ლიუდოვიზის სარკოფაგი

ლიუდოვიზის სარკოფაგი ― ძველი რომაული სარკოფაგი, რომელიც დათარიღებულია დაახლოებით ახ. წ. 250- 260 წლებით, ნაპოვნია 1621 წელს, პორტა ტიბურტინასთან ახლოს. ამის გამო მას ტიბურტინას სარკოფაგსაც უწოდებენ, თუმცა ეს ზოგადი სახელია, რადგან მასთან ერთად სხვა სარკოფაგებიც აღმოაჩინეს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სარკოფაგი ცნობილია თავისი მჭიდრო, ანტიკლასიკური რელიეფური კომპოზიციით, რომელზეც გამოსახულნი არიან რომაელები და გოთები. აშკარად ვხედავთ იმას, რომ ხელოვანი უპირატესობას ანიჭებდა მესამე საუკუნის რომაულ სტილს. სარკოფაგი ახლა გამოფენილია რომის ეროვნულ მუზეუმში.[1]
ლიუდოვიზი იპოვეს სხვა საომარი თემატიკის სარკოფაგებთან ერთად, რომლებიდანაც ყველა თარიღდება ახ. წ. 170 - 210 წლებით და შექმნილია სამხედრო ლიდერების სამუდამო განსასვენებლად. ლიუდიოვიზის სარკოფაგი ჰგავს პორტონაჩოს სარკოფაგს, თუმცა კონტრასტულია განწყობითა და სტილით[2]. სახელი მას იმ გენერლის მიხედვით დაერქვა, რომელიც სარკოფაგში განისვენებდა.
დიზაინი და რელიეფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სარკოფაგი 1,53 მ-ია სიმაღლეში და დამზადებულია პროკონესუსის მარმარილოსგან, რომელიც ხასიათდება მუქი ნაცრისფერი შეფერილობითა და უხეში ტექსტურით[3]. ამ მარმარილოს იმპორტი ხდებოდა პროკონესუსიდან და იტალიაში ყველაზე გავრცელებული მარმარილოს ტიპი იყო. სარკოფაგი გაფორმებულია ძალიან მაღალი რელიეფით, ხოლო დიზაინი იმდენად გადატვირთულია, რომ ფიგურებს საერთოდ არ აქვთ ფონი.
სარკოფაგის თავსახური მთავარ კომპოზიციას, დაფას შეიცავს. მასზე გამოსახულია ორი მამაკაცი, მათი სახის ნაკვთები იდეალიზებულია, ისევე როგორც ანტიკური რომის ქანდაკებები. დაფის მარცხენა სცენაზე ჩანან ბარბაროსი ბავშვები, რომელთაც საკუთარი მამები რომაელ გენერალს გადასცემენ[4] . ეს, სავარაუდოდ, ზავს გამოხატავდა. რომაელები მშვიდობის სანაცვლოდ ხშირად იტოვებდნენ მძევლებად მტრის შვილებს და მათ რომაულ ყაიდაზე ზრდიდნენ.
სახურავის მარჯვენა მხარეს გამოსახულია ქალის წელს ზედა პორტრეტი, რომელსაც აცვია ტუნიკა და უჭირავს გრაგნილი. ქალის თავი მკვეთრად არის მიბრუნებული მარჯვნივ, სარკოფაგის შუაში გამოსახული გენერლის მსგავსად, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ის არის მოცემული გენერლის ცოლი ან დედა. სახურავი გატყდა 1945 წელს, მაიცში გამოფენისას.
სარკოფაგის დანარჩენ ნაწილზე გამოსახულია საბრძოლო სცენები. ყველა მათგანი გამოხატავს რომაელ ჯარისკაცთა სიმამაცეს, მტრის შეწყალების უნარს, უშიშრობას, გულზვიადობას და ყველა იმ დადებით თვისებას, რაც რომაელებს საამაყოდ და გმირულად მიაჩნდათ.
მტრის ფიგურები, მეცნიერების აზრით, გოთებს გამოსახავს, თუმცა მათი სახეები იმდენად მოკლებულია ეთნიკურ ნაკვთებს, რომ ამის ზუსტად თქმა ძალიან რთულია.
ახ. წ. II საუკუნისთვის რელიეფების უმეტესობა გამოსახავდა შაბლონურ ბარბაროს ფიგურას. რომაელებს საკუთარი ძალაუფლება, სიამაყე და სხვათა დაპყრობის სცენები უნდოდათ გადმოეცათ. ამ დროს სულერთი იყო მტრის ეროვნული იდენტობა.

იმის გამო, რომ რელიეფები ხშირად ძალიან ღრმა და რთულად გამოსაქანდაკებელი იყო, სარკოფაგებს მხოლოდ უხეში ჩუქურთმები ჰქონდათ კუთხეებში, დაზიანების თავიდან ასაცილებლად. მის გადაადგილებისას მოქანდაკე ან სარკოფაგებთან ერთად მოგზაურობდა, ან მას თავად იმ ადგილას ქმნიდა, სადაც შეუკვეთეს.[5]
ლუდოვისის სარკოფაგი დაემთხვა იმ დროს, როცა მარკუს ავრელიუსის სვეტის დიზაინი იყო მოდაში. ამის გამო, ის დამზადებულია ღრმა ჭრის ტექნიკით. რელიეფში ბარბაროსების ჩართვა ასახავს იმას, რომ რომაელები თავს ცივილიზაციის მცველებად თვლიდნენ, ბერძნების მსგავსად.
ჩახლართული რელიეფი ბევრად განსხვავდება ძველი დროის იმ სარკოფაგებისგან, რომლებშიც უფრო ზედაპირულად მოჩუქურთმებული ფიგურები და ნაკლებად ორნამენტული სცენებია ასახული.
არსებობს ფიგურებს შორის მასშტაბის განსხვავებებაც, მიუხედავად იმისა, რომ ის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მაგ. პორტონაჩიოს სარკოფაგში. რომაელი გენერალი მხოლოდ ოდნავ აღემატება თავის ჯარისკაცების ან მტრის ზომებს. მას არ ახურავს ჩაფხუტი და არც ბრძოლაშია ჩართული, როგორც ადრინდელ სარკოფაგებში. მნახველი განმარტების გარეშეც ამოიცნობს გენერალს, რადგან ის მოთავსებულია რელიეფის ზედა ცენტრში და ძალიან მშვიდად გამოიყურება ომის ქაოსში.
წყაროები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქრისტოფერ ს. მაქეი, "Ancient Rome: A Military and Political History" (ქემბრიჯის უნივერსიტეტის პრესა, 2004), გვ. 178.
- ↑ დონალდ სტრონგი., "Roman Art", 1995. გვ. 205, იელის უნივერსიტეტის პრესა, ISBN 0300052936
- ↑ ფრანცეს ვან კეურენი, დონატიო ატანასიო, ჯონ.ჯ ჰერმან ჯუნიორი, ნორმან ჰერცი და პიტერ გრომეტი, "Multimethod Analyses of Roman Sarcophagi at the Museo Nazionale Romano, Rome," in Life, Death and Representation: Some New Work on Roman Sarcophagi (De Gruyter, 2011)", გვ 181.
- ↑ ჯეანინ დიდლ უზი, "The Power of Parenthood in Official Roman Art," in Constructions of Childhood in Ancient Greece and Italy (American School of Classical Studies at Athens, 2007)", გვ 76.
- ↑ კლეინერი, ფრედ ს. (2010-02-04). "A history of Roman art", გვ. გვ. 220. ISBN 978-0-495-90987-3. OCLC 436029879.