ლიდია წირღვავა-ვერტინსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლიდია წირღვავა-ვერტინსკაია
დაბადების თარიღი 14 აპრილი 1923
ხარბინი, ჩინეთის რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 31 დეკემბერი 2013 (90 წლის)
მოსკოვი რუსეთი
დაკრძალულია მოსკოვი, ნოვოდევიჩის სასაფლაო
მოქალაქეობა ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ჩინეთის რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
საქმიანობა მსახიობი, მხატვარი
მეუღლე(ები) ალექსანდრ ვერტინსკი
შვილ(ებ)ი მარიანა ვერტინსკაია
ანასტასია ვერტინსკაია
მშობლები მამა: ვლადიმერ წირღვავა
დედა: ლიდია წირღვავა (ფომინა)

ლიდია წირღვავა- ვერტინსკაია (14 აპრილი, 1923, ხარბინი, ჩინეთის რესპუბლიკა — 31 დეკემბერი, 2013, მოსკოვი) —საბჭოთა და რუსეთის კინომსახიობი, მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი და მხატვარი ლიდია (ლილა) წირღვავა დაიბადა 1923 წლის 14 აპრილს დღევანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ხარბინში. გოგონა წარმოშობით ქართული ოჯახიდან გახლდათ. მისი ბაბუა და ბებია (მამის მხრიდან) დასახლდნენ ჩინეთში, იყვნენ რუსეთის ქვეშევრდომები. ბაბუა, ყოფილი ოფიცერი, დიდ ფერმას ინახავდა და ფუტკრებს ამრავლებდა.[1]

გოგონას მამა, ვლადიმერ წირღვავა ჩინეთი–აღმოსავლეთის რკინიგზის სამმართველოში მუშაობდა. ლიდიას დედა — დიასახლისი ლიდია პავლეს ასული ფომინა, რუსი იყო. შინ რუსულად საუბრობდნენ. გოგონას ნათლია იყო ხარბინელი ვლადიმირ  ქარსელაძე, რომელიც 1935 წელს სსრკ-ში გაემგზავრა და იქ რეპრესიების მსხვერპლი გახდა. პატარა ლიდია კვირაობით ხარბინის ქართველთა საზოგადოების მიერ გახსნილ სკოლაში დადიოდა, რომელიც საუკუნის დასაწყისში დააარსა თავადმა წულუკიძემ, რათა ჩინეთში მცხოვრებ ქართველებს ენა და ტრადიციები შეენარჩუნებინათ.1933 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ვლადიმერ წირღვავა, როდესაც გოგონა 10 წლის იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ლიდია და დედამისი საცხოვრებლად შანხაიში გადავიდნენ, ქალაქში, სადაც ოჯახის მეგობრები სახლობდნენ. ლიდიამ ჯერ კერძო პანსიონი, მერე კი სკოლაც დაამთავრა და სანაოსნო კომპანიაში დაიწყო მდივნად მუშაობა.

1942 წლის ერთ–ერთ საღამოს ლიდია მეგობრებთან ერთად ეწვია ღამის კლუბ „რენესანსს“, სადაც ცნობილი მომღერალი და შანსონიე, ემიგრაციაში მყოფი ალექსანდრე ვერტინსკი გამოდიოდა. კონცერტის შემდეგ მათ ერთმანეთი გაიცნეს. მაშინ ვერტინსკი 53 წლის იყო. ლიდია კი – 19–ის. სულ ერთი წელი იყვნენ დანიშნულები.[2]

ლიდია ფომინა  წინააღმდეგი იყო ქალიშვილისა და ცნობილი მომღერლის ურთიერთობის. მას აშფოთებდა უზარმაზარი სხვაობა წყვილის ასაკში, მაგრამ 1942 წლის 26 აპრილს შანხაის მართლმადიდებლურ ტაძარში ჯვრისწერა მაინც შედგა.

