ლილი ოლდრინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლილი ოლდრინი
Alyson Hannigan, 2013-07-20 (cropped).jpg
პირველი გამოჩენა „პილოტი“
ბოლო გამოჩენა „უკანასკნელად სამუდამოდ“
შემქმნელი კარტერ ბაისი
კრეგ ტომასი
მსახიობი ელისონ ჰანიგანი
პაიპერ მაკენზი (11 წლის ლილის როლში)
ფრანჩესკა კაპალდი (7 წლის ლილის როლში)
ინფორმაცია
სქესი მდედრობითი
დაბ. თარიღი 22 მარტი, 1978, ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები
ოჯახი მიკი ოლდრინი (მამა)
ჯენის ოლდრინი (დედა)
მეუღლე(ები) მარშალ ერიკსენი
(ქ. 2007)
შვილები მარვინ ერიკსენი
დეიზი ერიკსენი
ერთი უსახელო ბავშვი
ნათესავები ლუიზა (ბებია)
რიტა (ბებია)
მორისი (პაპა)
ემი (ბიძაშვილი)
მარვინ ერიკსენი (მამამთილი)
ჯუდი ერიკსენი (დედამთილი)
მარტინ ერიკსენი (მაზლი)
მარკუს ერიკსენი (მაზლი)
საცხოვრებელი ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება შვედი-ამერიკელი

ლილი ოლდრინი (ინგლ. Lily Aldrin) — ამერიკული კომედიური ტელესერიალის „როგორ შევხვდი დედათქვენს“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. მის როლს მსახიობი ელისონ ჰანიგანი ასრულებს. სერიალში ლილი დაქორწინებულია თავის კოლეჯის დროინდელ სიყვარულ მარშალ ერიკსენზე, რომელთანაც სამი შვილი გააჩინა. ვითარება ხდება ლილისა და მარშალის საუკეთესო მეგობრის, ტედის გარშემო, რომელიც თავის შვილებს უყვება, თუ როგორ გაიცნო მათი დედა, ლილი, მარშალი, რობინ შერბაცკი და ბარნი სტინსონი კი მისი ამბების განუყოფელი ნაწილები არიან.

ქასტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის შემქმნელმა კრეგ ტომასმა ლილი ოლდრინისა და მარშალ ერიკსენის ურთიერთობის ინსპირირება თავისი და თავისი ცოლის, რებეკას ურთიერთობიდან მოახდინა. ამის გამო, ლილის პერსონაჟის მსახიობისათვის შესარჩევ ქასთინგს რებეკაც ესწრებოდა, რომელმაც თავისი როლის შემსრულებლად ელისონ ჰანიგანი შეარჩია, რომელიც მის საყვარელ სერიალ „ბაფფი ვამპირებზე მონადირეში“ თამაშობდა. ელისონ ჰანიგანისათვის კომედიურ ჟანრში თამაშიც არ იყო უცხო, ვინაიდან იგი მანამდე „ამერიკულ ნამცხვარშიც“ მონაწილეობდა.

პერსონაჟის მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლილი ოლდრინი დაიბადა 1978 წლის 22 მარტს პარკ-სლოუპში, ბრუკლინში, ნიუ-იორკში. მისი მშობლები არიან საბავშვო თამაშების გამომგონებელი მიკი ოლდრინი და მისი მეუღლე, ფემინისტი ჯენის ოლდრინი. ლილის წინაპრები წარმოშობით შვედეთიდან იყვნენ. მამის მხრიდან მას ბაბუად ერგება ცნობილი ასტრონავტი ბაზ ოლდრინი, ხოლო მისი ბაბუა დედის მხრიდან კორეის ომში იბრძოდა. ლილის მშობლები მოგვიანებით განქორწინდნენ, რადგანაც მამამისი მეტად წარუმატებელი და უყურადღებო კაცია, რომელიც შვილის წარმატებულ და ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს არასდროს ესწრება, რის გამოც ლილი ვერ იტანს მას. აღსანიშნავია, რომ მიკი ოლდრინი მოგვიანებით იძულებული გახდა მშობლებთან დაბრუნებულიყო და მათ სარდაფში ეცხოვრა.

