ლაშქენდარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაშქენდარის ეკლესია — ეკლესია ქალაქ ტყვარჩელთან, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.

ეკლესია აგებულია შუა საუკუნეებში.

ლაშქენდარის საეკლესიო კომპლექსი აშენებულია ამავე სახელწოდების მთაზე, ქალაქ ტყვარჩელიდან 5-6 კმ-ზე. ის მოიცავს ორ ეკლესიას: ძირითადს-გუმბათოვანი ტაძრით, ხოლო ჩრდილოეთიდან მთავარ ტაძარს ებჯინება პატარა ეკლესია ნახევრადწრიული აფსიდით, რომელიც მთავარ ტაძართან დაკავშირებულია გასასვლელით. მთელი ეს ანსამბლი შემოსაზღვრულია 100 მეტრიანი დამცავი კედლით, რომლის სამხრეთით აღმართულია ცენტრალური თაღოვანი შესასვლელი მასზე გამოქანდაკებული რელიეფური ჯვრით. გარდა ცენტრალური შესასვლელისა, კომპლექსს გააჩნია კიდევ სამი შესასვლელი: ერთი შესასვლელი დასავლეთის მხრიდან, მორთული ლომების ჰერალდიკური გამოსახულებებით და ორი შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან.

ამჟამად მთავარ ტაძარს გუმბათი ჩამონგრეული აქვს, ხოლო მისი კარიბჭე მოგვიანებით არის აგებული და მთლიანად შენარჩუნებულია. ტაძარს აკრავს სამარხებიანი ხელოვნური ბაქანი, სადაც ადრე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ბრინჯაოსგან დამზადებული ლომის ფიგურები, შანდლები, სხვადასხვა სარიტუალო ნივთები-ქართული ქრისტიანული ხელოვნების ტიპური ნიმუშები. მთელი საეკლესიო-არქიტექტურული სივრცე, მიუხედავად მისი მოუვლელობისა, მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება და საქართველოში უპირატესად გავრცელებული საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეულ ძეგლად არის აღიარებული. ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, მეორე შევსებული გამოცემა, თბ., 2020, გვ. 117

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]