შინაარსზე გადასვლა

ლაჰტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ლაჰტი
ფინ. Lahti
შვედ. Lahtis

ქალაქის ცენტრი
გერბი

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
რეგიონი პიაიატ-ჰიამე
ქვერეგიონი ლაჰტის ქვერეგიონი
კოორდინატები 60°58′49″ ჩ. გ. 25°39′17″ ა. გ. / 60.9803806° ჩ. გ. 25.6549889° ა. გ. / 60.9803806; 25.6549889
მმართველი Niko Kyynäräinen
დაარსდა 1905
პირველი ხსენება 1878
ფართობი 517,63 კმ²
ცენტრის სიმაღლე 122 მეტრი
ოფიციალური ენა ფინური ენა[1] [2]
მოსახლეობა 121 832 კაცი
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
ოფიციალური საიტი https://www.lahti.fi/
ლაჰტი — ფინეთი
ლაჰტი

ლაჰტი (ფინ. Lahti; შვედ. Lahtis) — ქალაქი ფინეთში და პიაიატ-ჰიამეს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ფინეთის ტბების რეგიონის ტერიტორიაზე, ვესიიარვის ტბის სამხრეთ სანაპიროზე, დაახლოებით 100 კილომეტრით ჰელსინკის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ლაჰტი ფინეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ურბანული და სატრანსპორტო ცენტრია.

ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 122 000 ადამიანია, ხოლო ლაჰტის ქვერეგიონში 205 000 ადამიანი. ლაჰტი მოსახლეობის რაოდენობით ფინეთის ერთ-ერთი უდიდესი მუნიციპალიტეტია.

ქალაქი მდებარეობს ფინეთის ეროვნული გზა №4-ისა და ფინეთის ეროვნული გზა №12-ის (ტამპერეკოუვოლა) გადაკვეთაზე, რაც მას მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძად აქცევს. ლაჰტის მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია ასიკალა, ჰეინოლა, ჰოლოლა, იიტი და ორიმატილა.[3]

ლაჰტი ცნობილია გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მიღწევებით. ქალაქი ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან აქტიურად ახორციელებს ეკოლოგიურ პროგრამებს. ევროპის კომისიამ ლაჰტი 2021 წლის ევროპის მწვანე დედაქალაქად დაასახელა.[4][5]

ქალაქში მდებარეობს სალპაუსელკის იუნესკოს გლობალური გეოპარკის ადმინისტრაცია.[6] სალპაუსელკი 2022 წელს შევიდა იუნესკოს გლობალური გეოპარკების სიაში.[7]

2026 წლის იანვარში ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა ლაჰტი სკანდინავიისა და ფინეთის ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა, განსაკუთრებით აღნიშნა ჰელსინკიდან მოსახერხებელი სატრანსპორტო კავშირები, მყუდრო კაფეები და ქალაქის მშვიდი ატმოსფერო.[8]

ქალაქის გერბზე გამოსახულია ცეცხლში მოქცეული მატარებლის ბორბალი, რაც უკავშირდება რიიჰიმიაკისანქტ-პეტერბურგის რკინიგზას, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლაჰტის განვითარებაში.[9]

ქართულ ენაში ფინური სიტყვა ლაჰტი ნიშნავს „ყურეს“.[10] ლაჰტის ასევე უწოდებენ ფინურ „ჩიკაგოს“, ორივე ქალაქის ადრეული სამრეწველო ისტორიის მსგავსების გამო, იმ პერიოდში, როდესაც ისინი ცნობილი იყვნენ როგორც „სასაკლაოების ქალაქები“.[11][12][13] გარდა ამისა, დანაშაულთა თვალსაზრისით ორივე ქალაქის პრობლემური ისტორია მათ შორის ერთ-ერთ მსგავსებად მიიჩნევა.[11][12][13]

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ ლაჰტის ტერიტორია ორი განსხვავებული გზით იყოფა: პირველია 40 ინდივიდუალურად დანომრილი რაიონი,[14] და მეორე, 9 დიდი ტერიტორია, რომლებიც თავის მხრივ იყოფა 41 სტატისტიკურ ოლქად, 40 რაიონად და შემდგომ უფრო მცირე 169 სტატისტიკურ ზონად.[15]

რაიონების და სტატისტიკური ოლქების განმარტებები აუცილებლად არ ემთხვევა ერთმანეთს. ქვემოთ ჩამოთვლილია რაიონები:

