ლაზარ ფარპეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაზარ ფარპეცი, ლაზარ ფარპელიV საუკუნის სომეხი ისტორიკოსი. დაიბადა სოფელ ფარპში (აქედანაა მისის სახელი). ყრმობა ქვემო ქართლის პიტიახშ არშუშას სამეფო კარზე გაუტარებია. პირველდაწყებითი განათლებაც იქვე მიუღია. შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად ბიზანტიაში გაუგზავნიათ. სამშობლოში დაბრუნებული ლაზარ ფარპეცი ვაღარშაპატის ეკლესიისა და მონასტრის ზედამხედველად და წინამძღვრად დაწინაურდა. მაგრამ სასულიერო კარიერა მარცხით დასრულდა და საისტორიო მწერლობა დაიწყო. მისი შრომა „სომხეთის ისტორია“ ფაქტობრივად აგათანგელოსისა და ფავსტოს ბუზანდის თხზულებათა გაგრძელებაა და გადმოგვცემს 387-485 წლების სომხეთის ისტორიას. დიდი ყურადღება ეთმობა სომხეთისა და კავკასიის ალბანეთის ბრძოლას ირანის წინააღმდეგ. ამასთან ლაზარ ფარპეცი საგულისხმო ცნობებს გვაწვდის საქართველოს ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიისა და სხვა საკითხების, კერძოდ, ირანის წინააღმდეგ 482 წლის ქართლის აჯანყების შესახებ.

1793 გამოცემული „სომხეთის ისტორიის“ თავფურცელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]