ლელო (სპორტი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლელო (მრავალმნიშვნელოვანი).

ლელო – სპორტის სახეობა, რაგბის ქართული წინამორბედი. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სპორტის უძველესი ეროვნული სახეობა, გუნდური თამაში ბურთით.

აკადემიკოს ნიკო მარის მიხედვით, ლელოს მსგავსი თამაში გავრცელებული ყოფილა ბასკეთშიც, სადაც გამარჯვებული გუნდის წევრები ლელოს გატანის დროს სიხარულს გამოხატავდნენ საბრძოლო შეძახილით – “ლელო!”, რაც მზის კულტთან დაკავშირებული წარმართული ღვთაების სახელი იყო. გურია-სამეგრელოში ლელოს თამაში ბოლო დრომდე შემორჩა.

თამაშის მიზანი და წესები[რედაქტირება]

მოთამაშეთა მიზანია ბურთის მიტანა მოწინააღმდეგე გუნდის პირით ხაზთან და ლელოს გატანა. ძველად გრძელი ლელოსთვის ირჩევდნენ 3-5, ხოლო მოკლე ლელოსთვის – 2-3 კმ-ის სიგრძის ადგილს. სათამაშო ასპარეზი შემოფარგლული არ იყო. თამაშობდა უბანი უბანთან, სოფელი სოფელთან, თემი თემთან. ლელო საბრძოლო მომზადების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად ითვლებოდა და ამიტომ ძალიან ჰგავდა საბრძოლო მოქმედებას:

“კულაშში თავადი მიქელაძეების თაოსნობით გამართულ ლელობურთში 1 500 ქვეითი და 500 ცხენოსანი მონაწილეობდა” (გაზეთი “დროება”, 1882 წ. ¹74).

მოედნის შუა ადგილას ბურთს მაღლა შეაგდებდნენ და ვინც დაიჭერდა, ის ცდილობდა მოწინააღმდეგეთა წრე გაერღვია, რათა ლელოს მიმართულებით გაჭრილიყო. ამაში ხელს უწყობდნენ თანაგუნდელები, რომლებიც გუნდად მიჰყვებოდნენ უკან, მოპირდაპირე გუნდის წევრები კი ბურთის წართმევას ცდილობდნენ. თუ მობურთალი დაიღლებოდა, ბურთს თანაგუნდელს გადასცემდა და მოწინააღმდეგეთა ლელოსკენ უკვე ის მიიწევდა. თუ მოპირდაპირენი ბურთს წაართმევდნენ, ახლა ისინი ცდილობდნენ ლელოს გატანას. რომელი მხარეც მეტ ლელოს გაიტანდა, გამარჯვებულიც ის რჩებოდა. ხშირად თამაშში ცხენოსნებიც ერეოდნენ, რაც შეხვედრის ბედს უმალ გადასწონიდა ხოლმე.

“ მუდამ ხმა დადიოდა, პირველი მაისი ფოთელებისათვის მეტად შესამჩნევი დღე არისო. მართლა, რომ მეტისმეტი რამ ყოფილა ეს დღეობა: აქ ჯიბრობით ბურთაობა ცოდნიათ გურულებსა და მეგრელებს… ნაშუადღევის 4 საათზე ბურთი გაგორდა და ზედ მეგრელების შტვენა-კიჟინას საზღვარი არ ჰქონია. კაციან-ბურთიანად უეცრად უნდა მიეტანათ ლელოზე, მაგრამ შევარდენივით გამოუქროლეს ორმოციოდე გურულებმა ჯიმშედ ბერეჟიანის არტელიდან, დაერიენ მეგრელებს და ნახევარი საათის განმავლობაში ბურთი ლელოზე მიარბენიეს. გულდაწყვეტილი მეგრელები ერთმანეთს ებაასებოდნენ: “დევიღუპით, კოჩი, გურულემქ მორჯგინესო”. დავიღუპეთ, კაცო, გურულებმა გვაჯობესო. (“კვალი”, 1897 წ. ¹20).

სამეგრელოში ბურთი თამაშში სოფლის მღვდელს შეჰყავდა. თამაშის დამთავრების შემდეგ გამარჯვებული გუნდი ფესვებიანად მოგლეჯდა ხეს, წაიღებდა და ეკლესიის კართან ააყუდებდა, მღვდელი კი დალოცავდა

“დიდებულო წმინდა გიორგი, შენ მიეცი ამათ შეძლება, მშვიდობა, დღეგრძელობა, ძალი და ღონე და ისე გაამარჯვებინე ყოველ წელს, როგორადაც ახლა”.

ქუთაისში ლელოს თამაშობდნენ საფიჩხიაზე, ხარაზოვის ბაღის მიდამოებში. ხშირად ბურთაობა აყალმაყალითა და მუშტი-კრივით მთავრდებოდა. ლელოს მისდევდნენ ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და კერძო სასწავლებლებში. საეკლესიო დღესასწაულებზე დიდი ბურთაობა იმართებოდა ხონში, ოფშკვითსა და იმერეთის სხვა ადგილებში. ლელოს თამაშს არაერთხელ მოჰყოლია ხალხისა და მთავრობის დაპირისპირება.