სკოლასა და კოლეჯში სწავლის პერიოდში ლილი გოთური საზოგადოების წევრი იყო, რა დროსაც მას თმა შავად ჰქონდა შეღებილი და გოთებისათვის დამახასიათებელი ტანსაცმელი ეცვა. სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ლილიმ მიატოვა თავისი შეყვარებული სკუტერი (რომლის როლსაც კურტ კობეინი ასრულებს, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ბარნი სტინსონის როლის შემსრულებელ ნილ პატრიკ ჰარისის ქმარია). მიუხედავად დაშორებისა, სკუტერი ლილითაა შეპყრობილი და წლების მანძილზე ცდილობს მის დაბრუნებას.

1996 წელს ლილი ოლდრინმა უესლიანის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, კონექტიკუტის შტატში. კოლეჯში სწავლის დაწყების პირველივე დღეს მან თავისი ცხოვრების სიყვარული, მარშალ ერიკსენი გაიცნო, რომელსაც ლილიმ თავისი რადიოს შეკეთება სთხოვა, რის შემდეგაც მათ ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ და დარჩენილი ცხოვრება ერთად გაატარეს.

2010 წლის მდგომარეობით ლილი 32 წლის იყო. მის რეზიუმეზე დაყრდნობით მას ინგლისური ენის სერთიფიკატი აქვს. გარდა მშობლიური ინგლისურისა, იგი კარგად ფლობს ფრანგულსა და იტალიურსაც.

ლილისა და მარშალს მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთმანეთის გარდა სხვა სექსუალური პარტნიორი არ ჰყოლიათ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ლილი მარშალზე უფრო ხშირად იჩენს ინტერესს სხვა ქალებისადმი, რაც შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ იგი ბისექსუალია. მან არაერთხელ გაუსვა ხაზი თუ როგორ იზიდავდა სხვა ქალი სექსუალურად და რამდენჯერმე ხუმრობით ისიც თქვა, რომ თავის საუკეთესო მეგობარ რობინს სექსუალურად მიმზიდველად მიიჩნევს. ასევე აღსანიშნავია, რომ ერთხელ რობინმა განაცხადა, რომ ლილის ახლოსაც აღარ ეკარება მას შემდეგ, რაც იგი თუნდაც ერთ ჭიქა მარტინის სვამს, რადგან ამის შემდეგ იგი მისდამი აშკარად იჩენს მიდრეკილებასა და ძლიერად ცდილობს მასთან ფლირტს.

ლილი მეტად გონიერია, როდესაც სახე ადამიანებისა და სიტუაციების მანიპულაციას ეხება. იგი ყველაფერზეა წამსვლელი, რათა ის მიიღოს, რაც სურს. მან განსაკუთრებული ნიჭიერება გამოიჩინა წყვილების დაშორების საქმეში, როდესაც თავისი საუკეთესო მეგობარი ტედ მოსბი შვიდ გოგოს ისე დააშორა, რომ ისინი ვერც მიხვდნენ, რომ საქმეში ლილის ხელი ერია. ამის გამო, ბარნი სტინსონი მას „სუფთა ბოროტებასა“ და „მარიონეტული თოჯინების ოსტატს“ უწოდებს, ხოლო ტედი „ფსიქოპატს“.

პერსონაჟის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლილის მეუღლის, მარშალ ერიკსენის როლის შემსრულებელი ჯეისონ სეგედი

2005 წელს, სერიალის პირველივე სერიაში მარშალი ცხრაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ლილის ცოლობას სთხოვს და ისიც თანხმდება. ამ პერიოდში იგი საბავშვო ბაღის მასწავლებელია და მარშალსა და ტედთან ერთად ცხოვრობს მანჰეტენის ბინაში. ისინი ერთად ხშირად დადიან მათი ბინის ქვეშ მდებარე მაკლარენსის ბარში, სადაც ხვდებათ მათი მეგობარი ბარნი სტინსონი. იმავე ბარში, ლილიმ ტედის შუამავლობით გაიცნო კანადელი რეპორტიორი რობინ შერბაცკი, რომელიც შემდეგში მისი საუკეთესო მეგობარი გახდა. ქორწილის თარიღის მოახლოვებასთან ერთად ლილის ეჭვები სულ უფრო მატულობს. საბოლოოდ მან გააანალიზა, რომ მარშალთან ურთიერთობის გამო ვერ შეძლო თავისი ოცნების ახდება — გამხდარიყო პროფესიონალი მხატვარი და მუზის ძიებაში ემოგზაურა დასავლეთ ევროპაში. ამის გამო მან თავისი რეზიუმე საიდუმლოდ გააგზავნა სან-ფრანცისკოს ხელოვნების სასწავლებელში, სადაც მალევე მიიღეს. ამ ფაქტის გამო მას ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჩხუბი მოუვიდა მარშალთან, რაც მათი ნიშნობის გაუქმებითა და ლილის სან-ფრანცისკოში გადასახლებით დასრულდა.

