ლარი კინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლარი კინგი 2017 წელს

ლარი კინგი (ინგლ. Larry King, ნამდვილი სახელი და გვარი: ლოურენს ჰარვი ზეიგერი, Lawrence Harvey Zeiger) (დ. 19 ნოემბერი, 1933, ბრუკლინი, ნიუ იორკი, აშშ, — გ. 23 იანვარი, 2021, ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი სატელევიზიო წამყვანი. მისთვის დამახასიათებელი იყო ინტერვიუს გაძღოლის მსუბუქი, ლმობიერი სტილი, რამაც „ლარი კინგის ეთერში“ (გადიოდა 1985-2010 წლებში) სატელევიზიო კომპანია „სი-ენ-ენის“ ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ და პოპულარულ პროგრამად აქცია.

ლარი კინგი დაიბადა და გაიზარდა ბრუკლინში. 1957-1978 წლებში მუშაობდა მაიამიში (ფლორიდა), როგორც რადიოს დისკ-ჟოკეი, დებატების წამყვანი, შტატგარეშე მომუშავე ჟურნალისტი და მწერალი. 1978-1994 წლებში ის უძღვებოდა პოპულარულ რადიოდებატების შოუს „ლარი კინგის შოუ“ (ინგლ. The Larry King Show), 1985 წლიდან 2010 წლამდე კი — ამერიკული მასობრივი მედიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო გადაცემას „ლარი კინგის ეთერში“ (Larry King Live). 2012 წელს ლარი კინგმა განაახლა მოღვაწეობა ახალი შოუთი „ლარი კინგი ახლა“ (Larry King Now), რომლის პრემიერა ინტერნეტ-გვერდ „ჰულუზე“ (Hulu) შედგა, ხოლო 2013 წელს დააფუძნა პროგრამა „პოლიტიკა ლარი კინგთან ერთად“ (PoliticKING with Larry King). მისი მოღვაწეობის განმავლობაში ლარი კინგს ჩაწერილი აქვს 30 000-ზე მეტი ინტერვიუ ხელოვნებისა და სპორტის ვარსკვლავებთან, მსოფლიო პოლიტიკის ლიდერებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან. ლარი კინგს ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმში, გაახმოვანა ანიმაციური ფილმები „შრეკი“ (2004, 2007, 2010) და „ფუტკრები“ (2007). გამოქვეყნებული აქვს ავტობიოგრაფიული ხასიათის „ჩემი შესანიშნავი მოგზაურობა“ (My Remarkable Journey, 2009). მიღებული აქვს ემის ჯილდო ახალი ამბებისა და დოკუმენტური გადაცემებისთვის (2011).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]