ლიწინის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიწინის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის შესასვლელში. განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. სამხრეთიდან თანადროული მინაშენი აქვს, რომელიც ეკლესიის კორპუსს წყობით უკავშირდება. შენობა ნაგებია რიყის ქვითა და შირიმით. ძლიერაა დაზიანებული: ჩამონგრეულია ეკლესიისა და მინაშენის გადახურვა, კედლების ზედა ნაწილები დაფარულია მცენარეებით.

შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან, მინაშენიდან აქვს. კარი ორივე მხრიდან თაღოვანია.

ეკლესიის თითქმის კვადრატული დარბაზი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული შვერილი აფსიდით (შიდა ზომები ღერძებზე: – 8,6x 5,3 მეტრი), რომელშიც სამი მაღალი, თაღოვანი სარკმელი ყოფილა გაჭრილი. შემორჩენილია სამხრეთი სარკმელი და ცენტრალური სარკმლის სამხრეთი წირთხლი. ჩრდილოეთ სარკმლის ადგილზე კედელი დანგრეულია. სარკმლების თაღები, როგორც ეს შემორჩენილი ნაწილებიდან ჩანს, ნალისებრი ყოფილა.

დარბაზის გრძივ კედლებზე თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებიც შესაბამის კედლებს ორ არათანაბარ ნაწილად ყოფენ (აღმოსავლეთ ნაწილი 1 მეტრით ნაკლებია დასავლეთისაზე). სამხრეთ კედელში, შევიწროებული, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი.

სამხრეთ მინაშენი გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთიდან დასრულებულია ნალისებრი აფსიდით (შიდა ზომები აფსიდის ჩათვლით: სიგრძე – 5,7 მეტრი, სიგანე – 2,4 მეტრი). მინაშენში შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]