ვესიიარვის ტბა, დანახული ლაჰტიდან

ლაჰტის რელიეფზე დომინირებს პირველი სალპაუსელკას ქედი — გარდამავალი მორენა, რომელიც ქალაქს დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით კვეთს. ქალაქი მდებარეობს სამხრეთ სანაპირო ზონასა და ფინეთის ტბების მხარეს შორის გარდამავალ არეალში; სალპაუსელკას ჩრდილოეთით გავრცელებულია კლდოვანი ბორცვები და დანაწევრებული ტბები, ხოლო სამხრეთ მხარეს დომინირებს ტყეები და მცირე მდინარეები. ეს განსხვავება ნიადაგშიც აისახება: ჩრდილოეთ ნაწილში ძირითადად ტილია გავრცელებული, ხოლო სამხრეთში — თიხა.[16]

ყველაზე დიდი ტბაა ვესიიარვი, რომელიც პაიიანეს ტბის მეშვეობით ცენტრალური ფინეთისკენ მიმავალ წყალგზას წარმოადგენს. ლანუ-პუისტოს პარკთან ახლოს მდებარეობს ასევე ტბორი პიკუ-ვესიიარვი („პატარა ვესიიარვი“).[17]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციას მიხედვით, ლაჰტიში ნოტიო კონტინენტური კლიმატი (Dfb) არის. ზაფხული, როგორც წესი, თბილია; ივლისში საშუალო დღიური ტემპერატურა 23 °C-ს აღემატება, ხოლო ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ლაჰტი კოუვოლასთან ერთად გამოირჩეოდა 25 °C ან უფრო მაღალი ტემპერატურის მქონე დღეების დიდი რაოდენობით.

ზამთარი ცივი და ხანგრძლივია, თუმცა კლიმატის ცვლილების გავლენით ზამთრები თანდათან უფრო რბილი ხდება. 2010 წლის სიცხის ტალღის დროს ლაჰტიში ტემპერატურამ 35,0 °C-ს მიაღწია. ნალექი წლის განმავლობაში შედარებით თანაბრად ნაწილდება. ყველაზე მშრალი სეზონი გაზაფხულია, ხოლო ყველაზე მეტი ნალექი წლის მეორე ნახევარში მოდის.

ლაჰტი ისტორიულ წყაროებში პირველად 1445 წელს მოიხსენიება. ის სოფელი ჰოლოლას სამრევლოს ეკუთვნოდა და მდებარეობდა შუა საუკუნეების სავაჭრო გზაზე, რომელიც აკავშირებდა ქალაქებს ჰამეენლინასა და ვიიპურს.

ლაჰტის ქალაქგეგმა, 1878 წელი, ალფრედ კავეენის მიერ.
ლაჰტის რუკა, შედგენილი ნილს ვესტერმარკის მიერ 1750–1752 წლებში

რიიჰიმიაკი–სანკტ-პეტერბურგის სარკინიგზო ხაზის 1870 წელს და ვესიიარვის არხის მშენებლობის 1871 წელს დასრულებამ ლაჰტი აქტიურ სადგურად აქცია, რის შემდეგაც მის გარშემო სამრეწველო ობიექტების სწრაფი განვითარება დაიწყო. დიდი ხნის განმავლობაში ვესიიარვის ნავსადგურის რკინიგზის სადგური ფინეთში დატვირთულობით მეორე ადგილზე იყო. ხელოსნები, ვაჭრები, რამდენიმე მოხელე და მრავალი ქარხნის მუშა მალე შეერივნენ უკვე არსებულ გლეხურ მოსახლეობას.

1877 წლის 19 ივნისს თითქმის მთელი სოფელი ხანძარმა გაანადგურა. თუმცა ეს უბედურება დასახლების განვითარებისათვის იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან ხელისუფლებამ კვლავ განაახლა მსჯელობა ლაჰტისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ.

1878 წელს იმპერატორმა ალექსანდრე II-მ სოფელს საბაზრო ქალაქის უფლებები მიანიჭა, ხოლო იმავე წელს დამტკიცდა იმპერიული სტილის მართკუთხა ქალაქგეგმა, რომელიც მოიცავდა დიდ ბაზრის მოედანსა და ფართო ბულვარებს. ეს გეგმა დღემდე წარმოადგენს ქალაქის ცენტრის საფუძველს. შენობათა უმეტესობა ქუჩების გასწვრივ განლაგებული დაბალი ხის სახლები იყო.

