ლაქტაცია
ლაქტაცია (< ლათ. lacto — „შევიცავ რძეს“, „ვკვებავ რძით“) — რძის წარმოქმნის, დაგროვებისა და პერიოდული გამოყოფის პროცესი ადამიანსა და ძუძუმწოვარ ცხოველებში. ლაქტაცია, თან სდევს მშობიარობას. სეკრეციის უნარი აქვს მხოლოდ იმ სარძევე ჯირკვალს, რომელმაც ორსულობის დროს განვითარების გარკვეული სტადიები განვლო. რძე წარმოიქმნება სარძევე ჯირკვლის ეპითელიუმურ (სეკრეტორულ) უჯრედებში სისხლის შემადაენელი ნაწილებისაგან. რძის ცილები მიიღება ამინომჟავების, შაქარი (ლაქტოზა) გლუკოზის, ცხიმი – ნეიტრალური ცხიმისა და სისხლის თავისუფალი ცხიმოვანი მჟავას სინთეზის შედეგად.
ლაქტაციის რეგულაციაში მთავარ როლს თამაშობს ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზი. ორსულობის დროს დიდი რაოდენობით გამოიყოფა ლაქტოგენური ჰორმონი. რძის გამოყოფაში მონაწილეობს აგრეთვე ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონი-ოქსიტოცინი.
ლაქტაცია ადამიანში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მშობიარობის შემდეგ პირველ დღეს სარძევე ჯირკვლებიდან მხოლოდ რამდენიმე წვეთი ხსენი გამოიწველება. შემდეგ რძის რაოდენობა ან თანდათანობით მატულობს, ან ერთბაშად მოაწვება სარძევე ჯირკვალს. ზოგ ქალს (უმეტესად პირველად მშობიარეს) მოგვიანებული ლაქტაცია აქვს – სეკრეცია ეწყება მე-5-6 დღიდან, ზოგჯერ კი მეორე კვირის დასაწყისში და ნელ-ნელა ვითარდება მე-3 კვირისათვის. რძის მოწოლის მომენტიდან სეკრეცია თანდათანობით და განუწყვეტლივ ძლიერდება, მე-10-20 კვირისათვის თავის მაქსიმუმს აღწევს და ამ დონეზე რჩება ლაქტაციის შეწყვეტამდე. ერთიდაიმავე ქალის რძის რაოდენობა სხვადასხვა დღეებში და ერთი დღის სხვადასხვა საათებში მერყეობს (დილისათვის რძის რაოდენობა მატულობს, უძილო ღამის, დღის ბოლოს და დაძაბული მუშაობის დროს კი კლებულობს). თუ სარძევე ჯირკვალს კარგი ლაქტაციის უნარი აქვს და ამავე დროს ქალი ორ ან რამდენიმე ბავშვს აწოვებს ძუძუს, ლაქტაციამ დღე-ღამეში შეიძლება 2000-3000 გ-ს მიაღწიოს. კარგი ლაქტაციითვის აუცილებელია სრულფასოვანი კვება. მეძუძურმა ქალმა დღე-ღამეში საშუალოდ უნდა მიიღოს: 110–130 გ ცილა; 100-130 გ ცხიმი. 450-500 გ ნახშირწყლები, 2 მგ 4 ვიტამინი, 3.5 მგ რიბოფლავინი, 25 მგ ნიკოტინმჟავა, 4 მგ პირიდოქსინი, 100-120 მგ ასკორბინმჟავა, 1.5-2 ლ სითხე (რძის რაოდენობის მიხედვით); კვების რაციონში უსათუოდ უნდა შევიდეს რძე (0.5 ლ-მდე) და რძის ნაწარმი (ხაჭო, ყველი, მაწონი), ხორცი, თევზი, კვერცხი და სხვა.
ლაქტაციის დარღვევებიდან განსაკუთრებით ხშირა ჰიპოგალაქრტია — რძის რაოდენობის შემცირება და აგალაქტია რძის სრული უქონლობა, რაც იშვიათად გვხვდება და ჰორმონულ დარღვევასთან არის დაკავშირებული. ზოგჯერ აღინიშნება სარძევე ჯირკვლისან რძის თავისთავად დენა, რასაც ჩვეულებრივ იწვევს არა რძის სიუხვე, არამედ სარძევე ჯირკვლების ფუნქციური დარღვევა. ლაქტაცია მცირდება ყველა ქრონიკული დამაუძლურებელი დაავადების (დიაბეტი, ნეფრიტი, კიბო და სხვა), მწვავე დაავადების (მაგალითად, მასტიტი), ქრონიკული ინფექციების (განსაკუთრებით ტუბერკულოზი), აგრეთვე კუჭის აშლილობის და სხვა დროს. ლაქტაციას აქვეითებს საფაღარათო, შარდმდენი საშუალებანი, ატროპინი, ქაფური და ზოგიერთი სხვა წამალი.
ლაქტაცია ცხოველებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზვების შემდეგ პირველ ხანებში ლაქტაცია მატულობს, შემდეგ თანდათანობით კლებულობს. ფური ყველაზე მეტ რძეს ხბოს მოგებიდან თვის ბოლოსა და მეორე თვეში იძლევა. საზოგადოდ ლაქტაციის დროს უფრო დიდი მონაწველის მისაღებად ფურის წველას ზვებამდე 1.5-2 თვით ადრე (მშრალობის პერიოდი) წყვეტენ, ფაშატისა და თხისას კიდევ უფრო ადრე. ფურის ლაქტაციის პერიოდი საშუალოდ 300 დღე-ღამე გრძელდება, თხისა 8-10 თვე, ცხვრისა – 4-5 თვე, ფაშატისა – 9 თვემდე და მეტი, ღორისა 60-70 ლღე-ღამე. ლაქტაციის ხანგრძლივობა და რძის რაოდენობა დამოკიდებულია ცხოველის სახეობაზე, ჯიშზე, კვებასა და შენახვაზე, ახალ მაკეობის ვადაზე და სხვაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 145-146.