ლიტვის ისტორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიტვურ სახელმწიფოთა ტერიტორიები XIII—XXI

ლიტვის ისტორია — ისტორია ლიტვისა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში იცვლიდა საზღვრებს, პოლიტიკურ-კლასობრივ წყობილებებს და მმართველ დინასტიებს.

უძველესი ისტორია[რედაქტირება]

თანამედროვე ლიტვის ტერიტორია, არქეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, ჩვენს ერამდე მეცხრე-მეათე ათასწლეულებში უკვე დასახლებული იყო ადამიანებით. უძველესი სადგომები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეებშია აღმოჩენილი. ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI ათასწლეულების სადგომები მდინარეების ნემანის, ვილიისა და მერკინის გასწვრივაც იქნა აღმოჩენილი. იმდროის ადამიანები თემებად ცხოვრობდნენ და თევზჭერით, ნადირობით და შემგროვებლობით იყვნენ დაკავებულნი. უკვე იცნობდნენ ისრებს, ჰქონდათ წაწვეტებული სამუშაო იარაღები ტყავეულის დასამუშავებლად და კაუჭები და ბადეები სანადიროდ და სათევზაოდ. ნეოლითის ბოლოს (ძვ. წ. III-II ათასწლეულები)ცენტრალური ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ზონრული კერამიკის კულტურის მატარებელი ხალხი დასახლდა ბალტიისპირეთში, რომლებიც საბრძოლველად ხელცულისმაგვარ ქვის იარაღებს იყენებდნენ. მეცნიერთა ვარაუდით, ისინი ინდოევროპული წარმოშობის ტომები უნდა ყოფილიყვნენ. ტომები დაკავებულნი იყვნენ მიწათმოქმედებით, მოშინაურებული ჰყავდათ ცხოველები, თესავდნენ ხორბლეულს. ამის მიუხედავად, ნადირობა და თევზჭერა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკვების და საქმიანობის ძირითად სფეროდ რჩებოდა. ამდროიდან ვისლასა და დასავლეთ დვინას შორის ბალტიისპირელი ტომების ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო.

ძვ. წ. IV-II საუკუნეებში გაჩნდა რკინის იარაღი. ახალი წელთაღრიცხვის დამდეგიდან თემი დაიშალა და საოჯახო თემი შეიქმნა. ლიტვური ტომები გაცხოველებით ვაჭრობდნენ სლავებთან. ლიტვის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა რამდენიმე ტომობრივი გაერთიანება: ჟემაიტები, აუქშტაიტები, იატვიაგები. V-VI საუკუნეებში საოჯახო თემი დაიშალა და შეიცვალა ტერიტორიული თემებით, ამავე დროს გაჩნდა კერძო საკუთრება, მდიდართა ფენა.

ფეოდალური წყობილება[რედაქტირება]

