ლევან ვასაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვასაძე.

ლევან ვასაძე (დ. 20 დეკემბერი, 1970) — ქართველი ბიზნესმენი. გაიზარდა თბილისში, მთაწმინდაზე.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საჯარო სკოლა. 1992 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოფიზიკოსის სპეციალობით. სწავლა განაგრძო 1995 წელს, აშშ-ში, ატლანტის ემორის უნივერსიტეტის რობერტო გოიზუეტას სახელობის ბიზნეს-სკოლაში, ბიზნესადმინისტრაციის მაგისტრის, MBA-ს ხარისხით.

1990-1991 წლებში სწავლობდა და გადიოდა ტრეინინგებს ნიუ-იორკის შტატის სენტ-ლოურენსის უნივერსიტეტში მინერალოგიასა, სტრუქტურულ გეოლოგიასა და ამერიკულ ლიტერატურაში. 1993 წელს სწავლობდა ვაშინგტონის ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლასთან არსებულ უმაღლესი მენეჯმენტის ინსტიტუტში. 2006-2007 წლებში სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, სადაც მოციქულთა და პატერიკის შემსწავლელ კურსებზე ეუფლებოდა ძველი და ახალი აღთქმის ლიტურგიკას.

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-1991 და 1993-1995 წლებში ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა ბიზნესის სფეროში აშშ-ში. 1995-2007 წლებში ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა ბიზნესის სფეროში რუსეთში. 2008-2009 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა ბიზნესის სფეროში ინგლისში. 2009 წლიდან ოჯახთან ერთად კვლავ ცხოვრობს საქართველოში.

სხვადასხვა დროს იყო რუსული და საერთაშორისო კომპანიების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მოადგილე, წევრი, გენერალური დირექტორი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორი. ამჟამად არის კომპანიების Pet Retail Russia, Prometheus Capital Partners, Ltd., შპს. „ბაგრატიონი 1882“ და შპს. „სამოსელი პირველის“ დამფუძნებელი და დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოების თავმჯდომარე.

არის კიკეთის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის“ დამაარსებელი და მმართველობის წევრი, საქართველოს რაგბის კავშირის მმართველობის წევრი, აშშ-ის ემორის უნივერსიტეტის გოიზუეტას ბიზნეს სკოლის სტუმარი ლექტორი საერთაშორისო ბიზნესში, ყოველწლიური საქველმოქმედო სპორტული მოტორალის ლონდონი-თბილისი თანათავმჯდომარე ინგლისის ერლ-ლორდ პატრიკ ჯეიმზ კლანუილიამთან ერთად. აგრეთვე არის ყოველწლიური საქველმოქმედო „ქართული მეჯლისის“ დამფუძნებელი და მეურვეთა საბჭოს წევრი.

სპორტული საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983-1987 წლებში თამაშობდა ბათუ კევლიშვილის თბილისის ბავშვთა სარაგბო სკოლა „ტუნოში“ (იგივე „სპარტაკი“ და „ლელო“). 1988-1992 წლებში თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში". მიწვეული იყო საქართველოს ნაკრების საზამთრო შეკრებაზე (1992).

პროფესიონალურ რაგბისთვის თავის დანებების შემდეგ თამაშობდა სამოყვარულო-ვეტერანულ გუნდებში მოსკოვში (Moscow Dragon, 2002-2005), ინგლისში, კენტის საგრაფოში (Sevenoaks RFC Acorns, 2008-2009) და თბილისში ("ბარბაროსები", 2011-დღემდე). იყო ნიუ-იორკის სენტ-ლოურენსის უნივერსიტეტის სარაგბო გუნდის მოთამაშე მწვრთნელი (1990-1991). არის დამფუძნებელი კიკეთში მდებარე სარაგბო კლუბისა „იუნკერები.“

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს მეუღლე და რვა შვილი.

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არის ავტორი პუბლიცისტური და ლიტერატურული სტატიებისა და ესეებისა ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ სხვადასხვა ნომერში. ესენია: „ტექტონიკური შეჯახებისა და გამოფატრული მიზნების ეპოქა“, „რას უნდა აშუქებდეს ქართული ტელევიზია“, „ამისათვის ჩამოვსულვართ ჭალაში“, „ლევინისა და ვრონსკის კრებითი პერსონაჟის პარადიგმა“ და მემუარისტული ჟანრის წიგნი „დღიური ათონის მოლოცვისა“.

სხვა საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მარტში გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი „ერი და სახელმწიფო“ [1]. პირველ ნაწილში, მისივე თქმით, მოცემულია „გააზრება იმისა, როგორი იყო ეპოქათა ცვლა საქართველოში. წავიდა საბჭოთა სოციალისტური სისტემა და შემოვიდა კონსიუმერისტული, სამომხმარებლო დასავლური სისტემა“. მეორე ნაწილში „სააკაშვილის მმართველობის ანალიზია“. ავტორი აღნიშნავს: „ჩემი ამოცანა არ არის პერსონალიებზე შეტევა და მათი კრიტიკა, მაგრამ უამრავი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მსოფლმხედველობისთვის სახიფათო ვექტორი აირჩია“. მესამე ნაწილში მოცემულია „ნაფიქრი საქართველოს მომავალ განვითარებაზე“. წერილს მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან. გამოითქვა ლევან ვასაძის ქვეყნის მმართველობაში მოხვედრის სურვილიც, თუმცა ბიზნესმენმა უარყო ასეთი შესაძლებლობა, განაცხადა რა: „არასოდეს მნდომებია პრეზიდენტობა და არც პოლიტიკური ამბიციები მქონია, მაგრამ, მეორე მხრივ, მჯერა ერის მსახურების“. [2]

აგრეთვე წერს ლექსებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]