ლექსიკოგრაფია
ლექსიკოგრაფია — (ბერძნ. lexikos – სიტყვისა და grapos – ვწერ), ენათმეცნიერების დარგი, რომელიც ამუშავებს ლექსიკონის შედგენის თეორიულ და პრაქტიკულ პრინციპებს.[1]
ლექსიკოგრაფია აღრიცხავს და ადგენს ლექსიკონთა ტიპებს, აყალიბებს ცალკეულ სახეობათა შედგენის პრინციპებს. ლექსიკოგრაფიის პრაქტიკული ფუნქციაა ლექსიკურ ერთეულთა თავმოყრა და სისტემატიზაცია, სიტყვათა რაოდენობის განსაზღვრა, სალექსიკონო ფორმის შერჩევა (სათანადო ენის გრამატიკული წყობის გათვალისწინებით), სალექსიკონო სტატიის პრინციპების დადგენა – სიტყვათა ანბანურად თუ ბუდობრივად გაწყობა, განმარტებათა სახეობების გამომუშავება, მნიშვნელობათა და ნიუანსურ სხვაობათა, მეტაფორულ და ფიგურალურ ხმარებათა გათვალისწინება, სადოკუმენტაციო ფონდის შერჩევა და სხვ.
თანამედროვე ლექსიკოგრაფიის თეორიის მახასიათებლებად მიიჩნევენ:
- ლექსიკის სისტემურობას, ლექსიკონებში სიტყვის ლექსიკურ-სემანტიკური სტრუქტურის გათვალისწინებას სხვა სიტყვებთან მიმართებით;
- აღმნიშვნელისა და აღსანიშნის მიმართებათა ცვალებადობას (მნიშვნელობის ცვლა მეტყველებაში და მისთ.;
- ენის გრამატიკასა და სინტაქსთან, მორფოლოგიასა და ფონეტიკასთან, განსაკუთრებით კი ლექსიკოლოგიასთან ლექსიკოგრაფიის მჭიდრო კავშირის აღიარებას.
თანამედროვე ლექსიკოგრაფიის დამსახურებაა მის მიერ ლექსიკონების დიდი სოციალური მნიშვნელობის აღიარება, ხაზგასმა იმისა, რომ ეპოქის მიღწევები თავს იყრის ლექსიკონებში.
საქართველოში ლექსიკოგრაფიული მუშაობის დიდი ტრადიცია არსებობს: განმარტებითი ლექსიკონი, დიალექტური ლექსიკონი, თარგმნითი ლექსიკონი, იდეოგრაფიული ლექსიკონი, ინვერსიული ლექსიკონი, ისტორიული ლექსიკონი, სიმფონია, სინონიმთა ლექსიკონი, სპეციალური ლექსიკონი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. გარდა ამისა, მონოგრაფიულადაა შესწავლილი ცალკეულ მწერალთა ლექსიკონები. გამოცემულია ვაჟა-ფშაველას (ა. ჭინჭარაული), ილიას, აკაკისა და გალაკტიონის (თ. სანიკიძე) ლექსიკონები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Jackson, Howard (2017-10-02), "English lexicography in the Internet era", The Routledge Handbook of Lexicography (Routledge): pp. 540–553, , ISBN 978-1-315-10494-2, http://dx.doi.org/10.4324/9781315104942-34. წაკითხვის თარიღი: 2022-09-16