შინაარსზე გადასვლა

ლაშა ჯაკობია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაშა ჯაკობია
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
20 აგვისტო, 1980 (1980-08-20) (44 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998-2000 სტანდარტი ლიეჟი 2 (0)
1999ვისე 18 (14)
2000ლიეჟი 14 (14)
2000-2002 პარი სენ ჟერმენი 0 (0)
2000-2001ენდრახტი ალსტი 3 (1)
2000-2002ლიეჟი 0 (0)
2002 რაპიდი ბუქარესტი 0 (0)
2003 დინამო თბილისი 1 (0)
2003 თბილისი 17 (1)
2004 პას იანინა 7 (3)
2004-2007 მეტალისტი ხარკოვი 44 (9)
2006-2007არსენალი კიევი 16 (4)
2008 ვორსკლა პოლტავა 0 (0)
2008 მეტალისტი ხარკოვი 4 (0)
2009 არსენალი კიევი 13 (2)
2011 სპარტაკი ცხინვალი 10 (2)
2011-2012 ზაკარპატია უჟგოროდი 23 (10)
ეროვნული ნაკრები
2004-2008 საქართველო 14 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 მარტი, 2012

ლაშა ჯაკობია (დ. 20 აგვისტო, 1980) — ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, კარიერის საუკეთესო წლები გაატარა უკრაინის საფეხბურთო კლუბ მეტალისტში. საქართველოს ეროვნულ გუნდში ჩატარებული აქვს 14 მატჩი და ერთი გოლიც აქვს გატანილი.

ახალგაზრდული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაკობიამ საფეხბურთო ანაბანა სპორტულ სკოლა მაისში ისწავლა, სადაც საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გაგუამ შეამჩნია და გუნდში აიყვანა. 1996 წლის ოქტომბერში საბერძნეთი 16 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მასპინძლობდა. მაშინდელ გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელი თამაშობდა, რომელთაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მათ შორის ყველაზე გამორჩეული ლაშა ჯაკობია იყო. 16 წლის თავდამსხმელმა ორ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. მისმა ჰეთ-თრიკმა საქართველოს ნაკრებს ქულა მოუტანა, ბულგარეთთან დაპირისპირებაში კი, რომელიც გაგუას გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა, ჯაკობიამ ერთი ბურთი შეაგდო.

მას არც ევროპის ჩემპიონატზე შეურცხვენია თავი. მართალია, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორივე შეხვედრა წააგო, მაგრამ ამომავალმა ვარსკვლავმა, სპეციალისტები გატანილი სამი გოლით კვლავ გააოცა.

ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრას ბულგარეთთან, ბელგიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბის, ქვეყნის რვაგზის ჩემპიონის და ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალისტის, ლიეჟის სტანდარტის მაშინდელი პრეზიდენტი როჟე ანგოტე დაესწრო და ჯაკობიაც 1998 წელს, თვრამეტი წლის ასაკში სტანდარტში აღმოჩნდა.

1998-1999 წლების სეზონი ლაშამ დუბლებში ჩაატარა და 26 გოლით, ტურნირის ბომბარდირი გახდა. იმ პერიოდისთვის სტანდარტს ხორვატი ტომისლავ ივიჩი ავარჯიშებდა. შეტევაში დიდი კონკურენცია იყო — ხორვატი ივიცა მოლნარი და რობერტ პროსინეჩკი, ძმები მბო და ემილ მპენზები. 1999 წელს სტანდარტმა ახალგაზრდა ფორვარდი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ნახევარი სეზონით რანგით დაბალ კლუბ ვესეში გაანათხოვრა. ქართველმა ფორვარდა 18 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა, რაც მშვენიერი შედეგი იყო თუმცა სტანდარტმა მისი დაბრუნება არ ისურვა და ლაშამ სეზონის მეორე ნახევარში ასევე რანგით დაბალ კლუბ ლიეჟში გააგრძელა კარიერა. ქართველი ფორვარდის მიერ ნაჩვენები შედეგი ფენომენალური იყო — 14 მატჩი, 14 გოლი.

