ლაიოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაიოსითებეს მეფე, კადმოსის შთამომავალი, ლაბდაკეს ძე (კადმოსი-პოლიდორე-ლაბდაკე-ლაიოსი-ოიდიპოსი-ეტეოკლე და პოლინიკე). როდესაც თებეში ძალაუფლება ხელთ აიღეს ძეთოსმა და ამფიონემ, იქიდან განდევნილი ლაიოსი პელოპონესში ჩავიდა, იქ ერთი მითის მიხედვით პელოპის ლამაზი ვაჟი ქრიზიპე (ქრისიპე) მოეწონა, ეტლით რბოლას რომ ასწავლიდა, მოიტაცა, ძალა იხმარა. ყმაწვილმა კაცმა დამცირება ვერ აიტანა და თავი მოიკლა. ამ დანაშაულისათვის ლაიოსი ღმერთებმა დასწყევლეს, საკუთარი შვილის ხელით მოკვლა უწინსაწარმეტყველეს.

ლაბდაკიდების, ატრიდების, პელოპიდების სახლზე დატეხილი უბედურებათა მთელს ჯაჭვში მისი ბედი ერთ-ერთი უსაზარლესია. ყველაზე მეტად ჰერა ჯავრობდა და ალბათ მანვე მიუგზავნა თებეს სფინქსი. ლაიოსმა შეირთო მენეკევსის ასული იოკასტა (ან ეპიკასტე), ეყოლათ ოიდიპოსი. მისანმა იგივე უწინასწარმეტყველა, რაც პერსევსის პაპას აკრისხოსს უთხრეს. იმის შიშით, რომ შვილი მოკლავდა და ტახტს წაართმევდა, ლაიოსმა ბრძანა ყრმისავის ფეხები გაეხვრიტათ და კითერონის მთებში გადაეგდოთ. ოიდიპოსი მწყემსებმა ნახეს, კორინთოს მეფეს პოლიბოსს მიჰგვარეს. უშვილო პოლიბოსმა იშვილა და გაზარდა. ერთხელ ორაკულმა ურჩია:

ვიკიციტატა
„გაიქეცი მამის სახლიდან! ბედის წიგნში გიწერია მამის მოკვლა და დედის ცოლად შერთვა!“

ოიდიპოსს დედ-მამის სახლში ეგონა თავი და საშინელი წინასწარმეტყველების შიშით გაიქცა, უნებურად თებეს გზას დაადგა, ამ გზაზე შეხვდა ლაიოსი. გზა არ დაუთმეს ერთმანეთს და ატყდა ჩხუბი, რომელშიაც ოიდიპოსმა მოკლა უცნობი მოხუცი მამა და დაუხოცა მხლებელნი. შემდეგ ოიდიპოსმა გზა განაგრძო, ჩავიდა თებეში და შეირთო იოკასტა, ქვრივი დედოფალი, ღვიძლი დედა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kerenyi, Karl (1959). The Heroes of the Greeks. New York/London: Thames and Hudson. 
  • Tripp, Edward (1970). „Pelops at Olympia“, Crowell's Handbook of Classical Mythology. New York: Thomas Crowell Company, გვ. 93–103.