შინაარსზე გადასვლა

ლალ ბაჰადურ შასტრი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლალ ბაჰადურ შასტრი
ჰინ. लालबहादुर शास्त्री
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1904(1904-10-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი Pandit Deen Dayal Upadhyaya Nagar
გარდაცვალების თარიღი 11 იანვარი, 1966(1966-01-11)[2] [3] [4] [8] [5] [7] (61 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტაშკენტი[8]
მოქალაქეობა  ბრიტანეთის ინდოეთი
ინდოეთი
Dominion of India
განათლება Harish Chandra Postgraduate College და Mahatma Gandhi Kashi Vidyapeeth
მეუღლე/ები Lalita Shastri
შვილ(ებ)ი Suman Shastri, Sunil Shastri და Ashok Shastri
ჯილდოები Bharat Ratna

ლალ ბაჰადურ შასტრი (ჰინ. लालबहादुर शास्त्री), დ. 2 ოქტომბერი, 1904, მუგალსარაი, აგრასა და აუდის გაერთიანებული პროვინციები, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 11 იანვარი, 1961, ტაშკენტი, უზბეკეთის სსრ) — ინდოელი მებრძოლი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი (1964-1966 წწ). შასტრის სახელს ატარებს ტაშკენტის ავტოსადგური.

შასტრის მამის წინაპრები რამნაგარის (ვარანასი) ზამინდარებს ემსახურებოდნენ და შასტრი სიცოცხლის პირველ წელს იქ ცხოვრობდა. მისი მამა იყო სკოლის მასწავლებელი, რომელიც მოგვიანებით გახდა ალაჰაბადის შემოსავლების ოფისის კლერკი, ხოლო დედამისი — დირექტორი და ინგლისური ენის მასწავლებელი მუჰალსარაის რკინიგზის სკოლაში. ის მშობლების მეორე შვილი და უფროსი ვაჟი იყო. მას ჰყავდა უფროსი და, კაილაში დევი (დ. 1900 წ.). 1906 წლის აპრილში, როდესაც შასტრი სულ რაღაც ერთი წლისა და ექვსი თვის იყო, მამამისი, რომელსაც ახალი მიღებული ჰქონდა ტაჰსილდარის მოადგილის თანამდებობა, გარდაიცვალა ბუბონური ჭირის ეპიდემიით. დედა საცხოვრებლად მამის, ჰაზარი ლალჯის სახლში, მუჰალსარაიში გადავიდა და იქ სამუდამოდ დასახლდა. თუმცა, ის 1908 წლის შუა რიცხვებში ინსულტით გარდაიცვალა, რის შემდეგაც ოჯახს მისი ძმა (შასტრის ბიძა) პატრონობდა.

კაიასთა კასტას მიკუთვნების გამო მან განათლება 4 წლის ასაკში დაიწყო. იმ დროს კასტას წარმომადგენლებმა განათლება მიიღეს ურდუს ენასა და კულტურის მიმართღულებით, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო მთავრობის ოფიციალური ენა, ამიტომ მისი პირველი მასწავლებელი იყო მაჰმადიანი მალავი.

მე-7 კლასიდან მან განაგრძო საშუალო განათლება ვარანასის ჰარიშ ჩანდრას საშუალო სკოლაში. აქ გადაწყვიტა უარი ეთქვა გვარის „ვარმა“ ნაწილზე და ამით უარყო თავისი კასტური წარმომავლობა. მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახს არანაირი კავშირი არ ჰქონდა მაშინდელ ფორმულირებულ დამოუკიდებლობის მოძრაობასთან, მის მასწავლებლებს შორის იყო ღრმად პატრიოტი და დიდად პატივსაცემი მასწავლებელი, სახელად ნიშკამეშვარ პრასად მიშრა, რომელიც მის ოჯახს უზრუნველყოფდა საჭირო ფინანსური დახმარებით, რამაც შასტრის საშუალება მისცა გაეგრძელებინა სწავლა. მიშრას პატრიოტიზმით შთაგონებული, შასტრი ღრმად დაინტერესდა თავისუფლებისთვის ბრძოლით და დაიწყო მისი ისტორიისა და რამდენიმე ცნობილი პიროვნების ნამუშევრების შესწავლა, მათ შორის სვამი ვივეკანანდის, მაჰათმა განდისა და ანი ბეზანტის.

ბრძოლა ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წლის იანვარში მან პირველად მიიღო მონაწილეობა მიტინგში, რომელსაც მიმართა მაჰათმა განდიმ. მისი გავლენით მან შეწყვიტა სწავლა მე-10 კლასიდან სამთავრობო სკოლაში და შეუერთდა არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობას. მალე ის პირველად დააკავეს და ციხეში ჩასვეს, მაგრამ არასრულწლოვნობის გამო გაათავისუფლეს. 1925 წელს დაამთავრა ინდოეთის ნაციონალური კონგრესის კერძო უნივერსიტეტი (Mahatma Gandhi Kashi Vidyapith) კაშიში, ბაკალავრის ხარისხით ფილოსოფიასა და ეთიკის მიმართულებით, მიიღო ტიტული „შასტრი“ („მეცნიერი“). ამრიგად, ტიტული მისი სახელის ნაწილი გახდა. შასტრის უშუალო ხელმძღვანელი იყო ინდუისტური უნივერსიტეტის ყოფილი მასწავლებელი, სახელად J.B. Kripalani, რომელიც მოგვიანებით გახდა ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიდერი და განდის ერთ-ერთი უახლოესი მიმდევარი.