2000 წელს, ლაშა ფრანგულ საფეხბურთო კლუბ პარი სენ ჟერმენში გადავიდა, სადაც ტრავმება არ მისცა შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება, ჯაკობიას პარიზულ გუნდში ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია, კლუბმა ერთი წლით ჯერ ბელგიურ ალსტში გაანათხოვრა, შემდეგი წელს კი ასევე ბელგიურ ლიეჟში, რასაც მცირე ხანი რუმინულ რაპიდში განათხოვრება მოყვა, თუმცა ტრავმის გამო ჯაკობიას თითქმის არ უთამაშია ამ ხნის განმავლობაში, რამაც საშინლად იმოქმედა მის საფეხბურთო განვითარებაზე.

2003 წლის ზამთარში ლაშა საქართველოში, დინამოში დაბრუნდა, სადაც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ვერ ახერხებდა და საფეხბურთო კლუბ თბილისში გადავიდა განათხოვრების წესით, მიუხედავად იმისა, რომ კარგად თავის წარმოჩენა ვერც აქ შეძლო, მეტნაკლებად ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა და ფორმასაც ნელ-ნელა იღდგენდა. თბილისის შემდეგ ლაშამ 4 თვის განმავლობაში ითამაშა საბერძნეთის კლუბ იანინაში, სადაც 7 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა. სეზონის დასრულების შემდეგ იანინამ ერთ-ერთი საკონტროლო თამაში ოდესის ჩერნომორეცის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც ჯაკობია ხარკოვის მეტალისტის მთავარმა მწვრთნელმა გენადი ლიტოვჩენკომ შეამჩნია და ხარკოვში გადასვლა შესთავაზა, ჯაკობია დათანხმდა.

უკრაინაში ჯაკობიას თითქმის მეორე სუნთქვა გაეხსნა, ამ პერიოდში კლუბი უკრაინელმა ოლიგარქმა იაროსლავსკიმ იყიდა და გუნდში დიდი ინვესტიცია ჩადო. მიუხედავად იმისა, რომ ლიტოვჩენკო მწვრთნელად დიდი ხანი არ დარჩენილა, მისი შემცვლელი ალეკსანდრ ზავაროვის ხელში ლაშამ უფრო მოუმატა და კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი შეიქნა. ზავაროვი მირონ მარკევიჩმა შეცვალა, ჯაკობია კვლავ პროგრესირებდა — გახდა გუნდის კაპიტანი, ორჯერ უეფა-ს ევროპა ლიგაზე ითამაშა და მერვედფინალში გავიდა.

2 წლიანი წარმატებული პერიოდის შემდეგ ჯაკობიას გუნდში დისციპლინარული პრობლემები შეექნა, ვარჯიშების გაცდენის გამო. გუნდში სიტუაციის არევას, როგორც კაპიტანი თავადვე მოერიდა და 2006 წელს განათხოვრების წესით კიევის არსენალში გადავიდა, სადაც მთავარი მწვრთნელი მისი ძველი ნაცნობი ალეკსანდრ ზავაროვი იყო. ახალ გუნდში თავიდან ყველაფერი ნორმალურად დაიწყო თუმცა, გარკვეული პერიოდის ლაშას კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა და სეზონის ბოლოს მეტალისტში დაბრუნდა, თუმცა კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს ამბობდა და ძირითადში აღარ აყენებდნენ.

