შინაარსზე გადასვლა

ლეონინეს კედელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუა საუკუნეების რომის გეგმაზე ლეონის ქალაქი ზედა მარცხენა მხარეს ჩანს.

ლეონინეს კედელი (ლათ. Civitas Leonina) — რომის ისტორიული დაცული ნაწილი, რომელიც IX საუკუნეში გარშემორტყმული იყო პაპის მიერ აშენებული კედლებით. [1]

ეს ტერიტორია მდებარეობდა ტიბრის მდინარის მოპირდაპირე მხარეს, რომის შვიდი ბორცვის გარეთ, და არ იყო შეტანილი ძველი რომის ავრელიანეს კედლებში. ქრისტიანობის გავრცელებისა და დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ამ მხარის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, რადგან აქ მდებარეობდა წმინდა პეტრეს ბაზილიკა. ამიტომ, IX საუკუნეში პაპმა ლეო IV-მ ახალი დამცავი კედლის აგება ბრძანა, რათა დაეცვა ეს სიწმინდე და მის ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობა.

დღეს ყოფილი ლეონინეს ქალაქის ტერიტორია მოიცავს:ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს და რომის რაიონ „ბორგოს“.

ლეონინეს კედელი და წმინდა იოანეს კოშკი ვატიკანის ბაღებში.

ლეონინეს კედელი, რომელიც ლეონინეს ქალაქის საზღვრებს განსაზღვრავს, აიგო პაპ ლეო IV-ის ბრძანებით. მისი მშენებლობის მიზეზი 846 წელს ძველი წმინდა პეტრეს ბაზილიკის დარბევა და ძარცვა გახდა მუსლიმი მხედართმთველების მიერ.[2] ლეონინეს კედელი, რომელიც 848-852 წლებში აიგო, წარმოადგენს ერთადერთ გაფართოებას, რაც კი რომის საკედლო სისტემას ოდესმე გაუკეთებია.[3] ლეონინეს კედლის მშენებლობის პირველი მცდელობა პაპ ლეო III-ის დროს (795-816 წწ.) მოხდა, მაგრამ რომში არსებულმა არეულობებმა და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ სამუშაოები შეაჩერა.[4] პაპმა ლეო IV-მ ლეონინეს კედლის მშენებლობისთვის გამოიყენა მისი მამულის მუშები, მომიჯნავე სოფლების მოსახლეობა, 849 წელს ოსტიის ზღვის ბრძოლაში დაპატიმრებული სარაცინები, ასევე ფრანკთა იმპერიის მიერ დათმობილი ფინანსები. კედელი უშველისებრად გადიოდა ტიბრის ნაპირიდან, ადიოდა ვატიკანის ბორცვის ფერდობებზე, წრეს არტყავდა ბაზილიკას და უკან ტიბრს უბრუნდებოდა. კედელი აგებული იყო ტუფისა და აგურის კომბინაციით, 12 მეტრის სიმაღლის, 44 მყარი კოშკით, რომლებიც ერთმანეთისგან ისრის სროლის დისტანციაზე იყო დაშორებული. დღემდე შემორჩენილი მასიური მრგვალი კუთხის კოშკი, რომელიც ვატიკანის ბორცვს ამკობს, სწორედ ამ სამშენებლო კამპანიის პერიოდით თარიღდება.[5]

ახლად გაშენებულ ბორგოს რაიონში წვდომისთვის სამი ახალი კარიბჭე აიგო:კასტელ სანტანჯელოდან დაწყებული კედლის მონაკვეთზე გახსნეს ორი კარი - პატარა უკანა კარიბჭე და მთავარი კარიბჭე წმინდა პერეგრინოს ეკლესიასთან.[5] ლეონინეს ქალაქს ტრასტევერეს რაიონთან დამაკავშირებელი მესამე კარიბჭეც გაუხსნეს. კედლის ოფიციალურად დასრულება 852 წლის 27 ივნისს ფესტივალით აღინიშნა.[6]

ტიბრის მდინარის გასწვრივ ასევე აიგო ჯაჭვის კოშკები, რომლებიც განკუთვნილი იყო სარაცინთა შემოსევების მოსაგერიებლად.[7]

1083 წელს, როდესაც პაპმა გრიგოლ VII-მ უარი თქვა ჰაინრიხ IV-ს საღვთო რომის იმპერატორად კურთხევაზე, ლეონინეს ქალაქში ალყაში აღმოჩნდა. ჰაინრიხმა ქალაქი აიღო, რის შემდეგაც გრიგოლმა კასტელ სანტანჯელოს შეაფარა თავი.[8]

მოგვიანებით, პაპ პიუს IV-ის მმართველობის პერიოდში (1559-1565), ლეონინეს კედლის ზოგიერთი მონაკვეთი დაინგრა და მასში სამი დამატებითი კარიბჭე ააგეს, რითაც ქალაქის დაცვითი სისტემა კიდევ უფრო გაფართოვდა.

1870 წელს, როდესაც იტალიის სამეფოს სამხედრო ძალებმა რომი დაიპყრეს და პაპის სახელმწიფოს ბოლო ნაშთები გააუქმეს, იტალიურმა მთავრობამ გეგმა წამოაყენა, რომლის მიხედვითაც პაპს ლეონინეს ქალაქი დარჩებოდა როგორც მცირე პაპის სახელმწიფოს ნარჩენი ტერიტორია. თუმცა, პაპმა პიუს IX-მ ამ შეთანხმებაზე უარი განაცხადა, რამაც გამოიწვია 59-წლიანი დაპირისპირება (1870-1929), რომლის დროსაც პაპები თავს „ვატიკანის პატიმრებად“ იიჩნევდნენ.[9] ეს დაპირისპირება 1929 წელს ლატერანის ხელშეკრულებით დასრულდა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.[10]

  1. Gregorovius 1903, p. 95.
  2. Hodges, Richard. Mohammed, Charlemagne & the Origins of Europe, p. 168. Cornell University Press, 1983. ISBN 0-8014-9262-9
  3. Wards-Perkins, Bryan. From Classical Antiquity to the Middle Ages, p. 195. Oxford University Press, 1984. ISBN 0-19-821898-2
  4. Gregorovius 1903, p. 96.
  5. 5.0 5.1 Gregorovius 1903, p. 97.
  6. Gregorovius 1903, p. 99.
  7. Wards-Perkins, Bryan. From Classical Antiquity to the Middle Ages, p. 195. Oxford University Press, 1984. ISBN 0-19-821898-2
  8. Robinson, I.S. Henry IV of Germany 1056–1106, p. 224. Cambridge University Press, 2003.ISBN 0-521-54590-0
  9. De Mattei, Roberto. Pius IX, p. 76. Gracewing Publishing, 2004. ISBN 0-85244-605-5
  10. Pham, John-Peter, Heirs of the Fisherman, p. 250. Oxford University Press US, 2004. ISBN 0-19-517834-3