შასტრი ჩაირიცხა ლალა ლაჯპატ რაის მიერ დაარსებულ არაკომერციული ორგანიზაციის „სახალხო საზოგადოების მსახურები“ უვადო წევრად და დაიწყო მუშაობა ჰარიჯანთა კეთილდღეობისთვის განდის ხელმძღვანელობით მუზაფარპურში. მოგვიანებით იგი გახდა საზოგადოების პრეზიდენტი. 1928 წელს შეუერთდა ინდოეთის ეროვნულ კონგრესს (INC). იგი დააპატიმრეს და ორწელიწადნახევარი ციხეში გაატარა.

1937 წელს დაინიშნა აგრასა და ოუდის გაერთიანებული პროვინციების საპარლამენტო საბჭოს საორგანიზაციო მდივნად. 1940 წელს ის დააპატიმრეს, რადგან პირადად უჭერდა მხარს სატიაგრაჰას მოძრაობას დამოუკიდებლობისთვის. ჯამში მან ციხეში 9 წელი გაატარა (1940 წლიდან 1946 წლამდე).

1946 წელს იგი აირჩიეს აგრასა და ოუდის გაერთიანებული პროვინციების საკანონმდებლო საბჭოს წევრად.

დამოუკიდებელ ინდოეთში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შასტრი თავისი რწმენით იყო სეკულარისტი, რომელმაც უარი თქვა რელიგიის პოლიტიკასთან შერევაზე. ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, იგი დაინიშნა საპარლამენტო მდივნად თავის მშობლიურ შტატში, უტარ-პრადეში, შემდეგ კი შტატის პოლიციის მინისტრად. მისმა გადაწყვეტილებამ, ხელკეტების ნაცვლად წყლის ჭავლი გამოეყენებინა უკონტროლო ბრბოს დასაშლელად, სახელმწიფომ მოახერხა 1947 წლის სოციალური მღელვარების შეკავება, ასევე მასობრივი მიგრაციისა და ლტოლვილთა განსახლების პროცესების კონტროლი.

1951 წელს დაინიშნა ინდოეთის კონგრესის კომიტეტის გენერალურ მდივნად. მას უშუალოდ ევალებოდა კანდიდატების შერჩევა და სარეკლამო და საარჩევნო აქტივობების მართვა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1952, 1957 და 1962 წლების ინდოეთის საყოველთაო არჩევნებში.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წლის 27 მაისს გარდაიცვალა პრემიერ მინისტრი ნერუ და კონგრესის პარტიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. შასტრი, რომელიც ნერუს მსგავსად სოციალისტურ ორიენტაციას იცავდა, შეეფერებოდა INC-ის მარცხენა ფრთას, რომელსაც ეშინოდა მემარჯვენე ცენტრის მორარჯი დესაის გაძლიერების, როგორც კონკურენტის, და 1964 წლის 9 ივნისს იგი დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, თუმცა დესაი ამ პოზიციისთვის ბრძოლაში ფავორიტად ითვლებოდა. როგორც ინდოეთის მთავრობის მეთაური, ის ცდილობდა თავიდან აეცილებინა უეცარი ცვლილებები საშინაო პოლიტიკაში, ყოველთვის მიისწრაფოდა კომპრომისებისკენ. განაგრძო ნერუს სოციალისტური ეკონომიკური პოლიტიკა ცენტრალური დაგეგმვით. თუმცა, მისმა მთავრობამ ვერ გაართვა თავი ეკონომიკურ კრიზისს და პროდუქტის დეფიციტის პრობლემას. მისთვის პრიორიტეტული გახდა შიმშილის პრობლემა და სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ფერმერებისთვის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება დაიწყო. ინდოეთში საკვების წარმოების გაზრდის აუცილებლობის ხაზგასმით, მან ხელი შეუწყო „მწვანე რევოლუციას“ ინდოეთში. ამან გამოიწვია საკვები მარცვლეულის წარმოების ზრდა, განსაკუთრებით პენჯაბში, ჰარიანასა და უტარ- პრადეშში. ამ მცდელობის მთავარი ეტაპები მოიცავდა მაღალმოსავლიანი მდგრადი ხორბლის ჯიშების განვითარებას.