ლაჰტი დაარსდა მძიმე ეკონომიკური კრიზისების პერიოდში. რუსეთის იმპერია შეწუხებული იყო ოსმალეთის წინააღმდეგ ომით, რამაც გავლენა მოახდინა ფინეთის დიდი სამთავროს ეკონომიკაზეც. რეცესიამ შეაფერხა ახალი დასახლების მშენებლობაც: მიწის ნაკვეთები ცუდად იყიდებოდა და ხშირად მათი განაშენიანება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ხდებოდა. არსებობის პირველ წლებში ქალაქი, რომლის მოსახლეობა მხოლოდ 200 ადამიანს შეადგენდა, მეტისმეტად პატარა იყო ვაჭრობის განვითარებისათვის. 1890-იანი წლების ბოლოს ლაჰტის საქალაქო საბჭომ გააძლიერა ძალისხმევა, რათა დასახლებას სრულფასოვანი ქალაქის სტატუსი მიეღო.

1904 წლის გაზაფხულზე ეს მცდელობები წარმატებით დასრულდა, როდესაც სენატმა განაცხადი დაამტკიცა, თუმცა კიდევ თვრამეტი თვე დასჭირდა, სანამ ნიკოლოზ II საბოლოოდ მოიწონებდა მას და ლაჰტის ქალაქად დაარსების განკარგულებას გამოსცემდა.

1905 წლის ბოლოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს ლაჰტის მოიცავს, დაახლოებით 8 200 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 3 000-მდე უშუალოდ ქალაქში იყო დასახლებული. მხოლოდ ათი წლის განმავლობაში აშენდა ყველა ძირითადი მუნიციპალური დაწესებულება, მათ შორის საავადმყოფო და მერია. ამავე დროს ქალაქის ცენტრში სწრაფად იზრდებოდა აგურის შენობების რაოდენობა. ლაჰტის ბრძოლა გაიმართა 1918 წლის ფინეთის სამოქალაქო ომის დროს, როდესაც გერმანულმა ბრანდენშტაინის რაზმმა ქალაქი ფინეთის წითელი გვარდიას წაართვა.

1920-იანი წლების დასაწყისში ქალაქმა შეიძინა ლაჰტის მამულის მიწები, მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც მანამდე ქალაქს ტბასთან წვდომას უზღუდავდა. 1930-იან წლებში სწრაფად განვითარდა მსხვილი სამრეწველო წარმოება და მოსახლეობაც სწრაფად გაიზარდა; იმ პერიოდში ლაჰტი ფინეთის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი იყო და ზამთრის ომის დაწყებამდე მისი მოსახლეობა 30 000-ს აღწევდა.

1924, 1933 და 1956 წლებში ახალი ტერიტორიების შეერთების შედეგად ლაჰტი გაიზარდა როგორც მოსახლეობის, ისე ფართობის მხრივ. მოსახლეობის ზრდა განსაკუთრებით ინტენსიური იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ქალაქში საბჭოთა კავშირისთვის დათმობილი ტერიტორიებიდან 10 000 ლტოლვილი დასახლდა, მოგვიანებით კი — 1960-იან და 1970-იან წლებში ურბანიზაციის შედეგად გაფართოვდა. მოსახლეობის სწრაფი ზრდა 1975 წელს მკვეთრად შენელდა და მას შემდეგ ქალაქი უფრო ნელა, თუმცა სტაბილურად იზრდება. მოსახლეობის ბოლო მნიშვნელოვანი ზრდა 2016 წელს დაფიქსირდა, როდესაც მუნიციპალიტეტი ნასტოლა ლაჰტის შემადგენლობაში შევიდა.[18]

2018 წლის დეკემბერში ლაჰტი ფინეთის პირველი ახალი საუნივერსიტეტო ქალაქი გახდა როვანიემის შემდეგ (1979 წლიდან), როდესაც პარლამენტმა უნივერსიტეტების შესახებ კანონში ცვლილება დაამტკიცა.[19] დღეს LUT University ორი კამპუსისგან შედგება — ლაპეენრანტასა და ლაჰტიში.[20]

