზიანა — გ. 24 ნოემბერი, 1963, დალასი, ტეხასი) — ოფიციალური ვერსიით ითვლება ამერიკის პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელად, თუმცა ოსვალდის მკვლელობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დღემდე უამრავი კითხვა არსებობს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლი ჰარვი ოსვალდი დაიბადა 1939 წელს 18 ოქტომბერს ნიუ ორლეანში, მამამისი რობერტ ედვარდ ლი ოსვალდი მის დაბადებამდე 2 თვით ადრე გარდაიცვალა. დედამისს მარგარეტს ურთიერთობა ჰქონდა ერთ-ერთ მაფიოზურ დაჯგუფებასთან. ოსვალდის ახალგაზრდობაში მისმა ოჯახმა 20 ჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი. 1955 წელს 16 წლის ოსვალდი ჩაეწერა ამერიკის საზღვაო ქვეითებში, მას უნდოდა გამხდარიყო სნაიპერი, მაგრამ მიზანში სროლის დროს ვერ მოაგროვა საკმარისი ქულები. 1957 წელს მან გაიარა სამსახური ამერიკის საჰაერო ძალებში, რომლის შემდეგაც იგი მსახურობდა იაპონიაში ამერიკის საიდუმლო ბაზაზე, საიდანაც ეწყობოდა სადაზვერვო ფრენები საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართულებით. 1958 წელს იგი მსახურობდა კალიფორნიაში, მაგრამ დედის ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა უარი ეთქვა სამხედრო კარიერაზე . ამავე წელს იგი გაემგზავრა ევროპაში, ჰელსინკის გავლით ჩავიდა საბჭოთა კავშირში. 16 ოქტომბერს ოსვალდი უკვე მოსკოვში იყო. მეორე დღეს მან განაცხადი შეიტანა საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღებაზე. საბჭოთა მთავრობა არ ენდობოდა ოსვალდს, ეჭვობდა, რომ იგი ამერიკის აგენტი იყო. ამიტომ 1 წლის განმავლობაში მას კგბ უთვალთვალებდა. 1960 წელს ოსვალდი ჩავიდა მინსკში სადაც თვეში 700 რუბლად მეტალურგიის ქარხანაში მუშაობდა. მალე მისთვის მოსაწყენი გახდა საბჭოთა კავშირში ცხოვრება და გადაწყვიტა ამერიკაში დაბრუნება. 1961 წელს ოსვალდმა გაიცნო 19 წლის სტუდენტი მარინა პრუსაკოვა. 1962 წელს შეეძინა გოგონა. იმავე წელს ოჯახმა დატოვა სსრკ და დაბრუნდა ამერიკაში. 1963 წელს ოსვალდმა მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ ყავის კომპანიაში. იგი დაინტერესებული იყო იარაღებითა და ნადირობით.
კენედის მკვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეზიდენტ კენედის მკვლელობა 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში, თანამედროვეობის ერთ-ერთი იდუმალებით მოცული ისტორიაა. მართალია ლი ჰარვი ოსვალდი დანაშაულის ჩადენიდან 90 წუთში დააპატიმრეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კენედის მკვლელობა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთია ყველაზე ძნელად გასახსნელ საქმეთაგან. ნოემბრის იმ მზიან ღამეს პრეზიდენტის თავახდილ ლიმუზინს კორტეჟი დილი-პლაზას გავლით მიუძღვებოდა დალასის სავაჭრო ცენტრისკენ, სადაც ბანკეტი უნდა გამართულიყო. ლიმუზინის უკანა სავარძელზე პრეზიდენტი კენედი და მისი მეუღლე ჟაკლინი ისხდნენ, წინ კი ტეხასის გუბერნატორი ჯონ კონელი და მისი მეუღლე ნელი. ქუჩის ორივე მხარე შეკრებილი ხალხი პრეზიდენტს ესალმებოდა. ნელი კონელი კენედის მიუბრუნდა
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დალასში ძალიან უყვარხართ!“
|
