ლეჩხუმელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეჩხუმი

ლეჩხუმელები აგრეთვე სკვიმნებიქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ ისტორიული ლეჩხუმის, დღევანდელი ცაგერის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარე ცხენისწყლის შუა დინებაზე, აგრეთვე მის მიმდებარე რაჭისა და იმერეთის სოფლებში. კულტურისა და ყოფის თავისებურებებით ლეჩხუმელები ახლოს არიან რაჭისა და მთიანი იმერეთის მოსახლეობასთან, საუბრობენ ქართული ენის ლეჩხუმურ დიალექტზე. წარსულში მათი ძირითადი საქმიანობა იყო მემინდვრეობა (სიმინდის და ხორბლის მოყვანა) და მევენახეობა.

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველები სამი ძირითადი სუბეთნიკური ჯგუფისაგან შედგება - ქართების, მეგრელებისა და სვანებისაგან. მეოთხე ჯგუფი - ლაზები - დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს.

ქართები რამდენიმე ეთნოგრაფიულ ჯგუფად არიან წარმოდგენილი. დასავლეთ საქართველოში ასეთი ჯგუფებია იმერლები, გურულები, აჭარლები, რაჭველები და ლეჩხუმლები; აღმოსავლეთ საქართველოში - ქართლელები, კახელები, მთიულები, მოხევეები, ფშაველები, ხევსურები და თუშები.

ლეჩხუმს და მის მცხოვრებლებს პირველად ისტორიულ წყაროებში იხსენიებს პროკოფი კესარიელი (VI ს). იგი რეგიონს უწოდებს სკვიმნიას ხოლო იქ მცხოვრებ ტომს სკვიმნებს. ყველაზე უფრო გავრცელებული მოსაზრებით სახელმწოდება უკავშირდება "თევზს". ამ პერიოდში ლეჩხუმს მართავს ეგრისის მეფის ვასალი ერისთავი. შემდგომმში ამ თანამდებობას ეწოდა — ლეჩხუმის თავი.

ცაგერი. პანორამა

ლეჩხუმის დემოგრაფიული პორტრეტი უძველესი დროის ლეჩხუმის ტერიტორიაზე ადამიანთა ცხოვრების კვალის და შემდეგ მათ ქართველებად ჩამოყალიბების ისტორიაზე რამდენადმე განსხვავებული აზრი გაგვაჩნია. რიონ-ლეხინდრის შესართავის მიდამოებში - ზედა ტვიშს, ნაკურალეშსა და ზედა ზუბში (ცხენისწყლის ხეობა) კარგად ჩანს ნეოლითური ხანის ნასახლარები… მოპოვებული მასალები, ქვის და კაჟის ნივთები, დაცულია ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. სინამდვილეა, რომ ლეჩხუმში სახელთა დიდი ნაწილი სვანური წარმოშობისაა, მცირეა ზანური, უმრავლესობა კი ადგილობრივია. ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა დიდი სვანეთი და გარკვეულ პერიოდში ლეჩხუმის ტერიტორია სვანურ ტომებს ეჭირათ. უნდა ვიფიქროთ, რომ იმ დროიდან შემორჩა ლეჩხუმში სვანური სახელები.აქედან გამომდინარე, თავიდან მეზობელი ტომების ლეჩხუმის ტერიტორიაზე თანაცხოვრებით კი არ ჩამოყალიბებულა დღევანდელი ლეჩხუმის მოსახლეობა და მისი ტრადიციები, როგორც ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, არამედ ძირითადი ადგილობრივი პროტოქართველური ტომი ნეოლითური პერიოდიდან მოდის. შემდგომ საუკუნეებში მეზობელი სვანები ლეჩხუმის ტერიტორიაზე ლეჩხუმელთა ნებით მოდიოდნენ მუდმივ საცხოვრებლად (შედარებით უკეთესი პირობების გამო). ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ლეჩხუმში ბევრია სვანური წარმოშობის გვარი. ბარის მცხოვრებნი კი , ადრე იძულებით, გერეშე მტრების შემოსევისას, ფიზიკურად თავის გადარჩენის მიზნით, ლეჩხუმში, როგორც ბუნებრივ ,,ციხესიმაგრეში,, დროებით შემოდიოდნენ და ნაწილი ადგილზე რჩებოდა მუდმივად. ლეჩხუმში დღესაც არის თითო-ოროლა მეგრული, იმერული, მესხური თუ აჭარული წარმოშობის გვარი. დაახლოებით მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში აჭარიდან ლეჩხუმში გადმოსულან მოახალშენეები სამხრეთ საქართველოში თურქების შემოსევების გამო, კომპაქტურად დასახლებულან სოფელ ალპანის ტერიტორიაზე, მდინარე ლაჯანურის რიონთან შესართავის მახლობლად და ამ პატარა სოფლისათვის აჭარა დაურქმევიათ, რომელიც დღესაც ამ სახელით არის ცნობილი. ლეჩხუმის ტერიტორიაზე მოსულმა და აქ დამკვიდრებულმა მეზობელი ტომების თაობემა თავის კილოკავები და კუთხური ტრადიციები დაკარგეს და შეიძინის ადგილობრივი - ლეჩხუმური.

დემოგრაფიის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითიდანაა დამოწმებული. არქეოლოგიური მონაპოვრებით ძალზე კარგადაა წარმოდგენილი გვიან ბრინჯაოს ხანა. ჩვენი წელთაღრიცხვის მე-VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი ლეჩხუმს სკვიმნიის სახელით მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ იგი "მჭიდროდ დასახლებული მხარეა".

მონღოლთა მიერ ჩატარებული აღწერის ცნობების საფუძველზე, არაპირდაპირი გზით გამოანგარიშების მიხედვით, მე-13 საუკუნის ლეჩხუმში დაახლოებით 4050 კომლი ყოფილა. თუ ჩავთვლით, რომ საშუალოდ კომლში 5 სული ცხოვრობდა (იმ პერიოდისათვის ასე იყო მიჩნეული), გამოდის რომ იმ დროისათვის ლეჩხუმში 20-25 ათასი კაცი იყო.

საქართველოში, მე-13 საუკუნიდან მნიშვნელოვნად მცირდება მოსახლეობის რიცხვი მთელ საქართველოში. ამ მხრივ გამონაკლისს ლეჩხუმი წარმოადგენს, სადაც, პროფესორ კაკაბაძის გაანგარიშებით, კომლთა რაოდენობა მე-XVI საუკუნის შუ წლებშიც დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც მე-XIII საუკუნეში იყო.

ხელშესახები ცნობები მოიპოვება მე-XVIII საუკუნის მე-II ნახევრის ლეჩხუმის მოსახლების შესახებ. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის იანოვსკის ცნობით, სამეგრელოს სამთავროში 1770 წელს 100 ათასი სული ცხოვრობდა, მათგან სალაშქროდ გამოდიოდა 6 ათასი მეომარი. ამათგან 2 ათასი ლეჩხუმიდან (ლეჩხუმი იმ დროს სამეგრელოს სამთავროში შედიოდა), ანუ სამეგრელოს ლაშქრის ერთი მესამედი (დაახლოებით 20-25 ათასი მცხოვრებიდან), ლეჩხუმიდან ყოფილა, ამასვე ადასტურებს მოგზაური გულდენშტედტი. ის აღნიშნავს, რომ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ლეჩხუმში დაახლოებით 20 ათას სულზე მეტი მცხოვრებია.

 მე-19 საუკუნის, მტრების შემოსევის შეწყვეტამ და ეკონომიკური მდგომარეობის გარკვეულად გაუმჯობესებამ როგორც საერთოდ, ასევე ლეჩხუმშიც ხელი შეუწყო მოსახლეობის ბუნებრივ მატებას.1897 წლის მოსახლეობის აღწერის მასალების მიხედვით (ლეჩხუმის მაზრაში სვანეთიც შედიოდა) , სულ მაზრაში ცხოვრობდა 47779 კაცი. აქედან ლეჩხუმელი - 31806, სვანი - 15359, ებრაელი - 441, რუსი - 23, სომეხი - 91, თათარი - 7, ოსი - 9, ქურთი - 6, დანარჩენი - 10.ზემოთ მოტანილი მონაცემებით კარგად ჩანს ლეჩხუმის მოსახლეობის სტაბილურობა მე-13 საუკუნიდან ვიდრე მე-19 საუკუნის დამდეგამდე, რასაც ხელი შეუწყო ამ კუთხის გეოგრაფიულმა მდგომარეობამ. ლეჩხუმი ძნელად მისასვლელი მხარე იყო და ამდენად, ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებად განიცდიდა მტრისაგან რბევას, ამასთან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ძნელბედობის დროს ბარის მოსახლეობა თავს აფარებდა ლეჩხუმს და ზოგჯერ ფუძნდებოდა კდიეც აქ. ამის გამო ლეჩხუმის მოსახლეობის რიცხვი არ მცირდებოდა.

