ლა ტრავიატა
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
| ლა ტრავიატა | |
|---|---|
| ჯუზეპე ვერდი ოპერა | |
| La_Traviata_Violetta.jpg | |
| ლიბრეტისტი | ფრანჩესკო მარია პიავე |
| ენა | იტალიური |
| პრემიერა | თეატრო ლა ფენიჩე, ვენეცია |
ტრავიატა (ქართ. — „დაცემული ქალი“) [1][2] — ოპერა სამ მოქმედებად, რომლის ავტორია ჯუზეპე ვერდი და რომლის იტალიური ლიბრეტო შექმნილია ფრანჩესკო მარია პიავეს მიერ. ოპერა ეფუძნება ალექსანდრ დიუმა შვილის პიესას — კამელიების ქალბატონი (1852), რომელიც თავის მხრივ ავტორის 1848 წლის რომანის მიხედვით არის დაწერილი. თავდაპირველად ოპერას ეწოდებოდა ვიოლეტა, მთავარი პერსონაჟის სახელის მიხედვით. პრემიერა გაიმართა 1853 წლის 6 მარტს ლა ფენიჩეს თეატრში, ვენეციაში.
პიავესა და ვერდის სურვილი იყო, დიუმას მსგავსად, ოპერას თანამედროვე ეპოქაში განეთავსებინათ, თუმცა ლა ფენიჩეს თეატრის ადმინისტრაციამ მოითხოვა, რომ მოქმედება წარსულში — „დაახლოებით 1700 წელს“ — მომხდარიყო. მხოლოდ 1880-იანი წლებიდან განხორციელდა კომპოზიტორისა და ლიბრეტისტის თავდაპირველი ჩანაფიქრი და სცენაზე დაიდგა „რეალისტური“ დადგმები.[3] ლა ტრავიატა დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ოპერად ითვლება და მსოფლიოს სცენებზე ყველაზე ხშირად შესრულებულ ნაწარმოებთა შორისაა.
კომპოზიციის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვერდისთვის 1851–1853 წლები ინტენსიური ოპერალური საქმიანობის პერიოდი იყო. თავდაპირველად მან ლიბრეტისტ სალვადორე კამმარანოსთან ერთად შეარჩია თემა ოპერისთვის, რომელიც მოგვიანებით ილ ტროვატორე გახდა, თუმცა ამ ოპერაზე მუშაობა შეფერხდა, რადგან კომპოზიტორი პარალელურად ქმნიდა რიგოლეტოს, რომლის პრემიერა ვენეციაში 1851 წლის მარტში შედგა. გარდა ამისა, კომპოზიტორის პირადმა საქმეებმა მშობლიურ ქალაქში დროებით შეზღუდა მისი საქმიანობა, თუმცა რიგოლეტოს წარმატების შემდეგ ლა ფენიჩეს თეატრის მდივანმა ბრენამ ვერდის ახალი შეკვეთა შესთავაზა.
ვერდი და „კამელიების ქალბატონი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვერდი და ჯუზეპინა სტრეპონი პარიზში იმყოფებოდნენ 1851 წლის ბოლოსიდან 1852 წლის მარტამდე. თებერვალში მათ იხილეს ალექსანდრ დიუმა შვილის პიესა კამელიების ქალბატონი. ვერდის ბიოგრაფის, მერი ჯეინ ფილიპს-მაცის მიხედვით, ამ წარმოდგენამ კომპოზიტორი მაშინვე შთააგონა და მან დაიწყო მუსიკის შექმნა იმ ოპერისთვის, რომელიც მოგვიანებით ლა ტრავიატა გახდა.[4] თუმცა ჯულიან ბადენი აღნიშნავს, რომ ვერდი, სავარაუდოდ, დიუმას რომანს უკვე ადრე იცნობდა და სპექტაკლის ნახვისა და იტალიაში დაბრუნების შემდეგ „გონებაში უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა იდეალური ოპერალური პერსონაჟები“.[5]
ვენეციისთვის წერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალი ლიბრეტოს შესაქმნელად მიწვეული იქნა ფრანჩესკო მარია პიავე. კომპოზიტორი უკმაყოფილო იყო, რადგან, მისი თქმით, ლიბრეტისტს ჯერ კიდევ არ ჰქონდა შეთავაზებული „ორიგინალური“ ან „პროვოკაციული“ თემა. წერილში პიავეს იგი წერდა: „არ მინდა ის ყოველდღიური თემები, რომელთაც ასობით შეხვდები“. ამავე დროს, ვერდი შეშფოთებული იყო ვენეციური ცენზურის გამო, რაც კარგად ახსოვდა რიგოლეტოზე მუშაობის გამოცდილებიდან.
