ლაუს კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაუს კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Lau Islands
გეოგრაფია
17°50′ ს. გ. 178°40′ ა. გ. / 17.833° ს. გ. 178.667° ა. გ. / -17.833; 178.667
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა დაახლ. 60
მთავარი კუნძული მოალა
ფართობი 487 კმ²
უმაღლესი წერტილი 468 მ
ოლქი აღმოსავლეთის ოლქი
პროვინცია ლაუს პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 10 683 (2007)
სიმჭიდროვე 21,936 ად. /კმ²

ლაუს კუნძულები (ინგლ. Lau Islands) — კუნძულების ჯგუფი ფიჯის რესპუბლიკაში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძულები შედიან აღმოსავლეთის ოლქის ლაუს პროვინციის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაუს კუნძულები მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, კოროს ზღვიდან აღმოსავლეთით. არქიპელაგი შედგება დაახლოებით 60 კუნძულისაგან, რომელთაგან 30 დასახლებულია. ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 487 კმ²-ს. გეოგრაფიული და კულტურული თვალსაზრისით, ლაუს კუნძულებს უკავია გარდამავალი მდგომარეობა ფიჯის მელანეზიის კუნძულებსა და ტონგის პოლინეზიის კუნძულებს შორის[1].

ლაუს ჩრდილოეთი ნაწილის კუნძულთა უმრავლესობას აქვთ ვულკანური წარმოშობა. იმასთან დაკავშირებით, რომ მათზე ნიადაგი გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით, ამ კუნძულებზე განვითარებულია სოფლის მეურნეობა[1]. არქიპელაგის სამხრეთ კუნძულებს აქვთ უპირატესად მარჯნული წარმოშობა.

არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულებია: — მოალა (62 კმ²), ლაკემბა (58,9 კმ²), ვანუა-მბალავუ (53 კმ²). სხვა შედარებით დიდი კუნძულებია: — ტიტია (34 კმ²), კამბარა (31 კმ²), ტოტოია (28 კმ²) და ფულანგა (18,5 კმ²)[2].

კლიმატი ლაუს კუნძულებზე ტროპიკულია. მკაფიოდ გამოირჩევა ორი სეზონი: გვალვების პერიოდი, რომელიც გრძელდება აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით, და წვიმიანი პერიოდი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულების პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ინგლისელი მოგზაური ჯეიმზ კუკი, რომელმაც 1774 წელს აღმოაჩინა ლაუს არქიპელაგში შემავალი კუნძული ვატოა[3]. შემდგომში კუნძულები გამოიკვლიეს სხვა მეზღვაურებმა. 1792 წელს ბრიტანელმა მოგზაურმა უილიამ ბლაიმ აღმოაჩინა კუნძული ლაკემბა, ხოლო 1797 წელს ბრიტანელმა მისიონერმა ჯეიმზ უილსონმა (ინგლ. James Wilson) — კუნძულები ვანუა-მბალავუ და ფულანგა. 1827 წელს უკვე ფრანგმა ზღვაოსანმა ჟიულ-სებასტიენ სეზარ დიუმონ-დიურვილმა აღმოაჩინა კუნძული ტოტოია. 1820 წელს რუსმა მოგზაურმა ფადეი ბელინსგაუზენმა აღმოაჩინა კუნძულები ონო-ილაუ[4], ტუვანა-ირა და ტუვანა-იტოლა. შედეგად, 1820-იანი წლებისთვის ლაუს კუნძულები ყველაზე უფრო დეტალურად იყო დატანილი ევროპის რუკებზე, ვიდრე ფიჯის სხვა კუნძულები. 1839—1840 წლებში არქიპელაგი საფუძვლიანად შეისწავლა ამერიკელმა მკვლევარმა ჩარლზ უილკსმა[5].