1900 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებით ლეჩხუმის მაზრაში, რომელშიც ზემო და ქვემო სვანეთიც შედიოდა, სულ ცხოვრობდა 51643 კაცი. მაზრა დაყოფილი იყო საბოქაულოებად:

1) ალპანის საბოქაულო (ცენტრი სოფელი აჭარა), რომელშიც იმ დროს ცხოვრობდა 20431 კაცი, მოიცავდა სოფლის საზოგადოებებს: ალპანის - 2329 კაცით, დერჩის - 3643 კაცით, დეხვირის - 2932 კაცით, ნაკურალეშის - 3643 კაცით, ჭყვიშის - 2935 კაცით.

2) ცაგერის საბოქაულო (ცენტრი ცაგერი) 19521 მცხოვრებით, მათ შორის ზუბი - 3220, ოყურეში - 2921, ლაშხეთი - 2613, ლენტეხი - 2243, ორბელი - 3224 და ჩოლური - 1046 მცხოვრებით.

3) ზემო სვანეთის საბოქაულოში (ცენტრი მუჟალი) სულ ცხოვრობდა 11690 კაცი.

ირკვევა, რომ 1900 წელს ლეჩხუმის მაზრაში 51642 მცხოვრებიდან, საკუთრივ ლეჩხუმის ტერიტორიაზე, ე.ი. დიდ ლეჩხუმში, ჭყვიშის და დერჩის საზოგადოებების ჩათვლით, ცხოვრობდა 34050 კაცი, ზემო და ქვემო სვანეთში 17593 კაცი, დღევანდელი ლეჩხუმის საზღვრებში კი იმ დროისათვის - 28183 მცხოვრები.

ზემოთ მოტანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ ორ საუკუნეზე ნაკლებ დროში (1801-1989 წწ) საქართველოს მოსახელობა გაიზარდა დაახლოებით შვიდჯერ, ამას ვერ ვიტყვით საქართველოს მთიან რაიონებზე და კერძოდ ლეჩხუმზე. აქ, პირიქით, იმავე დროში მოსახლეობა დაახლოებით ორჯერ შემცირდა. ამის ერთ- ერთი მიზეზი იყო ის, რომ ამ პატარა რაიონიდან მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს 7000 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთა ნახევარზე მეტი შინ ვერ დაბრუნდა. ამასთან, მიმდინარეობდა ადგილობრივი მცხოვრებთა მასიური გადასვლა მთიდან ბარში და სოფლიდან ქალაქად მუდვივ საცხოვრებლად, ძირითადად დაუსაქმებლობის გამო.

 ლეჩხუმში რიგი სოფლები დაცალა და ზოგან მთლიანად გააუქმა ეგრეთ წოდებულმა გეგმიანმა გადასახლებამ ბოლნისსა და აფხაზეთში. ამას დაემატა ბოლო წლებში სტიქიური უბედურების გამო რაიონის ფარგლებიდან მცხოვრებთა გასვლა. შედეგები ასეთია: 1989 წლის აღწერის მონაცემებით ლეჩხუმში მუდმივ მცხოვრებთა რაოდენობამ შეადგინა 17547 კაცი. აქედან ქალია 9513, მამაკაცი კი - 8034.

2014 წლის აღწერის მიხედვით საკუთრივ ლეჩხუმში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარების ათეული ასე გამოიყურება: კოპალიანი, სილაგაძე, ახვლედიანი, ხეცურიანი, მუშკუდიანი, ჩაკვეტაძე, ყურაშვილი, ბურჯალიანი, ბენდელიანი და სვანაძე.

დღესდღეობით ლეჩხუმი დეპოპულაციას განცდის. მოსახლეობის უმრავლესობა ძირითადად დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში მიდის სამუშაოდ და საცხოვრელად. 2014 წლის აღწერის მონაცემებით ლეჩხუმში ამჟამად ცხოვრობს 10850 ადამიანი.

მხარის ეტიმოლოგია და მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

,ლეჩხუმის ეტიმოლოგიის ირგვლივ რამდენიმე მოსაზრებაა. მათ შორის აღსანიშნავია ორი: პირველი მათგანი ლეჩხუმის მეგრული ,,ჩხუმის,, (თევზის) დახმარებით, მეორე სვანური ,,ცხუმის,, (რცხილის) გამოყენებით ხსნის. უფრო სარწმუნოდ მიგვაჩნია, რომ ,,ლეჩხუმი,, მეგრული წარმოშობისაა.

მე-6 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი ლეჩხუმს სკვიმნიის სახელით მოიხსენიებს, რაც მის ბიზანტიურ შესატყვისს წარმოადგენს.

 ლეჩხუმის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო ნაწილში. კერძოდ, დასავლეთ კავკასიონის ქედის სამხრეთით მდებარე ლეჩხუმის, ეგრისისა და რაჭის ქედების თავშესაყარ ზონაში. ტერიტორია განფენილია ჩრდილო განედის 42° 28' და იმავე განედის 42° 31' შორის, აღმოსავლეთ გრძედის 42° 3' და იმავე გრძედის 42° 5' შორის. მხარე 1930 წლამდე მოიცავდა ძირითადად ახლანდელი ცაგერისა და დღევანდელი წყალტუბოსა და ამბროლაურის რაიონების ტერიტორიების ნაწილს. ლეჩხუმის დასავლეთით, სამეგრელოსაგან ასხის (ეგრისის ქედის ტოტი) მთის მასივი ჰყოფს, ჩრდილოეთით , სვანეთისაგან და ჩრდილო-აღმოსავლეთით რაჭისაგან-ლეჩხუმის ქედი. ძველს ლეჩხუმს ჩრ. აღმოსავლეთით რაჭისაგან ასკის წყალი გამოყოფდა. მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე საზღვარი თავშავის ქედის (რაჭის მთების ტოტი) სამხრეთ კალთებზე გადიოდა, სამხრეთით - იმერეთსა და ლეჩხუმს შორის საზღვარი მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერსა და ხვამლის მთის მასივზე.

 ფაქტია,რომ ლეჩხუმის ერთი ნაწილი (დერჩი, დღნორისა, მექვენა, ბეთქოულა, ლეხენდრისთავა, ჩორთისა, საჩხეულა, ჭაშლეთი, ონჭეიში) წყალტუბოს რაიონს მიაკუთვნეს, მეორე ნაწილი (ჭყვიში, ჭრებალო, ღვარდია, ჟოშხა, გენდუში, ქვიშორი) - ამბროლაურის რაიონს. არც იმერეთს ესაჭიროებოდა ლეჩხუმის საჩუქარი და არც რაჭას. ისინი ორ და მეტ რაიონულ ერთეულს წარმოადგენენ და ამ შემთხვევაშიაც ლეჩხუმს ჩამოაჭრეს ,,ჩოხის კალთები,, - რატომ და რისთვის , დღემდე გაუგებარია.

 რაიონს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთიდან - ამბროლაურის, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან- წყალტუბოს, სამხრეთ დასავლეთიდან და დასავლეთიდან - ხონისა და მარტვილის რაიონები. ლეჩხუმის ფართობი 800 კვ. კმ-ს შეადგენს.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საშუალო სიმაღლის მთები ძირითდად იურული და ცარცული  ქვიშაქვებით, კირქვებითა  და პალეოგენურ-ნეოგენური ქანებისგანაა აგებული, ხოლო მდინარეთა ტერასები და ქვაბულის ფსკერები  ალუვიური ნაფენებით.