ოქტომბრისთვის შეთანხმდნენ, რომ პიავე სანტ’აგატაში (ვერდის საცხოვრებელი ადგილი ბუსეტოს მახლობლად) ჩავიდოდა და უშუალოდ კომპოზიტორთან ერთად იმუშავებდა. თავდაპირველად შეირჩა ერთი თემა, შემდეგ კი ვერდიმ სხვა იდეა წამოაყენა, რომელიც, სავარაუდოდ, ლა ტრავიატა იყო. მოკლე ხანში ვენეციაში გაგზავნილ სინოფსისს ეწოდა Amore e morte („სიყვარული და სიკვდილი“).[6] თუმცა მეგობარ დე სანქტისს ვერდი სწერდა: „ვენეციისთვის ვწერ La Dame aux camélias-ს, რომელსაც, ალბათ, ლა ტრავიატა დაერქმევა. ჩვენი ეპოქის თემა“.
1853 წლის იანვრის ბოლოს ვერდი შეახსენეს, რომ კონტრაქტის მიხედვით ის ვენეციაში ერთ-ორ კვირაში უნდა ჩასულიყო და პრემიერა „1853 წლის მარტის პირველ შაბათს“ უნდა გამართულიყო.[7] მალე გაირკვა, რომ ოპერის თანამედროვე ეპოქაში დადგმა შეუძლებელი იყო — მოთხოვნილი იყო XVII საუკუნის გარემო, „კარდინალ რიშელიეს ეპოქა“. ამასთან, აღმოჩნდა, რომ არჩეული სოპრანო, 38 წლის ფანი სალვინი-დონატელი, ვიოლეტას როლისთვის შეუსაბამო იყო. ვერდი ძლიერ იმედგაცრუებული დარჩა და ვენეციაში ჩასვლისას, 21 თებერვალს, რეპეტიციების დროს, თავისი უკმაყოფილება ღიად გამოხატა.

პრემიერის დროს მაყურებელმა არაერთხელ გამოსტვინა წარმოდგენას; უკმაყოფილება განსაკუთრებით მიმართული იყო მთავარი როლის შემსრულებელი სოპრანოს — ფანი სალვინი-დონატელის — მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იგი აღიარებული მომღერალი იყო, პუბლიკა თვლიდა, რომ 38 წლის ასაკში და ზედმეტი წონის გამო იგი დაუჯერებელი იყო ახალგაზრდა ქალის — ჭლექით დაავადებული ვიოლეტას — როლის შესასრულებლად. (ვერდი მანამდეც ცდილობდა ლა ფენიჩეს თეატრის მმართველის დარწმუნებას, რომ როლი უფრო ახალგაზრდა მომღერლისთვის გადაეცა, თუმცა უშედეგოდ.) მიუხედავად ამისა, პირველი მოქმედების დასრულება ტაშითა და ოვაციებით აღინიშნა, თუმცა მეორე მოქმედებაში მაყურებელი წარმოდგენის წინააღმდეგ შემოტრიალდა, განსაკუთრებით ბარიტონი ფელიჩე ვარეზისა და ტენორი ლოდოვიკო გრაციანის შესრულების შემდეგ. მომდევნო დღეს ვერდიმ მეგობარს, ემანუელე მუციოს, მის, ალბათ, ყველაზე ცნობილ წერილში მისწერა: „ლა ტრავიატა გუშინ საღამოს — მარცხი. ჩემი ბრალია თუ მომღერლების? დრო განსჯის“. [8]
როგორც ფილიპს-მაცი აღნიშნავს, დამთხვევით, ამავე დროს ლა ფენიჩეს მახლობლად იტალიურ ენაზე იდგმებოდა პიესა
მიუხედავად იმისა, რომ იტალიის სხვადასხვა ქალაქის იმპრეზარიოები ოპერის დადგმას ითხოვდნენ, ვერდი უარს აცხადებდა, სანამ დარწმუნებული არ იქნებოდა შემსრულებელთა მაღალ დონეში. მათი თხოვნების მიუხედავად, კომპოზიტორი დათმობაზე არ წავიდა. როგორც ჯულიან ბადენი აღნიშნავს, საბოლოოდ სწორედ ვენეციამ „აქცია ვიოლეტა პატიოსან ქალად“,[9] როდესაც ვერდიმ დართო ნება ოპერის დადგმას სან ბენედეტოს თეატრში. 1853 წლიდან 1854 წლის მაისამდე განხორციელდა რამდენიმე რედაქცია, ძირითადად მეორე და მესამე მოქმედებებში. ოპერა კვლავ შესრულდა 1854 წლის 6 მაისს და ამჯერად დიდ წარმატებას მიაღწია, უმთავრესად მარია სპეცია-ალდინიერის მიერ ვიოლეტას როლის შესრულების წყალობით. „მაშინ — ფიასკო იყო; ახლა — სენსაცია. თავად გამოიტანეთ დასკვნა!“ — წერდა პიავე (რომელიც ვერდის არყოფნისას წარმოებას ხელმძღვანელობდა).[10]
