ლაიმენ ებოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაიმენ ებოტი

ლაიმენ ებოტი (ინგლ. Lyman Abbott; დ. 18 დეკემბერი, 1835, როქსბარი, მასაჩუსეტსი, აშშ, — გ. 22 ოქტომბერი, 1922, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი კონგრეგაციონალისტი მღვდელი და თეოლოგი.

მწერალ ჯეკობ ებოტის შვილი. განათლებით იყო იურისტი, თუმცა მალევე შეუდგა თეოლოგიის შესწავლას და 1860 წელს მღვდლად აკურთხეს. 1870 წელს გახდა ჟურნალ „ილუსთრეითიდ ქრისჩენ უიკლის“ (Illustrated Christian Weekly) რედაქტორი, 1881 წელს კი — ჰენრი უორდ ბიჩერის მიერ დაარსებული „ქრისჩენ იუნიონის“ (Christian Union) მთავარი რედაქტორი. 1888 წელს გადაიბარა ბიჩერის კათედრა ბრუკლინში. ებოტი გახდა „სოციალური სახარების“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. პროსტესტანტიზმის წიაღში წარმოშობილი ეს მოძღვრება სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას ქრისტიანული ეთიკის პრინციპებით ცდილობდა, უარყოფდა როგორც სოციალიზმს, ასევე „ლესე-ფერის“ კაპიტალიზმის პრინციპს. სხვა საზოგადოებრივი საკითხების შესახებ ებოტი ლიბერალური ევანგელისტური პროტესტანტიზმის პოზიციებზე იდგა, ცდილობდა ევოლუციის თეორიის რელიგიური თვალთახედვით ახსნას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]