რელიეფურად ცაგერის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ძირითადად საშუალო და დაბალი სიმაღლის ქედების, ქვაბულების და ღრმად ჩაჭრილი ვიწრო ხეობების მქონე ტერიტორიას. ჭარბობს ეროზიულ-დენუდირებული და კარსტული რელიეფი, ციცაბო და საშუალო დახრილობის მქონე ფერდობებით.

საქართველოში იშვიათად მოიძებნება ადგილი, სადაც შედარებით პატარა ტერიტორიაზე , იმდენად მრავალფეროვან, ბუნებრივ და ანთროპოგენურ ლანდშაფტურ სიმაღლეებს ვხვდებით, როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტში. მხარე განთავსებულია ერთიმეორისაგან წყალგამყოფებით, მკვეთრად გამიჯნული მდინარეების: რიონის, ცხენისწყლის, ლაჯანურის, ჯონოულის და ღვირიშის ხეობები. აქ ნახავთ ხვამლის, ასხის, საირმის,ჭიქელაშის კარსტულ საოცრ რელიეფის ფორმებს 200-250 მეტრი სიღრმის და რამდენიმე მეტრის სიგანის: ტვიშის, ორპირის, სარეწკელას, მურის და ღვირიშის კირქვებში განთავსებულ კანიონისებურ ვიწრობებს, უამრავ მინერალურ და წყაროს წყლებს, ჩანჩქერებს.

ლეჩხუმის თვალწარმტაცი ბუნების სურათები  საქართველოს მგოსანმა აკაკიმ თავის პოემაში  „რაჭა-ლეჩხუმი’’ ასე აღწერა  – /ღმერთო რა ვნახე, სასიზმრო და საარაკო მხარეა, /თუ თვით ედემი არ არის, ედემის შესადარია/.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება კოლხეთის დაბალი და საშუალო მთის ტყის ლანდშაფტების ზონას, სამხრეთიდან და დასავლეთიდან მთების – ხვამლისა და ასხის მდებარეობა განაპირობებს, დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ადგილებთან შედარებით განსხვავებულ კომფორტულ მიკროკლიმატს. დაბალ ზონაში, ზღვის დონიდან 800 მეტრ სიმაღლეზე ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +11,40, იანვრის საშუალო – 00, ივლისის  საშუალო ტემპერატურა +220. ნალექების წლიური რაოდენობა 900-1000 მმ-ია.

მდინარეთა ტერასებზე ალუვიური ნიადაგებია, მთის კალთებზე სჭარბობს ტყის ყომრალი და კორდიან-კარბონატული, მთის ტყის ქვედა სარტყელში კი გაეწროებული წყლის ყომრალი და კარბონატული ნიადაგები. 1800 მ.ზემოთ სუბალპურ და ალპურ ზონაში მთა-მდელოს კორდიან-ტორფიანი ნიადაგებია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია წაბლ-რცხილნარი, იელის ქვე ტყე, 800-1000 მეტრზე და მის ზემოთ ვხვდებით კოლხური ტიპის პოლდომინატურ ტყეებს. გავრცელებულია წაბლი, მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, ცაცხვი. სიმაღლის მიხედვით შემდეგ მოდის ძირითადად წიფლარის ტევრი შქერის ქვეტყით და მუქწიწვოვანები-სოჭი და ნაძვი. 1800 მეტრის ზევით არის სუბალპური და ალპური მდელოები.

მთა-ხეობები მდიდარია სამკურნალო მცენარებით, ქვე ტყეში გვხვდება: მოცვი, ასკილი, ჯონჯოლი, ჩიტკაკალა, ციცაბარდა, მეფშალი, სურო, ძაღლყურძენა, ჭალებზე არის: ქაცვი, ეკალა, თხილი, ბალახოვნები: ჭინჭარი, მრავალძარღვა, ქვატკეცია, შავი ბალახა, ულეწავი, კულმუხა, სამყურა და სხვა.

ტყეში ბინადრობენ: დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, შველი, კვერნა, ციყვი, მაჩვი, მაღალ ზონაში არჩვი, მდინარე ლაჯანურის ხეობაში არის გარეული ღორი.

ლეჩხუმში ზომიერი სარტყელისათვის დამახასიათებელ მთის, ტყისა და ალპური ველის ყველა სახის ფრინველებს ვხვდებით, მდინარეები მდიდარია თევზით (კალმახი, წვერა,ნაფოტა, ღორჯო და სხვა).

უძველესი და ანტიკური ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეჩხუმის ისტორია პალეონითით-ნეოლოთით იწყება. აქ ადამიანის ცხოვრების კვალი (სოფლები: ნაკურალეში, ზუბი, ზედა ტვიში, დღნორისა) ქვის ხანიდან ჩანს, ადგილზე მოპოვებულია და ცაგერის ისტორიულ მუზეუმში დაცულია უამრავი  ქვისა და კაჟის სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და საბრძოლო ნივთები.

მხარის ტერიტორია მკვლევარების მიერ აღიარებულია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ერთ-ერთ მძლავრ მეტალურგიულ კერად. ადგილზე მოპოვებულია ბრინჯაოს ნივთაების 10 განძი. აგრეთვე ზოდები, წიდები, ნაღვენთები, ქურისა და კერამიკის ნაშთები და რაც მთავარია  ყალიბი. აქვეა მოპოვებული უძველესი და უიშვიათესი ქართული, კოლხური და სხვა ქვეყნების ნუმიზმატიკური ნიმუშები, სულ 1000-მდე ერთეული. (კოლხური თეთრი, კოლხური სტატერი, ალ.მაკედონელის, ლისიმახისა და სხვა). ყოველივე ეს დაცულია ცაგერის ისტორიულ მუზეუმში.

ამ პერიოდში მას იხსენიებენ როგორს სარკინეთს ან სკვიმნის.

საგულისხმოა, რომ უძველესი დროიდან შუა ლეჩხუმზე გადიოდა „თაკვერად’’ წოდებული საქარავნო საერთაშოროისო გზა, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარე ქალაქს ფაზისს აკავშირებდა ჩრდილო კავკასიის ხალხებთან.

ხვამლის მთის ფგარშემო აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის მეტალურგიის კერები. ხვამლის ქვაბები იყო მეფეთა განძსადები, პრომეთე აქ მიაჯაჭვეს კლდეზე, აქამდე  მოაღწიეს ჰერაკლემ და  ჰეფესტომ, ხვამლისკენ მოისწრაფოდნენ   არგონავტები, პრომეთეს სისხლით განაყოფიერებულ ნიადაგზე ამოსული მცენარეებით ამზადებდა წამლებს გრძნეული მედეა. ერთ ერთი მითიური ინტერპრეტაციის თანახმად ჰერაკლეც სწორედ კეჩხუმში ხვალმზე ავიდა რათა პრომეთე გაეთავისუფლებინა.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხვამლის მთა

ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს საქართვლეოს სამეფოს შექმნის შემდეგ ადრეულ პერიოდში შეიქმნა თაკვერის საერისთაო, რომელშიც გაერთიანდა დღევანდელი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის ნაწილი-ცენტრი იყო ცაგერი, შემდგომში ამბროლაური. თაკვერს ერისთავი განაგებდა, თუმცა შემდგომში დავით აღმაშენებლის პერიოდიდან თაკვერი სვანეთის ერისთავს ემორჩილებოდა, შემდეგ ერთიანი ქართული სამეფოს დაშლამდე კი ხან დამოუკიდებელ საერისთაოდ ჩანს ხანაც სვანეთის გამგეობაში მყოფად.

მურის ციხე.