ლაუს კუნძულები დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ ტონგის გავლენის ქვეშ: კუნძულელებსა და ტონგელებს შორის ხდებოდა რეგულარული საქონელბრუნვა, არსებობდა პოლიტიკური კავშირებიც. პოლიტიკური ერთიანობა არქიპელაგზე დამყარდა საკმაოდ გვიან. ისტორიულად ის შედგებოდა სამი ტერიტორიისაგან: ლაუს ჩრდილოეთი კუნძულებისგან, ლაუს სამხრეთი კუნძულებისგან და მოალას კუნძულებისგან. დაახლოებით 1855 წელს ტონგელმა ბელადმა ენელე მააფუმ დაიპყრო ეს რეგიონი და დაამყარა ერთიანი მმართველობა. საკუთარი თავი გამოაცხადა ტუი-ლაუდ, ანუ ლაუს მეფედ, მან მიიღო კონსტიტუცია და ხელი შეუწყო არქიპელაგზე ქრისტიანული მისიის შექმნას. პირველი მისიონერები (ჯონ უესლის მიმდევრები ტონგის კუნძულებიდან) კუნძულ ლაკემბაზე მოვიდნენ ჯერ კიდევ 1835 წელს, მაგრამ აქედან ისინი გააძევა ადგილობრივმა მოსახლეობამ[6]. ტუი-ნაიაუ (ფიჯური ენა — Tui Nayau), რომელიც იყო ლაუს კუნძულების ნომინალური მმართველი, დაემორჩილა მააფუს. ამ ორი ტიტულის გაერთიანება მოხდა მხოლოდ 1973 წელს.

ლაუს ჩრდილოეთის კუნძულები, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთისკენ კუნძულ ტუვუტამდე, იმყოფებოდნენ ტავეუნის კუნძულის ბელადების მმართველობის ქვეშ, და კუნძულების მოსახლეობა რეგულარულად უხდიდა ხარკს ტუი-ტაკაუს (ფიჯური ენა — Tui Cakau). მაგრამ 1855 წელს მააფუმ დაამყარა კონტროლი კუნძულებზე, კუნძულ ვანუა-მბალავუზე მდებარე ქალაქი ლომალომა გამოაცხადა დედაქალაქად[6]. ლაუს სამხრეთი კუნძულები, რომელიც გადაჭიმულია უკიდურეს სამხრეთში მდებარე კუნძულ ონო-ილაუდან ჩრდილოეთში მდებარე კუნძულ ტიტიამდე. ტრადიციულად კუნძულებს მართავდნენ ტუი-ნაიაუ ბელადები, მაგრამ 1855 წელს ისინი ასევე დაიპყრო მააფუმ.

1874 წელს ფიჯის კუნძულებზე, როგორც ლაუს კუნძულებზე, დამყარდა ბრიტანეთის იმპერიის კონტროლი: კუნძულები გახდა ბრიტანეთის იმპერიის კოლონია. მას შემდეგ ლაუს კუნძულები გახდა მთავარი სასოფლო სამეურნეო ცენტრი, რომელზეც იწარმოებოდა ექსპორტზე გამავალი კოპრა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მასზე მოთხოვნილება მკვეთრად დაეცა, ლაუ გადაიქცა ფიჯის მეორეხარისხოვან მხარედ[7].

1970 წლიდან არქიპელაგი დამოუკიდებელი ფიჯის რესპუბლიკის ნაწილია[7].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, კუნძულებზე ცხოვრობს 10 683 ადამიანი. ლაუს კუნძულები ქმნის ფიჯის 14-დან ერთ პროვინციას, რომლის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ტუბოუ, რომელიც მდებარეობს კუნძულ ლაკემბას სამხრეთ სანაპიროზე. ლაუს პროვინცია შედის აღმოსავლეთის ოლქის შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Lau - Orientation. Every Culture. ციტირების თარიღი: 2010-04-10.
  2. Lau Islands Vacation Guide. Fiji Islands Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-10.
  3. Max Quanchi; John Robson., Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xiii, ISBN 0810853957.
  4. Max Quanchi; John Robson., Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xiv, ISBN 0810853957.
  5. The Division of the Fijis // Cyclopedia of Lau, Pure Blue (Fiji), Ltd.. — P. 2.
  6. 6.0 6.1 Lau Islands. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-10.
  7. 7.0 7.1 Lau - History and Cultural Relations. Every Culture. ციტირების თარიღი: 2010-04-10.