როცა ლიმუზინმა ჰიუსტონ-სტრიტზე შეუხვია და იქვე მდებარო სკოლის ბიბლიოთეკის საცავს ჩაუარა, რამდენიმე გასროლა გაისმა. პრეზიდენტმა ყელზე იტაცა ხელი და მეუღლისკენ გადავარდა. გუბერნატორი კონელი დაიჭრა და გონება დაკარგა. ლიმუზინმა სიჩქარეს უმატა და კენედი ჰოსპიტალში გააქანეს. პრეზიდენტი ჰოსპიტალში მიყვანიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა.ამასობაში დალასის პოლიციის ოფიცრებმა ნახეს ფანჯარა საიდანაც მკვლელი ისროდა, იპოვეს 3 მასრა, ჩანთა და კარაბინი. ხელის ანაბეჭდი ,რომელიც იარაღიდან აიღეს, ლი ჰარვი ოსვალდის ანაბეჭდს დაემთხვა. ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ იგი დააპატიმრეს.მოგვიანებით მოვლენები უცნაურად განვითარდა. მკვლელობიდან მეორე დღეს, როცა ოსვალდი პოლიციას საპატიმროში გადასაყვანად მიჰყავდა, ის დაცხრილეს. მკვლელი ღამის კლუბის მეპატრონე ჯეკ რუბი აღმოჩნდა, რომელმაც სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ შური იძია კენედის მკველობისთვის. კითხვას ბადებდა მოწმეთა ჩვენებაც, რომლებიც ამბობდნენ, რომ გასროლის ხმა გორაკიდან გაიგონეს. კომისიის დასკვნის მიხედვით კი ტყვიამ გაიარა პრეზიდენტის ყელში, შემდეგ გულმკერდის არეში და გარეთ გამოვარდნილმა დაჭრა გუბერნატორი კონელი ზურგში. შემდეგ ტყვია გამოვიდა მისი გულმკერდის მარჯვენა მხრიდან, შებრუნდა კვლავ გუბერნატორის სხეულში, გაუგლიჯა წინამხარი, გამოვიდა მაჯიდან, გაიარა ბარძაყის არე და გარეთ გადმოვარდა. ტყვიის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის დაზიანებული არ იყო. როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ერთ ტყვიას გაეკეთებინა? უორენის კომისიის კრიტიკოსებმა ტყვიას ირონიულად „ჯადოსნური ტყვია“ უწოდეს. მოგვიანებით ახალი სამხილიც იპოვეს. აკუსტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ისროდნენ არა მარტო პრეზიდენტის ზურგს უკნიდან, არამედ მის წინ არსებული გორაკიდანაც. რა მოტივი უნდა ჰქონოდა ოსვალდს პრეზიდენტის მოსაკლავად? თუ კენედის მკვლელობას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა და ოსვალდი ფანატიკოსი იყო, მაშინ პასუხისმგებლობასაც აიღებდა, მაგრამ იგი ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა და თავს სიცრუის მსხვერპლს უწოდებდა. როცა ჯეკ რუბიმ საპატიმროში გადაყვანის დროს ესროლა, ოსვალდმა რეპორტიორებს დაუყვირა
„მე მსხვერპლი ვარ!“
|
არსებობს ბევრი კითხვა, რომლებსაც პასუხი არასოდეს გაეცემა. წიგნსაცავის თანამშრომლებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ ოსვალდი პირველ სართულზე საწყობში იჯდა და სადილობდა. თუ მან გაისროლა, ექნებოდა კი იმის დრო, იარაღი გადაემალა, მეექვსე სართულიდან ჩამოერბინა და გარეთ გამოსულიყო, სადაც დალასის პოლიციის ოფიცრებმა დაინახეს კიდეც? ოსვალდის სხეულზე დენთის კვალის აღმოსაჩენად ჩატარებულმა ქიმიურმა ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. რატომ? როცა სულ ადვილად შეიძლებოდა კარაბინის ანონიმურად ყიდვა მაღაზიაში, კაცს, რომელსაც მკვლელობის ჩადენა ჰქონდა განსაზღვრული, განა შეიძლებოდა იარაღი ფოსტით შეეძინა და საკუთრი სახელი და მისამართი მიეთითებინა? ეს ყველაფერი ბევრს აფიქრებინებს, რომ პრეზიდენტი შეთქმულების მსხვერპლი იყო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dorian Hayes: Oswald, Lee Harvey. In: Peter Knight (Hrsg.): Conspiracy Theories in American History. An Encyclopedia. ABC Clio, Santa Barbara, Denver und London 2003, Bd. 2, S. 564–569.
- Gerald Posner, Case closed: Lee Harvey Oswald and the assassination of JFK. Random House, New York 1993
- ჟურნალი ისტორიანი, ივნისი, №6 2011