ლაშარის დიდსალოცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაშარის დიდსალოცავი — ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარელში, კუდიგორის ქუჩაზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ყორე ქვითა და აგურით. დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, ფრაგმენტულადაა შემორჩენილი ლავგარდანი. შესასვლელი სამია: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. კარები გარედან თაღოვანია, შიგნიდან - თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით ღრმა, ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმელია დასავლეთით კედელში, ხოლო ორ-ორი გრძივ კედლებშია. აფსიდის იატაკი ორი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხეველში, სარკმლის სამხრეთით ერთი, ჩრდილოეთით კი ორი ნიშაა.

დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ეყრდნობა ორ საბჯენ თაღს. მათგან ერთი დარბაზის შუაშია, ხოლო მეორე დასავლეთ კედელთან. შუა თაღი გადაყვანილია კრონშტაინებზე. დასავლეთ თაღი კი - კუთხის პილასტრებზე. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში, კარის გვერდით, თითო სათოფურია. დასავლეთ ფასადზე, ფრონტონში, სამი შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. ამავე ფასადზე შემორჩენილია აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]