შინაარსზე გადასვლა

ლატვიის რესპუბლიკის საკონსულო საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლატვიის რესპუბლიკის საკონსულო საქართველოში 1920-1922 წლებში მდებარეობდა თბილისში, მიხეილის პროსპექტზე, №171-ში, ლატვიელთა სათვისტომოს მახლობლად. დაფუძნდა 1920 წლის მარტში, როგორც ლატვიის რესპუბლიკის საკონსულო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

კონსულის თანამდებობაზე მოღვაწეობდნენ ოსკარს ბუმანისი და იანის პუნინში. 1921 წლიდან ლატვიის ვიცე-კონსულის მოვალეობას ასრულებდა იული კარლის ოსკარ სტრაუმე საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფი, მხატვარი და პედაგოგი, რომელიც საქართველოში 16 წელიწადს ცხოვრობდა. ამ თანამდებობაზე იგი მოღვაწეობდა ლატვიის საკონსულოს დახურვამდე, კერძოდ, 1922 წლის 10 თებერვლამდე. საკონსულო ზრუნავდა საქართველოში მყოფ ლატვიელთა სამშობლოში დაბრუნებისათვის. 1922 წლის 12 სექტემბერს იული სტრაუმემ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა შემდეგი შინაარსის წერილი:

ვიკიციტატა
„თუ ამიერკავკასია ის ხიდია, რომელზედაც აღმოსავლეთთან გადებულია ეკონომიკური, სავაჭრო და საწარმო ინტერესების გზა, თუ ლიტვა და ესტონეთი საქართველოსთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებას ცდილობენ მაშინ ლატვიასაც, ჩემი რწმენით, კავკასიაში თავისი წარმომადგენლობის შენარჩუნების საკმაო დაინტერესება უნდა გააჩნდეს.“

ამის მიუხედავად, თბილისში ვეღარ მოხერხდა ლატვიის საკონსულოს აღდგენა, რის გამოც იული სტრაუმე 1923 წლის ბოლოს სამშობლოში დაბრუნდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 239-240.
  • ნ. ჯავახიშვილი, ნარკვევები ქართულ-ბალტიის ქვეყნების ისტორიის შესახებ, რიგა,2015.