ლაფანყურის სამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაფანყურის სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფელ ლაფანყურის ჩრდილოეთით. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევრის დასასრულით. აღმოჩნდა 1966 წელს, თელავის კირქვა-მარმარილოს კომბინატის კარიერის მიმართულებით გზის გაყვანის დროს. ძეგლი იმავე წელს შეისწავლა ისტრიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური).

სამარხში აღმოჩნდა ოდნავ ჩაზნექილპირიანი და მომრგვალებულძირიანი ქვის ჯამი, ხელით ნაძერწი, ხუთი ჭურჭელი, რომლებიც დამზადებულია ქვიშის, თეთრი, ზოგჯერ ბრწყინავი მინარევისა და წვრილი კენჭების შემცველი თიხით; ამოკაწრული, კონცენტრული ხაზითა და კოპებით შემკული, შავპრიალა ქილა; ასიმეტრიული ფორმის ორი ქოთანი. მათგან ერთი მორუხო-მოყავისფროა, მეორე მოწითალო-მორუხოდ გამომწვარი, ცალყურა, შვერილისებრი ორი კოპით; მორუხო-მოყავისფრო ბადია და კათხა, რომლებსაც სწორი, ბრტყელბაკოიანი პირი და ბრტყელი, ღარიანი ყური აქვს. ბადიას პირს, ზემოდან, გარშემოუყვება ამოღარული ხაზი. კათხას მსგავსი ხაზი პირს ქვემოთ აქვს შემოვლებული.

ძეგლი მიეკუთვნება თრიალეთურ კულტურას. არქეოლოგიური მასალა ინახება თელავის მხარეთმცოდნების მუზეუმში. სოფლის მიდამოებში, ძირითადად მდინარე ლოპოტის ხეობაში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, აღმოჩენილია სხვადასხვა არქეოლოგიური მასალა, რომელიც დაცულია სოფლის სკოლის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]