ლიკომა (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლიკომა
მშობ. სახელი: ინგლ. Likoma Island
Likoma (satellite).jpg
მარცხნივ კუნძული ჩისუმულუ, მარჯვნივ ლიკომა
გეოგრაფია
მდებარეობა ნიასის ტბა
კოორდინატები 12°04′00″ ს. გ. 34°44′00″ ა. გ. / 12.06667° ს. გ. 34.73333° ა. გ. / -12.06667; 34.73333
ფართობი 15 კმ²
სიგრძე 7,7 კმ
სიგანე 4 კმ
უმაღლესი წერტილი 647 მ
მალავის დროშა მალავი
რეგიონი მალავის ჩრდილოეთი რეგიონი
რაიონი ლიკომის რაიონი
დემოგრაფია
მოსახლეობა 9062 (2008)
სიმჭიდროვე 604,13 /კმ²

ლიკომა (ინგლ. Likoma Island) — ნიასის (მალავის) ტბაში ორი დასახლებული კუნძულიდან ყველაზე დიდი. მდებარეობს მოზამბიკის სანაპიროდან 5 კმ-ში, მაგრამ წარმოადგენს მალავის ექსკლავს ლიკომის რაიონის შემადგენლობაში მეორე დასახლებულ კუნძულ-ექსკლავ — ჩისუმულუსთან ერთად.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად სიტყვა ლიკომა ჩიჩევას ენიდან ითარგმნება, როგორც «სასიამოვნო», კუნძული ამ დასახელებას ატარებს XIX საუკუნის ბოლო — XX საუკუნის დასაწყისიდან, ანუ მისიონერების მოსვლის დროიდან, ხოლო მანამდე გავრცელებული იყო სახელწოდება Chipyela — «ცეცხლიანი ადგილი», რადგანაც აქ თითქმის XX საუკუნემდე წვავდნენ ჯადოქრობაში ეჭვმიტანილ ქალებს.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული მდებარეობს ნიასის (მალავის) ტბის შუა ნაწილში, მის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, 5 კმ-ში მოზამბიკის ნაპირიდან და გარშემორტყმულია ამ ქვეყნის შიდა წყლებით, დაცილებულია 7 კმ-ით ქალაქ კობუედან, 10 კმ-ით კუნძულ ჩისუმულუდან — მალავის კიდევ ერთი ექსკლავიდან და დაახლოებით 25 კმ-ით მალავის სანაპიროს საზღვრიდან. შიდა წყლების ჩათვლით ექსკლავის ფართობია — 130 კმ². თვითონ კუნძულ ლიკომას ფართობია — 15 კმ², სიგრძე — 7,7 კმ, ხოლო სიგანე — 4 კმ. გარშემორტყმულია მომცრო კუნძულებით, როგორებიცაა: მაიგანო, მასიმბვე, მბამბას კუნძულები, მბუზის კუნძულები.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვისა (604 ად./კმ²), კუნძულის ბუნება ცივილიზაციისგან საკმაოდ ხელუხლებელი დარჩა. ნაპირი კუნძულის სხვადასხვა ნაწილებში ნაირფეროვანია — არის კლდეები, ჭაობები და ქვიშოვანი პლაჟები. კუნძულის შიდა ნაწილი ძირითადად დაკავებულია სავანით, რომელშიც დიდი ადგილი უკავია ადანსონიას (ბაობაბის სახეობა) და ინდურ მანგოს. ფაუნა წარმოდგენილია ქვეწარმავლებით, ამფიბიებით, ფრინველებით და ზოგიერთი სახეობის უხერხემლოებით, ობობა-მორიელი Platyoides-ის ჩათვლით. კუნძულის ირგვლივ არსებული წყლები, როგორც მთლიანად ნიასის ტბისა, მდიდარია ციხლიდებით (ლათ. Cichlidae), თანაც ზოგიერთი სახეობა, მაგალითად ციხლიდა-კოლიბრი (ლათ. Labidochromis caeruleus) ენდემურია. ტყე კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთში ნაკრძალია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა პეტრეს კათედრალური ტაძარი