ერთიანი ქართული სამეფოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა რაჭის საერისთაო, ლეჩხუმი კი უშუალოდ იმერეთის მეფის დომენი გახდა. ლეჩხუმი ყველაზე მცირე პოლიტიკური ერთეული იყო დასავლეთ საქართველოში. თუმცა აქ უამრავი ციხე-სიმაგრე არსებობდა და ომიანობისას დასავლეთის მესვეურნი მესვეურნი სწორედ მას აფარებდნენ თავს და აქ მაგრდებოდნენ მომძლავრებული მტრის წინაამღდეგ. შუა საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით სწორედ ლეჩხუმში ხვალმში იყო ქართველ მეფეთა განძსაცავი. ასევე. ამავე პერიოდის ისტორიოგრაფიაში სიანტერესო მინიშნებაა გაკეთებული ასევე ხვამლთან დაკავშირებით "ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხვამლის მთამ გადაარჩინოს". ლეჩხუმის მმართველთა მთავარ ციხეებს ეწოდება მურის ციხეები. რიონის ხეობაში იმერეთიდან გამოსასვლელ გზას ეს ციხეები იცავდნენ. სამ კომპლექსად სიგრძეზე გაშლილი სიმაგრეთა სისტემის სახელები იყო- "დაუხვდი", "ჰკა მაგას" და "არ გაუშვა". XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმში თავი იჩინა მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, გაჩნდა თანამდებობა — ტიტული ლეჩხუმის თავი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმელი ძლიერი აზნაურები შეეცადნენ შეექმნათ ცალკე სათავადოები. ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ინასარიძეთა საგვარეულომ. შემდგომში ლეჩხუმს მთლიანად ჩიქოვანთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1714 წელს, მას შემდეგ, რაც ლეჩხუმს გამგებელი ბეჟან I დადიანი სამეგრელოს მთავარი გახდა, ლეჩხუმი სამეგრელოს სამთავროს ერთ ნაწილად იქცა, ამიერიდან მას დადიანების დანიშნული სარდალმოურავი განაგებდა. ოდიშის ეკონომიკასა და სამხედრო საქმეში ეს პატარა მხარე საკმაოდ დიდ როლს ასრულებდა. მას შეეძლო საკმაოდ ბევრი სამეურნეო პროდუქციის წარმოება, ხოლო ოდიშის ხუთი ათასიან მხედრობაში ორი ათასი მუდამ ლეჩხუმის ლაშქარს წარმოადგენდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე იმერეთის მეფე სოლომონ II შეეცადა ლეჩხუმის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ. სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიაში შესვლია შემდეგ ლეჩხუმის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — ლეჩხუმის მაზრა.ლეჩხუმი თვისი რთული და საინტერესო რელიეფით (მთები, ქვაბულები, ვიწრობები, გამოქვაბულები) თვით წარმოადგენს ბუნებრივ მიუვალ „ციხესიმაგრეს’’, ამას ემატება 40 ერთეულზე მეტი ადამიანის მიერ აგებული ციხე-სიმაგრე და ციხე-კოშკი, ამ შესაძლებლობებით საქართველოს ბარში მტერთაგან დევნილ სამეფო და სამთავრო ოჯახებს თავშესაფრად და სამეფო განძის დასაცავად ის დიდ სამსახურს უწევდა. თავისი სიძველითა და  გრანდიოზულობით. აღსანიშნავია: დეხვირის, მურის, ზუბის, ორბელის, უწვაშის ადრე ფეოდალური ხანის ციხესიმაგრეები. სარეწკელას, ორპირის, ორხვის და სხვა თითქმის მიუვალი მღვიმეები, გამოყენებული იყო ბერ-მონაზვნების საცხოვრებლად.

დადიანების მეორე დინასტია (1715-1868 წწ) მთლიანად ლეჩხუმური წაროშობის იყო. ჩიქვანების საგვარეულო სწორედ ლეჩხუმიდან დამკვიდრდა ძველი დადიანების სასახლებში.

ლეჩხუმის თავადები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხოსია ახვლედიან-ლაშხიშვილი - ?-1671 წწ
  • კაცია ჩიქვანი - 1671-1682 წწ
  • იესე კაციას ძე ჩიქვანი - 1682-1704 წწ
  • გიორგი კაციას ძე ჩიქვანი - 1704 წ
  • ბეჟან გიორგის ძე ჩიქვანი - 1704-1715 წწ
  • ბერი კოპალიანი -1751-1757 წ.

სარდალ-მოურავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქაიხოსრო გელოვანი - 1780-იანი-1799 წწ
  • ბერი გელოვანი - 1799 წ
  • გაბრიელ კოპალიანი- 1803 წ.  

ლეჩხუმს დღემდე შემორჩა მეგრულ-იმერული ურთიერთობების გავლენა და ეს მხარე საკუთარი მრავალფეროვნებით და უნიკალურობით დღემდე ინარჩუნებს ამ გავლენების გვერდით საკუთარ დამახასიათებელ თვითმყოფადობას.

XIX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეჩხუმის მაზრა

დასავლეთ საქართველოში რუსეთის მმართველობა შემოიღეს 1810 წლის თებერვლიდან. 1811 წლის აპრილში იმერეთი გამოცხადდა ოლქად. შემდეგ გადაკეთდა გუბერნიად. მასში შედიოდნენ იმერეთის და რაჭის მაზრები. 1867 წელს გაუქმდა სამეგრელოს სამთავროს დამოუკიდებლობა და იგი შეუერთდა ქუთაისის გუბერნიას. ლეჩხუმიც გამოცხადდა სამაზრო ერთეულად (მასში შედიოდა ზემო და ქვემო სვანეთი) და ისიც შევიდა ქუთაისის საგუბერნატოროში. ახლად შექმნილი მაზრის ფართობი 4636 კვ.კმ–ს შეადგენდა, ხოლო მოსახლეობა 37000 მცხოვრებს.

 თავის მხრივ ლეჩხუმ–სვანეთის მაზრა დაყოფილი იყო ალპანის, ცაგერისა და სვანეთის საბოქაულოებად. საბოქაულოს განაგებდა მაზრის უფროსის მიერ დანიშნული ბოქაული. საბოქაულო დაყოფილი იყო საზოგადოებებად. მაზრაში სულ 24 საზოგადოება იყო. სასოფლო საზოგადოებას მართავდა მამასახლისი,რომელსაც გლეხობის თვალის ასახვევად, მეფის ხელისუფლება არჩეულ პირად თვლიდა, სინამდვილეში კი მამასახლისი ბოქაულის მიერ ინიშნებოდა და სოფილის საზოგადოებაში პოლიციური ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს წარმომადგენელი იყო.

ლეჩხუმის სამაზრო ცენტრი გახდა ლაილაში.მურიდან ლაილაშს იქნა გადატანილი ადმინისტრაცია, სასამართლო,პოლიცია,დაბა სწრაფად გაიზარდა, აშენდა სახელოსნოები, სავაჭრო დუქნები, გაჩნდა რამდენიმე წვრილი საწარმო.

მე–19 საუკუნის 60–იან წლებში ლაილაშს იყო 125 კომლი 903 მცხოვრებით. სამაზრო ცენტრად გამოხადებიდან მალე იქ მოსახლეობის რიცხვმა სამი ათასს გადააჭარბა, ლაილაშს გაჩაღდა ვაჭრობა და ხელოსნობა, რასაც ძირითადად იქ მცხოვრები ებრაელები და სომხები წარმართავდნენ. ბაზრობაზე მოდიოდნენ მეზობელი კუთხეებიდან – რაჭველები, სვანები, იმერლები, გადმოდიოდნენ ოსები და ყარაჩაელებიც კი. იმ დროიდან ცხენისწყლის ხეობის და რიონ–ლაჯანურის ხეობის მცხოვრებ თავადაზნაურობას და ინტელიგენციას შორის იწყება გაუთავებელი დავა სამაზრო ცენტრის ლაილაშიდან ცაგერში გადმოტანის შესახებ.

მოპოვებული მასალების მიხედვით, ლეჩხუმის საზოგადოება აღნიშნული საკითხის გამო სამ ჯგუფად გაყოფილა. პირველ ჯგუფს მიეკუთვნებოდა დერჩის, მექვენის, ალპანის, ლაილაშისა და ჭყვიშის სასოფლო საზოგადოებანი, რომლებიც მაზრის ცენტრის ლაილაშში დატოვებას მოითხოვდნენ. აღნიშნულ საზოგადოებათა უმრავლესობა რიონის ხეობაშია განლაგებული.

მეორე ჯგუფი მოითხოვდა მაზრის ცენტრად ცაგერის აღიარებას. ამ ჯგუფში შედიოდნენ ცხენისწყლის ხეობის სოფლები, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ ოყურეშის, ზუბის, ლუხვანოს, დეხვირისა და ცაგერის სასოფლო საზოგადოებებში.