ექვსი თვის შემდეგ ლილი ოლდრინი ნიუ-იორკში ბრუნდება, სადაც საოცრად პატარა ბინაში იწყებს ცხოვრებას. მან თავიდანვე სთხოვა მარშალს შერიგება, მაგრამ უარი მიიღო, რის გამოც ზემოთ ხსენებულ პატარა ბინაში განაგრძობდა ცხოვრებას, რომელსაც სულ მალე ჩამოენგრა მეზობელ ლიტველ კაცთან საზიარო კედელი, რის გამოც იგი იძულებული გახდა ბარნისთან გადასულიყო საცხოვრებლად. თავდაპირველად მექალთანე და თავისუფლების მოყვარული ბარნი სკეპტიკურად შეხვდა მისი გადასვლის იდეას, მაგრამ შემდეგ ლილი მას ეხმარებოდა იმ ქალების თავიდან მოცილებაში, რომლებმაც მასთან უკვე გაატარეს ღამე. საბოლოოდ მარშალი და ლილი ერთმანეთს კვლავ უბრუნდებიან, რასაც მეორე სეზონის ბოლოს მათი ქორწილი მოჰყვა.

მესამე სეზონის დასაწყისში ირკვევა, რომ ლილი შოპაჰოლიკია. იგი იღებს ახალ-ახალ საკრედიტო ბარათებს, რომელზე დარიცხულ თანხასაც იღებს და ტანსაცმელში ხარჯავს, შემდეგ კი დავალიანებულ ბარათებს თავის „სირცხვილის ყუთში“ ინახავს, რომელიც რობინმა აღმოაჩინა. ეს ამბავი ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც ის და მარშალი ახალი სახლის ყიდვას აპირებდნენ. ლილის ვალების გასასტუმრებლად მარშალს მოუწია უარი ეთქვა თავის ოცნებაზე — გამხდარიყო გარემოს დამცველი და ბარნისთან, დიდ კორპორაციაში დაიწყო მუშაობა ადვოკატად. საბოლოოდ მათ შეძლეს ვალების გასტუმრება და სახლის ყიდვა, ლილიმ კი თავისი დამოკიდებულება სპეციალურ ანონიმი შოპაჰოლიკების კლუბში სიარულის შედეგად დაამარცხა. მიუხედავად ამისა, მათ ბედნიერება არ დასცალდათ და ახალი პრობლემა წამოიჭრა. როგორც აღმოჩნდა, მათი ახალი ბინა კანალიზაციის წყლის გამწმენდი ქარხნის გვერდით მდებარეობდა, ხოლო ბინის იატაკი იმდენად დახრილი იყო, რომ მასზე ნივთები ქვევით სრიალებდა.

სერიალში მოქმედი პერსონაჟებიდან ლილი ერთადერთია, რომელსაც ბარნი გადაწყვეტს რომ დაუჯეროს და მოუსმინოს, როდესაც რობინი შეუყვარდა. მეხუთე სეზონის ბოლოს, ლილი აიძულებს ბარნისა და რობინს, რომ აღიარონ ის ფაქტი, რომ წყვილი არიან. მან ისინი რობინის ოთახში სექსის შემდეგ ჩაკეტა და მანამდე არ გამოუშვა, სანამ ამ თემაზე არ „ილაპარაკეს“. აღსანიშნავია, რომ საუბრისას, ოთახში ჩაკეტილ რობინსა და ბარნის ლილი კარის ქვეშიდან უცურებდა ფურცლებს, სადაც ეწერა მითითებები, თუ რა ელაპარაკათ.