პირველ ევროპელად, რომელმაც კუნძულს მიაღწია ითვლება ელტონი, რომელიც იქ მოხვდა 1877 წელს. როგორც იმდროინდელმა ბევრმა სხვა ევროპელმა მკვლევარმა, მან არასწორად ჩაწერა კუნძულის დასახელება — დიკომა. ელტონი იქ მიცურდა, რომ შეხვედროდა დოქტორ დეივიდ ლივინგსტონს, მაგრამ იგი მას ასცდა, რადგანაც ლივინგსტონი იმყოფებოდა კუნძულ ჩისუმულუზე.[2]

1880-იან წლებში ცენტრალურ აფრიკაში საუნივერსიტეტო მისიის (ინგლ. Universities' Mission to Central Africa) მისიონერებმა, რომელიც დაარსდა დეივიდ ლივინგსტონის ინიციატივით, კუნძული აირჩიეს საკუთარი შტაბ-ბინისთვის და ააშენეს წმინდა პეტრეს კათედრალური ტაძარი. ზუსტად ამიტომ ეს ორი კუნძული გადაეცა მალავის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახელმწიფო საზღვრების გადასინჯვის შემდეგ.

1882 წელს ზანზიბარიდან პირველი აქ ჩამოვიდა სასულიერო პირი უილიამ ჯონსონი და დაიწყო თავისი მისიონერული მოღვაწეობა ნავში — რომელიც ამ რეგიონისათვის იყო საუკეთესო სატრანსპორტო საშუალება. 1885 წელს მას შეუერთდა კარლ იანსონი და კუნძული ტბაზე გახდა მისიონერული ცენტრი. XX საუკუნის დასაწყისში აშენდა უესტმინსტერის სააბატოს მსგავსი ტაძარი — 100 მეტრი 30 მეტრზე. ყველა სამშენებლო მასალა ხელით იქნა მოზიდული.[3] წმინდა პეტრეს კათედრალური ტაძრის ფუნდამენტში პირველი ქვა ჩაიდო 1903 წლის 27 იანვარს. სავარაუდოდ ტაძრის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 1905 წლის სექტემბრისათვის, მაგრამ მატერიკიდან მასალების ტრანსპორტირების სირთულემ, უცხოეთიდან ისეთი მასალების მიღების დაგვიანებასთან ერთად, როგორიცაა ვიტრაჟებისათვის საჭირო ფერადი შუშა, გამოიწვია სამუშაოების შეფერხება. 1910 წელს მილსი წერდა: «ეხლა, 1910 წელს, ეს დიდი სამუშაო დამთავრების პირასაა … ტაძარი მანამდე არ იქნება ნაკურთხი, სანამ ის ბოლომდე არ აშენდება». ტაძრის მშენებლობა დამთავრდა შემდეგ წელს და იგი აკურთხა ეპისკოპოსმა ტომას ფიშერ კროუტერმა 1911 წლის 14 ნოემბერს. ეს ყველაზე უფრო დიდი, ყველაზე უფრო ლამაზი და ყველაზე უფრო ძველი ტაძარია ცენტრალურ აფრიკაში.[2]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს კუნძულზე ცხოვრობდა 9062 ადამიანი[4] — რაიონში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა, მათი დიდი ნაწილი ცხოვრობს ქალაქ ლიკომაში, დანარჩენები კი კუნძულის ათობით სოფლებშია დასახლებული. 1998 წლიდან 2008 წლამდე მოსახლეობის ზრდამ შეადგინა დაახლოებით 30 %. ერთ კომლზე მოდის 5-ზე მეტი ადამიანი[5]. ეთნიკურად მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს — ნიანჯა (60 %), მეორე ადგილზეა — ტონგა (25 %), მათ გარდა კუნძულზე ასევე ცხოვრობენ ტუმბუკას, იაოს და ჩევას ხალხი. მოსახლეობის თითქმის 100 % ქრისტიანია, ძირითადად ანგლიკანები.[6]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულელთა ძირითადი საქმიანობაა — თევზჭერა, თუმცა ასევე მისდევენ საკვები მცენარეულობის მოყვანასაც (ძირითადად კულტივირებულია ბრინჯი და მანიჰოტი).

