ლიოსის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლიოსური პლატო)
ლიოსის პლატო
კოორდინატები: 36°53′ ჩ. გ. 108°43′ ა. გ. / 36.883° ჩ. გ. 108.717° ა. გ. / 36.883; 108.717
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული განსუ
შენსი
შანსი
სიმაღლე 1200–1500 
ფართობი 430 ათ. კმ²
სიგრძე 1000 კმ
სიგანე 700 კმ
ლიოსის პლატო — ჩინეთი
ლიოსის პლატო
სურათები ვიკისაწყობში

ლიოსის პლატო (ჩინ.: 黄土高原) — ვრცელი პლატო ჩინეთში, განსუს, შენსისა და შანსის პროვინციებში. ვრცელდება გობის უდაბნოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ხუანხეს შუაწელში. სამხრეთით ესაზღვრება ცინლინის ქედი, აღმოსავლეთით ტაიხანშანის ქედი, ჩრდილოეთით ორდოსი, ჩრდილო-დასავლეთით ალაშანი, დასავლეთით კუნლუნის აღმოსავლეთი შტოქედები.[1]

ფართობი დაახლოებით 430 ათ. კმ². გაბატონებული სიმაღლეებია 1200–1500 მ. მის ფარგლებშია ცალკეული ქედები, რომელთა სიმაღლე ადგილ-ადგილ 2500 მ და მეტს აღწევს. დედამიწაზე ლიოსური დანალექების უდიდესი მასივია. ლიოსების სიმძლავრე ჩვეულებრივ მერყეობს 20–100 მ ფარგლებში, ხოლო დასავლეთით ლანჭოუს რაიონში აღწევს 350 მ-ს. პლატოზე ჩამოყალიბებულია უნიკალური „ლიოსური ლანდშაფტები“, რომელთათვის დამახასიათებელია ბრტყელმწვერვალიანი საფეხურისებრი მთები, უცნაური კოშკა-მოწმეები, ციცაბოფერდობებიანი კანიონები.[1]

ჯერ კიდევ XX საუკუნის I ნახევარში კანიონებში შეიქმნა რამდენიმესართულიანი მღვიმური საცხოვრებლები. ლიოსის პლატოს ფარგლებში აღმართულია ცალკეული ქედები ლიუპანშანი, ლიუილიანშანი, ტაიიუენშანი და სხვა. ძლიერაა განვითარებული ხევური ეროზია და ხაზობრივად დამჯდარი გრუნტი. მდინარეები და ხევები იჭრება 200–300 მ-ის სიღრმეში. მდინარეები უმეტესად ღრმა ხეობებში მიედინებიან და გამოაქვთ დიდი რაოდენობით ნატანი. ეროზიის შედეგად მდინარეებში ჩამავალი ლიოსი არის მდინარე ხუანხესა და ყვითელი ზღვის დამახასიათებელი შეფერილობის მიზეზი. გეოლოგიური თვალსაზრისით, ლიოსის პლატო მეზოზოური დანალექის მძლავრი წყებით ამოვსებულ ბაქნურ ღრმულს წარმოადგენს, რომელიც ლიოსებითაა გადაფარებული. ლიოსური დანალექების პროფილი მოიცავს პალეონიადაგის 37 ფენას.[1]

კლიმატი ზომიერად კონტინენტურია; იცის მშრალი ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთით –8°C-იდან სამხრეთით –4°C-მდე, ივლისის შესაბამისად, 22 და 24°C. ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა აღმოსვლეთით 500 მმ-იდან ჩრდილო-დასავლეთით 250 მმ-მდე. მათი დიდი ნაწილი ჩვეულებრივ, თავსხმის სახით მოდის ზაფხულის მუსონების დროს (ივლისი–სექტემბერი). ნალექები ლიოსში უმალვე შეიწოვება როგორც ღრუბელში, ძლიერი თავსხმა წვიმები ნაკვალევს ტოვებს ნაღვარევისა და ხევების სახით. თავსხმა წვიმების გამო ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ხდებოდა მერქან-ბუჩქნარი მცენარეულობის განადგურება და დახვნა. ლიოსის პლატო ძლიერაა ეროზირებული, ხოლო ნიადაგები წარეცხვილია. ხევებით განსაკუთრებით ინტენსიურადაა შეჭრილ-შემოჭრილი სამხრეთი და აღმოსავლეთი კიდეები (იკავებენ ფართობის 40%-ს). გრუნტის წყლები როგორც წესი ღრმადაა განლაგებული (40–60 მ). ლიოსის პლატოს ნიადაგებმა მიიღეს სახელწოდება „ხეილუტუ“ ანუ „შავი მიწები“. მათ აქვთ 25–100 სმ სიმძლავრის კულტურული ყრილი ფენა, რომლის ქვეშაა დამარხული ჰუმუსის ჰორიზონტი.[1]

პლატო უტყეოა. თანადროული მცენარეულობა წარმოდგენილია ვაციწვერისა და უროს სტეპებით და მდიდარი ნაირბალახეული ბუჩქნარით (იაპონური სამყურა, გრაკლა). ხევებში გვხვდება ქაცვის, სოფორას და სხვა ბუჩქნარი რაყები. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია ხორბლის, ფეტვის, სოიას და ბამბის ნათესებს. არის ქვანახშირის, რკინის მადნის, ნავთობის, საწვავი ფიქლის საბადოები. ლიოსის პლატო მჭიდროდაა დასახლებული; მთავარი ქალაქებია: ლანჭოუ, სიანი და ტაიიუანი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]