მესამე ჯგუფი უმცირესობაში იყო მოქცეული. მათი აზრით, მაზრის ცენტრი სოფელ ახალჭალას (ორბელი) უნდა დაფუძნებულიყო. ამ წინადადებას მიემხრენ მდინარე ლაჯანურის ხეობის სოფლები, რომლებიც ორბელის საზოგადოებაში იყვნენ გაერთიანებული.

რევოლუციამდელი პრესის ფურცლებიდან ირკვევა, რომ ლეჩხუმის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრის შერჩევის საკითხი მწვავე კამათს იწვევდა მოსახლეობაში. ამიტომ მისი საბოლოო გადაწყვეტა წლების მანძილზე ჭიანურდებოდა.

1880 წელს ლეჩხუმში ქუთაისის გუბერნატორი ჩასულა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა მაზრის ცენტრად სოფელი ცაგერი შეერჩია,მაგრამ მისთვის დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ ლაჯანურისა და რიონის ხეობათა საზოგადოებებს და იძულებული გამხდარა საგანგებოდ შედგენილი პირობები წარედგინა მათთვის. მათგან ერთ–ერთი მუხლი იყო ლაილაშისა და ცაგერის განაშენიანების საკითხი. ამაზე მიუთითებს ივერიაში,, დაბეჭდილი წერილის შინაარსი, რომელიც მოგვითხრობს იმ გარდაქმნების შესახებ, რაც ორმა მოწინააღმდეგე დაჯგუფებამ გაატარა თავიანთი ცენტრების – ცაგერისა და ლაილაშის გამშვენიერებისათვის. 80–იან წლებში ცაგერში გაუყვანიათ გზატკეცილები, გაუშენებიათ ბაღი, რომელიც დღესაც ამშვენებს ცაგერს და შემორჩენილი აქვს სახელად ,,ენკელის ბაღი,, ( ენკელი გვარია იმ დროს ლეჩხუმის მაზრის უფროსისა, რომლის თაოსნობითაც გაშენდა ბაღი). აუგიათ სავაჭრო დუქნები, უფრო ორგანიზებული სახე მიუციათ ,, იარმურკობისათვის,, , რაც ტრადიციულად ეწყობოდა მურში და შემდეგ ცაგერში და სხვა. ასეთი სამუშაოები ჩატარებულა სოფელ ლაილაშსაც. კორესპონდენცია მთავრდებოდა ასეთი სიტყვებით: ,,ბოლოს ლაილაშში დარჩება მაზრის ცენტრი, თუ ცაგერში გადაიტანებენ, არ ვიცით. იმედის თვალით შევყურებთ მომავალს, როცა მოვესწრებით სამაზრო ცენტრად ცაგერის აღიარებას,,.

ცაგერი

 სამაზრო ცენტრის ცაგერში გადმოტანის მომხრეთა შორის მოთავეები იყვნენ ნასპერელი მემამულე, მაზრის პოლიციის უფროსი, ქველმოქმედი პიროვნება ტარას ახვლედიანი, ცაგერელი მემამულე ალექსი მდივანი და იმ დროს პრესის აქტიური თანამშრომელი, მრავალი კორესპონდენციის ავტორი ყართლან ჩიქოვანი (ქაიხოსრო გელოვანთან ერთად ამ სამი პიროვნების აქტიური ზრუნვით გაიხსნა დაბა ლაილაშს ლეჩხუმის პირველი საერო–საქალაქო სასწავლებელი 1871 წელს). სამაზრო ცენტრის ლაილაშს დარჩენის მოთავე იყო უგანათლებულესი პიროვნება, პუბლიცისტი, თავადი ქაიხოსრო გელოვანი (მეორე).

ლაილაშს სამაზრო ცენტრის არსებობის მოწინააღმდეგეებს მთავარ არგუმენტად ჰქონდათ სოფელ ღუს (ლაილაშის მიმდებარე სოფელი) მეწყრული მოვლემების გამო სამაზრო ცენტრში მისასვლელი გზების ყოველთვის უვარგისობა.

1882 წელს ,,დროებაში,, გამოქვეყნდა უმაღლესი მთავრობის განკარგულება ქალაქად ცაგერის დატკიცების შესახებ. გაზეთ ,,დროებაში,, ვკითხულობთ: ,,4 თებერვალს ლეჩხუმის მაზრის უფროსმა გამოაცხადა უმაღლესი მთავრობის განკარგულება, რომ დღემდის ქალაქად წოდებული ლაილაში გაუქმდა და მის მაგივრად ქალაქად დამტკიცდა ცაგერი,,. 1882 წელს ლეჩხუმის სამაზრო ცენტრი ლაილაშიდან ცაგერში იქნა გადმოტანილი. ლაილაშელების გულისწყრომა გაზეთ ,,ივერიის,, ფურცლებზე შემდეგნაირად გამოხატა კორესპოდენტმა: ,,სანამ ლაილაში იყო სატახტო დაბა, სადაც წარმოებდა ლეჩხუმის თავი და თავი გამგებლობა, სანამ ლაილაშში მოთავსებული იყვნენ უმთავრესი სასამართლონი, მანამდის ლეჩხუმის ყოფა–ცხოვრება მიმდინარეობდა წყნარად,დინჯად და როგორც ზოგნი ამბობებ საბედნიეროდაც. მაგრამ ერთ–დღეს მოიქუფრა ლაილაშის ცა,ისე სქელის ღრუბლებით დაიფარა ბრწყინვალე მზე, რომ ერთი სხივი რა რის,ისიც კი არარსაიდან ანათებდა ამ არემარეს. ამავე დროს , სამაგიეროდ სოფელ ცაგერის მიდამო გამთბარი და განათებული იყო დიდებულის მზისაგან ისე რომ,ბერიკაცები თავის დღეში არ მოსწრებიან იმისთანა საკვირველს და საამურ სინათლეს.ის დრე იყო და ის დღე, ყველაფერმა იცვალა ფერი ლეჩხუმისათვის, რაც აქამდის აღმა მიდიოდა, იმას დაღმა მოჰყვა მიმდინარეობა, დამარცხებულ ლაილაშს სული უგუბდება, როდესაც ხედავს ცაგერის ბედნიერებას და ბედნიერი ცაგერი კი ფეხებს უბრაგუნებს უმისოდაც წელში მოწყვეტილ ლაილაშს,,.

შემდგომი პერიოდის მასალებიდან ირკვევა, რომ რიონისა და ლაჯანურის ხეობების სასოფლო საზოგადოებების თავკაცებს ფარხმალი არ დაუყრიათ და იბრძოდნენ სამაზრო მმართველობის ორგანოების უკან – ლაილაშში დაბრუნებისათვის. როგორც ჩანს,ქუთაისის ახალი გუბერნატორი კიდევაც დაუთახნმებიათ ამაზე და სათანადო განკარგულება გაუცია მაზრის უფროსისადმი, რომ ცაგერში გადატანილი სამაზრო დაწესებულებები გადაეტანათ ისევ ლაილაშში. გუბერნატორის აღნიშნული განკარგულება არ შესრულებულა, იგი მალე გარდაიცვალა და მაზრის უფროსს უარი უთქვამს მის განხორციელებაზე.

 ცაგერი საბოლოოდ დამტკიცდა სამაზრო ცენტრად, მიუხედავად ამისა უკმაყოფილების გამოძახილი კვლავ პოულობს ასახვას ,,ივერიის,, ფურცლებზე. თავადი ქაიხოსრო გელოვანი, რომელიც სამაზრო ცენტრის ცაგერში დაფუძნების მოწინააღმდეგე იყო, წერს: ყური არ უგდეს უმრავლესობის მოთხოვნებს, აღსრულდა უმცირებსობის სურვილი, სამაზრო ცენტრი ცაგერში წაიღეს. სამაზრო პოლიცია და სასამართლო ხალხისათვის არის დანიშნული, მაგრამ ლეჩხუმში ეს ასე არარის – ერთი–ორი რომ სარგებლობს ამ დაწესებულებით, ასი და ორასი მოკლებულია პოლიციის მფარველობას და მსაჯულთა სამართალდ სიშორის გამო.ამიტომ მაზრის სამმართველოსი და მომრიგებელი სამსჯავროს ცაგერში დაფუძნება შეუფერებელი ღონისძიება იყო.

