შინაარსზე გადასვლა

ლელა ლომბარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლელა ლომბარდი

ლელა ლომბარდი საკუთარ გარაჟში სილვერსტონის ექვსსაათიანი რბოლის დროს, 1976 წელი.
დაბადების სახელი მარია გრაცია ლომბარდი
დაბადების თარიღი 26 მარტი, 1941 წელი
ფრუგაროლო, იტალია
გარდაცვალების თარიღი 3 მარტი, 1992 წელი
მილანი, იტალია
დაკრძალულია მილანი, იტალია
ეროვნება იტალიელი
მოქალაქეობა იტალიის დროშა იტალია
პროფესია ავტომრბოლელი

ლელა ლომბარდი (იტალ. Maria Grazia "Lella" Lombardi, დ. 26 მარტი, 1941 – გ. 3 მარტი, 1992) — იტალიელი ავტომრბოლელი ქალი.

ლელა ლომბარდი (ნამდვილი სახელი მარია გრაცია ლომბარდი) რჩება ერთადერთ ქალ მრბოლელად, ვინც მოახერხა ფორმულა 1-ის გათამაშებაში ქულის მოპოვება.

ბავშვობიდან მისდევდა სპორტს, თავიდან დაკავებული იყო ხელბურთით, შემდეგ კი ავტორბოლებით დაინტერესდა. თავიდან მონაწილეობდა რალიში როგორც შტურმანი, მოგვიანებით კი მონაწილეობდა სხვადასხვა სახის ფორმულაში როგორც მრბოლელი. ფორმულა-ფორდში მექსიკის ჩემპიონატის მოგების შემდეგ 1974 წელს გადავიდა ბრიტანულ ფორმულა-5000-ში.

ლელა ლომბარდის დებიუტი ფორმულა 1-ში შედგა 1974 წლის 20 ივლისს, დიდი ბრიტანეთის გრან პრიზე Allied Polymer Group-ის საჯინიბოს შემადგენლობაში ავტომობილ ბრებჰემ ბტ-42-ის საჭესთან, თუმცა დებიუტი წარუმატებელი გამოდგა და მან კვალიფიკაციის გავლა ვერ მოახერხა. 1975 წელს ლელა ლომბარდიმ სრული სეზონი ჩაატარა March Engineering-ის შემადგენლობაში.[1]

ყველაზე დიდ წარმატებას ლელა ლომბარდიმ მიაღწია 1975 წლის ესპანეთის გრან პრიზე, რომელიც ბარსელონაში ჩატარდა. დასაწყისი არც ისე შთამბეჭდავი იყო: მხოლოდ 24-ე ადგილი კვალიფიკაციაში. უშუალოდ რბოლა კი ქაოსური გამოდგა: სტარტზევე ერთმანეთს შეეჯახნენ მარიო ანდრეტი და ნიკი ლაუდა. არტურო მერცარიოს და უილსონ ფიტიპალდისაც ბოქსებში შესვლა და რბოლის შეწყვეტა მოუწიათ, ორი წრის შემდეგ რბოლას კიდევ 2 პილოტი გამოეთიშა. მრავალი ავარიის შედეგად ლელა ლომბარდი რბოლის პირველ ნაწილშივე მოწინავე ათეულში აღმოჩნდა.

საბოლოოდ ესპანეთის გრან პრი მხოლოდ 29 წრე გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ლიდერის პოზიციაზე მყოფი როლფ შტომელენი ტრასიდან გადავიდა და ავარიის შედეგად 5 მაყურებელი დაიღუპა, რბოლა შეწყდა. ლელა ლომბარდი იმ დროისათვის მე-6 ადგილზე იმყოფებოდა, რაც იმდროინდელი წესებით 1 ქულის მომტანი იყო, მაგრამ, რადგანაც რბოლის 2/3-ზე ნაკლები ჩატარდა, წესდების თანახმად ქულები განახევრდა. ამ რბოლაში ლელა ლომბარდიმ დაამყარა რეკორდი, არც ერთ ქალ მრბოლელს მე-6 ადგილი ფორმულა 1-ის გათამაშებაში არ დაუკავებია და ჩასათვლელი ქულა არ მოუპოვებია.[2]

მომდევნო რბოლებში ლელა ლომბარდის საუკეთესო შედეგი იყო მე-7 ადგილი 1975 წლის გერმანიის გრან პრიზე, 1976 წელს მან სეზონში მხოლოდ პირველი რბოლა ჩაატარა, რის შემდეგაც ის გუნდში რონი პეტერსონმა ჩაანაცვლა, თუმცა შემდეგ 3 რბოლა ჩაატარა ახალი გუნდის, RAM-ის შემადგენლობაში. მონაწილეობდა ნასკარის რბოლაშიც, სადაც 1977 წელს 31-ე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ის ერთადერთი ქალია მსოფლიოში, რომელიც DTM-შიც მონაწილეობდა.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Pioniere. Lella Lombardi: "Preferisco un incidente che innamorarmi". ingenere.it (25 August 2016). ციტირების თარიღი: 28 January 2017.
  2. Mariantoni, Luca. Accadde oggi – 27 Aprile 1975. La Gazzetta dello Sport. RCS. ციტირების თარიღი: 27 April 2011.
  3. Haymarker, forix. "Reference". W8 - Who?. Geza Sury. http://www.forix.com/8w/lombardi.html