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელექტროენერგია უზრუნველყოფილია გენერატორებით, რომელიც, როგორც წესი, ითიშება საღამოს 10 საათის შემდეგ. არსებობს მცირე სატელეფონო ქსელი, თუმცა თვითონ ტელეფონები იშვიათობას წარმოადგენს. ინტერნეტით აღჭურვილი ოტელები და დაწესებულებები სიგნალს იღებენ რადიოკავშირით.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მყარსაფარიანი ავტოგზები არ არსებობს და ავტომობილებიც იშვიათობაა. არსებობს ერთი ასაფრენი ზოლი (ლიკომას აეროპორტი), რომელსაც იყენებს ავიაკომპანია Nyassa Air Taxi ლილონგვედან რეგულარული რეისებისათვის[7]. სანაპიროსთან ძირითადი კავშირი მყარდება ორთქლმავალ MV Ilala-ს დახმარებით, რომელიც ტბის გასწვრივ დაცურავს და ჩერდება სანაპიროს ყველა ასე თუ ისე დიდ დასახლებულ პუნქტებთან. ამას გარდა არსებობს მცირე ნავების დიდი რაოდენობა, დაუების ჩათვლით, რომლებიც დაცურავენ კუნძულ ჩისუმულუზე და მოზამბიკის ნაპირებთან.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე არსებობს ეკოტურიზმზე ორიენტირებული რამდენიმე ოტელი. სანაპირო წყლები საინტერესოა დაივინგით (არსებობს PADI-ში დარეგისტრირებული ცენტრი[8]) და სნორკელინგით გართობისათვის. მალავის ხელისუფლება ცდილობს განავითაროს ეს მიმართულებები.

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთო სიღარიბის და არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების შედეგად, ჯანდაცვის მდგომარეობა კუნძულზე კრიტიკულია, თუმცა მალარიის (რომელიც საკმაოდ ფართედაა გავრცელებული მალავის დანარჩენ ნაწილშიც) შესახებ ცნობები არ ვრცელდება. სულ ახლახან კუნძული გახდა აივ და სხვა ვენერიული დაავადებების ეპიდემიოლოგიის სამეცნიერო კვლევის საგანი[9].

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად კუნძულის ეკონომიკის მინიმალური განვითარებისა ყველა დასახლებულ პუნქტში არსებობს სკოლები, რის შედეგადაც მთლიანობაში განათლების დონე საკმაოდ მაღალია.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული უპირველეს ყოვლისა ცნობილია აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წმინდა პეტრეს კათედრალური ტაძრით, ასევე ქალაქ ლიკომის ცენტრალური ბაზრით — მბამბა. ტაძარში ინახება ქვები კენტერბერიდან, მიწა იერუსალიმიდან, ხეზე თლა ობერამერგაუდან და ხის ჯვარი, რომელიც იმ ხისგანაა დამზადებული, რომლის ქვეშაც დაკრძალულია დეივიდ ლივინგსტონი, რომელიც ამბობდა, რომ კუნძული ტბაში ჩაიძირა რამდენიმე სანტიმეტრით ტაძრის სიმძიმის გამო.[3] გამოსასვლელ დღეებში ტარდება ლიკომის და ჩისუმულუს კუნძულების მოცეკვავეთა შეჯიბრებები.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Chipyela» — Place of fire!
  2. 2.0 2.1 Likoma Island Cathedral, a photo from Likoma, Central|TrekEarth
  3. 3.0 3.1 Likoma Island
  4. geohive
  5. Population and Housing Census, National Statistic Office, Zomba, September 2008.
  6. District Education Plan (DEP) 2008/09-2001/11, Likoma District Assembly, Likoma, December 2007
  7. Nyassa Air Taxi
  8. Likoma Island Divers- a registered PADI resort, located on Likoma Island, and surrounded by the pristine waters of Lake Malawi.
  9. Stephane Helleringer et al., The Likoma Network Study