შანხაიში მხოლოდ საკონსულო არსებობდა, ამიტომ ოფიციალური ქორწინება ლიდია წირღვავასა და ალექსანდრე ვერტინსკის შორის ტოკიოში, საბჭოთა კავშირის საელჩოში დარეგისტრირდა. ერთი წლის შემდეგ ვერტინსკის მრავალრიცხოვანი თხოვნა სამშობლოში დაბრუნების უფლებაზე, როგორც იქნა, შეისმინეს და ოჯახი 1943 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირში დაბრუნდა. ამ დროს წყვილს უკვე ჰყავდა სამი თვის  გოგონა — მარიანა.

სამშობლოში ვერტინსკები კარგად მიიღეს. სასტუმრო მეტროპოლში მისცეს ოთახი ერკერით. აქ მათ სამი წელი გაატარეს. შემდეგ  ოჯახმა მოსკოვში დიდი ბინა მიიღო.

1944 წელს, მოსკოვში, ვერტინსკების ოჯახში მეორე ქალიშვილი, ანასტასია დაიბადა.

ლიდია არ ფიქრობდა მსახიობის კარიერაზე, მაგრამ მის შესახებ ვიღაცამ ინფორმაცია მიაწოდა  კინორეჟისორ ალექსანდრე პტუშკოს, რომელიც ეძებდა ახალგაზრდა, არასტანდარტული სილამაზის  მსახიობს ფენიქსის ჩიტის როლისთვის ზღაპრულ ფილმში „სადკო“ (1952). პუშკინის ზღაპრის მოტივებზე გადაღებულ კინოზღაპარში განსახიერებულმა ფენიქსის როლმა ლიდია ნამდვილ ვარსკვლავად აქცია.[3] [4]

1950–იან წლებში ლიდია ვერტინსკაიას ხშირად იღებდნენ ფილმებში – მასაც და ვერტინსკისაც. ალექსანდრ ნიკოლაევიჩს ფილმ „განწირულთა შეთქმულებაში“ შესრულებული როლისთვის სტალინური პრემიაც კი მიენიჭა. ეს ერთადერთი ოფიციალური ჯილდო იყო მის ცხოვრებაში.

წარმატებული გასტროლებისა და კინოკარიერის მიუხედავად საბჭოთა წყობისთვის დამახასიათებელი მწირი ანაზღაურების გამო ვერტინსკების ოჯახი შეძლებულად არ ცხოვრობდა. ალექსანდრე ვერტინსკი ხვდებოდა, რომ ლიდიას ცხოვრების ბოლომდე ვერ გაჰყვებოდა და  მისი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება დაიწყო. მეუღლის დაჟინებული მოთხოვნით, ლიდია შევიდა მოსკოვის ვ.ი.სურიკოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ სამხატვრო ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1955 წელს.

მსახიობის საფლავი - ნოვოდევიჩის სასაფლაო

ალექსანდრე ვერტინსკი 1957 წელს,  ლენინგრადში გასტროლების დროს გარდაიცვალა. ამ დროს ლიდია 34 წლის გახლდათ. ვერტინსკის ხანმოკლე სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე, არასრულწლოვან ქალიშვილებს მხოლოდ 20 მანეთი პენსია დაუნიშნეს. ოჯახს პრინტებისა და პეიზაჟების გაყიდვით უწევდა თანხის გამომუშავება. შემდგომში მუშაობდა სტამბაში, მონაწილეობდა გამოფენებში. მისი ძალისხმევით გამოიცა ქმრის მემუარების წიგნი „გრძელი გზა“, რომელშიც ალექსანდრე ვერტინსკის ლექსები, წერილები და დღიურებია შესული. ლიდიამ მეუღლეს მიუძღვნა წიგნი „სიყვარულის ლურჯი ფრინველი“, სადაც მკითხველს მოუთხრო მისი და ალექსანდრე ვერტინსკის უკვდავ სიყვარულზე.[5]

ლიდია წირღვავა–ვერტინსკაია 2013 წლის 31 დეკემბერს, მოსკოვში გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.[6][7]

ალექსანდრესა და ლიდიას ქალიშვილები მარიანა და ანასტასია ვერტინსკები მე-20 საუკუნის ყველაზე ლამაზი რუსი მსახიობების რეიტინგში შედიან. ისინი რუსული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობები არიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]