მოსახლეობის რაოდენობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოსახლეობის რაოდენობა 1980–2025 წლებში[21]
წელი მოსახლეობა
1980 108 631
1985 108 919
1990 108 272
1995 110 038
2000 111 656
2005 113 582
2010 116 582
2015 118 743
2020 119 917
2025 121 832

ქალაქ ლაჰტის მოსახლეობა 121 832 ადამიანს შეადგენს, რაც მას ფინეთის ყველაზე ხალხმრავალ მუნიციპალიტეტად აქცევს. ლაჰტის რეგიონში ადამიანი ცხოვრობს და ის ფინეთში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეხუთე რეგინია ჰელსინკის, ტამპერეს, ტურკუსა და ოულუს შემდეგ.[22] ლაჰტიში ფინეთის მოსახლეობის 2% ცხოვრობს. მოსახლეობის 11%-ს უცხოური წარმომავლობა აქვს, რაც ეროვნულ საშუალო მაჩვენებლთან ახლოსაა. თუმცა, ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ფინეთის დიდ ქალაქებში — ჰელსინკიში, ესპოოში, ტამპერეში, ვანტაასა და ტურკუში.[21]

2025 წლის მონაცემებით, მოსახლეობის უმრავლესობის მშობლიური ენა ფინურია, ხოლო ყველაზე გავრცელებულ უცხო ენებს შორისაა რუსული, არაბული, უკრაინული, ესტონური, ქურთული და ინგლისური.[21]

ლაჰტი ერთენოვანი, ძირითადად ფინურენოვანი მუნიციპალიტეტია. მოსახლეობის უმრავლესობა, 107 782 ადამიანი (88,5%), ფინურ ენას თავის მშობლიურ ენად მიიჩნევს. გარდა ამისა, შვედურ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა მოსახლეობის 568 ადამიანს (0,5%) შეადგენს. უცხო ენებზე მოსახლეობის 11% საუბრობს. ვინაიდან ინგლისური და შვედური სკოლებში სავალდებულო საგნებია, ქალაქში საკმაოდ ბევრია ორენოვანი ან სამენოვანი მოსახლე. ჯამში ლაჰტიში 100-ზე მეტ ენაზე საუბრობენ.[21]

მოსახლეობა მშობლიური ენის მიხედვით (2025)
ენა %
ფინური 88,5
რუსული 2,8
არაბული 1,1
უკრაინული 1,0
ესტონური 0,7
ქურთული 0,7
ინგლისური 0,5
სხვა 4,7

2023 წელს ფინეთის ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ლაჰტის ყველაზე დიდი რელიგიური ჯგუფი იყო და ქალაქის მოსახლეობის 60,6%-ს აერთიანებდა. სხვა რელიგიური ჯგუფები მოსახლეობის 2,9%-ს შეადგენდნენ. მოსახლეობის 36,5% არ იყო დაკავშირებული რომელიმე რელიგიურ გაერთიანებასთან.

2025 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 89,3% ფინეთში იყო დაბადებული, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული.[23] 2024 წლისთვის ლაჰტიში უცხოური წარმომავლობის 12 841 ადამიანი ცხოვრობდა, რაც მოსახლეობის 11% იყო. ფინეთის სტატისტიკის სამსახური ადამიანს „უცხოური წარმომავლობის“ მქონედ მიიჩნევს, თუ მისი ორივე მშობელი ან ერთადერთი ცნობილი მშობელი საზღვარგარეთ არის დაბადებული — საზღვარგარეთ დაბადებული მცხოვრებლების რაოდენობა 12 146 იყო, ანუ მოსახლეობის 10%. ლაჰტიში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა 8 268-ს შეადგენს. საზღვარგარეთ დაბადებულ მოქალაქეთა უმრავლესობა წარმოშობით ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ესტონეთიდან, ერაყიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან იყო.