რაჭა-ლეჩხუმის გლეხთა აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაჭა-ლეჩხუმის გლეხთა აჯანყება დაიწყო 1918 წელს მენშევიკთა ბატონობის წინააღმდეგ. აჯანყების უშუალო საბაბი გახდა სოფელ ლასურიაში მოწვეულ ყრილობაზე სამაზრო ერობის წარმომადგენელთა გამოუცხადებლობა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ცაგერის გამაგრების დაწყება. გლეხების ერთ-ერთმა რაზმმა, რომელსაც ი. სვანიძე მეთაურობდა, ხელთ იგდო ცაგერი და სამაზრო ხელისუფლება გააუქმა. მენშევიკურმა მთავრობამ ლეჩხუმში გვარდიელთა ეაზმი გაგზავნა ჯავშნოსანი ავტომობილის თანხლებით, მაგრამ ეს რაზმი გლეხებმა განაიარაღეს, ხოლო მისი მეთაური დ. დადეშქელიანი მოკლეს.

14 მარტს მთავრობამ ლეჩხუმის მაზრა კანონგარეშე გამოაცხადა. მენშევიკურმა გვარდიამ ჩაკეტა ლეჩხუმისაკენ მიმავალი ყველა გზა. აკრძალა ლეჩხუმში სურსათის შეტანა. ისედაც დამშეული მაზრა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მთავრობის ამ ღონისძიებებმა გლეხობა ვერ გატეხა. 15 მარტს ლეჩხუმის მაზრის სოფლის საბჭოებმა საქართველოს მშრომელებს მოუწოდეს დახმარებოდნენ აჯანყებულებს საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. საქართველოს სხვა კუთხეებშიც დაიწყო მოძრაობა. საყოველთაო გამოსვლის შიშით მთავრობამ ბოიკოტი კი მოხსნა ლეჩხუმს, მაგრამ გვარდიელთა ახალი რაზმები გაგზავნა იქ. უთანასწორო ბრძოლების შემდეგ მთავრობის ჯარის ნაწილებმა ცაგერი აიღეს. გლეხებს იარაღი არ დაუყრიათ და ცალკეული ჯგუფები ბრძოლას განაგრძობდნენ. ახალი ძალით იფეთქა აჯანყებამ რაჭაში. გლეხობამ მოითხოვა ადგილობრივი ხელისუფლების გადასვლა საბჭოების ხელში. აჯანყებულთა დასახმარებლად მივიდნენ სამეგრელოს გლეხთა რაზმი ალექსი გეგეჭკორის ხელმძღვანელობით. შეიქმნა სამეგრელო-რაჭა-ლეჩხუმის რევოლუციური შტაბი, რომელშიც 5 კაცი შედიოდა. შტაბის ბრძანებით ონელ ვაჭრებს ფული გადაახდევინეს და ეს თანხა მშრომელთა სურსათით მომარაგების საქმეს მოახმარეს. ამავე დროს ამბროლაურში რაიონულ ყრილობაზე აირჩიეს რაიონის ხელმძღვანელი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტი. ვითარება გართულდა. აჯანყებულთა წინააღმდეგ გაიგზავნა გვარდიის ნაწილები, რომლებიც აჯანყებულებმა სოფელ ტვიშთან გაანადგურეს. ასევე დამარცხდა აჯანყებულთა წინააღმდეგ გაგზავნილი მეორე რაზმიც. გორგაღალასთან ბრძოლაში გლეხებმა მთავრობის ჯარს 15 კმ-ით უკან დაახევინეს. 2 კვირის უთანასწორო ბრძოლის შემდეგ, 23 აგვისტოს, აჯანყებულები დამარცხდნენ.

აფხაზეთის გადასახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კომპარტიის მდივანმა ლავრენტი ბერიამ 1934 წელს დაიწყო რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთ-სამეგრელოს ცალკეული მხარეებიდან მოსახლეობის კომპაქტური ჩასახლება აფხაზეთის ტერიტორიაზე მისი სრული ათვისების და მხარის დემოგრაფიული ცვლილებებსთვის. ამ პერიოდში აფხაზეთში ფეხი ძიერად მოიკიდა ქართული წარმოშობის მოსახლეობამ და თანდათან გაქრა დომინანტი ბერძნულ-ჩრდილოკავკასიური ელემენტები. გადასახლებებს მოყვა ლეჩხუმის დემოგრაფიული შემცირება. თუმცა აფხაზეთში დამკვიდრდა საკმაოდ ძლიერი და მრავალრიცხოვანი ლეჩხუმური დასახლებები.

აფხაზეთის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ომში ბევრი ლეჩხუმელი იბრძოდა. განსაკუთრებით კოპალიანები, ბენდელიანები, მუშკუდიანები. გუმისთის ფრონტზე გამაგრებული ბატალიონებიდან ყველაზე ცნობილის და აგნგარიშგასაწევი I ბატალიონის უმრავლესობას ლეჩხუმელები შეადგნედნენ (განსაკუთრებით კოპალიანები). ესენი ძირითადად იყვნენ ადგილობრივი სამხედროები და მოხალისეები ვინც ბერიას გადასახლების შემდეგ ან მმანამდე ნებაყოფლობით გადასახლებულთა შრთამომავლები იყვნენ. მათ განსკაუთრებულ როლი მიუძღვით ორ ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძლის მოგერიებაში მათ შორის ცნობილი მარტის ბრძოლები და ტამიშის სპეცოპერაციის მოგერიება.

დღევანდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეს ლეჩხუმი დეპოპლაციას განიცდის. მხარეში არაა შექმნილი სათანადო საარსებო პირობები და სმაუშაო ადგილები იმისათვის რომ ადამიანმა შეძლოს მატერიალური კეთილდღეობის მიღება. თუმცა ბოლო პერიდში შეინიშნება პროგრესი კულტურული განვითარების მხრივ. ლეჩხუმში დღეს ძირითადად მწარმოებელ ბრენდად ქცცეულია მეღვნეობა და ღვინის საწარმოები.

უსახელოური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უსახელოური არის ლეჩხუმური წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. მარცვალი მუქი წითელია, რბილობი წვნიანი და ტკბილია. ყურძენი მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში. მოსავლიანობა 50—70 ც/ჰა. უსახელოურისგან მზადდება მაღალი ღირსების ნახევრად ტკბილი და სუფრის ღვინოსაქართველოში უსახელოური კულტივირებულია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბისა და სოფელ ოყურეშის მიდამოებში (სახელი შეერქვა ცაგერის რაიონოს სოფელ უსახელოდან). ესაჭიროება სპეციალური მინერალებით გაჯერებული ნიადაგი რაც საქართველოში ძლაიან მცირეა და მისი უმეტესობა ლეჩხუმის ტერიტორიაზეა თავმოყრილი. ეს არის მსოფლიოში ერთ ერთი სუაკეთესო ღვინის ბრენდი, უნიკალური თვისებებით და ასევე ერთ=ერთი ყველაზე ძვირადღირებული. უსახლელოურის მტევნები გამოსახულია ლეჩხუმის დროშაზეც.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეჩხუმი. ხვამლის მთა.

უძველესი დოიდან ლეჩხუმის ტერიტორიაზე მოსახლე ტომები (სკვიმნები, მათი წინაპრები) თაყვანს სცემდნენ ციურ მნათობებს. მთავარი სალოცავი იყო ხვამლის მთა, ლეჩხუმლებბში ასევე გავრცელებულია პრომეთეს თაყვანისცემა, რომელიც ადგილობრივი ლეგენდის თანახმად ხვამლზეა მიჯაჭვული. ყოველ ბუნნიობას მზის ამოსვლისას მისი დანახვაა შესაძლებელი. ლეჩხუმურ თქმულებაში პრომეთე თითქმის ითავისუფლებს თავს მაგრამ ელვა ქუხილის ღმერთის მიერ გამწესებული მჭედლები, რომლებიიც ხმალის მთის ქვემოთ ცხოვრობენ გრდემლზე აახლებენ მუშაობას და ჯაჭვებიც მყისვე იკვრება უწიდებურად. ლეჩხუმელები ხვამლის მხიედვით ასევე საზღვრავდნენ ამინდიანობას (დღმდე ასეა და საკმაოდ ზუსტიც) ამიტომ ხვალმს როგორც ელვა ქუხილის და ამინდის ღმერთის სამყოფელს ისე ეთაყვანებოდნენ. ასროლოგთა თქმით ხვამლის მთის სიგრძეზე თორმეტივე ზოდიაქოს თანავარსკვლავედის განლაგების დანახვა შეძება ამიტომაც მასე მეორენაირად "ვარსკვლავთმრიცხველსაც" უწოდებენ. ლეჩხუმელთა შორის გავრცელებული ღვთაება იყო ასევე ოჩო-კოჩი.