მან ასევე ხელი შეუწყო ეგრეთ წოდებულ „თეთრ რევოლუციას“ — წამოიწყო ეროვნული კამპანია რძის წარმოებისა და მიწოდების გაზრდის მიზნით. 1965 წელს შეიქმნა რძის პროდუქტების განვითარების ეროვნული საბჭო (NDDB). ბევრმა ინდოელმა მხარი დაუჭირა მის მოწოდებას, ნებაყოფლობით დაეტოვებინა კვირაში ერთი კვება, რათა შენახულიყო საკვების მარაგი. ორშაბათს საღამოს, ინდოეთში თითქმის ყველა რესტორანი და კაფე იხურებოდა. საკვების მიწოდების გაზრდისათვის ბრძოლის მაგალითზე მან ხორბალიც კი დათესა თავისი რეზიდენციის გაზონზე დელიში. სწორედ მისი მმართველობის ორი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა მომავალი სასოფლო-სამეურნეო კორპორაციების სტრუქტურა.

1964 წლის ნოემბერში მან საფუძველი ჩაუყარა ვიდია მანდირის მომავალ ცნობილ საშუალო სკოლას და ასევე გახსნა ცენტრალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის კამპუსი ტარამანიში, ჩენაი. 1965 წელს მან გახსნა პლუტონიუმის გადამუშავების ქარხანა ტრომბეიში, ხოლო 1965 წლის მარტში მან გახსნა ანდრა პრადეშის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი ჰაიდარაბადში.

ინდოეთის მთავრობა დიდი ხანი ცდილობდა ჰინდი ყოფილიყო ინდოეთის ერთადერთი ეროვნული ენა. ამას წინააღმდეგობა გაუწიეს შტატებმა, სადაც არ საუბრობდნენ ჰინდის ენაზე, განსაკუთრებით მადრასის შტატმა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, პრემიერ-მინისტრმა დაარწმუნა, რომ ინგლისური გაგრძელდება ოფიციალურ ენად იქამდე, სანამ ამას მოისურვებენ შტატები, სადაც არ საუბრობდნენ ჰინდის ენაზე. ამ გარანტიების შემდეგ არეულობა განეიტრალდა.

საგარეო პოლიტიკაში ის გამუდმებით ამყარებდა ურთიერთობას საბჭოთა კავშირთან. კატასტროფული ჩინეთ-ინდოეთის ომის (1962) და ჩინეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო კავშირების დამყარების შემდეგ, შასტრის მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი და გააძლიერა ინდოეთის შეიარაღებული ძალები. 1964 წელს მან ხელი მოაწერა შეთანხმებას შრი-ლანკის პრემიერ მინისტრთან სირიმავო ბანდარანაიკესთან ინდოელი ტამილების სტატუსის შესახებ შრი-ლანკაში, რომელსაც მაშინ ეწოდებოდა ცეილონი. ეს შეთანხმება ასევე ცნობილია როგორც სირიმა-შასტრის პაქტი. ამ შეთანხმების პირობების თანახმად, 600 000 ინდოელი ტამილები უნდა დარეპორტირებულიყო, ხოლო 375000-ს უნდა მიეღო შრი-ლანკის მოქალაქეობა.

1965 წელს მოხდა მეორე ინდო-პაკისტანის ომი. ძირითადი ბრძოლები ქაშმირსა და პენჯაბში მიმდინარეობდა. პაკისტანი იმედოვნებდა, რომ ინდოეთის ქაშმირში აჯანყება დაიწყებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანელებმა შეძლეს ინდოეთის ტერიტორიის სიღრმეში წინსვლა პენჯაბში, ინდოეთის ჯარებმა მიაღწიეს წარმატებას ქაშმირში და დაბომბეს ლაჰორი.

1965 წლის ბოლოს გამოცხადდა ზავი. 1966 წლის იანვარში სსრკ-ს შუამავლობით ტაშკენტში დაიწყო ინდო-პაკისტანის მოლაპარაკებები. 10 იანვარს ხელი მოეწერა ტაშკენტის დეკლარაციას, რომლითაც ომი დასრულდა. ღამით, ვახშმის შემდეგ, შასტრი გულის შეტევით გარდაიცვალა (ექიმებმა დაასკვნეს, რომ პრემიერ-მინისტრი მეოთხე გულის შეტევით გარდაიცვალა). მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ მისი ქონება შემოიფარგლებოდა ძველი მანქანით, რომელიც სახელმწიფოსგან განვადებით იყიდა და რომლის ვალიც დღემდე ჰქონდა.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე, ლალიტა შასტრი ამტკიცებდა, რომ ის მოწამლეს. 1978 წელს გამოიცა ეპიკური ლექსების წიგნი ჰინდურ ენაზე, სახელწოდებით „Lalita Ke Aansoo“. ამ წიგნში მისი ცოლი ყვება შასტრის გარდაცვალების ტრაგიკულ ისტორიას. 2000 წელს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ატალ ბიჰარი ვაჯპაიმ აღიარა: „ამჟამად საიდუმლო მეტ-ნაკლებად გაირკვეულია. არ არსებობს საფუძველი, ვიეჭვოთ, რომ სიკვდილი არ იყო ბუნებრივი“.[9]

შასტრის შვილები, ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ინდოეთის პოლიტიკურ და კორპორატიულ ცხოვრებაში.