მოსახლეობა დაბადების ქვეყნის მიხედვით (2025)
ქვეყანა მოსახლეობა %
ფინეთის დროშა ფინეთი 108 816 89,3
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი 2 733 2,2
ესტონეთის დროშა ესტონეთი 895 0,7
უკრაინის დროშა უკრაინა 724 0,6
ერაყის დროშა ერაყი 712 0,6
რუსეთის დროშა რუსეთი 663 0,5
სირიის დროშა სირია 607 0,5
შვედეთის დროშა შვედეთი 553 0,5
ჩინეთის დროშა ჩინეთი 496 0,4
ტაილანდის დროშა ტაილანდი 370 0,3
სხვა 4 983 4,1

იმიგრანტების წილი ლაჰტის მოსახლეობაში ეროვნული საშუალო მაჩვენებლის ახლოსაა. ქალაქის მოსახლეობაში უცხოური წარმოშობის ადამიანთა რიცხვი იზრდება, რადგან შობადობის მაჩვენებელი უცხოელებს მეტი აქვსთ.[23] [24]

ლაჰტი კულტურული მიმართულებით ამბიციებიური ქალაქია, რაც განსაკუთრებით გამოიხატა არქიტექტორების კიმო ლინტულასა და ჰანუ ტიკას მიერ შექმნილი დიდი საკონგრესო და საკონცერტო ცენტრის, სიბელიუსის დარბაზის (2000) მშენებლობაში.

ლაჰტიში მდებარეობს ფინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმფონიური ორკესტრი — ლაჰტის სიმფონიური ორკესტრი (Sinfonia Lahti), რომელიც პერფორმანსებს სიბელიუსის დარბაზში ატარებს. ორკესტრი ასრულებს როგორც კლასიკურ, ისე პოპულარულ მუსიკას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იან სიბელიუსის შემოქმედებას. ორკესტრს მოპოვებული აქვს არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო და მისი შესრულება ხშირად ისმის რადიო BBC-ის ეთერში.

ლაჰტის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალების პროგრამა მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა ლაჰტის საორგანო ფესტივალი, ქალაქის ბაზრის მოედანზე გამართული ჯაზ-ფესტივალი და სიბელიუსის ფესტივალი.

ლაჰტის ნავსადგურის გარე ბაზრობის ფონზე სიბელიუსის დარბაზი.

სიბელიუსის დარბაზის გარდა, ლაჰტის სხვა მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობებია: მერია (1911), რომელიც ელიელ საარინენის პროექტით აშენდა;ჯვრის ეკლესია (1978), რომლის ავტორია ალვარ აალტო; ნასტოლას ეკლესია (1804) — ქალაქის უძველესი ეკლესია. ასევე იაუტიარვის ეკლესია; საქალაქო თეატრი (1983), რომელიც პეკა სალმინენიმ დააპროექტა; საქალაქო ბიბლიოთეკა (1990), რომლის ავტორია არტო სიპინენი; ფორტეპიანოს პავილიონი (2008), შექმნილი გერტ ვინგორდის მიერ; და სატრანსპორტო ცენტრი (2016), რომელიც JKMM Architects-მა დააპროექტა.

ლაჰტი ასევე მასპინძლობს საერთაშორისო არქიტექტურულ ჯილდოს — ხის სულისკვეთების არქიტექტურის ჯილდოს, რომელიც ფინეთში 1999 წელს დაარსდა. ჯილდოს ზოგიერთი ლაურეატი ქალაქში მცირე არქიტექტურული ნაგებობების დაპროექტების შეკვეთას იღებდა. მათ შორის არიან იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა და ავსტრალიელი არქიტექტორი რიჩარდ ლეპლასტრიერი. ფინური ფოლკ-მეტალ ჯგუფი კორპიკლანი ლაჰტიშია დაარსებული.

მუზეუმები და გალერეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სათხილამურო ტრამპლინები სპორტულ ცენტრში
ლაჰტის სპორტული ცენტრი: სათხილამურო ტრამპლინები, სათხილამურო სტადიონი (Hiihtostadium) და ღია საზოგადოებრივი საცურაო აუზი.

ლაჰტის მდიდარი სპორტული ტრადიციები აქვს, განსაკუთრებით ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ქალაქი ცნობილია ყოველწლიურად გამართული ლაჰტის სათხილამურო თამაშებით და სათხილამურო გარბენით ფინეთი თხილამურებით.