ლეჩხუმში  ქრისტიანობა VI-VII საუკუნეებიდან დამკვიდრდა. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის 30-მდე ნანგრევი და ძლიერ დაზიანებული და უკვე აღდგენილი და ახლად აშენებული 35-მდე ეკლესია-მონასტერი. აქედან სიძველით გამოირჩევა მურის წმიდა მაქსიმეს (ადრე არსენის) (VI-VIIსს), გვესოს ღმრთისშობლის (IX-XI სს), ცაგერის ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი (X-XI სს), ლაბეჭინის წმიდა გიორგის (X-XI სს), გონის წმიდა გიორგის (X-XI სს), ხვამლის წმიდა გიორგის  (XII-XIIIსს),  დერჩის იოანე ნათლისმცემლის  ( XI ს), ცხეთის წმიდა გიორგის (XVIII ს) ეკლესია მონასტრები. მათ შორის მთავარია წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახლეობის მამათა მონასტერი. წმ. მაქსიმე ითვლება მთლეი ლეჩხუმის მფარველად. მისი წმინდა ძვლები აღოაჩინეს ამავე ეკლესიის საძირკველში 2014 წელს.

დასახლების ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ისტორიულად ჩამოყალიბდა დასახლების სამი ტიპი: მთური - ფერდობზე შეფენილი სახლების მცირე რაოდენობა, მჭიდრო მსხვილი დასახლებული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, საკარმიდამო ტიპის დასახლება დასავლეთ საქართველოში. დასახლების ამ ტიპებს შეეფარდება საცხოვრებელ ნაგებობათა სახეობები: მთური, დარბაზული და კოლხური.

საქართველოს მთიანეთის საცხოვრებელი ნაგებობა წარმოადგენს 2-4-სართულიან ქვის ნაგებობას, აგებულს მშრალი წყობითა და დუღაბით. საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი განლაგებულია ვერტიკალურ სიბრტყეზე და ჩაკეტილი კომპლექსის სახით წარმოგვიდგება. ლეჩხუმში ორი სახის სამოსახლოებია. მთისწინეთში შედარებით სწორედ მთიანეთის მსგავსი საცხოვრებელი კარმიდამოებია, დაბლობში კი კოლხური ტიპის ოდები ან ოდას მსგავსი შედარებით დიდი სახლები ე.წ. "კოცოლზე".

ციხე-კოშკების სიმრავლეს ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილი. “ლეჩხუმის მოსახლეები, აზნაურნი და გლეხნი, რამეთუ არ არის მოსახლე, რომელს არს ედგას ციხე-კოშკი ქვითკირისა, შენობანი ყოველივე ქვითკირისანი” (XVIIIს).

რიგ სოფლებში ასევე გავრცელებულია ე.წ. "ფახა" და "ძელურები". თუმცა მათი უმეტესობა დღესდღეობით მხოლოდ დროებითი საცხოვრებლებია.

სამოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოხა და დამახასიათებელი აღკაზმულობა.

შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ლეჩხუმელი მამაკაცის ეროვნული სამოსის ძირითადი ტიპი ჩოხა-ახალუხის კომპლექსია, ვერცხლისთავიანი ან შავთავიანი მასრებითა და ვერცხლისქარქაშიანი ან შავქარქაშიანი ხანჯლით გაწყობილი. ჩოხების ფერებში ჭარბობს შავი და თეთრი. ასევე ზოგიერთ სოფელში გავრცელებული იყო რაჭვული ჩოხა, მეგრული ყაბალახი და იმერული თავსაკრავი.

თუმცა უკვე XIX საუკუნის ბოლოდან და XX საუკუნის დასაწყისიდან ტანსაცმელის ძირითად მასალად ფაბრიკული ქსოვილების გამოყენებამ დააკნინა შინამრეწველობა და კუსტარული შინარეწვა, რამაც ზეგავლენა მოახდინა ქართული ჩაცმულობის ტრადიციულ ფორმებზე. საქართველოში გავრცელება დაიწყო ევროპულმა მოდამ. სოფლის მოსახლეობა ჩოხას რუსულ მაზარაზე ცვლის, მაღალი კლასის წარმომადგენლები - ევროპულ ფრაკებსა და კოსტიუმებზე.

სოციალური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად საქართველოში ჩამოყალიბდა დიდი პატრიარქალური ოჯახი, ერთობის სახლი, ერთ ჭერქვეშ მცხოვრები, დაუყოფელი რამდენიმე თაობა. დიდ ოჯახს განაგებდა უფროსი მამაკაცი, რომელიც სათავეში უდგა შთამომავლობას და რომლის სახელსაც ატარებდა ოჯახი. ის იყო მთელი ოჯახისათვის საერთო გეზის მიმცემი ყველა საკითხში, პასუხისმგებელი, ფლობდა ხაზინის (ქისის) შენახვის, სხვა სამუშაოებით ნაშოვნი ფულის ცენტრალიზაციისა და ხარჯვის უფლებას, ოჯახს შიგნით იყო მოსამართლე და განმსჯელი. სოფლის ყრილობაზე, სადაც სოფლისათვის საერთო საკითხებზე მსჯელობდნენ, ოჯახს წარმოადგენდა უფროსი მამაკაცი: სახლის უფროსი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ადგილობრივი დიალექტური ფორმით წარმოითქმის (პაპა, სახლიკაცი, სახლის დიდი და ა.შ) რაჭასა და ლეჩხუმში კი მას ბაბუა ეწოდება. უხუცესი მამაკაცის ძალაუფლებისა და ავტორიტეტის გამომხატველია საპატიო სკამ-სავარძელი - სვანური „საკურცხილ“, მთის რაჭული „საკარცხულ“, მთიულური „საუფროსო სკამი“, მოხეური „სამარტო სკამი“, როგორც ოჯახის უფროსის რიტუალური და სოციალური ყოფის გარკვეული ატრიბუტი. ლეჩხუმში რაჭვული ტიპი იყო გავრცელებული

ოჯახის შიდა საქმეებს, ძირითადად, სამეურნეო საკითხებს განაგებდა უხუცესი ქალი, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმში ეწოდება ბებია (სხვ. კუთხეებში უფროსი ქალი, ბები, დედაკაცი და ა.შ). მას ევალებოდა პურის ცხობა, მთელი წლის მოსავლის განაწილება-გაყიდვა, ოჯახის დანარჩენ ქალთა შორის სამუშაოს განაწილება და სხვ. ოჯახის დედასთან ინახებოდა სკივრებისა და ბეღლებისგასაღებების ასხმულა - ოჯახის შიდა სამეურნეო საქმიანობის სიმბოლო. ქალი დედა ოჯახის ერთიანობის, სითბოს, სიმ-ყუდროვის გამომხატველი და ოჯახის ბურჯი იყო.

