ლელა პატარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლელა პატარიძე (დ. 30 ნოემბერი, 1962, თბილისი — გ. 10 მარტი, 2009, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ფილოლოგების მზიულა ხუციშვილისა და რამაზ პატარიძის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ 1979-1984 წლებში სწავლობდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ენების განყოფილებაზე. 1986 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში. 2006–2007 წლებში, როგორც მიწვეული ლექტორი თსუ-ს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე კითხულობდა კურსს „აკადემიური წერა“. 2008 წელს კონკურსის წესით არჩეულ იქნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ–პროფესორად.

1991 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სამყაროს სურათი ქართულ ადრექრისტიანულ წერილობით წყაროებში (ცხორებაჲ წმიდისი ნინოჲსი)“, რომლის საფუძველზე 1993 წელს გამოაქვეყნა მონოგრაფია „ცხორებაჲ წმიდისი ნინოჲსი (ქართლის გაქრისტიანების კულტურულ–ისტორიული საკითხები)“. ლ. პატარიძე ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც დაინტერესდა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ტექსტით, როგორც გარკვეული ცნობიერების ფაქტით; ავტორი ამახვილებს ყურადღებას თხრობით სტრუქტურებზე, მოტივებსა თუ ცალკეულ სიმბოლოებზე და სხვა კონცეპტუალურ პრობლემებზე.

ლელა პატარიძის სამეცნიერო ინტერესები სამი მიმართულებით ჩამოყალიბდა:

  • ქართული მატიანეების სტრუქტურა, იდეოლოგია და ტიპოლოგია;
  • ქართული იდენტობის პრობლემა ისტორიულ ჭრილში, აწმყოში და მომავლის პერსპექტივაში, რომელსაც მიუძღვნა სტატიების სერია და გამოჩენილი ბრიტანელი მეცნიერის ენტორნი დ. სმითის წიგნის „ნაციონალური იდენტობა“ თარგმანი;
  • ქართლის გაქრისტიანების პრობლემები იდეოლოგიურ და სოციალურ ჭრილში.

ილიას უნივერსიტეტში უაღრესად ხანმოკლე მანძილზე აქტიურ მონაწილეობას იღებდა აკადემიურ ცხოვრებაში: ბაკალავრიატში უძღვებოდა ლექციის კურსს „საქართველოს ისტორიოგრაფია“, მისი ავტორობით შეიქმნა საბაკალავრო სწავლების პროგრამა ისტორიაში, მონაწილეობა მიიღო სამაგისტრო პროგრამის „ძალაუფლება და კულტურა“ შექმნაში საავტორო კურსებით და „ქართული იდენტობა“ და „ძალაუფლების ლეგიტიმაცია“.

იყო „ეროვნული ფონდის“ გრანტის „კოლექტიური კულტურული იდენტობა რელიგიური მოქცევის კონტექსტში: ქართული მაგალითის კვლევა და განზოგადებანი“ (2007–2008) ხელმძღვანელი, თანაავტორი VII და X კლასების ისტორიის სახელმძღვანელოსი (2006).

თავისი კვლევის შედეგები ლ. პატარიძემ ერთგვარად შეაჯამა მონოგრაფიაში „პოლიტიკური და კულტურული იდენტობანი IV-VIII სს-ის ქართულ ერთობაში: „ქართლის ცხოვრების“ სამყარო“ (2009), რომელიც მისი ბოლო ნაშრომი გამოდგა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონოგრაფიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ცხორებაჲ წმიდისი ნინოჲსი“ (ქართლის გაქრისტიანების კულტურულ-ისტორიული საკითხები), მეცნიერება, თბ., 1993;
  • პოლიტიკური და კულტურული იდენტობანი IV-VIII სს-ის ქართულ ერთობაში: „ქართლის ცხოვრების“ სამყარო, კავკასიური სახლი (ქართული ერთობა და მისი იდენტობა : იდეები, სიმბოლოები, პერცეფცები), თბ., 2009.

სტატიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]