ბათუმში გამართულ ლელობურთზე გაზეთი “ივერია” (1890 წ. ¹75) წერდა

“კვირაცხოვლობა დღეს იქაური ქართველობა შეიკრიბა კახაბერის მინდორზე და დაიწყეს ბურთაობა. მაყურებლადაც ბევრნი იყვნენ მოსულნი და დიდადაც გაჰკვირდნენ და ისიამოვნეს ამ თამაშის ცქერით იმათ, ვისაც პირველად ენახა ბურთის თამაშობა. მაგრამ სიამოვნება იაფად არ დაგვიჯდა და, ვიდრე ხალხი სიამოვნებდა, ბევრი ვაივაგლახი გამოიარეს მოთამაშეებმა. როცა პირველად გამოვარდა ბურთი, მოვიდა ბოქაული ყაზახებით და სთხოვა ხალხს, მომეცით ბურთი, უფრო შუა ადგილას ავაგდებო. ბურთი მისცეს. მან ბურთი ყაზახებს გადასცა და პოლიციაში წააღებინა: ბურთის თამაში არ შეიძლება, აკრძალულიაო. ხალხმა სხვა ბურთი იყიდა და ახლა ის ააგდო. მოვიდა მას უკან პოლიციის უფროსი და დაუშალა ხალხს ბურთაობა. მან მოიყვანა ცეცხლისმქრობელნი ცეცხლის ქრობის მოწყობილობით და უბრძანა, გაწუწეთ ხალხი და დაიშლებაო. ხალხს ხუმრობა ეგონა გაწუწვა თავისი და ჟივილ-ხივილით მისცვივდნენ ცეცხლის მქრობელთ, რომ წაერთმიათ მაშინები და ახლა ისინი გაეწუწათ. ამ ბღლანძუნობაში სულ ერთიანად წახდა მაშინები და თვით პოლიციის უფროსსაც ატკინეს თვალი. ბოლოს ამ ვაივაგლახმა სამხედრო გუბერნატორის თანაშემწემდინაც მიაღწია. თანაშემწე თ. ერისთავმა უბრძანა პოლიციის უფროსს, რომ ხალხს ჩვეულებად აქვს ბურთის თამაშობა და ნუ დაუშლითო. მართლაც დაიწყო თამაშობა და ბოლომდე ისე გათავდა, რომ არავითარი უწესობა და ურიგო არ მომხდარა”.

ლელო XX საუკუნში[რედაქტირება]

Lelo.jpg

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ლელოს უმეტესად ფეხბურთის მოედნებზე მართავენ (თამაშის წესების განახლებული ვარიანტი შეადგინა ხალხური თამაშობების ორგანიზატორმა ისაკ კიზირიამ). თითოეულ გუნდში 13-13 მოთამაშეა. მათ უნდა ეცვათ მკვრივი ქსოვილისგან შეკერილი განსხვავებული ფერის სპორტული ფორმა. ფეხზე იცვამენ კედებს ან ბუცებს. თამაშის დაწყებამდე მეტოქეები მოედნის ცენტრში წრეხაზის გასწვრივ განლაგდებიან. მსაჯი ბურთს მაღლა ააგდებს, ნიშანს მისცემს და შეხვედრა იწყება. თამაში 60 წუთს გრძელდება (30-30-წუთიანი ტაიმებით). ნებადართულია ბურთის გორება, ტყორცნა და გადაცემა როგორც ხელით, ისე ფეხით, აგრეთვე ბურთიანი მეტოქის დაჭერა წელზევით ხელის ჩავლებით. აკრძალულია მტკივნეული ილეთების გამოყენება და საჯარიმოს დროს ბურთის ნახტომით ტყორცნა. გვერდით ხაზზე გადასული ბურთი მოედანზე იმ მოთამაშემ უნდა შემოაგდოს, რომელიც მას უკანასკნელად შეეხო. ლელო გატანილად ითვლება მაშინ, როცა ბურთი მოწინააღმდეგის ლელოს ხაზს გადაკვეთს. გამარჯვებულია გუნდი, რომელიც მეტ ლელოს გაიტანს. “ქართველების ოდენი სხვადასხვა გვარი სათამაშო თითქმის არც ერთ ხალხს არა აქვს და ყოველგვარი სათამაშოც უთუოდ ისეთია, რომელიც ჭკუა-გონებასა და სხეულს სწვრთნის, ავარჯიშებს… ბურთაობის დროს თვალი, ფეხი, ხელი, თავი, ტანი და ყველაფერი თანასწორად ეჩვევა სიმარდეს” (აკაკი წერეთელი).

ბურთი[რედაქტირება]

თანდაპირველად ბურთს კერავდნენ უხეში ტყავისგან და მატყლით ან ბეწვით ტენიდნენ. მისი ზომა და წონა განსაზღვრული არ იყო, ზოგჯერ 12 კგ-საც იწონიდა.

მოგვიანებით კი ბურთი გატენილი იყო ბალახით, მატყლით ან ძუით(ქვიშით). მისი წონაა 16 კგ, გარშემოწერილობა – 70-80 სმ.