ლაჰტი ერთადერთი ქალაქია, რომელმაც ჩრდილოური სათხილამურო სპორტის მსოფლიო ჩემპიონატს შვიდჯერ უმასპინძლა — 1926, 1938, 1958, 1978, 1989, 2001 და 2017 წლებში.[33]

„პელიკანსი“ 1999 წლიდან ფინეთის ყინულის ჰოკეის უმაღლეს საფეხურზე — ფინეთის ჰოკეის ლიგაში — ასპარეზობს. ახალ ათასწლეულამდე ლაჰტის უმაღლეს დონეზე 50 წლის განმავლობაში „რეიპასი“ წარმოადგენდა. NHL-ის ბევრი მოთამაშის კარიერა სწორედ „რეიპასში“ დაიწყო, მათ შორის გამორჩეულები არიან იანე ლაუკანენი, ტონი ლიდმანი და პასი ნურმინენი.[34]

ისტორიულად, ქალაქის ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბი „კუუსისი“ იყო. მისი ოქროს ხანა 1980-იანი წლების დასაწყისიდან 1990-იან წლებამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში კლუბმა ფინეთის ხუთი ჩემპიონატი და ფინეთის თასის ორი ტიტული მოიგო, ასევე ყოველწლიურად მონაწილეობდა ევროპულ ტურნირებში. მისი მთავარი მეტოქე, „რეიპასი“, 1963–1978 წლებში სამჯერ გახდა ფინეთის ჩემპიონი და შვიდჯერ მოიგო თასი, თუმცა 1980-იან წლებში „კუუსისის“ გაძლიერების ფონზე მისმა წარმატებებმა იკლო.

1990-იან წლებში ორივე კლუბი მძიმე ფინანსურ პრობლემებს წააწყდა, რის შედეგადაც 1996 წელს ისინი გაერთიანდნენ. ახალმა კლუბმა ახალი სახელი „ლაჰტი“, ემბლემა და ფერები შეარჩია. „ლაჰტი“ 1999 წლიდან თამაშობს ვეიკაუსლიიგაში, გარდა 2011 წლისა, როდესაც ერთი სეზონის განმავლობაში პირველ დივიზიონში გავარდა. კლუბი ორჯერ მესამე ადგილზე გავიდა და სამჯერ მიიღო მონაწილეობა ევროპულ ტურნირებში.[35]

ლაჰტის ეკონომიკურ რეგიონზე, რომელიც მიმდებარე მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს, ძლიერი გავლენა მოახდინა საბჭოთა კავშირის დაშლამ და ამ ქვეყანასთან ვაჭრობის შეწყვეტამ. 1990-იანი წლების დასაწყისში ლაჰტიში ეკონომიკური რეცესია დაიწყო. წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, განსაკუთრებით მექანიკური ინჟინერიისა და სხვა საწარმოო დარგებში (მაგალითად, ავეჯის წარმოებაში).

შემცირდა წარმოება ტექსტილისა და ტანსაცმლის ინდუსტრიაშიც. 1990 წელს ლაჰტის რეგიონში 90 370 სამუშაო ადგილი იყო. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა და 1993 წელს რეგიონში 70 000-ზე ნაკლები სამუშაო ადგილი დარჩა. ამის შემდეგ დასაქმების მაჩვენებელი ნელ-ნელა გაიზარდა და 1999 წლისთვის 79 138-ს მიაღწია.

1995 წელს კვლევისა და განვითარების (R&D) დანახარჯი ერთ სულ მოსახლეზე 715 ფინური მარკა იყო, მაშინ როდესაც ფინეთის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 2050 ფინურ მარკას შეადგენდა. ლაჰტის რეგიონში ტექნოლოგიების ეროვნული სააგენტოს დაფინანსების მოცულობა 2004–2007 წლებში 40%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ფინეთის საშუალო ზრდა 60% იყო.[36]