ოპერა (რედაქტირებული ვერსიით) პირველად შესრულდა მადრიდში 1855 წლის 1 თებერვალს, თეატრო რეალში, ვენაში — 1855 წლის 4 მაისს იტალიურ ენაზე, ხოლო ბარსელონაში — 25 ოქტომბერს, გრან თეატრ დელ ლისეუში. ინგლისში ოპერა პირველად შესრულდა 1856 წლის 24 მაისს, იტალიურ ენაზე, ლონდონში, მის უდიდებულესობის თეატრში,[11] სადაც იგი მორალურად საეჭვოდ მიიჩნიეს. „ეკლესიის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა წარმოდგენის აკრძალვისთვის; დედოფალმა თავი შეიკავა თეატრის მონახულებისგან, თუმცა მუსიკა და ტექსტი სასახლეშიც ისმოდა“.[12]
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპერა პირველად შესრულდა მაქს მარეცეკის იტალიური ოპერის დასის მიერ 1856 წლის 3 დეკემბერს, იტალიურ ენაზე, ნიუ-იორკის მუსიკის აკადემიაში.[13] ჯორჯ ტემპლტონ სტრონგი დღიურში წერდა: „ამბობენ, რომ სიუჟეტი ამორალურია, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ იგი სხვებზე უარესი იყოს — მით უმეტეს დონ ჯოვანისთან შედარებით“,[14] ხოლო გაზეთ Evening Postის კრიტიკოსი აღნიშნავდა: „ვინც დონ ჯოვანის აშკარა უღირსობებს მშვიდად უყურებდა, ლა ტრავიატაში ძნელად თუ რამეზე შეიწუხებს თავს“.[15]
საფრანგეთში ოპერა პირველად შესრულდა 1856 წლის 6 დეკემბერს, იტალიურ ენაზე, პარიზში, Salle Ventadourში, Théâtre-Italienის მიერ,[11] ხოლო 1864 წლის 27 ოქტომბერს ფრანგულად, სახელწოდებით ვიოლეტა, თეატრ ლირიკში (შატლეს მოედანზე), კრისტინა ნილსონის მონაწილეობით.[16] ლიბრეტოს ფრანგული ადაპტაცია გამოიცა 1865 წელს.[17]
Encyclopædia Britannicaს მიხედვით, ლა ტრავიატა ვერდის სიცოცხლეშივე იქცა ერთ-ერთ ყველაზე ხშირად შესრულებულ ოპერად.[18] იგი დღემდე მუდმივად იკავებს მაღალ ადგილებს მსოფლიოში ყველაზე ხშირად შესრულებული ოპერების წლიურ სიებში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Taruskin, 2009 და გზას გადახვეული ქალი გზას აცდენილი ქალი, Chapter 11}; იტალიური „tra-“ — „გადაღმა, მიღმა“ და „via“ — „გზა“-დან
- ↑ Meadows 1892, p. 582.
- ↑ Kimbell 2001, p. 995.
- ↑ Phillips-Matz 1993, p. 303.
- ↑ Budden 1992, p. 115.
- ↑ Budden 1992, pp. 116–117.
- ↑ Phillips-Matz 1993, p. 318.
- ↑ Verdi to Muzio, 7 March 1853, quoted in Loewenberg 1978, column 906: "La traviata ieri sera fiasco. La colpa è mia o dei cantanti? Il tempo giudicherà". Translated in Krehbiel 1909, p. 167.
- ↑ Budden 1992, p. 124.
- ↑ Piave to De Sanctis, 25 May 1854, in Budden 1992, p. 125
- ↑ 11.0 11.1 Loewenberg 1978, columns 906–908
- ↑ Leslie's (13 December 1856), p. 18, quoted and cited in Brodsky Lawrence 1995, p. 712.
- ↑ George Whitney Martin (2011). Verdi in America: Oberto Through Rigoletto. University Rochester Press, გვ. 81. ISBN 978-1-58046-388-1.
- ↑ Brodsky Lawrence 1995, p. 712.
- ↑ Evening Post (4 December 1856), p. 18, quoted and cited in Brodsky Lawrence 1995, p. 712–713.
- ↑ Walsh 1981, p. 317.
- ↑ Piave 1865.
- ↑ Schwarm, Betsy; Kuiper, Kathleen; Cantoni, Linda. La traviata | opera by Verdi (27 September 2016). ციტირების თარიღი: 3 April 2023