IX-XII სს ლიტვის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ფეადალური ტიპის ურთიერთობა და სახელმწიფოს ტიპის გაერთიანებები, დაიწყო ლიტველი ხალხის შექმნის პროცესი. გავრცელდა სახნავი მიწათმოქმედება, გამოიყო ხელოსნობა. XIII საუკუნიდან ლიტვის ისტორიაში დაიწყო ფეოდალური ხანა. გლეხთა ძირითადი მასა XV საუკუნის შუა ხანებამდე პირად თავისუფლებას ინარჩუნებდა. სახელმწიფო ტიპის გაერთიანებებს სათავეში ედგნენ კუნიგასები (მთავრები). ცალკეულ მიწებს შორის ეკონომიკურ-კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები, ცალკეულ მთავართა თავდაცვითი კავშირები, ამ პროცესში ”უხუცეს” მთავართა დაწინაურება, საფუძვლად დაედო ლიტვის ფეოდალური სახელმწიფოს შექმნას. წერილობით წყაროებში ლიტვა და ლიტველები პირველად 1009 წლიდან იხსენიებიან. XIII საუკუნის 30-60-იან წლებში ერთ-ერთმა ”უხუცესმა” აუქშტაიტების მთავარმა მინდაუგასმა დაიმორჩილა სხვა მთავრების მიწები. 1240 წელს ჩამოყალიბდა ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო - ლიტვის დიდი სამთავრო, რაც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შინაგანი ევოლუციური შედეგი იყო. დაარსების დღიდან ლიტვის დიდ სამთავროს მძიმე ბრძოლა უხდებოდა გერმანელ ფეოდალთა აგრესიის წინააღმდეგ, რომელთაც XIII საუკუნეში ბალტიისპირეთში შექმნეს ლივონიისა და ტევტონთა ორდენები და ქრისტიანობის გავრცელების საბაბით ცდილობდნენ ბალტიისპირეთის დაპყრობას. ამ ბრძოლებში ლიტვა მეზობელი სლავური ქვეყნების მხარდაჭერას ცდილობდა. 1236 წელს ლიტველებმა დაამარცხეს გერმანელი რაინდები, მაგრამ 1230-1283 წლებში ამ უკანასკნელებმა შესძლეს პრუსებისა და დასავლეთ ლიტველთა მიწების დაპყრობა. XIII საუკუნის შუა წლებიდან რუსეთში მონღოლთა შემოსევების შემდეგ ლიტვის მთავრებმა შეიერთეს თანამედროვე ბელორუსიის მიწები, უკრაინა და რუსეთის მიწები. ლიტვის ფეოდალური სახელმწიფოს გაერთიანება დაასრულა ვიტენისტმა (მართავდა 1293-1315).

გედიმინასის (1316-1341) დროს დაწესდა მთავრის მემკვიდრეობითი ხელისუფლება. ლიტვის სამთავრო უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა ალგირდასის (1345-1377), კეისტუტისისა (1345-1382) და ვიტაუტასის (1392-1330) დროს. მის შემადგენლობაში შედიოდა მინსკი, კიევი, მიწები დნესტრსა და დნეპრს შორის შავ ზღვამდე, სმოლენსკი, ვიაზმა და სხვა.

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არათანაბარმა ხასიათმა და მოსახლეობის ეთნიკურმა სიჭრელემ გასაზღვრა ლიტვის დიდი სამთავროს შედარებითი სისუსტე, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა მოსკოვის სახელმწიფოსთან ბრძოლაში სლავური მიწებისთვის. საშინაო წინააღმდეგობებისა და გერმანული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში 1387 წელს ლიტვის სახელმწიფომ რელიგიად კათოლიკობა აღიარა და კრევოს უნიით 1385 წელს პოლონეთთან კავშირი შეკრა; ხოლო 1569 წელს ლუბლინის უნიით, ფეოდალთა კლასობრივი ინტერესების შესაბამისად, ლიტვა გაერთიანდა პოლონეთთან. ახალ სახელმწიფოს რეჩ პოსპოლიტა ეწოდა, თუმცა ლიტვამ შეინარჩუნა ტერიტორია, ფინანსები, არმია, ადმინისტრაცია, სასამართლო და სხვა ინსტიტუციები, მისი სუვერენიტეტი მაინც მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

გლეხთა დაყმევების პროცესი[რედაქტირება]

XIV საუკუნის მეორე ნახევარში ლიტვაში დაიწყო გლეხთა დაყმევების პროცესი. მიწისმფლობელ-ფეოდლთა კლასი დიდი მთავრის ძირითადი საყრდენი იყო. XVI საუკუნეში შეიქმნა წოდებრივ-წარმომავლობითი ფეოდალური-შლიახტური სეიმი, რომელიც პანების რადასთან ერთად მალე გადაიქცა სახელმწიფო ხელსუფლების ძირითად ორგანოდ. ლიტველი ფეოდალები აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ინტერვენციებში რუსეთის წინააღმდეგ XVII საუკუნის დამდეგს. 1654-1667 წწ რეჩ პოსპოლიტა კვლავ ჩაება ომში რუსეთთან.