  1. http://www.stat.fi/meta/luokitukset/kunta/001-2012/luokitusavain_ks.html
  2. Kuntien ja kielisuhdeluokituksen 2024 välinen luokitusavain, Klassificeringsnyckeln mellan kommuner och språklig indelning år 2024, The correspondence table between municipalities and language distribution in 2024Statistics Finland, 2024.
  3. Kunnat: Lahti fi. Kuntaliitto. ციტირების თარიღი: 6 August 2024
  4. Lahti – European Green Capital 2021. ციტირების თარიღი: 2021-01-15
  5. European Green Capital: 2021 – Lahti. ციტირების თარიღი: 2021-01-15
  6. Salpausselkä Geopark. ციტირების თარიღი: 20 January 2023
  7. UNESCO designates 8 new Global Geoparks. ციტირების თარიღი: 23 January 2023
  8. Readers' travel tips | 'We had Norway’s glacial lakes to ourselves': readers' favourite breaks in Scandinavia and Finland. The Guardian (30 January 2026). ციტირების თარიღი: 1 February 2026
  9. (1982) Suomen kunnallisvaakunat (fi). Suomen Kunnallisliitto, გვ. 118. ISBN 951-773-085-3. 
  10. Everett-Heath, John (22 October 2020) „Lahti“, Concise Oxford Dictionary of World Place Names (en). Oxford University Press. ISBN 978-0-19-190563-6. 
  11. 1 2 7 Interesting Facts about Lahti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-12. ციტირების თარიღი: 2020-06-12
  12. 1 2 Lahti on Suomen Chicago – syystäkin დაარქივებული 2020-06-12 საიტზე Wayback Machine. (ფინურად)
  13. 1 2 Onko Lahti oikeasti "Suomen Chicago"? Poliisi kertoo (ფინურად)
  14. ლაჰტის რუკის სერვისი: ლაჰტის კვარტლები ქალაქი. ლაჰტის ქალაქი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 იანვარი 2021. ციტირების თარიღი: 17 იანვარი 2021
  15. Lahti. http://www4.lahti.fi/verkkotilastointi/ (არქივი: https://web.archive.org/web/20080706021100/http://www4.lahti.fi/verkkotilastointi/, დაარქივებულია 6 ივლისი 2008; წვდომა: 2021; ფინურად).
  16. Huovinen, Pentti; Rikkinen, Kalevi; Sihvo, Hannes (1984) Finlandia: Otavan iso maammekirja, osa 3: Häme ja Pirkanmaa (fi). Helsinki: Otava, გვ. 108–116. ISBN 951-1-07914-X. 
  17. Lahden pienten jarvien veden laadun tutkimuksia 30 vuotta fi. Puhdasvesijarvi.fi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-25. ციტირების თარიღი: 2020-12-22
  18. Uuskallio, Vili. "Lahden ja Nastolan liitoksesta seurannut jotain hyvääkin" fi. Etelä-Suomen Sanomat (29 December 2016). ციტირების თარიღი: 7 August 2022.
  19. Eduskunta vahvisti uuden yliopiston syntymisen: Lahtikin on nyt yliopistokaupunki Lappeenrannan kanssa fi. Yle (18 December 2018). ციტირების თარიღი: 16 June 2026
  20. Organisation en. LUT University. ციტირების თარიღი: 16 June 2026
  21. 1 2 3 4 Population by area, age and sex. Statistics Finland. ციტირების თარიღი: 2025-12-31
  22. Lahti. Wikipedia. ციტირების თარიღი: 2026-06-17
  23. 1 2 Statistics Finland classifies a person as having a "foreign background" if both parents or the only known parent were born abroad — https://www.stat.fi/tup/maahanmuutto/maahanmuuttajat-vaestossa/ulkomaalaistaustaiset_en.html დაარქივებული 2021-01-05 საიტზე Wayback Machine. (accessed 18 September 2023)
  24. Key figures on population by region, 1990–2023. Statistics Finland. ციტირების თარიღი: 2026-06-17[მკვდარი ბმული]
  25. Ski Museum – Snow Fun Year-round. City of Lahti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 April 2016. ციტირების თარიღი: 17 July 2020
  26. Lahti Historical Museum. City of Lahti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 August 2020. ციტირების თარიღი: 17 July 2020
  27. Lahti Art Museum. City of Lahti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 February 2020. ციტირების თარიღი: 17 July 2020
  28. Lahti Poster Museum. City of Lahti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 17 July 2020
  29. Radio and TV Museum. City of Lahti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 17 July 2020
  30. Finland's Motorcycle Museum. Finland's Motorcycle Museum (2 August 2017). ციტირების თარიღი: 17 July 2020
  31. The Museum of Military Medicine. The Museum of Military Medicine. ციტირების თარიღი: 17 July 2020
  32. Taidekeskus Taarasti. Nastolan Taideyhdistys ry. ციტირების თარიღი: 2026-06-17
  33. Lahti Ski Games en. ციტირების თარიღი: 2026-06-17
  34. Lahti Pelicans en (2024-04-13). ციტირების თარიღი: 2026-06-17
  35. Historia FC Lahti fi. ციტირების თარიღი: 2026-06-17
  36. (2005) OECD Territorial Reviews: Finland 2005 (en). Organisation for Economic Co-operation and Development (OECD). ISBN 9789264012783.