ლანსის ბრძოლა

ლანსის ბრძოლა — ოცდაათწლიანი ომის ბოლო მნიშვნელოვანი დაპირისპირება. გაიმართა 1648 წლის 20 აგვისტოს. ბრძოლაში ფრანგულმა ჯარმა ლუი II ბურბონის, კონდეს პრინცის მეთაურობით, დაამარცხა ესპანური არმია, ავსტრიის ერცჰერცოგ ლეოპოლდ ვილჰელმის მეთაურობით. ამ გამარჯვებამ კონდეს პრინცს მოუპოვა თავისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი გენერლის რეპუტაცია.
1643 წელს როკრუის ბრძოლაში საფრნაგეთმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ფრანგებმა განაგრძეს წინსვლა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოახერხეს ჩრდილოეთ საფრანგეთისა და ესპანეთის ნიდერლანდების ათობით ქალაქის დაპყრობა. 1647 წელს ერცჰერცოგი ლეოპოლდ ვილჰელმი ესპანეთის ნიდერლანდების გუბერნატორად დაინიშნა, ესპანელი და ავსტრიელი ჰაბსბურგების ალიანსის გასაძლიერებლად. იმავე წელს ლეოპოლდმა წამოიწყო მასშტაბური კონტრშეტევა. თავდაპირველად, მისმა არმიამ დიდ წარმატებას მიაღწია და ჩრდილოეთ საფრანგეთის რამდენიმე მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე დაიკავა.
ამ დროს კონდეს პრინცი კატალონიაში ესპანელების წინააღმდეგ იბრძოდა. ის ამ კამპანიიდან გაიწვიეს და დანიშნეს მეთაურად 16 000 კაციანი არმიისა, რომელიც ერცჰერცოგ ლეოპოლდისა და ლუქსემბურგის გუბერნატორის, გენერალ ჟან დე ბეკის ალიანსს უნდა დაპირისპირებოდა. კონდემ მოახერხა იპრის აღება, მაგრამ 18 000 კაციანმა ესპანურ-გერმანულმა არმიამ იგი ლანსთან ალყაში მოაქცია. თუმცა, კონდემ მაინც განაგრძო წინსვალა.
მომდევნო შეტაკებაში კონდეს პრინცმა მოწინააღმდეგეები აიძულა მათთვის ხელსაყრელი შემაღლებული ადგილი დაეტოვებინათ და ახლომდებარე ღია ველზე გადასულიყვნენ, სადაც ფრანგმა გენერალმა შესანიშნავად გამოიყენა თავისი კავალერიის უპირატესობა და ფლანგებზე განლაგებული ესპანურ-გერმანული ცხენოსანი არმია დაამარცხა. თუმცა, ცენტრში მდგომ ფრანგ ქვეითებსა და კავალერიას თავს დაესხა ესპანელთა ძირითადი არმიის ცენტრი. ფრანგული არმია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნა, მაგრამ მათ თანამებრძოლებს უკვე მოპოვებული ჰქონდათ გამარჯვება ფლანგებზე, მოახერხეს პოზიციების გადაწყობა, ცენტრის მიხმარება და მოწინააღმდეგეთა ჯარების ალყაში მოქცევა. ესპანელები იძულებულნი გახდნენ მალევე დანებებულიყვნენ.
ესპანელებმა ამ ბრძოლაში დაკარგეს არმიის ნახევარი, დაახლოებით 9 000 მეომარი. თითქმის 6 000 ტყვედ ჩავარდა. ფრანგების დანაკარგი 1 500 ჯარისკაცი იყო.
საფრანგეთის გამარჯვებამ ხელი შეუწყო ვესტფალიის საზავო მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაზე გადასვლას და საბოლოო ხელშეკრულების გაფორმებას. ლანსის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ფრანგული არმიას შეეძლო წინსვლა გაეგრძელებინა და ესპანეთი საბოლოოდ დაემარცხებინა. თუმცა, ეს გეგმა 1648 წელს პარიზში დაწყებული ფრონდას აჯანყების გამო ვერ განხორციელდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Guthrie, William. P. (2003) The Later Thirty Years War: From the Battle of Wittstock to the Treaty of Westphalia (en). Westport, Connecticut: Greenwood Press. ISBN 0-313-32408-5.
- Thion, Stéphane (2008) French Armies of the Thirty years War (en). Lrt Publishing. ISBN 978-2-917747-01-8.
- The Vinkhuijzen collection of military uniforms: France, 1750–1757. New York Public Library (25 March 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო 2025.