ანდრუსოვის ზავი[რედაქტირება]

ანდრუსოვის დაზავებით (1667 წ.) ლიტველევბმა შეინარჩუნეს მარჯვენა ნაპირის უკრაინა და ბელორუსიის მიწები. ჩრდილოეთის ომის (1700-1721) დროს რეჩ პოსპოლიტა რუსეთის მოკავშირე იყო. XVIII საუკუნეში, რეჩ პოსპოლიტას პოლიტიკური დაცემის პროცესში ლიტვის სახელმწიფოებრიობა თანდათან გაქრა. ქვეყანაში ფეოდალთა შინაომები მიმდინარეობდა. ამით ისარგებლეს მეზობელმა ქვეყნებმა - ავსტრიამ, რუსეთმა და პრუსიამ და დაინაწილეს რეჩ პოსპოლიტა (1772, 1793 და 1795 წწ). ლიტვის დიდი ნაწილი რუსეთს შეუერთდა და მის შემადგენლობაში იყო პირველ მსოფლიო ომამდე.

რუსეთის პერიოდი[რედაქტირება]

რუსეთთან შეერთებამ ხელი შეუწყო ლიტვაში კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებას; ლიტვა თანდათან ჩაება საერთო რუსულ ბაზარში. დაიწყო ლიტველი ხალხის რუს ხალხთან დაახლოების პროცესი. ცარიზმის მძიმე უღელი ლიტველებში აგრესიას იწვევდა, რის გამოც ხშირი იყო აჯანყებები (1838, 1842, 1843, 1847, 1859-61 წწ). 1861 წლის საგლეხო რეფორმას 1863-64 წლებში ლიტვასა და ბელორუსში მოჰყვა გლეხთა მასობრივი მღელვარებანი, რომელთაც სათავეში ედგა ა. მაცკიავიციუსი. შედეგად, მეფის მთავრობა გარკვეულ დათმობებზე წავიდა ლიტვის გლეხობის მიმართ, რამაც დააჩქარა ლიტვაში კაპიტალიზმის განვითარება. გაჩნდა ქალაქისა და სოფლის ბურჟუაზია. ცარზმის ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართულ ლიტველი ხალხის მოძრაობას სათავეში ედგნენ ბურჟუაზიულ-ლიბერალური და კლერიკალური ინტელიგენციის წარმომადგენლები: ი. ბასანავიჩიუსი, ი. შლიუპასი, ვ. კუდირკა და სხვები.

პირველი მსოფლიო ომი[რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ლიტვის ტერიტორია საომარ ასპარეზად იქცა. 1915 წელს გერმანელმა ოკუპანტებმა თითქმის მთელი ლიტვა დაიკავეს.

პირველი საბჭოთა წყობილება[რედაქტირება]

საბჭოთა ჯარების ლიტვაში შესვლა, 1940 წ.

1918 წლის 16 დეკემბერს ლიტვის დიდ ნაწილში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. 1919 წლის აპრილში ლიტველმა ერმა დასავლეთის სახელმწიფოების დახმარებით ქვეყანაში საბჭოთა წყობილების დამხობა შესძლო.

1920 ოქტომბერში პოლონეთმა ვილნიუსი დაიკავა, 1923 წელს ლიტვას კლაიპედა დაუბრუნდა. 1926 წელს ლიტვასა და საბჭოთა კავშირს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულება დაიდო. იმავე წელს ლიტვაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და პროგერმანული რეჟიმი დამყარდა. 1927 წელს გაუქმდა სეიმი, 1937 წელს აიკრძალა ბურჟუაზიული პარტია და დაიწყო კომპარტიის დევნა და რბევა.

ფაშისტური გერმანიის აგრესია ლიტვას 1939 წლის მარტში შეეხო. 1940 წელს ქვეყანაში წითელი არმია შევიდა. იმავე წლის 17 ივნისს ქვეყანაშე უკვე მეორედ მყარდება საბჭოდა ხელისუფლება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: