ლევკოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევკოზი (ბერძ. Leukos) — ლევკემია, თეთრსისხლიანობა, სისხლმბადი ქსოვილის სისტემური დაავადება, რისთვისაც დამახასიათებელია სისხლის წარმოქმნის პროცესის ღრმა დარღვევა, რასაც მოსდევს სისხლის უჯრედების გაუკუღმართებული რეგენერაცია და პათოლოგიური უჯრედების აგრესიული ზრდა. ლევკოზის გამომწვევი მიზეზი დღემდე არ არის დადგენილი, თუმცა არსებობს სიმსივნური თეორია, რომლის სასარგებლოდაც მეტყველებს სისხლმბადა ქსოვილის შეუჩერებელი ზრდა. სიმსივნური წარმონაქმნების განვითარება, კანცეროგენული ნივთიერებებით ექსპერ. ლევკოზის გამოწვევა და სხვა. გენეტიკური თეორიის მიხედვით, ლევკოზის გამოწვევა სისხლის დედა უჯრედის ბირთვის ქრომოსომული სტრუქტურის დარღვევის შედეგად ვითარდება. პროცესი იწყება სისხლის ერთი დედა უჯრედის მუტაციით, რისგანაც წარმოიქმნება ლევკოზური კლონი (მოდგმა). იგი განდევნის სისხლის ნორმალურ უჯრედებს და განაპირობებს პათოლოგიური უჯრედების ჩაზრდას ძვლის ტვინში, ლიმფურ კვანძებსა და სხვა ორგანოებში. ვირუსული თეორია ემყარება იმ ფაქტს, რომ ლევკოზით დაავადებული ადამიანის ქსოვილიდან გამოყოფილი განსაკუთრებული ფაქტორის-ლიპონუკლეოპროტეიდის შეყვანა თაგვებში ლევკოზს იწვევს; ლევკოზით დაავადებული ადამიანის ქსოვილთა ექსტრაქტის შეშხაპუნება მაიმუნის ორგანიზმში იწვევს ლევკოზური პროცესის განვითარებას. მიუხედავად ამისა, ადამიანის ლევკოზის ვირუსული ეტიოლოგია ჯერჯერობით მაინც არ არის დამტკიცებული; არ არის აღწერილი ლევკოზის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემის არც ერთი შემთხვევა. ლევკოზის განვითარებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ზოგიერთ გარეგან ფაქტორს-მაიონიზებელ რადიაციას, ქიმიურ მომშხამავ ნივთიერებას, ზოგიერთ წამალ, ინფექციას და სხვა ამ ფაქტორთა ზემოქმედებით ვითარდება ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია(დათრგუნვა), რაც დღესდღეობით მიჩნეულია როგორც ლევკოზის წინა მდგომარეობა.

განარჩევენ ლევკოზის მწვავე (ლიმფოიდური, მიელოიდური და მონოციტოიდური) და ქრონიკულ ფორმებს. ლევკოზის უმძიმესი ფორმა, მწვავე ლევკოზი, გვხვდება ყველა ასაკში, უმთავრესად კი ბავშვებსა და ახალგაზრდებში. ზოგჯერ დაავადების დასაწყისში აღინიშნება ძვლებისა და სახსრების ტკივილი. სხვა შემთხვევებში დაავადება იწყება უეცრად, მწვავე სეფსისისა ან გრიპის მსგავსი მოვლენებით; დამახასიათებელეია ანემია, ჰემორაგიული დიათეზი, წყლულოვან-ნეკროზული პროცესი პირის ღრუში, ლიმფური კვანძების, ელენთისა და ღვიძლის გადიდება. ლეიკოციტების რაოდენობა მომატებული (ლეიკემიური ფორმა), ნორმალური ან შემცირებულია (ალეიკემიური ფორმა). სისხლსა და ძვლის ტვინში დიდი რაოდენობით (70%-90%) ჩნდება არადიფერენცირებული, ე. წ. პლასტური უჯრედები.

ლევკოზს ახასიათებს გამწვავებისა და რემისიის პერიოდთა მონაცვლეობა; რემისიის პერიოდი 3-6 თვიდან 1-1,5 წლამდე გრძელდება, ჩვეულებრივ ავადმყოფი 1-2 წელს, იშვიათად 5 და მეტ წელს ცოცხლობს.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვავე და ქრონიკულ ლევკოზს მკურნალობენ სტაციონარში (უმეტესად სპეციალიზებულ ჰემატოლოგიურ სტაციონარში). მედიკამენტებიდან ენიშნებათ ანტიმეტაბოლიტები (6-მერკაპტოპურინი, მეტოტრექსატი, ციტოზარი), ციტოსტატიკური საშუალებები (ვინკრისტინი, ციკლოფოსფანი, მიელოსანი, მიელობრომოლი და სხვა), სტეროიდული ჰორმონები; სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმა, ზოგადგამაჯანსაღებელი, ანტიანემიური საშუალებანი, ვიტამინები, ანტიბიოტიკები, ზოგჯერ-რენტგენოთერაპია.

ლევკოზი ცხოველებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოველებიდან ლევკოზით ავადდება ყველა ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ცხენი, ღორი, ძაღლი, კატა, ვირთაგვა, თაგვი და სხვა. ძუძუმწოვარი, უმეტესად ზრდასრულ ასაკში. ცხოველისა და ადამიანის დაავადებათა შორის პირდაპირი დამოკიდებულება დაუდგენელია. ლევკოზისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი მიმდინარეობა ხილული კლინიკური ნიშნების გარეშე. დიაგნოზს ადგენენ სისხლის გამოკვლევის საფუძველზე. მკურნალობა არარაციონალურია. პროფილაქტიკა: მეურნეობების დაცვა დაავადებისაგან, ზოოტექ. აღრიცხვის მოწესრიგება და სხვა.

ფრინველთა ლევკოზი აღინიშნება მეურნეობებში და დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს მას. დაავადებას იწვევს ვირუსი. უმეტესად 4 თვეზე მეტი ასაკის ქათმებს უჩნდებათ. იშვიათად ავადდება ინდაური, იხვი და ბატი. დიაგნოზს ადგენენ ლაბორატორიაში და პათომორფოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე. პროფილაქტიკა: მკაცრი იზოლაცია, კარგი მოვლა-შენახვა და კვება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]