ლაქტობაცილა
ლაქტობაცილა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Lactobacillus (Beijerinck, 1901) | |||||||||||||||
|
ლაქტობაცილა[1] (ლათ. Lactobacillus) — ჩხირისებრი გრამდადებითი არასპოროვანი ბაქტერიების გვარი ლაქტობაცილისებრთა ოჯახისა. ოჯახის სხვა გვარების მსგავსად, ხასიათდება გლუკოზის მეტაბოლიზმის თანაპროდუქტად რძემჟავას წარმოქმნის უნარით (იხ. რძემჟავას ბაქტერიები). ეს ორგანიზმები ფართოდაა გავრცელებული ცხოველთა საკვებში, სილოსში, ნაკელში, რძესა და რძის პროდუქტებში. ლაქტობაცილის სხვადასხვა სახეობა გამოიყენება რძემჟავა პროდუქტების (არაჟანი, ყველი, მაწონი, იოგურტი) წარმოებაში, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მწნილების, სასმელების (ღვინო და წვენები), საფუარიანი პურისა და ზოგიერთი ძეხვის დამზადებაში.[2]
ლაქტობაცილები ზოგადად უმოძრაოებია და შეუძლიათ გადარჩნენ როგორც აერობულ, ისე ანაერობულ გარემოში. L. delbrueckii, გვარის ტიპური სახეობა, არის 0,5-დან 0,8 მიკრომეტრამდე სიგანის და 2-დან 9 მიკრომეტრამდე სიგრძის და გვხვდება ცალკეულად ან მცირე ჯაჭვებად. სხვა აღსანიშნავი სახეობებია: L. acidophilus, L. brevis, L. casei, L. sanfranciscensis.[2]
სხვადასხვა ლაქტობაცილას მიერ წარმოქმნილი რძემჟავას რაოდენობა განსხვავებულია. რამდენიმე სახეობაში, მათ შორის L. acidophilus, L. casei და L. plantarum, გლუკოზის მეტაბოლიზმი ჰომოფერმენტაციული, რადგანაც რძემჟავა არის ძირითადი თანაპროდუქტი, რომელიც წარმოადგენს საბოლოო მეტაბოლური პროდუქტების მინიმუმ 85%-ს. თუმცა, სხვა სახეობებში, როგორიცაა L. brevis და L. fermentum, გლუკოზის მეტაბოლიზმი ჰეტეროფერმენტაციულია, სადაც რძემჟავა შეადგენს მეტაბოლური თანაპროდუქტების დაახლოებით 50%, ხოლო ეთანოლი, ძმარმჟავა და ნახშირორჟანგი — დანარჩენი 50%-ის უმეტეს ნაწილს. ზოგიერთი ჰეტეროფერმენტაციული ლაქტობაცილა შედარებით არაეფექტურია გლუკოზის მეტაბოლიზმში და უკეთესად ავლენს თავს სხვა ტიპის ორგანულ ნაერთებში, როგორიცაა გალაქტოზა, ვაშლმჟავა ან ფრუქტოზა.[2]
ლაქტობაცილა არის ცხოველებისა და ადამიანების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ასევე ადამიანის პირის ღრუს და საშოს კომენსალური მცხოვრები. ლაქტობაცილების პრეპარატები გამოიყენება პრობიოტიკებად ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული დისბალანსის შემდეგ ნორმალური მიკროფლორის აღსადგენად.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ lactobacillus — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Lactobacillus | Probiotic, Gut Health & Fermentation en. Encyclopedia Britannica online (6 აგვისტო, 2024). ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2024