ლინდური ბატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლინდური ბატიბატის ჯიში. გამოყვანილია რუსეთში, მეფრინველეობის ფაბრიკაში „ლინდის მეფრინველეობის ფაბრიკა — სანაშენე ქარხანა“ (ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი), ადგილობრივი, ჩინური, სოლნეჩნოგორსკული, არზამასული, ლანდური და ჩუვაშური ჯიშის ბატების რთული კვლავწარმოებითი შეჯვარებით და შემდგომი მიზანმიმართული გადარჩევით პროდუქტიულობის ნიშნების მიხედვით; რუსეთის სახელმწიფო რეესტრში შეიტანეს 1996 წელს. ჯიშის შიგნით განირჩევა ორი ფორმა: მძიმე (მამლის ცოცხალი მასა — 9–11 კგ, დედლისა — 8,5–9,5 კგ) და მსუბუქი (მამლები — 7–8 კგ, დედლები — 6–7 კგ). შეფერილია თეთრად, შუბლზე ნისკარტის ფუძესთან მცირე ზომის კოპი აქვს. მეკვერცხულობა — 48–50 ცალი წელიწადში, კვერცხის მასაა 160–170 გრამი, ნაჭუჭი თეთრია. ჭუჭულების გამოყვანის მაჩვენებელია 65–70%. 9 კვირის მოზარდეულის ცოცხალი მასა 5,0–5,6 კგ-ს აღწევს. ფართოდაა გავრცელებული რუსეთში და დსთ-ის სხვა ქვეყნებში. იყენებენ ხორცის, ბუმბულისა და ღინღლის მისაღებად. ძირითადი სასელექციო-სანაშენე სამუშაოები მიმდინარეობს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის მეფრინველეობის ფაბრიკაში «Жарт».[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ройтер Я. С. ЛИНДОВСКИЕ ГУСИ // Большая российская энциклопедия. т. 17. — М., 2011. — стр. 497.