ლაფნიჭამიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაფნიჭამიები, ხოჭოების ჯგუფი ქერქიჭამიასებრთა ოჯახისა. მათი ცილინდრული, შავი ან მურა ფერის სხეულის სიგრძე 1-2 მმ აღწევს, კვერცხის დასადებად მცენარის ქერქში ღრღნიან ხვრელს. მათი შეჭრის ადგილას გამოიყოფა ფისი. ლაფნიჭამიები იჭუპრებენ „ჭუპრის აკვანში“, ჭუპრიდან გამოსული ხოჭოები ღრღნიან ქერქს და გარეთ გამოდიან, უმთავრესად წიწვოვანი ჯიშების ღეროს და ტოტების მავნებლებია, სახლდებიან უმთავრესად დასუსტებულ ან ხმობადაწყებულ ხეებზე. მასობრივი გამრავლების დროს მათ შეუძლიათ საღი ხეებიც დააზიანონ. საქართველოს ენდემია Phocopthorus vinogradovi, რომელსაც სამეურნეო მნიშვნელობა არ აქვს, ზოგი სახეობა მეტად საშიში მავნებელია. საქართველოში აღსანიშნავია ნაძვის დიდი ლაფნიჭამია (Dendroctonus micans), რომელიც პირველად შეამჩნიეს 1956 წელს ბორჯომის სატყეო მეურნეობაში. მოკლე დროში იგი ფართოდ გავრცელდა კასპის, ამბროლაურისა და ხულოს სატყეო მეურნეობებში. ძირითადად აზიანებს ნაძვს, იშვიათად ფიჭვს.

ბრძოლის ღონისძიებები: აპრილიდან ოქტომბრამდე ლაფნიჭამიებით დასახლებული ხეების ღეროს შესხურება პრეპარატ „პლკ“-ს ემულსიით. მათ წინააღმდეგ იყენებენ აგრეთვე მტაცებელ ხოჭო რიზოფაგუსს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბაშიძე ე., ქსე, ტ. 6, გვ. 144, თბ., 1983