შინაარსზე გადასვლა

ლეონორ კასტილიელი (1191-1244)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონორ კასტილიელი
არაგონის დედოფლები
მმართ. დასაწყისი: 6 თებერვალი, 1221
მმართ. დასასრული: აპრილი, 1229
წინამორბედი: მარი დე მონპელიე
მემკვიდრე: იოლანდა უნგრელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1191
გარდ. თარიღი: 1244
მეუღლე: ხაიმე I, არაგონის მეფე
(ქ. 1221 - განქ. 1229)
შვილები: ალფონსო
დინასტია: ივრეები
მამა: ალფონსო VIII, კასტილიის მეფე
დედა: ელეონორ ინგლისელი
რელიგია: კათოლიციზმი

ლეონორ კასტილიელი (ესპ. Leonor de Castilla; დ. 1191 – გ. 1244) — კასტილიისა და ლეონის მეფე ალფონსო VIII-ისა და დედოფალ ელეონორ ინგლისელის ასული. არაგონის დედოფალი 1221-1229 წლებში, როგორც მეფე ხაიმე I დამპყრობლის პირველი ცოლი.

ლეონორი 1191 წელს დაიბადა და იგი კასტილიისა და ლეონის მეფე ალფონსო VIII-ისა და დედოფალ ელეონორ ინგლისელის ქალიშვილი იყო. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია კასტილიის მეფე სანჩო III და დედოფალი ბლანკა ნავარელი იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან - ინგლისის მეფე ჰენრი II და დედოფალი ელეონორ აკვიტანიელი.

1221 წელს პრინცესა ლეონორი არაგონის მეფე ხაიმე I-ს მიათხოვეს ცოლად. ქორწილი ქალაქ აგრედაში შედგა. ქორწინების შემდეგ ლეონორის დედოფლობა არაგონში წარმატებული არ ყოფილა. პირველი ექვსი წელი არაგონის სამეფოში მეტად ქაოტური იყო და ამბოხებებით გამოირჩეოდა. საბოლოოდ, 1227 წლის 31 მარტს მეფე ხაიმემ და არაგონელმა დიდებულებმა ალკალას სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმეს, რითაც ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა.

რვაწლიანი ქორწინებიდან ლეონორსა და ხაიმეს მხოლოდ ერთი ვაჟი, ინფანტი ალფონსო შეეძინათ, რომელიც კონსტანსია დე ბეარნზე იყო დაქორწინებული. 1229 წლის აპრილში ხაიმე I ოფიციალურად, პაპის ნებართვით, ახლონათესაური კავშირის საფუძველზე გაეყარა დედოფალ ლეონორს. მათი საერთო ვაჟი მალევე გარდაიცვალა მემკვიდრის გარეშე, თავად ლეონორს კი განქორწინების შემდეგ ხელახალი ქორწინება სამუდამოდ აეკრძალა, თუმცა თავად ხაიმემ რამდენიმე წელიწადში მეორედ იქორწინა პრინცესა იოლანდა უნგრელზე.

იქიდან გამომდინარე, რომ მეორედ დაქორწინება აღარ შეეძლო და მშობლიური კასტილიის სამეფო კარზე მისი უკან დაბრუნება არასასურველი იყო, ლეონორი მონაზვნად აღიკვეცა. ლეონორი მონაზვნად სანტა მარია ლა რეალ დე ლას უელგასის სააბატოში აღიკვეცა, სადაც მისი ორი და - ბერენგარია და კონსტანსია, უკვე მსახურობდნენ მონაზვნებად. სამივე და სწორედ ამ სააბატოში გარდაიცვალა, 1243 წელს - კონსტანსია, 1244 წელს - ლეონორი, 1246 წელს კი - ბერენგარიაც. სამივე მათგანი სწორედ ამ სააბატოშია დაკრძალული.

  • Bisson, Thomas N. (1991). The Medieval Crown of Aragon: A Short History. Oxford University Press.
  • Linehan, Peter (2011). Spain, 1157-1300: A Particle Inheritance. Wiley-Blackwell.
  • Shadis, Miriam (2010). Berenguela of Castile (1180–1246) and Political Women in the High Middle Ages. Palgrave Macmillan.