2008 წლის დასაწყისში ლაშას ძველი ნაცნობისგან როჟე ანგოტესგან მოუვიდა შეთავაზება, ფრანგულ ნანტში გადასვლაზე, ჯაკობია დათანხმდა და თითქმის გაჩარხული ტრანსფერი მოულოდნელად ჩაიშალა — ჯაკობიამ ანგოტეს უარი უთხრა და უკრაინულ ვორსკლაში არჩია გადასვლა. ახალ კლუბში ჯაკობიას საერთოდ არ მოუწია თამაშის ჩატარება და ფორმა დაკარგა, ლაშა საფეხბურთო კარიერის ნაადრევად დასრულებისგან ძველმა ნაცნობებმა იხსნეს — მისი სატრანსერო უფლებები მეტალისტმა გამოისყიდა და ჯაკობია კვლავ მარკოვიჩთან აღმოჩნდა, თუმცა სწორედ ამ დროს ლაშას პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი ჰქონდა, რამაც გარკვეული დაღი მის ასპარეზობასაც დაასვა და ძირითადში ადგილის მოპოვება ვეღარ მოახერხა.[1]

2009 წელს, მეტალისტში წარუმატებელი ნახევარი სეზონის შემდეგ, ჯაკობია კიდევ ერთხელ გადავიდა კიევის არსენალში, ზავაროვთან. სიტუაცია ნელ-ნელა დალაგდა, ლაშამ გოლების გატანასაც უხშირა და მოულოდნელად დიდ სკანდალში გაეხვა — ფეხბურთელი დოპინგტესტზე ჩავარდა და ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. 26 სექტემბერს ჯაკობიას არსენალი ზაპოროჟიეს მეტალურგთან 1:2 დამარცხდა, რის შემდეგაც ქართველმა ფეხბურთელმა დოპინგტესტი გაიარა. პასუხი დადებითი აღმოჩნდა. განმეორებით ცდაზე თავად ჯაკობიამ თქვა უარი. უკრაინული მედიის ცნობით, ლაშამ აღიარა, რომ საქართველოში ყოფნისას, ღვინოში ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი გააზავა და ეს თურმე სტრესის მოსახსნელად გააკეთა. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა ლაშას გულწრფელი აღიარება და მხოლოდ ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია აკმარა.[2]

დისკვალიფიკაციის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს დისკვალიიკაციის ვადის გასვლის შემდეგ ჯაკობია სამშობლოში, კლუბ ცხინვალში გამოჩნდა მურთაზ შელიას ხელმძღვანელობით, ათი შეხვედრა ჩაატარა და გუნდს ორი გატანილი გოლით შეეწია. ამავე პერიოდში მეტალისტის ბოლო ათწლეულის საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს, რის შემდეგადაც უკრაინიდან, უჟგოროდის ჰოვერლა-ზაკარპატიედან მოუვიდა მოწვევა, რომელიც პირველი ლიგაში ასპარეზობდა და მიზნად პრემიერლიგაში აღზევება ჰქონდა გადაწყვეტილი. ჯაკობიამ წინადადება მიიღო და ბრწყინვალედაც მოერგო გუნდს, სეზონის პირველ ნახევარში მან გუნდში 17 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, ხოლო ჰოვერლამ სეზონის პირველი ნახევარი ცხრილის სათავეში დაასრულა. ჯაკობია კლუბის ფანებმა პირველი ნახევრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს[3]. სეზონის მეორე ნახევარში ლაშა მუხლის ტრავმამ შეაწუხა, რის გამოც მხოლოდ 6 თამაში ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. 2011-2012 წლების სეზონი ჰოვერლამ პირველ ადგილზე ჩაამთავრა და პრემიერლიგის საგზური მოიპოვა, მაგრამ ჯაკობიამ გუნდში დარჩენა ტრავმის გამო ვერ მოახერხა და აქტიური საეხბურთო კარიერაც დაასრულა.

2013 წლიდან ჯაკობია ფოთის კოლხეთის ტექნიკური დირექტორია.

ლაშა წარსულში დინამო თბილისის ფეხბურთელის, გია ჯაკობიას შვილია.

ლაშამ ოჯახი პირველად 28 წლის ასაკში შექმნა. მისი მეუღლე ქართველი მომღერალი ქრისტინე იმედაძე იყო, მათმა ქორწინებამ წელიწადნახევარს გასტანა. წყვილს ქორწინებიდან ჰყავს გოგონა ტაისია.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]