ლაყუჩები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაყუჩები — წყლის ცხოველების სუნთქვის ორგანო. ლაყუჩები აქვთ ცხოველთა თითქმის ყველა ჯგუფის წყალში მცხოვრებ ფორმებს (ზოგს მხოლოდ დროებით, ლარვულ პერიოდში). ლაყუჩები სხეულის ამა თუ იმ ნაწილის ზედაპირის თხელი ამოზნექილი უბანია, რომელიც შეიცავს მრავალრიცხოვან კაპილარებს (ზოგი მწერის ლარვებში — ტრაქეების ტოტებს). ლაყუჩებით ხდება აირცვლა ორგანიზმსა და წყალს შორის.

ლაყუჩები ცხოველს შეიძლება ჰქონდეს ტანზე, თავზე, კუდზე, კიდურებზე და სხეულის სხვა ნაწილებზე, თავისუფალი გამონაზარდების სახით (გარეგანი ლაყუჩები) ანდა ამა თუ იმ ღრუში (შინაგანი ლაყუჩები). ლაყუჩების ფორმა მრავალგვარია (დვრილისებრი, ძაფისებრი, ნაოჭისებრი, ფოთლისებრი, სავარცხლისებრი, ბუჩქისებრი, ფრთისებრი და სხვა). განსაკუთრებით რთულია მოლუსკების ქტენიდიუმები და ფირფიტოვანი ლაყუჩები აგრეთვე თევზების ლაყუჩები, რომელიც უამრავი სალაყუჩე ფურცლის 2-2 მწკრივისაგან შედგება. ქორდიანი ცხოველების, მათ შორის ხერხემლიანების, ლაყუჩები ვითარდება სპეციალურ სალაყუჩე ნაპრალების გაფართოებულ ღრუში (მრგვალპირიანები) ან მათ შორის ძგიდეებზე (დანარჩენი ცხოველები). ევოლულუციურ პროცესში ლაყუჩების რაოდენობა მცირდება, რაც კომპენსირებულია სასუნთქავი ზედაპირის გადიდებით (თვით ლაყუჩების გართულებით) და სუნთქვითი მოტორიკის სრულყოფით. თუ მრგვალპირიანებს სალაყუჩე ღრუში მხოლოდ ლორწოვანი გარსის მერიდიანული ნაოჭები აქვთ, თევზების ლაყუჩები რთულ, ფრთისებრ დატოტვილ ფურცელებადაა ქცეული. ხრტილოვან თევზებს ლაყუჩის ნაწილი მიზრდილი აქვთ სალაყუჩე ძგიდეზე. ამ ძგიდის რედუქციის გამო ძვლოვანი თევზების ლაყუჩების მთელი ზედაპირი თავისუფალია და მონაწილეობს სუნთქვაში (ლაყუჩები საერთო სალაყუჩე ღრუშია მოქცეული და დაცულია საერთო სარქვლით). თუ მრგვალპირიანების ლაყუჩებში წყლის ცირკულაცია ხდება დაუნაწევრებელი, პასიური ჩონჩხის ერთიანი სალაყუჩე მუსკულატურით, თევზების სალაყუჩე ჩონჩხი დანაწევრებულია და დიფერენცირებული კუნთებითაა აღჭურვილი, რაც უფრო აქტიური, რთული მოძრაობის საშუალებას იძლევა; თანაც, უმაღლეს თევზებს ამასთან ერთად საკუთარი ჩონჩხითა და კუნთებით აღჭურვილი საერთო სალაყუჩე სარქველი უჩნდებათ; ამის გამო სალაყუჩე აპარატი მოქმედებას იწყებს შემწოვი ტუმბოს პრინციპით, რაც წყალში მყოფი ჟანგბადის მაქსიმალური გამოყენების საშუალებას იძლევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Догель В. А., Сравнительная анатомия беспозвоночных, ч. 1, Л., 1938;
  • Шмальгаузей И. И., Основы сравнительной анатомии позвоночных животных, М., 1947;