ამგვარი წყობილება გაგრძელდა მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებამდე თუმცა ზოგიერთ სოფელში იგი დღემდე გვხვდება.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხვამლის მასივი; წმ. მაქსიმე აღმსარებლის წმინდა ნაწილები და მისი სახელობის მონასტერი მურში და მისსავე სახელობის გრანდიოზული მშენებარე ტაძარი ქ.ცაგერში; ცაგერის ვარლამ მახარობლიძის სახელობის ისტორიული მუზეუმი; ცხეთა-დეხვირის არქეოლოგიურ- ეთნოგრაფიული მუზეუმი „ღია ცის ქვეშ’’; პოეზიის მარად უჭკნობი შედევრების ავტორის ლადო ასათიანის, ომში დაღუპული პოეტის სევერიან ისიანის, საინჟინრო ჯარების მარშლის არჩილ გელოვანის მემორიალური მუზეუმები; ქალაქ ცაგერის სურათების გალერეა; მწვანე თეატრი, ე.ბენდელიანის საოჯახო მუზეუმი. მრავალ-ეთნიკური (ქართველები, ებრაელები, სომხები, ოსები, ქურთები, რუსები,..) მთის სოფელი ლაილაში, სადაც არის მართლმადიდებელი, სომხური ეკლესიები და მე-7-ე საუკუნის ებრაული სინაგოგა; მურის ციხეები ცაგერთან ახლოს, ორბელის ციხე-კომპლექსი, დეხვირის ციხე, ლასურიაშის საეკლესიო- სამონასტრო კომპლექსი, ლაჯანურ ჰესი მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე უნიკალური ჰესი, მდინარე ლაჯანურის ზემო წელი – ძუღურის და ლაშიჭალის იშვიათი სამკურნალო მინერალური წყლები, სოფ. სპათაგორის არჩილ გელოვანის მემორიალური მუზეუმი, საირმის საოცარი კასტრული ,,სვეტები’’, ტვიშის თავდაცვითი სამხედრო ნამგოგები (დაახლ. XIIIს.), უძველესი ნასოფლარი გონი-შემდგომში ამავე სახელწოდების ადრე შუასაუკუნეების წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, საინტერესო არქიტექტურული ნაგებობა. მასში არსებული კანკელი გამოირჩევა უაღრესად საინტერესო მაღალმსტერილურობით; ღვირიშის ხეობა- ამავე სახელწოდების თვალწარმტაცი ჩანჩქერით; ოყურეშში,,უსახელაურის“ უნიკალური ვაზის ჯიშის ადგილი; სოფ. ზუბის ქვის ხანის ნასახლარი, წმ. გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესია დაანტიკური პერიოდის ზუბის ციხე;

ცნობილი ლეჩხუმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეჟან I დადიანი (ჩიქვანი) — ოდიშის მთავარი 1717-1728, გიორგი II ლიპარტიანის ძე. 1704-იდან ითვლებოდა "ლეჩხუმის ბატონად". 1714 მამა დააპატიმრა, მისი "მისანდონი" ამოხოცა და დადიანი გახდა;

ბერი კოპალიანი — ლეჩხუმის თავი. 1757 წელს ლეჩხუმის სამხედრო რაზმს ხელმძღვანელობდა ხრესილის ბრძლაში;

ქაიხოსრო გელოვანი — 1780-იანი-1799 წწ ლეჩხუმის ისტორიაში ყველაზე ძლიერი სარდალმოურავი. მან შეიფარა დევნილი სოლომონი. ასევე მონაწილეობა მიიღო კრწანისის ომში სოლომონ მეორის მიერ გაგზავნილ დამხმარე ლაშქარის ერთ ერთი ხელმძღვანელი;

კაცია კოპალიანი — სოლომონ II ის მოურავი 1803 წ.

იასონ გელოვანი — ლეჩხუმის თავადი XIX საუკუნის შუა წლებში. ლეჩხუმის ცენტრის ლაილაშიდან ცაგერში გადატანის ერთ ერთი მთავარი ინიციატორი; შემდგომში სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი;

ტარასი ახვლედიანი — XIX საუკუნის ლეჩხუმის მაზრის ყველაზე ცნობილი და გავნენიანი პოლიცმეისტერი. ლაილაშიდან ცაგერში ლეჩხუმის ცენტრის გადატანის ერთ ერთი ინიციატორი;

არჩილ გელოვანი — საბჭოთა სამხედრო მშენებლობის ისტორიაში საინჟინრო ჯარების პირველი მარშალი

ლადო ასათიანი — ცნობილი ქართველი პოეტი.

ჯანსუღ ჩარკვიანი — ცნობილი საზოგადო მოღვაწე და პოეტი.

მამუკა ჩარკვიანი — ცნობილი მომღერალი და პოეტი.

გიორგი ახვლედიანი — ქართველი ენათმეცნიერი. თსუ-ის პროფესორი. ერთ ერთი დამფუძნებელი (1918 წ.) აკადემიკოსი. აშშ-ს ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი.

მიხეილ ჩიქოვანი — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი, ქართული ფოლკლორის პოპულარიზატორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი. ფოლკლორის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი

აპოლონ სილაგაძე — აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე;

გია ახვლედიანი — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

მერაბ მამარდაშვილი — მსოფლიო დონის ფილოსოფიის პროფესორი და დოქტორი.

ვახტანგ ჭაბუკიანი —ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი,საბალეტო ცეკვების მსოფლიო ვარსკვლავი.

ზურაბ კოპალიანი — მსოფლიო ჰიდროლოგთა ჯგუფის წევრი რომელმაც მიიღო ნობელის პრემია.

გრიგოლ დადიანი — სამეგრელოს სამთავროს დადიანების მეორე დინასტიის,ანუ გადადიანებული ლეჩხუმლების ერთერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი,მწერალი,საზოგადო მოღვაწე,წარმატებული სამხედრო პირი,ინფანტერიის გენერალი.

ირაკლი ჩარკვიანი — ცნობილი მომღერალი

გელა ჩარკვიანი — ცნობილი ქართველი დიპლომატი. საქართველოს ელჩი ინგლისში.

ვლადიმერ უგრეხელიძე — ცნობილი ქართველი კალათბურთელი სუპერვარსკვლავი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ოლიმპიადის ვერცხლის მედლის პრიოზიორი.

ნუგზარ ასათიანი — სსრკ-ს ჩემპიონი, ევროპის ჩემიონი, მსოფლიოს ჩემიონი და ოლიმიური ჩემპიონი ფარიკაობაში.

ვახტანგ ქარსელაძე — ქართული საჭადრაკო სკოლის დამაარსებელი. ნონა გაფრინდაშვილის ამსწავლებელი.

დიმიტრი კოპალიანი — ქუთაისის მერი 2013-2014 წწ. მოღვაწეობს აშშ-ში. ჟენერალ მოტორსის მმართველი საბჭოს გენერალური დირექტორი.

დავით ბაქრაძე — ქართველი პოლიტიკოსი. წარმოშობით ლეჩხუმიდან. ცაგერი.

ნინო ბურჯანაძე — ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი. წარმოშობით ლეჩხუმიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • ბერაძე თ., ქსე, ტ. 6, გვ. 208, თბ., 1983
  • მარიამ ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე, დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი, „საქართველოს ისტორია“ ოთხ ტომად. უძველესი დროიდან ახ. წ. XX საუკუნემდე. გამომცემლობა პალიტრა L. თბილისი. 2012 წ.
  • დავით კოპალიანი "ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან" უძველესი დროიდან დღემდე. ქუთაისი. 2002წ.
  • გიორგობიანი ა., გმირული ბრძოლების დაუვიწყარი დღეები, თბ., 1967;
  • კიკვიძე ა., რაჭა. რევოლუციური წარსული და აწმყო, თბ., 1976;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 6, თბ., 1972;
  • დღვილავა მ., კოჭლანაზაშვილი რ., ქსე, ტ. 8, გვ. 312, თბ., 1984

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეთნოსები საქართველოში: [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა. - თბილისი, 2008. - 310 გვ.: ფოტ., ნახ. ; 27 სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN 978-9941-0-0901-3 (ორივე ტ.); ISBN 978-9941-0-0902-7
  • ჩიქოვანი, ნინო. რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ.; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 :
  • აბაშიძე, ზაზა. საქართველო და ქართველები: (საკითხავი წიგნი): [სახელმძღვ.] / ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე, ოთარ ჯანელიძე; ზაზა აბაშიძის რედ.; რუკების ავტ. მანანა შეყილაძე; მხატვ. ეკა ტაბლიაშვილი. - თბილისი, 2013 (შპს „ფავორიტი პრინტი“). - 676, [10] გვ.: რუკ.; 22 სმ.. - ყდაზე: ქართველ მეფეთა ხელრთვები და ნიშნები. - ISBN 978-9941-0-5498-3