მთელი სერიალის მანძილზე, ლილი და მარშალი ეძებენ კიდევ ერთ წყვილს, რომელთან ურთიერთობასაც შეძლებენ, თუმცა ყოველთვის ყველა წყვილი გაურბით. დაახლოვების მიზნით მათ რობინი და ბარნიც დაპატიჟეს ორმაგ პაემანზე, რომელმაც საშინლად ჩაიარა. ამის გამო, ბარნი და რობინი მათ ჩამოშორდნენ, თუმცა როდესაც ლილიმ და მარშალმა ახალ წყვილთან დაიწყეს ურთიერთობა, ისინი მიხვდნენ, რომ ლილი და მარშალი მოენატრათ. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბარნი და რობინი ერთმანეთს აუბედურებდნენ, ლილი „პენსიიდან დაბრუნდა“ და მათი დაშორება განიზრახა. მან საოცრად დახვეწილი გეგმა შეიმუშავა მათ დასაშორებლად, თუმცა მის ამოქმედებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ისინი თავისით დაშორდნენ.

აღსანიშნავია, რომ სერიალის მანძილზე ყოველი მათგანი პოულობს თავის ორეულს. მარშალის ორეული უცნობილი ულვაშიანი კაცია, რობინის უცხო ლესბოსელი ქალი, ტედის მექსიკელი მოჭიდავე, ხოლო როგორც ბარნიმ და მარშალმა აღმოაჩინეს, ლილის ორეული რუსი სტრიპტიზიორია, სახელად ჟასმინი. ლილი იმდენად აღფრთოვანებული იყო თავისი ორეულით, რომ მან მისი ინდივიდუალური ცეკვაც კი შეუკვეთა. სერიის დასასრულს, ლილიმ ჟასმინის ფორმა გადაიცვა და მისი ადგილი დაიკავა სცენაზე, მაგრამ მოულოდნელად ფეხი აუსრიალდა და ხალხში გადავარდა.

მთელი მეექვსე სეზონის განმავლობაში ლილი და მარშალი დაორსულებას ცდილობენ. მათი პირველი მცდელობები უნაყოფო იყო, რის გამოც ისინი ანერვიულდნენ, რომ ბავშვის გაჩენას ვერ შეძლებდნენ, რის გამოც მიმართეს ექიმს, რა დროსაც შეხვდნენ ბარნის ორეულ გინეკოლოგს. სეზონის ბოლოს ლილი საბოლოოდ დაორსულდება და მეშვიდე სეზონში მან ვაჟი გააჩინა, რომელსაც მარშალის ახლად გარდაცვლილი მამის პატივსაცემად მარვინი დაარქვეს.

მერვე სეზონში ლილი მუშაობას იწყებს ხელოვნების კონსულტანტად, მისი დამქირავებელი კი ტედის ყოფილი შეყვარებულის ყოფილი მილიონერი ქმარია, რომელსაც გემების სიყვარულის გამო ყველა კაპიტანს ეძახის. საბოლოოდ კაპიტანმა ლილის ერთი წლით იტალიაში გადასახლება შესთავაზა, სადაც გააგრძელებდა თავის საქმეს. სწორედ ამ დროს, ბარნისა და რობინის ქორწილში ირკვევა, რომ მარშალი, რომელიც იტალიაში წასვლაზე დასთანხმდა, მოსამართლედ დანიშნეს და ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებს, რის გამოც ლილიმ უარი განაცხადა იტალიაში წასვლაზე, რამაც დიდად დასწყიტა გული.

მთელი ბოლო სეზონი ბარნისა და რობინის ქორწილამდელ 59 საათს აღწერს, სადაც ლილი თავისი დედამთილისაგან იგებს მარშალის ახალი თანამდებობის შესახებ და მასთან სერიოზულად ჩხუბობს. საბოლოოდ მან თავი შეიკავა და მარშალს შეურიგდა. იმავდროულად ირკვევა, რომ ლილი მეორე ბავშვზეა ორსულად, რის შემდეგაც მან გოგონა გააჩინა, სახელად დეიზი.

როგორც სერიალის ფინალში გამოჩნდა, ერთი წლის შემდეგ ლილიმ და მარშალმა კიდევ ერთი ბავშვი გააჩინეს, რომლის სქესი და სახელი უცნობია. მთელი სერიალის მანძილზე ლილი ესწრება ყველა მნიშვნელოვან მომენტს: რობინისა და ბარნის ქორწინებას, ბარნის ქალიშვილისა და ტედის ორი შვილის დაბადებას, ტედისა და ტრეისის ქორწილს და ა.შ. ამასთან, იგი ბედნიერ ქორწინებაშია მარშალ ერიკსენთან, რომელიც საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]