ლიის არქეოლოგიური ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიის არქეოლოგიური ძეგლები — მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დიდა ქირსის ბოცვზე და მის ძირში, ე. წ. ჯოლორიას წყურგილებზე და ოყაჭეზე. გათხარეს 1964-1965 წლებში (რ. აბრამიშვილი) და 1967-1970 წლებში (ა. აფაქიძე, გ. გრიგოლია).

დიდა ქირსა გორანამოსახლარია, რომლის ჩრდილოეთ-დასავლეთ ფერდობზე გამოვლენილია გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის, ადრინდელი ანტიკური, ელინისტური, რომაული და ადრინდელი შუა საუკუნეების კულტურის ფენები. ბორცვის ჩრდილოეთ-დასავლეთ ფერდობზე გათხარეს რომაული ხანის (I-II სს.) 10-მდე ორმოსამარხი. მათში აღმოჩნდა კერამიკული ნაწარმი, რკინის იარაღ-საჭურველი, სამკაული, I-II საუკუნეების რომაული ვერცხლის მონეტები (ერთ-ერთზე იულიუს კეისრის გამოსახულებაა) და სხვა. აქვე აღმოჩნდა ადრინდელი ფეოდალური ხანის თიხის ნავისებრი სარკოფაგი. ადრინდელი და შუა ფეოდალურ ხანაში დიდა ქირსის ბორცვი ციხედ უქცევიათ ქვის კედლით შემოუზღუდავთ და 2 საბრძოლო კოშკით გაუმაგრებიათ. ციხის შუა ნაწილში გათხარეს ადრინდელი შუა საუკუნეების მრგვალაფსიდიანი ტაძრის ნანგრევები, რომელსაც კირხსნარით შელესილი აგურის იატაკი აქვს. როგორც ჩანს, ტაძარი ღვთისმშობლის სახელზე იყო აგებული (აქედან უნდა მომდინარეობდეს სახელწოდებაც „დიდა ქირსა“). ტაძრის გარშემო ქრისტიანული წესით დაკრძალულთა ორმოსამარხები იყო. ჯოღორიას წყურგილეზე ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ბრტყელი ცული. აღმოჩნდა აგრეთვე II საუკუნის ორმოსამარხი, მასში იყო ვერცხლის სამკაული, კესარიული მონეტა, მინის სასმისი და სხვა. ჯოღორიას წყურგილეზე და ოყაჭეზე დადასტურებულია მძლავრი მეტალურგული კერები. ამ ადგილებში აღმოჩენილია ღუმელის ფრაგმენტები, საბურველის კერამიკული მილები, რკინის წიდები და ნახშირი. საბერველი მილების უმრავლესობას ხელოსნის დამღა აზის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრიგოლია გ., ენგურის არქეოლოგიური ექსპედიციის საველე მუშაობის წინასწარი შედეგები. «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1971, № 3;